სიკვდილის ლიმიტი: ბერიას აღზევება - რა მისია დააკისრა სტალინმა ლავრენტი პავლოვიჩს?!
საბჭოთა საქართველოს უშიშროების ორგანოებს (მათ შორის, საგარეო დაზვერვის დანაყოფსაც) მაქსიმალური ავტონომია გასული საუკუნის 20-იან წლებში ჰქონდა. შემდეგ კი ყველაფერი „ცენტრმა“ ანუ საბჭოთა კავშირის „ოგპუ-ნკვდ-მგბ-კგბ“-მ დაიქვემდებარა. ყველა ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელია სპეცსამსახურებისა და არმიის დაფინანსების პრიორიტეტულობა: მათ ბიუჯეტი (ხელფასი-პრემიები; დაზღვევა-პენსიები, აღჭურვა და ა.შ.) ყოველთვის უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე „ჩვეულებრივი დარგების“ (განათლება, მეცნიერება, ახალი ტექნოლოგიების განვითარება და ა.შ.) დაფინანსება. ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა კავშირს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სპეცსამსახურები (კა-გე-ბე და გე-ერ-უ) ჰყავდა და ეს ობიექტური შეფასებაა.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ „ფარულ ფრონტებზე“ წარმატებას საბჭოთა იმპერია უფრო რაოდენობრივი, ვიდრე - ხარისხობრივი კომპონენტების ხარჯზე აღწევდა: საბჭოთა სპეცსამსახურების რიცხოვნობა (როგორც შტატის თანამშრომლები, ასევე, აგენტურული აპარატი) ბევრად აჭარბებდა სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. მოსკოვს გაეროს წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში ჰქონდა გახსნილი საელჩო, სადაც საგარეო და სამხედრო დაზვერვების დამოუკიდებლად მოქმედი რეზიდენტურები მუშაობდნენ. ამას უნდა დავუმატოთ უამრავი „საფარი ორგანიზაცია“ (სავაჭრო-კომერციული წარმომადგენლობები, „ინტურისტი“, საერთაშორისო ორგანიზაციები და ა.შ.), ასევე, ფარულად მოქმედი არალეგალური დაზვერვის ფართოდ მოდებული „ობობის ქსელი“. ამ სადაზვერვო სტრუქტურებიდან იმ რაოდენობის საიდუმლო ინფორმაცია იგზავნებოდა, რომ „ცენტრი“ მის დამუშავება-დახარისხებას, ანალიზსა და რეალიზაციას ფიზიკურად ვერ ასწრებდა. ანალიტიკური სამსახურების სისუსტე საბჭოთა სპეცსამსახურების ყველაზე დიდი პრობლემა იყო. მოძველებული ოპერატიული ინფორმაცია კი, უკვე ისტორიაა და მას მხოლოდ საარქივო დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: 1930-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირში თითქმის არ შექმნილა სამხედრო ან მშვიდობიანი დანიშნულების რაიმე მნიშვნელოვანი პროდუქცია (ატომური იარაღით დაწყებული და საკერავი მანქანებით დამთავრებული), რომლის წარმოებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიები, საპროექტო დოკუმენტაცია, ნედლეული და ა.შ. სრულად ან მნიშვნელოვანწილად სხვა ქვეყნებიდან არ იყო არალეგალურად "მოპოვებული" ანუ მოპარული.
ეს შეფასება საბჭოთა დაზვერვის მაღალეფექტიანი მუშაობის ობიექტურ აღიარებას უფრო ისახავს მიზნად, ვიდრე - საბჭოთა მეცნიერების მიღწევების დაკნინებას. თუმცა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების გარდა, ვერც საბჭოთა კავშირმა და ვერც მისმა უფლებამემკვიდრე რუსეთმა ვერ შეძლეს ქვეყნის მთელი ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების დონის, უპირველესად - რეგიონებში, გაუმჯობესება. ეს ის მოდელია, რომელიც იოსებ სტალინმა შექმნა და რომლის შენარჩუნებასაც დღეს პუტინი ცდილობს. საბჭოთა იმპერიის სპეცსამსახურების ისტორიას თუ შევისწავლით ერთ კანონზომიერებას უმალ დავინახავთ, რომლის უკეთ აღწერისთვის უპრიანი იქნება ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიადან“ ერთი მცირე ნაწყვეტი წავიკითხოთ - თორიას „კაციჭამია ვირთხების“ გამოყვანას, რომ ეხება. ზუსტად ასე გამოჰყავდა სტალინს ნკვდ-მგბ-ს „კაციჭამია“ სახკომ-მინისტრები. 1934-1938 წლებში სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრები იყვნენ: ჰენრიხ იაგოდა (1934-1936 წწ), დახვრიტეს 1938 წელს; ნიკოლაი ეჟოვი (1936-1938 წწ.), დახვრიტეს 1940 წელს და ლავრენტი ბერია 1938 წლიდან.

ჰენრიხ იაგოდა (1891-1938)
1945 წლის 29 დეკემბრამდე. ბერიას დახვრეტა „დიდმა ბელადმა“ ვეღარ მოასწრო, თუმცა მისმა თანამებრძოლმა „პატარა ბელადებმა“ დასაჯეს სიკვდილით ( დიდი ალბათობით, 1953 წლის 26 ივნისს, ვითომდა, „დაკავების“ დროს დახვრიტეს). შემდეგ წლებშიც დიდად არაფერი შეცვლილა: სპეცსამსახურების ხელმძღვანელები „საბჭოთა ბელადების“ პირადი ერთგულების ნიშნით ინიშნებოდნენ თანამდებობაზე და ასევე, მათი გადაწყვეტილებით უჩინარდებოდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ: სისხლიანი ორდენები: სტალინ-ბერიას ოპერაცია "ემიგრაციის გახრწნა" - ქართველი "ჩეკისტები" ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ
ბერიას საიდუმლო წერილი სტალინს და დიდი ბელადის პასუხი თბილისს - როგორ მტკიცდებოდა სიკვდილის ციფრები
ქართველი საბჭოთა მზვერავების ტრაგიკული ბედი - როგორ ნადირობდა ლავრენტი ბერია ქართველ ემიგრანტებზე
თუმცა მოვლენებს ცოტა წინ გავუსწარი და ისევ 1937 წლის შემოდგომას, საქართველოში სისხლიანი რეპრესიების პიკის პერიოდს დავუბრუნდეთ. საზოგადოება „მემორიალის“ ინფორმაციით მხოლოდ 1937-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებული იყო დაახლოებით 30 ათასი ადამიანი, რომელთაგან ნახევარი სიკვდილით დასაჯეს. ხოლო გადასახლებულებიდან კიდევ რამდენი ათასი დაიღუპა, უცნობია. განსაკუთრებით ტრაგიკულად მოულოდნელი იყო დაპატიმრება და „ანტისაბჭოთა საქმიანობაში" დადანაშაულება მათთვის, ვინც მთელი შეგნებული ცხოვრება, სიტყვით თუ საქმით, საბჭოთა რეჟიმის გაძლიერებისთვის იღწვოდა. იყო შემთხვევები, როდესაც დასაპატიმრებლად მისულ „ჩეკისტებს" გაოცებული მსხვერპლი გულმოდგინედ უხსნიდა: „ნამდვილად მისამართი შეგეშალათ, მე ორდენოსანი ვარ, პირადად დიდმა ბელადმა გადმომცა ორდენიო". ისინი ვერ იჯერებდნენ, რომ სწორედ იოსებ სტალინი იყო ამ რეპრესიების ორგანიზატორი-შემოქმედი და რეჟისორი. „დიდი ტერორი“, პროფესიის განურჩევლად, ყველას შეეხო, მათ შორის „- ჩეკისტებსაც“. იმ წლებში თუ რამდენი ქართველი „ჩეკისტი“ ან უშიშროები აგენტი იყო რეპრესირებული (დახვრეტილი ან გადასახლებული) კვლავ უცნობია. ქართველი “საპატიო ჩეკისტების” განადგურებაზე უკვე ვისაუბრე. მათგან ორი: ტიტე ლორთქიფანიძე (ოპერატიული მეტსახელი „ცაგარელი“) და დავით კილაძე (ოპერატიული მეტსახელი "სამსონი") წლების მანძილზე ასრულებდნენ საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვის ("ინო”) დავალებებს, თუმცა მათაც იგივე ბედი გაიზიარეს, რაც სხვებმა. „ჩეკისტებს" რეპრესიების გეგმა ჰქონდათ შესასრულებელი - სხვა შემთხვევაში, არც მათ დაინდობდა ვინმე. მაგალითისთვის ერთ საიდუმლო საარქივო დოკუმენტს მოვიტან.

1937 წლის 20 ოქტომბერს კომპარტიის კიროვის საოლქო კომიტეტის მდივანი მ. ნ. როდინი დაშიფრულ დეპეშას უგზავნის სტალინს და ნებართვას სთხოვს, მისცენ „ლიმიტი“ (ანუ ნებართვა) დამატებით 300 ადამიანის დახვრეტაზე (პირველი კატეგორია), ხოლო 1000 ადამიანისთვის 8-10-წლიანი პატიმრობის (მეორე კატეგორია) მისჯაზე. „დიდი ბელადი“ საოცრად „გულუხვია“ და წითელი ფერის ფანქრით დაწერილ რეზოლუციაში ვკითხულობთ: „პირველი კატეგორიისთვის გაზრდა არა 300-ით, არამედ 500 ადამიანით, მეორე კატეგორიის - 800 ადამიანით“. ვხედავთ ხომ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რომ არ შეიცვალა: ითხოვდნენ 1300 ადამიანის დასჯას, სტალინიც ამტკიცებს ამ რაოდენობას. მოლოტოვიც თანახმაა (ხელმოწერა ლურჯი ფერის ფანქრით). თუმცა ერთი „პატარა“ განსხვავებაა: რსფსრ კიროვის ოლქში უდანაშაულო 200 ადამიანით მეტი დაიხვრიტა. ასე ანადგურებდა სტალინი საკუთარ მოქალაქეებს.

სტალინი და ეჟოვი
სტალინმა ლავრენტი ბერიას პირადი ერთგულებაც დაუფასა, რეპრესიების “წარმატებით" ჩატარებაც და 1938 წლის აგვისტოს ბოლოს მოსკოვში გადაიყვანა, შინსახკომის ხელმძღვანელის, უკვე სკამშერყეული ეჟოვის მოადგილედ და სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსად. ზოგიერთ მკვლევარს შეცდომით მიაჩნია, რომ ეს დანიშვნა ლავრენტის კარიერაში უკუსვლა იყო და ვითომდა მან სტალინს ვერ გაუბედა უარის თქმა, თორემ საქართველოში მუშაობა ერჩიაო. ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები, რადგანაც სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბერიას მოსკოვში გადაყვანით სტალინს სურდა, უკვე ბევრ საიდუმლოებაში ჩახედული ეჟოვი და მისი ერთგული კადრები გაენადგურებინა და შინსახკომის მორიგი “წმენდა” ენერგიული და ერთგული ლავრენტის ხელით ჩაეტარებინა. ამას თავად ეჟოვიც მიხვდა და სტალინის კითხვაზე, ბერია შენს მოადგილედ რომ დავნიშნოთ, წინააღმდეგი ხომ არ იქნებიო, ეჟოვმა კი ორაზროვნად უპასუხა: “ამხანაგი ბერია ისეთი გამოცდილი მუშაკია, რომ შინსახკომის ხელმძღვანელობასაც შეძლებს და პირდაპირ ჩემ ადგილზე დანიშნეთო”. 1938 წლის აგვისტოდან ლ. ბერია საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვასაც ხელმძღვანელობდა.

ასე თავისუფლად დასეირნობდა „ცივი იარაღით“ შეიარაღებული ლავრენტი ბელადთან
ასე რომ, არავისთვის იყო მოულოდნელი, როდესაც 1938 წლის დეკემბერში ბერია უკვე შინსახკომის ხელმძღვანელად დაინიშნა. საქართველოდან მის მიერ მოსკოვში გადაყვანილნი იყვნენ მისი ერთგული ხელქვეითები: ქობულოვები - ბოგდანი (ბახჩო) და ამაიაკი, დეკანოზოვი (რომელიც თურმე ამტკიცებდა ქართველი დეკანოზიშვილი ვარო, სტალინს კი სხვა აზრი ჰქონია), მერკულოვი, მამულოვი, შარია, გოგლიძე, ცანავა, წერეთელი, გვიშიანი, კაპანაძე, მილშტეინი, კაკუჩაია და სხვ.
1938 წლის აგვისტოში დაიწყო ლავრენტი ბერიას აღზევების ახალი, მოსკოვური პერიოდი. დიდი რაოდენობის საარქივო მასალებისა და მემუარული ლიტერატურის შესწავლა/ანალიზზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას: 1930-1950 წლებში საქართველოს სსრ საგარეო დაზვერვის დანაყოფის თანამშრომლების ან ქართველი ეროვნების საბჭოთა მზვერავების უშუალო (!) მონაწილეობა მხოლოდ ქართული ემიგრაციის წინააღმდეგ დაგეგმილ და განხორციელებულ სპეცოპერაციებში დასტურდება. ამ შეფასებას არ ცვლის ის გარემოება, რომ ლავრენტი ბერია 1938 წლის აგვისტოდან 1945 წლის 9 დეკემბრამდე საბჭოთა სპეცსამსახურებს (მათ შორის საგარეო დაზვერვასაც) ხელმძღვანელობდა, ხოლო ვლადიმერ დეკანოზოვი 1938 წლის 2 დეკემბრიდან 1939 წლის 13 მაისამდე საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს მე-5 (დაზვერვის) განყოფილების უფროსი იყო, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. უფრო მეტიც: 1939 წლის აგვისტოში ბერლინში საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტად დანიშნული საგარეო დაზვერვის სპეციფიკის უცოდინარი ამაიაკ ქობულოვი მალევე გაიშიფრა და მისდა უნებურად გერმანელების მიერ „შეცურებული“ დეზინფორმაციის გამავრცელებლად იქცა. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით შემდეგ ვისაუბროთ.
( მეათე ნაწილის დასასრული)