რა უთხრა პუტინმა უოტკოფს ისეთი, რომ ტრამპთან მისი შეხვედრა სასწრაფოდ ჩაინიშნა?! - კრემლის 3 მოთხოვნა, რომელიც კიევისთვის ტერიტორიების დაკარგვაზე - კვირის პალიტრა

რა უთხრა პუტინმა უოტკოფს ისეთი, რომ ტრამპთან მისი შეხვედრა სასწრაფოდ ჩაინიშნა?! - კრემლის 3 მოთხოვნა, რომელიც კიევისთვის ტერიტორიების დაკარგვაზე უარესია

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ (The New York Times) 8 აგვისტოს ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით: „პუტინისათვის ტრამპთან შეხვედრა უკრაინაში კრემლის მიზნების მიღწევის გასაღებს წარმოადგენს“ (ავტორები - პოლ სონი და ანტონ ტროიანოვსკი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტთან დაკავშირებული სიტუაცია: რისი მიღება სურს კრემლს და როგორ სარგებლობს ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის შესაძლებლობებით, უკრაინაში თავისი მიზნების მისაღწევად?

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდი ხანია, აცხადებდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილს - იმიტომ, რომ იგი დარწმუნებულია: ყოველი ასეთი კონტაქტი და არა იმდენად ბრძოლის ველზე უბრალო წინსვლა, უკრაინაში მისი გამარჯვების საუკეთესო შანსს წარმოადგენს.

ანალიტიკოსები, რომლებიც ღრმად სწავლობენ ვლადიმერ პუტინის საქმიანობას, აგრეთვე, ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის ლიდერს პირადად იცნობენ, ომის პირველი დღეებიდანვე ამტკიცებდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მთავარი მიზანია არა განსაზღვრული ტერიტორიის ხელში ჩაგდება, სამხედრო გზით, არამედ - გრძელვადიანი სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მათი განმარტებით, სწორედ აშშ-ის პრეზიდენტი არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, გზა დაუკეტოს უკრაინას ნატოსაკენ და, საერთოდ, ალიანსის გაფართოება შეწყვიტოს. ამით აიხსნება ის, თუ რატომ ცდილობს ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის დაშოშმინებას და რატომ არ სურს მას კავშირების საბოლოო გაწყვეტა ვაშინგტონთან - იმის მიუხედავად, რომ თეთრი სახლის ლიდერი სულ უფრო მეტად ბრაზდება კრემლის ლიდერზე, მისი უარის გამო ცეცხლის შეწყვეტაზე.

„პუტინს სურს ტრამპის შენარჩუნება იმ რესურსად, რომელიც აუცილებელია მშვიდობაზე სავარაუდო გადასვლის დროს“, - განაცხადა პროკრემლურმა პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა მოსკოვიდან, - „ტრამპი საჭიროა რუსეთისათვის სასურველი პირობების მისაღწევად“.

„მართლაცდა, დღევანდელი რეალიებიდან გამომდინარე, ჩვენთვის უკეთესი იქნება, ერთმანეთს შევხვდეთ და მშვიდად ვისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რომლებიც აშშ-სა და რუსეთის ერთობლივ ინტერესს წარმოადგენენ. ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ იანვარში.

კრემლმა ოთხშაბათს დაადასტურა, რომ რუსეთისა და აშშ-ის ლიდერები უახლოეს დღეებში შეხვედრას გეგმავენ, თუმცა ზუსტი თარიღი და ადგილი არ დაუსახელებია.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეხვედრაზე თანხმობას აჭიანურებდა და კრემლისგან ისეთ სიგნალებს ელოდებოდა, რომელიც მტკიცედ აჩვენებდა - პუტინი მართლაც სერიოზულად არის განწყობილი თუ არა ცეცხლის რეალურ შეწყვეტაზე.

თეთრი სახლის ანაზდეულმა თანხმობამ სამიტის გამართვაზე ვარაუდების ტალღა გამოიწვია - მაინც რა უთხრა ვლადიმერ პუტინმა სტივ უოტკოფს (ან პირიქით) კრემლში ისეთი, რომ პრეზიდენტებმა შეხვედრა სწრაფად გადაწყვიტეს?

გაურკვეველია, თუ რა თემა იყო განხილვის საგანი. კრემლის მთავარმა თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა სტივ უოტკოფს გარკვეული სიგნალები გადასცა უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა რაიმე დამატებით და ფართოდ არაფერი უთქვამს.

ერთ-ერთი ვარიანტი გამოიხატება იმაში, რომ ვლადიმერ პუტინმა დიდი მოქნილობა გამოამჟღავნა ტერიტორიების გაყოფისა (თუ გაცვლის) საკითხთან მიმართებით, უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების ჩარჩოებში.

ასევე დაგაინტერეებთ: ტრამპი ცოლის ჭკუაზე დადის?! - იღებს თუ არა უმშვენიერესი მელანია გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს?

პუტინის სამი მთავარი გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა დამოუკიდებლობას დაკარგავს და მსოფლიო წესრიგი საბოლოოდ დაემხობა

"სიკვდილი მიწისქვეშეთიდან": რეპორტაჟი ამერიკული საიდუმლო ობიექტიდან, საიდანაც მსოფლიოს განადგურება შეიძლება - რა მოხდება 2026 წლის თებერვალში?!

"როგორ იყენებს დონალდ ტრამპი „სიგიჟის თეორიას“ მსოფლიოს შესაცვლელად" - რას წერს BBC?

ბოლო თვეების განმავლობაში რუსი დესპანები ამერიკელ კოლეგებთან გამართული მოლაპარაკებების დროს აქცენტს აკეთებდნენ მოსკოვის სუვერენიტეტზე ყველა იმ უკრაინული ოლქის მიმართ, რომლებიც რუსეთმა 2022 წლის ბოლოს მიიერთა - იმის მიუხედავად, რომ მათი საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ კიევის კონტროლის ქვეშ რჩება. ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ასეთი პოზიცია არაგონივრულად ჩათვალეს და მასში ის დაინახეს, რომ მოსკოვი მზად არ არის სერიოზული მოლაპარაკებისათვის ცეცხლის შესაწყვეტად.

ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ივარაუდა, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინმა დაავალა თავის დესპანებს, მაქსიმალურად ხისტი ხაზის ერთგულები ყოფილიყვნენ, რომ ამით დონალდ ტრამპისათვის სიგნალი მიეცათ - პრობლემის მოგვარება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრით შეიძლებოდა. შესაძლოა, რუსი ოფიციალური პირები თვლიან, რომ პირისპირ შეხვედრის დროს პუტინს შესაძლებლობა ექნება, ტრამპი კრემლის პოზიციაზე გადაიყვანოს - აშშ-ის პრეზიდენტი ხომ ისედაც გამოხატავს სიმპათიებს რუსეთის მიმართ - და დაარწმუნოს უკრაინის პრობლემის მიზეზებში ისეთნაირად, როგორც ეს რუსეთს სურს.

კრემლთან დაახლოებული წყაროებისა და პოლიტოლოგების მტკიცებით, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნები - არ იქნას დაშვებული უკრაინის ნატოში წევრად მიღება, უნდა შეიზღუდოს უკრაინის სამხედრო პოტენციალი და კიევში მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი მთავრობა უნდა იყოს - პრეზიდენტისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული ტერიტორია, რომლებიც რუსეთმა მიიერთა.

ტატიანა სტანოვაია, კარნეგის ევრაზიული ცენტრის რუსული პროგრამების მეცნიერი-თანამშრომელი, ამბობს, რომ მოსკოვი თავიდანვე არ აკეთებდა აქცენტს ოთხი მიერთებული ოლქის ფორმალურ საზღვრებზე, რაც, მისი აზრით, კრემლის მოქნილობის ნიშანს წარმოადგენს, ტერიტორიულ საკითხში. სტანოვაია არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მოსკოვი ტერიტორიის ნაწილის გაცვლას დათანხმდება.

„პუტინისათვის მთავარია ნატოს გაფართოების შეჩერება და ის მტკიცე გარანტიები, რომ უკრაინა ალიანსის წევრი არ იქნება, ხოლო ნატოს წევრი ქვეყნები მის ტერიტორიაზე რაიმე სამხედრო საქმიანობას არ დაიწყებენ. გარდა ამისა, არსებობს კიდევ რიგი პოლიტიკური პრეტენზიები კიევის მიმართ. მთავარი მოთხოვნები განხილვას არ ექვემდებარება, დანარჩენზე მსჯელობა კი შესაძლებელია“, - განმარტავს ტატიანა სტანოვაია.

„ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ტიპური თვისებაა ის, რომ იგი არ არის წინასწარ მომზადებული გეგმების „ტყვეობაში“, - ამბობს სტანოვაია, - "იგი დღევანდელი დღით ცხოვრობს და იცის, თუ რის მიღება სურს საბოლოო ჯამში“. მოცემულ შემთხვევაში, მისი თქმით, რუს ლიდერს სურს, რომ უკრაინა აღარ იყოს „ანტირუსული პროექტი“ და მოსკოვის ორბიტას დაუბრუნდეს.

„ამიტომაც რუსეთის პრეზიდენტი თავის მიზანს ან ნატოს გარანტიების მეშვეობით მიაღწევს (ანუ დასავლეთის დახმარებით), ან უკრაინის საშინაო პოლიტიკის გაკონტროლებით. შეიძლება ეს მოხდეს პრინციპით „ან/ან“, შეიძლება ორივე ფაქტორის გამოყენებით. შემდეგ კი ვნახავთ, რა და როგორ იქნება. ტერიტორია [პუტინის აზრით] მეორეხარისხოვანი საკითხია“, - ასკვნის ტატიანა სტანოვაია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო