"საქართველოს დემოკრატიული განვითარება სჭირდება და არა - აჯანყებები და ნგრევა" - მამუკა მამულაშვილი პოლიტიკაზე და აგვისტოს ომზე, რომელიც მისთვის დღემდე გრძელდება
“არის დღეები, რომლებიც არასდროს სრულდება... ჩემთვის ჯერ არც 2008 წლის აგვისტო დასრულებულა და არც 1993 წლის 27 სექტემბერი, მე ისევ ვიბრძვი...“ - ამბობს უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური - მამუკა მამულაშვილი. შეგახსენებთ, რომ მამუკა მამულაშვილი ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როდესაც გენერალ მამასთან - ზურაბ მამულაშვილთან ერთად აფხაზეთის ომში ჩაერთო, 15 წელი კი ტყვეობაში შეუსრულდა. „ერთხელ, როცა რუსი ოფიცერი მამაჩემის საკნის წინ მცემდა, მამამ რუსს უთხრა სიტყვები, რომლებიც ყოველდღიურად მახსოვს - „ღმერთმა ქნას, გადარჩეს და გაიზარდოს!“ - აღნიშნავს „ქართული ლეგიონის“ მეთაური და „კვირის პალიტრას“ დაუსრულებელ ბრძოლაზე, 8 აგვისტოს ომსა და დაკარგულ მეგობრებზე ესაუბრება.
- 8 აგვისტო ჩემთვის მორიგი ავბედითი დღეა, რომელიც რუსეთმა ჩემს ქვეყანას მოუწყო. ეს ის დღეა, როდესაც მოსკოვმა კიდევ ერთხელ სცადა საქართველოს სუვერენიტეტის წართმევა და ეს ის დღეა, როდესაც კიდევ ერთხელ დავკარგე უახლოესი მეგობრები... მე იმ პერიოდში არმიაში არ ვმსახურობდი, საქართველოს შერეული ორთაბრძოლების (MMA) ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი. ვეტერანებმა კი დავიწყეთ მობილიზება, ბრძოლაში ჩართვის მიზნით, მაგრამ ხუთ დღეში დანაყოფის შექმნაც კი ვერ მოვასწარით. ერთადერთი, რაც მოვახერხეთ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი მიცვალებულების გამოყვანა იყო... ძალიან მიჭირს იმ დღეების გახსენება... მას შემდეგ 17 წელი გავიდა, მაგრამ ჩემი ბრძოლა რუსული ტერორისტული არმიის წინააღმდეგ, არც ერთი წუთით არ შეჩერებულა. დღეს მე უკრაინის მიწაზე ვიბრძვი ქარველების და უკრაინელების საერთო მტრის წინააღმდეგ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ბრძოლაში მარტო არ ვარ.
„ქართული ლეგიონის“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი - საქართველოა! ჩვენი კუთვნილი ტერიტორიების მტრისთვის დათმობას არ შევეგუებით და ყველა შესაძლო ხერხით, ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს მთლიანობის აღსადგენად!
- 17 წლის შემდეგაც სხვადასხვაგვარად ფასდება აგვისტოს ომის მიზეზები და გარემოებები, დღემდე სადავო საკითხია, ვინ დაიწყო ეს კონფლიქტი. თქვენ, როგორც თავდაცვის მინისტრის ყოფილ მრჩეველს, რისი თქმა შეგიძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით?
- თავდაცვის მინისტრის მრჩეველი 2011-2012 წლებში ვიყავი, თუმცა 2008 წლის ომის მიზეზებზე მაქვს ჩემი ხედვა - საქართველო იმ პერიოდში ეკონომიკური აღმავლობის გზაზე იდგა. რუსეთი ვერ შეეგუა იმ ფაქტს, რომ ქვეყანა ყოფილი საბჭოთა სივრციდან გამოიკვეთებოდა, როგორც ეკონომიკური ლიდერი. ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი აგრესია.
- როგორ გგონიათ, რატომ არ მოვიდა რუსეთის არმია თბილისამდე?
- რუსებს თბილისში შემოსვლა შეეძლოთ, მაგრამ ძალიან ძვირად დაუჯდებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეიარაღება საკმარისი არ იყო, ჩვენ მაინც შეგვეძლო წინააღმდეგობის გაწევა. აფხაზეთის ომის დროს კიდევ უფრო ცუდად შეიარაღებულები ვიყავით, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით, მშიერ-ჩაუცმელები ვიბრძოდით - დღემდე მახსოვს, როგორ გვიწევდა ტყეში საჭმლის ნაცვლად თაფლის ჭამა. იმდენი ვჭამეთ, დღემდე მძულს.
ნავთის სუნიანი პურიც გვიჭამია, ფქვილის ტომარაზე ნავთი გადაესხა, მაგრამ მისგან პურს მაინც ვაცხობდით და ვჭამდით. ასეთ პირობებში ვიბრძოდით და რომ არა რუსების თაღლითობა და სიცრუე, წინააღმდეგობას კიდევ დიდხანს გავუწევდით. ის ფაქტიც, რომ დღეს რუსებს საქართველოს მხოლოდ 20% აქვს ოკუპირებული და არა 80% იმას მეტყველებს, რომ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გავუწიეთ და მოვახერხეთ ტერიტორიული მთლიანობის ნაწილის დაცვა. 2008 წელს კი თბილისი რუსების კეთილმა ნებამ კი არა, შავი ზღვის აკვატორიაში შემოსულმა ამერიკულმა სამხედრო გემებმა გადაარჩინა.
- შეიძლებოდა აგვისტოს ომის თავიდან აცილება?
- გამორიცხულია, ეს იყო შეუქცევადი პროცესი. მხოლოდ დროის გადავადება იყო შესაძლებელი. რუსეთს მიზნად ჰქონდა დასახული საქართველოში ინტერვენციის განხორციელება და ამას ვერაფერი შეცვლიდა. აგვისტო ომს წინ უძღოდა არა ერთი პროვოკაცია და ინტრიგა. საბოლოოდ, მტერმა იერიში მოიტანა ქართულ სოფლებზე, ქართულ პოლიციაზე. ასეთ ვითარებაში უბრალოდ ვალდებულები ვიყავით, რომ პასუხი გაგვეცა.
- 2011-2012 წლებში, როდესაც თქვენ იყავით თავდაცვის მინისტრის უფროსი მრჩეველი, რა იყო საქართველოს მთავარი საფრთხე და გამოწვევა?
- ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეგიონში, სადაც საფრთხე მუდმივად არის. რუსეთი იყო და რჩება ჩვენს მთავარ საფრთხედ და გამოწვევად. საქართველოსთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ძლიერი, თანამედროვე და სრულად აღჭურვილი შეიარაღებული ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის უსაფრთხოების უწყვეტ დაცვას.
- შესაძლებელია რუსეთთან დიპლომატიური გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?
- პირდაპირ გეტყვით - სრული აბსურდია ილაპარაკო რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე, როგორც საქართველოსთვის პოზიტიურ ფაქტორზე. სწორედ დიპლომატიური შეთანხმებებით და სხვადასხვა დოკუმენტებით მოგვატყუეს არა ერთხელ. თუნდაც აფხაზეთის ომის დროს, რუსეთმა იმით ისარგებლა, რომ ქართულმა მხარემ პატიოსნად შეასრულა შეთანხმება და ფრონტის ხაზიდან მძიმე არტილერია გაიყვანა. ამის მერე რაც მოხდა, ყველამ იცის. როდესაც ასეთი ცბიერი და აგრესიული მეზობელი გყავს, ყოველთვის უნდა იყო მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის. ძლიერი არმია და პარტნიორული ურთიერთობები დასავლელ ქვეყნებთან - ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის მთავარი გარანტი და სწორედ ამიტომ ცდილობს რუსეთი, საქართველოს დაპირისპირებას დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-ისთან.
- სლოვაკეთის ხელისუფლებამ დემონსტრაციების ორგანიზებაში და არეულობის მოწყობის მცდელობაში დაგადანაშაულათ. ამას რა გაგრძელება ჰქონდა?
- არასოდეს მიცდია არეულობის მოწყობა - არც საქართველოში და არც სლოვაკეთში. თუ ვინმეს სურს ჩემ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება, ამისთვის მტკიცებულებებია საჭირო. მე კი კარგად ვიცი, რომ ასეთი მტკიცებულებები ვერც საქართველოში ექნებათ და ვერც სლოვაკეთში. ცოტა ხნის წინ რამდენიმე დღით სლოვაკეთში გავემგზავრე. ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელიც 2025 წლის იანვარში აცხადებდა, რომ მამუკა მამულაშვილი, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მოსურნე, სლოვაკეთში არ უნდა შეეშვათ. ცოტა ხნის წინ ბრატისლავაშიც ვიყავი და მთავრობის სახლის წინ ინტერვიუც ჩავწერე, ფიცო კი ამის შესახებ კომენტარსაც ვერ აკეთებს. გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე იურისტს დავუკავშირდი და ვკითხე, იყო თუ არა ჩემთან დაკავშირებული რაიმე შეზღუდვა. მან გაარკვია, რომ ჩემ წინააღმდეგ არც სისხლის სამართლის დევნა იყო დაწყებული და არც რაიმე სხვა ფორმის შეზღუდვა არსებობდა. ამიტომაც მშვიდად წავედი, ვესტუმრე მეგობრებს, ჩავწერეთ ინტერვიუ და დავბრუნდი უკრაინაში. სხვათა შორის, ის პოლიტიკოსები არ მინახავს, ვისთანაც კავშირს მაბრალებდნენ - საერთოდ არც ერთი პოლიტიკოსი არ მინახავს.
- საქართველოშიც ასე მშვიდად შეგიძლიათ ჩამოსვლა?
- საქართველოში ჩამოსვლას ვერავინ დამიშლის. უბრალოდ, ახლა იქ ძალიან ბევრი რუსეთის მოქალაქეა და ეს ძალიან მაღიზიანებს. შეიძლება რაღაც მომენტში თავი ვერ შევიკავო და შეგნებულად ვერიდები სიტუაციას. პრემიერმა ღარიბაშვილმა თავის დროზე კი დამაბრალა, რომ თითქოს საქართველოში ხელისუფლების დამხობა მინდოდა, მაგრამ ეს განცხადებაც ისეთივე აბსურდულია, როგორიც ფიცოს განცხადებები იყო. თუ ვინმეს სურს, დამაბრალოს რევოლუციური ქმედება, მტკიცებულებებიც უნდა დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებაც ისეთივე სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორც რამდენიმე დღის წინ სლოვაკეთის მთავრობა აღმოჩნდა.
- საქართველოში ზოგიერთი ოპოზიციონერი ბოლო დროს აქტიურად საუბრობს რევოლუციურ სცენარებზე....
- რევოლუცია და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა არც გამოსავალია და არც ცივილური მეთოდი - პოლიტიკური ცვლილებებისთვის. ნორმალური ადამიანისთვის საკუთარ ქვეყანაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა მისაღები არ უნდა იყოს. 90-იან წლებში ერთხელ უკვე მოაწყვეს ქვეყნის მტრებმა სახელმწიფო გადატრიალება და შედეგიც ყველამ ვნახეთ. არ ვიცი, ავანტიურისტ პოლიტიკოსებს თავში რა აზრი მოუვათ, მაგრამ პირადად მე რევოლუციას არ ვემხრობი. ასეთ პროცესებს ქვეყნის უკან დახევა მოჰყვება. საქართველოს კი დემოკრატიული განვითარება სჭირდება და არა - აჯანყებები და ნგრევა.
- თქვენ მითხარით, რომ იბრძოლებთ მანამდე, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. როგორ ან რა გზით წარმოგიდგენიათ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება?
- უკრაინაში რუსეთის დასუსტებით. სწორედ ამიტომ ვიბრძვით ქართველები უკრაინაში, ვცდილობთ, რუსეთი მაქსიმალურად დასუსტდეს. ამ გზით ჩვენ, მეტი ბერკეტი გვექნება, მათ შორის დიპლომატიური, რომ რუსეთს ვუთხრათ: ჩვენს მიწას არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ. თუმცა, თუ საქართველოს საზოგადოება გადაწყვეტს, რომ ტერიტორიები ომით უნდა დავიბრუნოთ - ჩვენ ამისთვისაც მზად ვიქნებით. შესაბამისი გამოცდილება უკვე მიღებული გვაქვს.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)