მარია ზახაროვას სენსაციური განცხადება საქართველოზე: რუსეთს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის შუამავლობა სურს?! - ახალი "რუსული ხაფანგი" საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

მარია ზახაროვას სენსაციური განცხადება საქართველოზე: რუსეთს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის შუამავლობა სურს?! - ახალი "რუსული ხაფანგი" საქართველოსთვის

"საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დიალოგი შეიძლება წინ წავიდეს თბილისის აღიარების ფონზე, რომ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდა", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

"არის შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებების პროცესი წინ წავიდეს საქართველოს ხელისუფლების საჯაროდ აღიარების ფონზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, ასევე იმ განცხადებების ფონზე, რომ აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გულახდილობა განმსაზღვრელი გახდეს თბილისისი მიდგომებში სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების ჩამოყალიბების კუთხით და ის კონკრეტულ საქმეებში ჩამოყალიბდეს", - წერს ზახაროვა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესის პირველი რიგის ამოცანაა საქართველოს მხრიდან იურიდიული შეთანხმების გაფორმება ძალის არ გამოყენების შესახებ.

"სამი სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია", - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთი მზად არის ამ პროცესებს ხელი შეუწყოს.