რა გამოსცადა პენტაგონმა ვაზიანის პოლიგონზე - უნიკალური ჯორ-დრონი, რომელიც ქართულ არმიასაც ძალიან გამოადგებოდა - კვირის პალიტრა

რა გამოსცადა პენტაგონმა ვაზიანის პოლიგონზე - უნიკალური ჯორ-დრონი, რომელიც ქართულ არმიასაც ძალიან გამოადგებოდა

ხელოვნურინტელექტიანი ჯორ-დრონი პენტაგონმა ქართულ პოლიგონზე გამოსცადა...

17 წლის წინ, აგვისტოს ხუთდღიან ომში რუს ოკუპანტებთან და ადგილობრივ სეპარატისტებთან ბრძოლებში ქართული არმიის 170 მებრძოლი, ასევე, შსს-ს 14 თანამშრომელი დაიღუპა, 1 045 სამხედრო კი დაიჭრა...

დაღუპულების ნაწილის გადმოსვენება მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდა შესაძლებელი, ხოლო ბრძოლის ველზე დაჭრილთა დროულად გამოყვანა ძალიან ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, რადგან მოწინააღმდეგე „სასწრაფო დახმარების“ მანქანებსაც არ ინდობდა, შეჯავშნული სამედიცინო-საევაკუაციო მანქანები კი (როგორც დღეს „დიდგორის“ ბაზაზე აქვს საქართველოს თავდაცვის ძალებს) მაშინ არ გვყავდა და დაჭრილების საევაკუაციოდ შეჯავშნულ „კობრებსაც“ ვიყენებდით - ტყვიებით საბურავდახეთქილ „კობრას“ დაჭრილები ისე მოჰყავდა გორის ჰოსპიტლისკენ, რომ მისი ბორბლების დისკები ასფალტზე სულ ნაპერწკლებს ჰყრიდნენ...

2-jor-droni-1754643466.jpg
ამერიკული Overland AI ULTRA ტიპის ჯორ-დრონი ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლების Agile Spirit 2025-ის დროს...

ბრძოლის ველიდან დაღუპულებისა და დაჭრილების ევაკუაცია მაშინ, როდესაც ეს ადგილი მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ იმყოფება, ყველა ომის პრობლემა გახლდათ და ასე რჩება დღემდე - სნაიპერები ერთ სამხედრო ეშმაკობასაც კი მიმართავენ ხშირად. ისინი სპეციალურად არ კლავენ მოწინააღმდეგეს, მას დაჭრიან და ელოდებიან, როდესაც დაჭრილის ხმამაღალ მუდარაზე, რომ გადაარჩინონ, მისკენ ორი ან ოთხი თანამებრძოლი როდის მიჩოჩდება და ცეცხლის არეალიდან როგორ ეცდება, საკაცით გამოარიდოს დაჭრილი... და სწორედ ამ დროს, სნაიპერი, ერთგვარ სატყუარად ქცეულ დაჭრილთან დასახმარებლად მისულ მის თანამებრძოლებზეც იწყებს ნადირობას...

მაგრამ, შეიძლება კი დაჭრილის ბრძოლის ველიდან დროულად და შედარებით უსაფრთხოდ ისე ევაკუაცია, რომ მის დასახმარებლად მისული თანამებრძოლებიც დამატებით სამიზნედ არ იქცნენ მოწინააღმდეგისთვის, როდესაც საკაცით მის ევაკუაციას დაიწყებენ?

როგორც ირკვევა, შეიძლება და ამ მეთოდების პრაქტიკული დახვეწა რამდენიმე დღის წინ გაიმართა... საქართველოში, ვაზიანის პოლიგონზე, სადაც მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე გული-2025“ ჩატარდა.

აშშ-ის არმიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პენტაგონმა Agile Spirit 2025-ის მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისას საქართველოს ვაზიანის პოლიგონზე ჩაატარა Overland AI ULTRA ტიპის ხელოვნურინტელექტიანი, სრულიად ავტონომიური სატრანსპორტო საშუალების საველე გამოცდა, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ ბრძოლის ველიდან დაჭრილების ოპერატიული და უსაფრთხო გამოყვანა და წინახაზზე საბრძოლო მასალების დროულად მიწოდება პირადი შემადგენლობისთვის, რისკის გარეშე.

უეკიპაჟო, დისტანციურად მართვადი სატრანსპორტო საშუალებების ეპიზოდურად გამოყენება უკვე დაწყებულია რუსეთ-უკრაინის ომში, თუმცა მას ჯერ არ მიუღია ფართო მასშტაბი, მაგრამ უდავოდ ძალიან პერსპექტიულად მოჩანს.

3-jor-droni-1754643466.jpg
ამერიკელი სამხედროები და სპეციალისტები მონიტორზე აკვირდებიან მათი ახალი ჯორ-დრონის „მოგზაურობას“ ქართულ მიწაზე...

ასეთ უეკიპაჟო სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც მძღოლი არ სჭირდებათ, ჯორ-დრონებსაც კი ეძახიან, რადგან მათზე, ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ვირებსა თუ ჯორებზე, ბევრი ტვირთის აკიდება შეიძლება.

ომის დროს განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ზურგიდან წინა ხაზის სანგრებამდე უხიფათოდ მიღწევა, რადგან მოწინააღმდეგე, როგორ წესი, ცდილობს, გამოთოფოს ეს არეალი - თუ რას ნიშნავს ამ საშიში ზონის გადალახვა, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი აფხაზეთის ომის დროს, როდესაც მოწინააღმდეგეს მდინარე გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე, შემაღლებულ ადგილზე ეკავა საცეცხლე პოზიციები და სანამ სოხუმის ახალი რაიონის მხრიდან ჩვენს სანგრებამდე მივაღწევდით, გუმისთის მარცხენა სანაპიროზე, მტრის ტყვიების წვიმაში უნდა გვერბინა ზიგზაგებით...

დისტანციურად მართვად ჯორ-დრონს კი ამ სახიფათო ზონის გავლა და საბრძოლო მასალების წინა ხაზზე მიწოდება ისე შეუძლია, რომ არც ერთი მებრძოლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დგება. მართალია, მოწინააღმდეგემ შეიძლება თავად მოახერხოს ამ ჯორ-დრონის დაზიანება/აფეთქება, მაგრამ ეს არ გამოიწვევს პირად შემადგენლობაში დანაკარგს, რაც წესით, ყველა ნორმალური ქვეყნის ნორმალური გენერლების უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს...

გარდა იმისა, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან ნასროლმა ტყვიებმა და ჭურვის ნამსხვრევებმა შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანონ ჯორ-დრონი, მტერმა შეიძლება ასევე გამოიყენოს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, რომ რადიოკავშირითა და GPS-ით დისტანციურად მართვადი ჯორ-დრონი „გააშეშოს“.

მფრინავი დრონებისან განსხვავებით, რომლებიც რადიოკავშირის ჩახშობის შემდეგ მიწას ენარცხებიან, სახმელეთო დრონი ამით დიდ არ დაზარალდება, მაგრამ ამოცანს ვეღარ შეასრულებს - ვერც დაჭრილს გამოიყვანს და ვერც ტყვია-წამალს მიაწოდებს წინა ხაზზე, ხოლო სახიფათო ზონაში „გაშეშებული“ კი კარგი სამიზნე შეიქმნება მოწინააღმდეგისთვის.

სწორედ ეს რომ არ მოხდეს, რამდენიმე დღის წინ ვაზიანის პოლიგონზე გამოცდილი ამერიკული Overland AI ULTRA ტიპის ჯორ-დრონი აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტის მართვის საშუალებით, რაც შესაძლებლობას იძლევა, ოპერატორისგან დისტანციურად მართვის გარეშეც შეასრულეს დასახული ამოცანები და მასზე გავლენას ვერ მოახდენს მოწინააღმდეგის მხრიდან მაღალი სიმძლავრის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებაც კი.

4-jor-droni-1754643466.jpg
Overland AI ULTRA ტიპის ჯორ-დრონს 454 კგ-ის მასის სასარგებლო ტვირთის წაღება შეუძლია...

ამერიკული Overland AI ULTRA ტიპის ჯორ-დრონის სრული მასა 1 587 კგ-ს შეადგენს, რომელშიც შედის 454 კგ-ის მასის სასარგებლო ტვირთიც. ოთხბორბლიან უეკიპაჟო მანქანას მაქსიმალური 56 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია ასფალტირებულ გზაზე, თუმცა, ამასთანავე, გამოირჩევა რთულ რელიეფზე ძალიან მაღალი გამავლობითაც.

Overland AI ULTRA ტიპის ჯორ-დრონის პლატფორმა თავის მრავალფუნქციონირებითაც გამოირჩევა და მისი გამოყენება ბრძოლის ველზე შეიძლება არა მარტო დაჭრილების საევაკუაციოდ და წინახაზზე ვაზნებისა თუ ნაღმსატყორცნის ნაღმების მისაწოდებლად, არამედ - როგორც პლატფორმა მფრინავი კამიკაძე-დრონების გასაშვებად ფრონტის ხაზიდან რაც შეიძლება ახლო მანძილიდან ან, სულაც, მასზე დისტანციურად მართვადი (შეიძლება იმავე ხელოვნური ინტელექტითაც, რომელიც თავად ჯორ-დრონს გზას აჩვენებს) მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის ან მცირეკალიბრიანი ავტომატური ქვემეხის მოდულის დასამონტაჟებლად, რაც სატრანპსორტო ჯორ-დრონს თავდამსხმელ ვეფხვ-დრონად გადააქცევს...

ის, რაც პენტაგონმა ქართულ პოლიგონზე გამოსცადა, რა თქმა უნდა, უკან წაიღო, მაგრამ საქართველოს თავდაცვის ძალებსაც ნამდვილად არ აწყენდათ, მრავალფუნქციური სახმელეთო დრონების შეიარაღებაში მიღება...

ვიდეო - Overland AI ULTRA ტიპის ჯორ-დრონის მოქმედების ვიდეოკადრები