"სამი თვის წინ ლაგოდეხში, სოფელ ჭაბუკიანში ყაველაშვილების ეზოს მიაკითხა..." - ენოტი ცაცუ, რომელიც ადამიანებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად ცხოვრობს"
რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელი კამპანიამ მოიცვა - "დააბრუნეთ ცაცუნა“. ცაცუ დედალი ენოტია, რომელმაც სამი თვის წინ ლაგოდეხში, სოფელ ჭაბუკიანში ყაველაშვილების ეზოს მიაკითხა და მას შემდეგ საცხოვრებელი აღარ მიუტოვებია. უმწეო პატარა შეიფარეს, საწოვარათი ჭამა ასწავლეს და იმ დღიდან ნინოს შვილობილად იქცა.
ცაცუს დღე თუ ფარდულის სახურავზე ეძინა, ღამით პატრონის საწოლზე მოკალათდებოდა, დაუმეგობრდა ეზოს ბინადარ ძაღლებს და კატებს და თავი ოჯახის სრულუფლებიან წევრად ჩათვალა. მერე ვიღაცის საჩივრის საფუძველზე (თითქოს გარეული ცხოველი დატყვევებული ჰყავდათ) ცაცუ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა წაიყვანეს და ზოოპარკს გადასცეს. როგორც ნინო Amebi.ge-სთან ამბობს, საქმე მინისტრის დონეზე გადაწყდა და მოხდა უპრეცედენტო რამ - საყვარელი ენოტი დედობილს დაუბრუნდა.
ცაცუნას ისტორიას მისი პატრონი ინგა (ნინო) ყაველაშვილი მოგითხრობთ:
- ჩვენი ისტორია ცაცუნას აღმოჩენით დაიწყო. აპრილის ბოლოს, ერთ საღამოს, პატარა ენოტი ჩვენს ადგილში (სოფელი ჭაბუკიანი) მოგვადგა, ძაღლი უყეფდა. ძალიან პატარა იყო, ვიფიქრე, სადმე დედაც ეყოლებოდა, მაგრამ არავინ ჩანდა. რძე შევთავაზე, არ ჭამა, ძალიან გამხდარი იყო, თუმცა კონტაქტური აღმოჩნდა. მეორე დღესაც ჩამოვიდა, შიში არ იცოდა რა იყო, იმ ტერიტორიაზე მარტო მოძრაობდა. მერე საწოვარათი ვცადე გამოკვება, მაგრამ იმითაც ვერ ჭამა, სამი დღე მაწვალა, სანამ წოვას დაიწყებდა.
მშიერს ხომ არ მოვკლავდი, ან ხომ არ გავაგდებდი?! უკან ეზოში იყო და არსად მიდიოდა, ჩემს ძაღლებს და კატებს მიეჩვია (33 ძაღლი და 6 ფისო მყავს). ამასობაში ცაცუ წამოიზარდა, სახლის კარი ღიაა, ზაფხულია, დაბოდიალობდა თავისთვის. პატარას სხვა რეჟიმი ჰქონდა, როცა წამოიზარდა, მთელი დღე ეძინა ფარდულის სახურავზე, შებინდებისას გადიოდა და მერე გვიან ბრუნდებოდა. რომ არ გამოჩნდებოდა, თავიდან ისე ვნერვიულობდი, მერე შევნიშნე, რომ ფარდულის სახურავზე ადიოდა და იქ იძინებდა, მერე იქიდან ჩამოყვანას მე მთხოვდა, განა არ შეუძლია, მაგრამ მე მაწუხებს. ზოგადად, ლაგოდეხში ძალიან ბევრი ენოტი ბინადრობს, ეზოებში შედიან, სახლის სახურავებში ცხოვრობენ...
- როგორი ზნე-ხასიათისაა ცაცუნა?
- თბილია, ძაღლივით კუდს არ გიქიცინებს, მაგრამ ყოველწუთიერი კონტაქტი სჭირდება იმისთვის, რომ იყოს კონტაქტური. როგორც კი ხმას აუწევ, მაშინვე აგრესიას გამოხატავს, ბრაზდება. როცა ვეტყვი, მოდი, გაკოცო დადუნა-მეთქი და სახეს მივუტან, მაშინვე თათოებს მომიცაცუნებს და გიჟივით მკოცნის. გარეული ცხოველია და თამაშ-თამაშში კბენა მის ბუნებაშია, თამაშის დროს მკბენს, ოღონდ, ნაზად. ღამით ჩემს საწოლზე ამოდის და იქ იძინებს. როცა მოშივდებოდა, მოვიდოდა, მძინარეს სახეზე მიცაცუნებდა და თუ არ ავდგებოდი, პირდაპირ საკბენად დამეტაკებოდა, ამიტომ საწოვარა სულ გამზადებული მქონდა. თავიდან კარგად მიირთმევდა ხორცს (საქონლის ხორცს, ქათმის ფილეს), ახლა არ ვიცი, სიცხეების გამოა თუ რა, ხორცზე აღარ იწევს, ძაღლის ხარისხიან კორმს მიირთმევს, საზამთროზე და პურზე გიჟდება, უყვარს კიტრი, ნაყინი და ტკბილეული, ფაქტობრივად, ყველაფერს ჭამს. ამ ცხოველს შენს ჭკუაზე ვერ ატარებ, მთელი დღე სძინავს და ძახილით რომ გასკდე, სანამ მისი ნება არაა, არ ადგება და არ გამოგხედავს. ძირითადად მე და დედა ვართ სახლში და ჩვენთანაა მიჩვეული, ისე, უცხოობა იცის. ძაღლებთან მიჩვეულია, ეთამაშება, კბენს, მაგრამ უცხო ძაღლის ხმაზე იმალება. დასდევს ხოჭოებს და ბუზებს...ცაცუ ხეზე ადიოდა და იქიდან ვაშლებს მიყრიდა, ხან წიწაკებს წყვეტდა ბოსტანში. ერთი კნუტი მყავს, მუდმივად იმას დაათრევს, ეთამაშება, ისიც არ გაურბის, გაქცევა შეუძლია, მაგრამ არ გარბის, კივის და წივის. წაიკითხეთ ვრცლად