რისთვის უნდა მოემზადოს საქართველო უახლოეს წლებში?! - კვირის პალიტრა

რისთვის უნდა მოემზადოს საქართველო უახლოეს წლებში?!

ექსპერტების დიდი ნაწილი 8 აგვისტოს, დღეს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით, ასე აფასებს - "ისტორიული დღე სამხრეთ კავკასიისთვის". "დიდი ხანი, 35 წლის განმავლობაში ომობდნენ, ახლა კი მეგობრები არიან და მეგობრები იქნებიან დიდი ხნის განმავლობაში", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიალზე. მან მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს. ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა, რუსეთმა და "მძინარე ჯო ბაიდენმა" არაერთხელ სცადეს მშვიდობის მიღწევა, თუმცა უშედეგოდ. "ისინი პირობას დებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ბრძოლას, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობას, დაამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს", - თქვა ტრამპმა, რომელმაც ალიევსა და ფაშინიანს უწოდა „ორი ძალიან განსაკუთრებული ადამიანი" და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მათ საკმაოდ კარგი პერსონალური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. უკვე ცნობილია, რომ ამ შეთანხმებებით აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტის განვითარებისთვის ექსკლუზიური უფლება ეძლევა. არსებული ინფორმაციით, პროექტი სომხეთის იურისდიქციაში იმოქმედებს, ხოლო შეერთებული შტატები, თავის მხრივ, მიწას იჯარით გადასცემს კონსორციუმს, რომელიც მშენებლობასა და მართვაზე იქნება პასუხისმგებელი. ასე რომ, სამხრეთ კავკასიაში ჩნდება აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფანი. სწორედ ჩვენს მეზობლებს შორის სამშვიდობო შეთანხმების შეფასებით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

tvalchrelidze-sandro.jpg

- ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებებია, რომელთაც მივესალმები. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებები უაღრესად მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ ამ პროცესში საქართველო არსად ჩანს. არადა, შეგვეძლო სწორი პოლიტიკის წარმართვით სამშვიდობო პროცესის მონაწილე საქართველოც ყოფილიყო - ჩვენი მეზობლებისთვის გვეშუამავლა. იყო დრო, ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ამბიცია და ნდობაც იმისთვის, რომ ამერიკელებსაც მოესმინათ ჩვენთვის და ჩვენს მეზობლებსაც. დასანანია, რომ ამჟამად საქართველოს სიტყვის წონა ძალიან შემსუბუქებულია.

უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს სამხრეთ კავკასიაში პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება, ბევრი რამ ისე იცვლება, რომ თვალის მიდევნებაც კი გვიჭირს. აშკარად ჩანს, რომ რუსეთის გავლენა აზერბაიჯანსა და სომხეთში მნიშვნელოვნად სუსტდება, თუმცა ამაში კრემლის მეტი დამნაშავე არავინ არის. ჯერ იყო და, ყარაბაღის ბოლო ომისას სრულად მიატოვეს სომხეთი, აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებისა და რუსეთში აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენელთა დარბევითა და მკვლელობით კი ალიევს უბიძგეს ფორსირებულად ემოქმედა რუსეთის საწინააღმდეგოდ.

რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანზე აშშ-ის კონტროლის დამყარებას, ეს ძალიან კარგია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობითაც. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს დერეფანი საკმაოდ სპეციფიკური ტერიტორიაა. ბევრისგან მოვისმინე უკვე, რომ თურმე ეს არის საქართველოსთვის გეოპოლიტიკური კრახი, რომ ამით ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია იკლებს და ა.შ. მე ამას ვერაფრით გავიზიარებ. ვიცნობ იმ ტერიტორიას, გამივლია ზანგეზურის დერეფანი მანქანით და შემიძლია გითხრათ, რომ იქ დიდი რაოდენობით ტვირთების გადასაზიდად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას დიდი დრო და თანხები დასჭირდება. ეს არის მთიანი საკმაოდ რთული რელიეფი. შესაბამისად, სატრანზიტო-სახმელეთო მოძრაობა ძნელი იქნება, თუ საერთოდ შეუძლებელი არ აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, აზერბაიჯან-სომხეთის, მეორე მხრივ, სომხეთ-თურქეთის საზღვრების გახსნა ბევრ რამეს შეცვლის, თუმცა თავდაპირველად ეს ვერ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები. ამას დრო დასჭირდება, თუ გვინდა ამ პერიოდისთვის მზად ვიყოთ, სასწრაფოდ უნდა გავააქტიუროთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის გაყვანა, ასევე დროულად უნდა დაიწყოს ანაკლიის პორტის მშენებლობა. მართალია, ჩვენი პორტები ჯერ უძლებენ მნიშვნელოვნად გაზრდილ ტვირთბრუნვას, მაგრამ მალე ნაკადები შესაძლოა ისეთი მასშტაბური გახდეს, რომ ამას ვეღარ აუვიდნენ.

აქვე მინდა ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება - აშშ-ის მიერ ზანგეზურის დერეფნის გაკონტროლებაზე შეთანხმებამ პირდაპირ გააცოფა რუსი პროპაგანდისტები. მათი მტკიცებით, სომხეთმა დაკარგა ზანგეზურის დერეფანი. სხვები უფრო შორსაც წავიდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ლამის სუვერენიტეტი დაკარგა ქვეყანამ. სამწუხაროდ, ამავე შინაარსის განცხადებები მოვისმინეთ ქართული სახელისუფლებო მედიისგანაც, რაც სამარცხვინო ხომ არის, მაგრამ, რაც მთავარია, ტყუილია. არანაირი დერეფანი და სუვერენიტეტი სომხეთს არ დაუკარგავს, ზანგეზური რჩება სომხეთის იურისდიქციაში და ამის გარანტორი თვით ამერიკის შეერთებული შტატებია, ისევე როგორც მთელი ამ სამშვიდობო შეთანხმებების შესრულების. დამერწმუნეთ, აშშ სომხეთის ინტერესებს იოტისოდენადაც არ შელახავს ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის უძლიერესი და უმდიდრესი სომხური დიასპორის გამო, განსაკუთრებით, ლოს-ანჯელესში.

- თქვენ ამ პროცესებში საქართველოს როლი ახსენეთ. ისე ჩანს, რომ ჩვენი ქვეყანა თამაშგარე მდგომარეობაშია. რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ ვარაუდი, რომ შესაძლოა ცოტა ხანში სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ერთადერთი მოკავშირე საქართველო აღმოჩნდეს.

- არა მგონია, ეგ მოხდეს. ჩვენი მთავრობა პრორუსული კი არა, მშიშარაა. რასაც ისინი აკეთებენ, მშიშარა კაცის მოქმედებაა. როგორც კი რუსეთში ვითარება შე იცვლება, რაც დიდი ხნის ამბავი აღარ მგონია, საქართველოც ძირფესვიანად შეცვლის თავის პოლიტიკას. არა მგონია, ეს მოკავშირეობა უძრავი იყოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობაც. ხომ ხედავთ, მიუხედავად ამხელა პროპაგანდისა, საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპული გზა რჩება მთავარ არჩევანად, ოკუპანტი კი რჩება ოკუპანტად.

- 17 წელიწადი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან, თუმცა კვლავ იმაზე მიდის კამათი და დაპირისპირება, როდის დაიწყო ომი - 7 აგვისტოს თუ 8-ში საქართველომ? საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ომის დაწყებას "დიფ სთეითის" დავალებით სააკაშვილის ხელისუფლებას აბრალებს... როგორ შეიძლება შეფასდეს ეს ყველაფერი?

- ვინმემ ამიხსნას, რა არის ეს "დიფ სთეითი"! ყველაფერს აქვს საზღვარი, პირდაპირ რუსული პროპაგანდის გზავნილებს იმეორებს ჩვენი ხელისუფლება, თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობები არ ჰყოფნით ახლის მოსაფიქრებლად. რუსეთი რომ საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, თვითონ პუტინმა აღიარა, მან პირდაპირ თქვა, რომ საქართველოსთან ომისთვის მზადება მისი განკარგულებით ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. მე უფრო შორსაც წავიდოდი - როდესაც საქართველოდან რუსული ბაზები უმტკივნეულოდ გაიყვანა კრემლმა, აი, მაშინვე უნდა გვეფიქრა, თუ რა იდგა ამის უკან. აშკარა იყო, რომ გაცილებით უფრო მზაკვრული და სახიფათო გეგმა ჰქონდა პუტინის რეჟიმს. ისტორია ნელ-ნელა ყველაფერს მიუჩენს თავის ადგილს. არა აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს ერთი თუ მეორე მთავრობა. ცხადია, ეს ომი რუსეთის ინსპირირებული იყო, იმ შემთხვევაშიც კი, სააკაშვილს რომ გაესროლა პირველად. თქვენ მშვენივრად იცით, რა დამოკიდებულებაც მქონდა და მაქვს სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, მე მათ ვაკრიტიკებდი და ვაკრიტიკებ დღესაც, მაგრამ საკუთარ ტერიტორიაზე თუნდაც პირველი გასროლა, ვერაფრით გაამართლებს რუსეთის საქართველოში შემოჭრას და ომის გაჩაღებას. აგვისტოს ომის დამნაშავე რუსეთია!

- ამჯერადაც არ მოგვაკლეს რუსეთის წარმომადგენლებმა ყურადღება და ომის წლისთავს გამოეხმაურნენ - მათი მიდგომა ისევ ძველებურია, ისინი არაფერს ცვლიან საკუთარ განცხადებებსა და მიდგომებში. ზახაროვას განცხადების თანახმად, მათ კვლავაც ძალიან უხარიათ, რომ თურმე ჩვენ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტი ვაღიარეთ. აგრესორად ჩვენ გამოვყავართ და "სამ მეზობელ სახელმწიფოს", აფხაზეთს, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგსა და შერიგებაზე ლაპარაკობს.

- ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ილუზიაა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელია ოკუპანტ რუსეთთან კარგი ურთიერთობით. დღეს ურთულესი ვითარებაა აფხაზეთში.

თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში აფხაზი ერი საერთოდ გაქრება. ამაზე უნდა იფიქროს აფხაზეთმა და არა თავის სრულიად წინდაუხედავ ამბიციებზე. აფხაზეთის მთელი აფხაზურენოვანი მოსახლეობა ადრე "დინამოს" სტადიონზე ეტეოდა, ახლა მესხის სტადიონზე დაეტევა. ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგანან - არაფერი მუშაობს: ჯანდაცვა, წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურა, საბანკო სისტემა. რუსეთთან ალიანსმა განადგურებამდე მიიყვანა აფხაზი ერი, ყველა დანარჩენსაც იგივე ელის, ვინც ამ საშინელი სახელმწიფოს გავლენაში დარჩება.

- როგორც ცნობილი გახდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება. განხილვის მთავარი საკითხია რუსეთ-უკრაინის ომი. როგორც ტრამპმა განაცხადა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიები გაიცვლება. "პროცესი რთულია, მაგრამ ჩვენ დავაბრუნებთ ტერიტორიების ნაწილს, გარკვეულ გაცვლებს განვახორციელებთ და ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. რას ელით ამ შეხვედრისგან, შესაძლოა ის იქცეს ომი დასასრულის დასაწყისად?...

- რთული სათქმელია. მგონი, ამ ომის დამთავრება ისე უცებ და მარტივად ვერ მოხერხდება, როგორც ტრამპს სურს. რუსეთი, ჩემი აზრით, დათმობებისა და შეთანხმებისთვის მზად არ არის, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. რადგან ტერიტორიების გაცვლაზე დაიწყო ლაპარაკი, უნდა აღინიშნოს, რომ გენერალ სირსკის მიერ რუსეთის ტერიტორიების დაკავების ოპერაცია სწორი იყო და როგორც ჩანს, შედეგიანიც იქნება. ვნახოთ, დაველოდოთ 15 აგვისტოს, ვფიქრობ, ბევრი რამ იმავე დღეს გახდება ცხადი.

- გასულ კვირას ორი ხმაურიანი საქმის განაჩენი გამოცხადდა - ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაჩენი გამოიტანა არა სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლის, არამედ 353-ე მუხლის შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა "სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის" გამო, ანუ მუხლი გადაკვალიფიცირდა. იმავე დღეს აქტივისტი გიორგი ახობაძე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.

- რა ვთქვა... მზია ამაღლობელის განაჩენი ყოვლად უსამართლო და მიუღებელია. ისე როგორ უნდა დაეცეს ქართველი კაცი, რომ ქალს ჯერ სახეში შეაფურთხოს, შემდგომ სილა მიიღოს და მერე ამის გამო უჩივლოს. მერე კიდევ დაჯდება სუფრასთან და მაღალფარდოვან სადღეგრძელოებს იტყვის, საქართველოსა და მანდილოსნებს­ გაუმარჯოსო... ფუი, ასეთ ქართველს! ქალბატონი მზიას გამძლეობა და ბრძოლის უნარი კი ნამდვილად სამაგალითოა, მე მისი სოლიდარული ვარ და მოვითხოვ მის გათავისუფლებას. რაც შეეხება ახობაძის ვერდიქტს, სამართლიანი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მას ძალიან მნიშვნელოვანი ბრალდება ჰქონდა წაყენებული, რომლის თანახმადაც, აქტივისტს, რომელიც აქციიდან ბრუნდებოდა, დიდი ოდენობით ნარკოტიკი უნახეს. გამოდის, მას არ ჰქონია ნარკოტიკი. მაშ, საიდან გაჩნდა ის და საერთოდ, როგორ შეიკერა ეს საქმე? ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. პირადად მე მოსამართლის ადგილას იმავე სასამართლოს სხდომაზე მოვითხოვდი იმ პოლიციელების დაკავებას, რომლებიც თავგამოდებით ამტკიცებდნენ სასამართლოს სხდომებზე, რომ ახობაძეს ნარკოტიკი ჰქონდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, მგონი, მოსამართლეები ნელ-ნელა ფხიზლდებიან და იწყებენ ზრუნვას საკუთარ მომავალზე უკვე პოსტივანიშვილის ეპოქაში.

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. ცესკომ გამოაქვეყნა მასში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულთა სია, მათ შორის არიან "ლელო" და გახარიას პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ შეთანხმებულად იმოქმედებდნენ, მაგალითად, ერთმანეთს ხმებს არ წაართმევდნენ და მაჟორიტარობის თუ მერობის კანდიდატებზე შეთანხმებოდნენ, ჯერჯერობით ეს არ ჩანს. მაგალითად, თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატებზე სულ სხვადასხვა განცხადება გვესმის. ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლელო" ალეკო ელისაშვილის დასახელებას აპირებდა, შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი შარაშიძეს განიხილავდა, რის თაობაზეც "ლელოში" არაფერი იცოდნენ. ბოლო ვერსიით, "ლელო" კიდევ ერთ კანდიდატად მომღერალ მერაბ სეფაშვილს განიხილავს.

- ძალიან ცუდია, თუ ეს ორი პარტია მაინც ვერ გამონახავს საერთო ენას და ერთობლივად არ იმოქმედებს, მაშინ „"ქართულ ოცნებას"” გაყალბებაც არ დასჭირდება, ისე მოიგებს, რადგან ოპოზიციური ელექტორატის დიდი ნაწილი არ წავა არჩევნებზე. აუცილებელია ოპოზიციამ გამოკვეთოს ლიდერი, რომელიც თბილისში მაინც შეძლებს სერიოზული ბრძოლის გამართვას. ჩვენს გერბზე ტყუილად კი არ წერია ლოზუნგი: „"ძალა ერთობაშია", მართლაც ასეა... მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არჩევნების ბოიკოტი შეცდომა იყო, მაგრამ შეცდომის შემთხვევაშიც კი აუცილებელი იყო ერთიანობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ბისმარკის სიტყვებს, რომ "თანმიმდევრული პოლიტიკა, თუნდაც მცდარი, ყოველთვის იმარჯვებს". არ შეიძლება ასე ლერწამივით რყევა. მოსახლეობას სჭირდება დადებითი და მდგრადი კურსის ჩვენება. არადა, ერთიანი, ძლიერი კანდიდატის შემთხვევაში შესაძლებელია თბილისის მოგება... ჩემი შეხედულებით, ოპოზიციური კანდიდატი უნდა იყოს ყველასთვის ცნობილი, აპოლიტიკური და პატიოსანი ადამიანი. აქედან გამომდინარე, დასახელებული კანდიდატებიდან ჩემთვის ყველა მიუღებელია. განსაკუთრებით მერაბ სეფაშვილის დასახელება იყო მოულოდნელი, ლაპარაკიც არ მინდა ამაზე. ბარემ ლელა კაკულია ხომ არ დაგვესახელებინა? მერაბი კარგი ადამიანი და საუკეთესო მომღერალია, მაგრამ ის არ არის იმ წონის ფიგურა, ვინც მოსალოდნელ მძიმე ბრძოლას მოიგებს. მოგეხსენებათ, „"ქართულმა ოცნებამ" ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე დაასახელა. ახლავე გეტყვით, რომ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება.