„ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“ - კვირის პალიტრა

„ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

რა გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო და პროცესების როგორი განვითარებაა მოსალოდნელი უახლოეს პერიოდში, ამის შესახებ მირიან მირიანაშვილი გვესაუბრება.

- დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" ვაშინგტონში მიმდინარე პროცესე­ბმა დააბნია და შეაშფოთა. მხედველობაში­ მაქვს სომხურ-აზერბაიჯანული პოლიტიკური­ მანიფესტაცია ტრამპის დირიჟორობით, როდესაც აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა 8 აგვისტოს ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის­ დამყარების მიზნით.­ ე.ი. სამშვ­იდობო შეთანხმებას საბოლოო ფორმა­ მიეცა, რამაც აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში კრიტი­კულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტის განვითარებისთვის ექსკლ­უზიური უფლება მისცა. პროექტს "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP) ეწოდა.

ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს. ასეთი მასშტაბის პოლიტიკური კონტროლის ცვლილება ამიერკავკასიასა და მასზე მიბმულ ჩრდილოეთ წინა აზიაში (რომელიც ისტორიულად ერთ გეოპოლიტიკურ არეალს წარმოადგენდა) ბოლო 100 წლის განმავლობაში მხოლოდ 6 ან 7-ჯერ თუ მომხდარა.

დღეს საქმე გვაქვს ამერიკის პოლიტიკური კონტროლის მკაფიო ინტერვენციასთან. დიდი მიამიტობა იქნება, თუ ამ პროცესში კონსტრუქტორის როლში მოვიაზრებთ აზერბაიჯანს, სომხეთს ან თუნდაც თურქეთს და მათ ელიტებს მივაწერთ მიღწევებს. არ უნდა დაგვავიწყდეს დრამატული ტრანსფორმაციის ციკლი, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განვითარდა. ზანგეზურის კორიდორი, რომელიც ახალი პოლიტიკური კონტროლის ერთგვარი "პირმშოა", თავდაპირველად რუსული გავლენის ობიექტად მოიაზრებოდა. ეს განისაზღვრა იმ შეთანხმებით, რომელიც 2020 წელს გაფორმდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, როდესაც კორიდორის კონტროლი და მენეჯმენტი რუსეთის ხელში უნდა ყოფილიყო. შემდეგ თურქულ-აზერბაიჯანულმა ტანდემმა სომხების აქტიური მონაწილეობით რუსები ამოაგდეს პროცესიდან და საქმეების განმკარგველად თურქეთი ჩადგა. ახლა კი ირკვევა, რომ ამერიკელებმა თამაშიდან თავად თურქეთიც ამოაგდეს და "ტრამპის კორიდორად" მონიშნეს.

ეს ნიშნავს გლობალურ, ტოტალურ რენოვაციას არსებული სიტუაციისას. ჩემი ინფორმაციით, თურქული ელიტა კატასტროფულად იმედგაცრუებულია, მაგრამ ტრამპს ვერ ედავებიან. შეთანხმების თანახმად, ეს ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო სტამბოლში, ერდოღანის მონაწილეობით. თუმცა ბოლო კვირების დრამატული ტრანსფორმაციის შედეგად, მოცემულობა სრულად შეიცვალა. ეს ყველაფერი ჩვენს ინტერესებში ჯდება, იმიტომ, რომ რუსეთის დასუსტებისა და რეგიონის­ რუსეთისგან გათავისუფლებით შექმნილ ვაკუუმს ავსებს არა თურქეთი, არამედ ამერიკა.

- ვითარება ჩვენს სასარგებლოდ რომ გამოვიყენოთ, ალბათ, ტრამპის ადმინისტრაციასთან ნორმალური ურთიერთობა უნდა გვქონდეს...

- რეგიონში ახალ პოლიტიკურ კონტროლს საქართველოს ხელისუფლება ვერ აღუდგება წინ. ეს იმდენად თვალში საცემი რეალობაა, რომ ყველაზე მიამიტი დამკვირვებელიც მიხვდება­ - ამერიკის ინტერესებს საქართველო კი არა, რუსეთიც ვერ აღუდგება წინ. ჩვენი რეგიონით ამერიკის ელიტის დაინტერესება ახალი ამბავი არ არის. უბრალოდ, ახლა ზანგეზურის დერეფნის კონტექსტში ამ ინტერესმა სამართლებრივი ინსტიტუციონალიზაცია მიიღო. ფაქტობრივად, ამერიკის ელიტა ახლა თითქმის საუკუნოვან პოლიტიკურ პლაცდარმს იკეთებს. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ ამ პროცესს თავი ავარიდოთ და ჩავიკეტოთ რუსეთთან ერთად, აბსურდია.

საქართველო ამ დიდი გეოპოლიტიკური ცვლი­­ლებების მონაწილე უნდა იყოს, თავის ინტერესებზე უნდა იფიქროს და კონკრეტული შედეგი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ მძიმე შედეგს, რომლის გამოსწორებასაც ათწლეულები დასჭირდება.

უნდა შევხედოთ ფართო სურათს: რუსეთი­ პოლიტიკური გავლენის თითქმის ყველა სივრციდან ამოაგდეს - სამხრეთ სუდანიდან,­ ლიბიიდან, სირიიდან, შუა აზიიდან, უკრაინიდან და სხვა რეგიონებიდან, სადაც "ვაგნერი" რუსეთის სახელით აქტიურობდა.­ გამოდის, რუსეთს მხოლოდ საქა­რთველო რჩება? ისტორიაში არსებობდა იმპერია, რომელსაც მხოლოდ ერთი კოლონია ჰქონდა? პატარა საქართველო ვერ იქნება ერთადერთი კოლონია, რომლის საფუძველზეც რუსეთის იმპერია საბჭოთა კავშირის აღდგენას მოახერხებს. ამას გარდა, სად არის გარანტია, რომ ამერიკის ელიტა შეეგუება საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი სატელიტურ განწყობებს? ხედავთ ამის ნიშნებს?

- ვერც იმის ნიშნებს ვხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონის დღის წესრიგით მოქმედებას აპირებს.

- მესმის თქვენი კითხვის არსი, მაგრამ დროა სიმართლე ვთქვათ - ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვუყურებდით პოლიტიკურ ფარსს. რეალურად საქართველოს არასოდეს ჰქონია ამერიკელებთან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა - არც მაშინ, როცა ავღანეთსა და ერაყში ჯარს გზავნიდა და არც მას შემდეგ. პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებებს ასეთი ფარსის მოწყობა შეეძლოთ მანამდე, სანამ ამერიკა რეგიონში არ იყო აქტიურად შემოსული. ახლა, როცა ამერიკა შემოდის, ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებისთვის ანტიამერიკული კურსის გატარება გაცილებით სარისკოა, ვიდრე ადრე იყო.

მაგალითისთვის ავიღოთ არაბული სამყა­რო: რამდენად არის შესაძლებელი რომელიმე არაბული სახელმწიფოსგან ანტიამერიკ­ული კურსის გატარება, როცა თითქმის ყველა მათგანში ამერიკული სამხედრო ბაზებია? ამიტომ ინგრევა წინა აზიაში თითქმის ყველა ანტიამერიკული სახელმწიფო.­ ამერიკა იქ უკვე მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ ფაქტორად იქცა. მალე აქაც ასე იქნება და ჩვენი­ პოლიტელიტისთვის ანტიამერიკული კურსის არჩევა იმდენად დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული, რომ გამორიცხულია რაიმე გაბედონ. უბრალოდ, მათ არ სჯეროდათ, რომ ამერიკა რეგიონში რეალურად შემოვიდოდა...

- როგორ ახსნით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვას განცხადებას, რომ აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი თბილისის მიერ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის აღიარების შემდეგ შესაძლოა წინ წავიდესო, რასაც მოჰყვა პრემიერ კობახიძის განცხადება: "სიმართლე ევროსაბჭოს რეზოლუციაშია ასახული. 2008 წლის აგვისტოში იყო ესკალაცია, რომელიც გადაიზა­რდა ფართომასშტაბიან ომში მაშინ, როცა მაშინდელმა რეჟიმმა გაუფრთხილებლად მიიტანა შტურმი ცხინვალზე. 8 აგვისტოს დილით რეჟიმი­ სიამაყით აცხადებდა, რომ უკვე შევი­დნენ ცხინვალში და მიიწევდნენ როკის გვირაბი­სკენ. ეს არ იყო თავდაცვა, არამედ შეტევითი ოპერაცია კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად".

- რუსეთის ხელისუფლებისგან ამიერკავკასიის პოლიტიკური კურატორის როლი ბოლო პერიოდში ლავროვმა დაიჩემა. შესაბამისად, ზახაროვას მესიჯების მთავარი ავტორი რეალურად ლავროვია, რომელმაც იცის, რომ რუსეთი ამიერკავკასიას და, შესაბამისად, საქართველოსაც, უპირობოდ კარგავს. ამიტომ ცდილობს გააცოცხლოს ძველი იდეა, რომლის მიხედვითაც საქართველო უნდა დარჩეს პოლიტიკური კონფედერაციის ფორმატში, სადაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს მნიშვნელოვანი ავტონომიური გავლენა ექნება. ეს ნიშნავს საქართველოს დაშლასა და სუსტი ერთეულების ერთობლიობად გარდაქმნას. მე მაქვს ამ ხელშეკრულების წინასწარი ტექსტი წაკითხული და ვიცი, რაც წერია - ფაქტობრივად, საქართველო უნდა გადაკეთებულიყო სამ რესპუბლიკად - ოსეთის, აფხაზეთის და საქართველოს კავშირად, რომელსაც სამხრეთი კავკასია დაერქმეოდა, მართვის ბლოკი კი ამ ავტონომიების გავლით სრულად უნდა გადასულიყო რუსეთის ხელში. ახლა რუსები ცდილობენ ასეთი მეთოდით დაეწიონ რეგიონულ მატარებელს, რომელიც უკვე ჰორიზონტიდან­ ეკარგებათ და საქართველოს ხელისუფლებაც ჩაითრიონ სრულ აბსურდში.

სისულელე იქნება, რომ ამ სატყუა­რების სანაცვლოდ ვაღიაროთ ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოს სახელმწიფოს თანატოლად. სანაცვლოდ რას მივიღებთ? აბსოლუტურად არაფერს! ჩვენ ახლა მშვიდად უნდა დაველოდოთ რუსეთის ამიერკავკასიიდან წასვლას და მისი დაუძლურების გარდაუვალ პროცესს. აფხაზებს და ცხინვალს კი მაშინ უნდა მივხედოთ, როცა რუსეთს ჩვენთვის ზიანის მოყენების შესაძლებლობა აღარ ექნება.

ხათუნა ბახტურიძე