რას მოუტანს საქართველოს ზანგეზურის დერეფნის გახსნა?!
8 აგვისტოს თეთრ სახლში ტრამპმა, ფაშინიანმა და ალიევმა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით ისტორიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი... რეგიონისთვის ისტორიული შეთანხმების მნიშვნელობაზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი გვესაუბრება.
- ამ ხელშეკრულების ისტორიული მნიშვნელობა ის არის, რომ ორი დაპირისპირებული მხარე, აზერბაიჯანი და სომხეთი აშშ-ის შუამავლობით აღწევს სამშვიდობო შეთანხმებას. ამ შეთანხმებაზე საუბარი დაიწყო ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ. მათ შორის შუამავლობას ცდილობდნენ ვაშინგტონიც, ბრიუსელიც და მოსკოვიც, მაგრამ პროგრესი არ ყოფილა - გარკვეულ საკითხებზე აზერბაიჯანს უფრო მტკიცე და ხისტი პოზიცია ჰქონდა, სომხეთს - კომპრომისული, მაგრამ, როგორც ჩანს, ბაქოსთვის ეს კომპრომისი არ იყო საკმარისი. მათ შორის ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი ზანგეზურის დერეფანიც იყო. გამოდის, ვაშინგტონმა მოახერხა მხარეებს შორის განსხვავებების დაძლევა და თანაც ისე, რომ არა მხოლოდ შუამავალია, არამედ ახერხებს რეგიონში უფრო აქტიურად შემოსვლას, თანაც დადებით კონტექსტში, რათა ხელი შეუწყოს მხარეებს შორის კომუნიკაციის აღდგენას და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას. ეს საერთაშორისო მარშრუტია არა მარტო სომხეთ-აზერბაიჯანისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა თავისთავად გულისხმობს, რომ უსაფრთხოება რეგიონში უფრო განმტკიცებულია. ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გამოიძებნება ორივე მხარისთვის მისაღები ფორმულა - თუ ადრე საუბარი იყო აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ნახიჩევანთან უპრობლემოდ დაკავშირების საკითხზე, სომხეთს სურდა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ სომხეთს შორის ნახიჩევანის გავლით მასაც ჰქონოდა კავშირის შესაძლებლობა. სატრანსპორტო კომუნიკაციების საკითხი ბევრად ფართო იქნება, ვიდრე ის ერთი დერეფანი იყო, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე ზანგეზურის დერეფანს უწოდებდა.
- ეს პარალელური დერეფანი აზერბაიჯანს მხოლოდ ნახიჩევანთან დააკავშირებს თუ უფრო ფართო კონტექსტს მოიცავს? თუ ასეა, მას დიდი კომერციული დატვირთვა ექნება. შეიძლება ეს საუკუნის პროექტად შეფასდეს?
- თუკი ამას საუკუნის პროექტს ვუწოდებთ, მაშინ უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ეს სატრანსპორტო კომუნიკაცია ნახიჩევანიდან თურქეთის ტერიტორიაზე გაგრძელდება და (როგორც ამბობენ, თურქეთი უკვე ინფრასტრუქტურას ამზადებს) შესაბამისად, ამას საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია ექნება, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია. დერეფანი მხოლოდ ნახიჩევანისთვის კი არ იქნება ეკონომიკურად მნიშვნელოვანი, არამედ მთელი აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთისთვის, ნაწილობრივ ირანისთვისაც. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ბოლო ხანებში გაჩნდა მოთხოვნა ალტერნატიული დერეფნის შესაძლებლობის განვითარებაზე. საუკუნის პროექტიც ამას გულისხმობს.
- უშვებენ ვერსიას, რომ ზანგეზურის დერეფანი ირანისთვის ჩაიკეტოს, მაგალითად, თურქეთის ინიციატივით...
- მგონი, ასეთ გარიგებაზე სომხეთი არ წავიდოდა, ეს მისთვის და ჩვენთვისაც წამგებიანია. თავი რომ დავანებოთ წლების განმავლობაში ირან-სომხეთის ძალიან კარგ ურთიერთობას, ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ზანგეზურის დერეფანი ირანის საზღვარზე გადის და მასზე კონტროლი უნდა განახორციელოს ირანის მიმართ არცთუ კეთილგანწყობილმა ან ისეთმა ქვეყანამ, რომელმაც შესაძლოა ეს პოლიტიკურად გამოიყენოს. ამაზე სომხეთი თავიდანვე კატეგორიულად წინააღმდეგი იყო და არა მგონია, ამერიკის შუამავლობა ამ ტიპის გარიგებას გულისხმობდეს. პირიქით, მგონია, რომ ამ სატრანსპორტო კომუნიკაციაზე სომხეთის სუვერენიტეტის შენარჩუნების საკითხი ერევნისა და თეირანის სასარგებლოდაც გადაწყდა. თურქეთისა და ირანის ურთიერთობებში არ ველოდები გართულებას, ჩემი აზრით, თურქეთი ამ რეგიონს არ უყურებს როგორც არასტაბილურს, პირიქით, მისთვის ამ რეგიონის სტაბილურობა მნიშვნელოვანია, რადგან მას რეგიონში სტრატეგიული მოკავშირე ჰყავს აზერბაიჯანის სახით და რეგიონი თურქეთისთვის არ არის მხოლოდ სამხრეთ კავკასია. სამხრეთ კავკასია მისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალურ აზიასთან წვდომისთვის, სადაც თურქეთს გამოკვეთილი ინტერესები აქვს და თუ აქ არასტაბილურობა იქნება, ამ წვდომის შესაძლებლობა დაეხურება. თავი რომ დავანებოთ აზერბაიჯანთან მის სტრატეგიულ ურთიერთობას, თურქეთი დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასიამ დააკავშიროს ცენტრალურ აზიასთან და ის იქ უფრო აქტიურად წარმოადგინოს. არასტაბილურობის შემთხვევაში ეს ამოცანა ვერ შესრულდება. ერევნის პოზიციიდან თუ შევხედავთ, ერევანს ტრადიციულად კარგი ურთიერთობა და თანამშრომლობა აქვს თეირანთან და ბოლო პერიოდამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდა თბილისთანაც (ახლაც აქვს, მაგრამ თბილისმა რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, ერევნის წინააღმდეგ რაღაც ბერკეტები აამოქმედა და ჩვენს საზღვარზე სომხური ტვირთების ტრანსპორტირება შეაჩერა, გაზი გაუძვირა, თუმცა ამას ჩვენს ურთიერთობებზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია), სომხეთმა რომ დერეფანი დახუროს და თუნდაც ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში მყოფ აზერბაიჯანისა და თურქეთის ამარა დარჩეს, ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია. ასეთ შემთხვევაში და ასეთი პირობებით აქ აშშ არ შემოვიდოდა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ერევანი ასეთ გარიგებას არაფრით დათანხმდებოდა.
- როგორც ამბობენ, ახალი დერეფნის გახსნით წაგებული რუსეთი და ჩინეთი დარჩებიან. აქედან გამომდინარე, რუსეთი, სავარაუდოდ, გულხელდაკრეფილი არ დაჯდება. სულ ახლახან ვნახეთ, გადატრიალება სცადა სომხეთში. რას უნდა ველოდოთ მისგან რეგიონში?
- ჩინეთი რატომაა წაგებული, ფიქრობთ, რომ ჩინურ ტვირთებს არ გაატარებენ? მე ასე არა მგონია.
ამ მოვლენას არ ვუყურებ ამერიკის, როგორც ჰეგემონის შემოსვლას რეგიონში. არა, აქ არის შექმნილი რამდენიმე ძალას შორის ერთგვარი ძალთა ბალანსი. ზოგს უფრო მეტი გავლენა და მყარი პოზიცია აქვს, მაგალითად, თურქეთს, ზოგს შედარებით ნაკლები, მაგალითად, რუსეთს, რომლის პოზიციები სუსტდება, ჩინეთის პოზიციები კი ისეთი მყარი არ არის (კი აქვს სტრატეგიული შეთანხმება აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, მაგრამ აქ პოლიტიკური გავლენა არა აქვს). ამ შეთანხმებით აშშ ჰეგემონი არ ხდება.
რუსეთი არც ახლა ზის გულხელდაკრეფილი - სომხეთში ცდილობს პრორუსული ძალების გაძლიერებას, რათა ისინი ფაშინიანის ნაცვლად მოიყვანოს. აზერბაიჯანში მას ამის შესაძლებლობა არა აქვს. აზერბაიჯანთან რუსეთს შეუძლია კონფრონტაციის მუხტი დასწიოს, გაანელოს და დაუბრუნდეს ისევ იმას, რასაც მანამდე მიჰყვებოდა, ანუ აზერბაიჯანთან ცდილობდა საერთო ეკონომიკური ინტერესების მონახვას და ამით მასზე ზეგავლენას. ალბათ, პროგრამა მაქსიმუმიც და მინიმუმიც ის არის, რომ აზერბაიჯანი იმ დონეს დაუბრუნდეს, რაც თვითმფრინავის ჩამოგდებამდე არსებობდა - ურთიერთკოოპერაციას ეკონომიკის სფეროში.
- როგორც იკვეთება, გარდაუვალია სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის შესუსტება, საბოლოოდ კი მისი აქედან გასვლა...
- რეგიონიდან რუსეთის გასვლაზე ნუ ვიჩქარებთ, უფრო მართებული იქნება რუსეთის პოზიციების მკვეთრი შესუსტება. რუსეთი მაინც ცდილობს შესუსტებული პოზიციის აღდგენას. ჩემი აზრით, ბაქოსთან არანაირი შანსი არა აქვს, რომ დაიბრუნოს ის პოზიციები, რაც თუნდაც მანამდე ჰქონდა, სანამ უკრაინაში შეიჭრებოდა (ყარაბაღის მეორე ომზე აღარ ვლაპარაკობ). ერევანთან მას აქვს შანსი, რასაც რამდენიმე გარემოება უჩენს: ერთი ის, რომ წლების განმავლობაში ერევანი დამოკიდებული იყო მოსკოვზე და მოსკოვმა გამოიყენა იმისთვის, რომ სომხეთში ყველა სფეროში საკუთარი გავლენა განემტკიცებინა. მეორე ფაქტორია საქართველო - იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს, პრაქტიკულად, დამოუკიდებელი დღის წესრიგი არა აქვს, ის რუსეთმა უკვე გამოიყენა ბერკეტად ერევანზე ზეწოლისთვის. ეს ორი გარემოება მოსკოვს უჩენს შანსს, რომ ერევანზე გავლენა აღადგინოს, მაგრამ ფაშინიანის ხელისუფლება ამას ჯერჯერობით ეფექტიანად უმკლავდება...
ზოგადად, რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანში კარგავს გავლენას და ეს უარყოფითად აისახება საქართველოში მის გავლენაზეც. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რა იქნება უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საბოლოო შედეგი, ანუ რა პირობებით მიიღწევა მშვიდობა. ჩვენ საგარეო ფაქტორებზე ვართ დამოკიდებული, შიდა ფაქტორებზე რომ ვიყოთ, უნდა გვქონდეს იმის უნარი, შევცვალოთ ხელისუფლება.
- დავუბრუნდეთ ზანგეზურის დერეფანს... გასაგებია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის ეს პოზიტიური მოვლენაა, საქართველოსთვის რისი მომტანია?
- მშვიდობის დამყარება და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სტაბილურობა და უსაფრთხოების განმტკიცება უდავოდ პოზიტიური მოვლენაა მთელი რეგიონისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის პრორუსული ხელისუფლების პირობებშიც კი. ამან ეკონომიკური აქტივობის გაზრდა აუცილებლად უნდა მოიტანოს რეგიონში. ამ შემთხვევაში შუა დერეფნის ჩანაცვლების საფრთხე არსებობს და ამ საფრთხეს აძლიერებს ორი გარემოება: 1. ახალი დერეფანი საერთაშორისო გარანტიებით იმოქმედებს, იქ რუსეთს გავლენა არ ექნება. ვერავინ იტყვის, რომ რუსეთმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს იმ დერეფანზე და ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. საქართველოს შემთხვევაში რუსეთის გავლენის გამო ეს პოლიტიკური მომენტი რჩება და საქართველოზე გამავალი დერეფნის ფუნქციონირებისთვის ეს სახარბიელო არ არის. 2. ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლო წლებში ან საკმარისად არ განვავითარეთ, ან საერთოდ არა, იმისთვის, რომ ჩვენზე გამავალი დერეფნისთვის უფრო მეტი მნიშვნელობა შეგვეძინა. ანაკლიის პორტია ამის მაგალითი და როგორც სპეციალისტები ამბობენ, მაგალითად, ჩვენი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა არ არის სახარბიელო მდგომარეობაში. ამ ფონზე ზოგადი გრძელვადიანი სიკეთე, რასაც რეგიონში მშვიდობის დამყარება და უსაფრთხოების განმტკიცება ჰქვია, მოკლევადიანად გარკვეულწილად შეიძლება მართლაც უარყოფითად აისახოს საქართველოზე, მაგრამ ამის განმაპირობებელი ისევ და ისევ რუსული ფაქტორია, ჩემი აზრით.
შუა დერეფანი არ არის ექსკლუზიურად საქართველოზე გამავალი დერეფანი, ის სამხრეთ კავკასიაზე გამავალია და რადგან რეგიონში სტაბილურობა იზრდება და მშვიდობა მყარდება, პირიქით, ვფიქრობ, შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. რა თქმა უნდა, არის რისკი, ტვირთების გადამისამართება მოხდეს ზანგეზურის დერეფანში... გასაგებია, ორი ერთმანეთის პარალელური დერეფანი რომ მიდის, რომელიც უფრო მეტად უსაფრთხოა და ფინანსურადაც მეტად მომგებიანი, ის კორიდორი შედარებით მეტად დაიტვირთება, მაგრამ მთლიანად რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაზრდამ, წესით, ახალი ტვირთნაკადების მოზიდვასაც შეიძლება შეუწყოს ხელი.