"ბადრის მაკეტი რომ მოუტანეს, მსგავსი ბედნიერი თვალები არ მინახავს. მგონია, რომ ორი ადამიანი იყო, ერთი ზღაპრის გმირი და მეორე - რომელსაც ვხედავდი" - რა - კვირის პალიტრა

"ბადრის მაკეტი რომ მოუტანეს, მსგავსი ბედნიერი თვალები არ მინახავს. მგონია, რომ ორი ადამიანი იყო, ერთი ზღაპრის გმირი და მეორე - რომელსაც ვხედავდი" - რას იხსენებს გია ჯაჯანიძე?

"ვიყავი უპატრონო, მაგრამ ჩემდენი პატრონი არავის ჰყავდა, რა უცნაურია, არა? მაშინ 18 წლის ვიყავი, ახლა 63 წლის ვარ და ეს ადამიანები სულ ჩემს გულში და გონებაში არიან. მათი უზომოდ მადლიერი ვარ, მადლიერებამ გადამარჩინა"

"ჭიათურიდან თბილისში საცხოვრებლად რომ გადმოვედი, პატარა ბიჭი ვიყავი. ამ ქალაქში არავინ მყავდა ისეთი, ვინც გზას მაჩვენებდა, ხელს შემაშველებდა, მაგრამ კეთილი ადამიანების თანადგომით, ყველაფერი შევძელი", - ამბობს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე და იმ ადამიანებს იხსენებს, რომლებმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოხდინეს.

giorgi-jajanidze-1754843850.jpg

"მადლიერებამ გადამარჩინა"

- ქუდბედიანი ადამიანი ვარ, ძალიან იღბლიანი. ვიყავი უპატრონო, მაგრამ ჩემდენი პატრონი არავის ჰყავდა, რა უცნაურია, არა? მაშინ 18 წლის ვიყავი, ახლა 63 წლის ვარ და ეს ადამიანები სულ ჩემს გულში და გონებაში არიან. როგორც კი რუბრიკის სახელწოდება მითხარით - "ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება", მაშინვე გამახსენდნენ. მათი უზომოდ მადლიერი ვარ, მადლიერებამ გადამარჩინა.

რადგან თბილისში ბინა არ მქონდა, ერთი პერიოდი ნათესავთან ვცხოვრობდი, დიდებაშვილების ოჯახში, შემდეგ მსახიობმა დოდო ქერდიკაშვილმა შემიფარა, მის ოჯახში 5 წელი გავატარე. დოდო ჭიათურის თეატრის მსახიობი იყო, ერთმანეთს ამ ქალაქიდან არ ვიცნობდით, მაგრამ ერთ დღეს, მეტროში შემხვდა, გამოველაპარაკე და დავმეგობრდით. წარმოიდგინეთ, იმ 5 წლის განმავლობაში, რომელიც მე დოდოს ოჯახში გავატარე, არანაირი საშუალება არ მქონდა, ეს ოჯახი მაცხოვრებდა, მაჭმევდა, მასმევდა, იდეალური ძმა, რძალი, ძმის შვილები ჰყავდა. ეს ოჯახი ჩემს ოჯახად გადაიქცა, ისეთი განცდა მქონდა, რომ იქ დაბადებული და გაზრდილი ვიყავი.

სტუმრად იპოლიტე ხვიჩიასთან

- მანანა ხვიჩია ჭიათურის თეატრში სპექტაკლის დასადგმელად ჩამოვიდა. ერთმანეთი იქ გავიცანით, დავმეგობრდით. მითხრა, თბილისში რომ ჩამოხვალ, აუცილებლად მეწვიეო. ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი, მართლაც მივედი, გავიცანი ქალბატონი ლუბა (იპოლიტე ხვიჩიას მეუღლე), ბატონ იპოლიტეს ნარდი ვეთამაშე. ძალიან კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ თან მორიდებულიც. მახსოვს, მანანასთან შინ რომ მივედი, სიმინდს ხარშავდნენ. საოცარი სურნელი იდგა, მოხარშული სიმინდი უზომოდ მიყვარს, ვფიქრობდი, ღმერთო, როდის მოიხარშება, ალბათ შემომთავაზებენ-მეთქი. ამ დროს იპოლიტემ მითხრა, მოდი, ნარდი ვითამაშოთ სიმინდის ჭამაზეო. ძალიან მერიდებოდა, მაგრამ თან მეცხრე ცაზე ვიყავი აფრენილი, ემოციისგან უდიდესი შოკი მქონდა. ვიჯექი იპოლიტე ხვიჩიას პირისპირ, კამათელს ვაგორებდი და თავში ათასი აზრი მიტრიალებდა. გამიგია, ადამიანები სტრესის გამო სიმაღლეში არ იზრდებიანო და მე სულ ბედნიერების სტრესი მქონდა და ამიტომ არ გავიზარდე.

ipolite.jpg
"ვიჯექი იპოლიტე ხვიჩიას პირისპირ, კამათელს ვაგორებდი და თავში ათასი აზრი მიტრიალებდა"

- ნარდის თამაშის ამბავი, როგორ დამთავრდა?

- როგორ მოვიგებდი, რა თქმა უნდა, იპოლიტემ მომიგო, მაგრამ ძალით არ წამიგია, სამაგიეროდ, როგორც დათქმა იყო, 3 ტარო სიმინდი მივირთვი, როგორც წაგებულმა.

- რაზე ისაუბრეთ?

- უმეტესად, ის მისვამდა შეკითხვებს და ვპასუხობდი, მალაპარაკებდა ჭიათურაზე, რა მინდოდა, როგორ წარმომედგინა ჩემი მომავალი... სამწუხაროდ, მას თავის საქმიანობის, როლების შესახებ არაფერი მოუყოლია. ჭიათურის თეატრით ძალიან დაინტერესებული იყო. VIII კლასში ვიყავი, ამ თეატრის სცენაზე, შიო გვეტაძის "მონანიებაში" საშკა ჩერქეზის პატარაობა რომ ვითამაშე.

ამის შემდეგ მანანამ ტელევიზიაში მიმიყვანა, პირველ არხზე და იქ თავისი მეგობარი ჟურნალისტი ნინა დიაკონიძე გამაცნო, რომელიც წერილების და საჩივრების განყოფილებაში მუშაობდა. დახვეწილი, ინტელიგენტი, განათლებული, დარბაისელი, უნდა მოგესმინათ, როგორ მეტყველებდა, ბრძენი ქალბატონი იყო.

მაშინ ვნახე პირველად ტელევიზია ასე ახლოდან და "შიგნიდან".

იქ სტაჟიორად დავიწყე მუშაობა, პარალელურად, თეატრალურში ვსწავლობდი. ზურა ღავთაძე იყო ადამიანი, რომელმაც შტატში ჩამსვა, ღმერთო, ის სულ ბედნიერი ამყოფე! ძალიან საინტერესო იდეები მქონდა, ვიმუშავე ასისტენტად, რეჟისორად, ჟურნალისტად, ოპერატორად, ვიყავი გადაცემების ავტორი... ილია კევლიშვილმა ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა, დამაწინაურეს - წერილებისა და საჩივრების განყოფილების მთავარი რედაქტორი გავხდი. ზინა დიაკონიძის კაბინეტში აღმოვჩნდი.

keu1iny7-1754843366.jpg

პატარკაციშვილები

- ჩემი ცხოვრება, მენტალობა, მსოფლმხედველობა შეცვალა პატარკაციშვილების ოჯახმა, მათთან ვმუშაობდი.

ბადრი პატარკაციშვილი იყო საკუთარ სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი. მისი გარდაცვალებიდან 40 დღე რომ გავიდა და სასახლეში მივედი, იქ თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო, ეზოში შველი დადიოდა, ტბაში გედები ცურავდნენ, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ... ბადრი არსად იყო. ამ ყველაფერმა ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა.

არასდროს დამავიწყდება ბადრის დედა, ქალბატონი ნათელა, მისი მსგავსი ადამიანები არ არსებობენ.

საღამო იყო, ერთ-ერთ არხზე გადიოდა ტიტრი, რომ ბავშვს სჭირდებოდა რომელიღაც ჯგუფის სისხლი. ბადრის დებმა დაიყვირეს, სასწრაფოდ ნომერი ჩაიწერეთ! იმავე ღამეს სრულიად უცნობ ადამიანთან წავიდნენ სისხლის გადასასხმელად, თანხაც აჩუქეს... ხშირად ვიყავი ძალიან დიდი სიკეთეების მომსწრე.

hfutnhie-1754844126.jpg

არასდროს დამავიწყდება, სანამ ისრაელში ერთ-ერთ ქუჩას რუსთაველის სახელს დაარქმევდნენ, ბადრის მაკეტი მოუტანეს, ამ მაკეტს რომ გვაჩვენებდა, თავზე დამყურებდა და ერთი-ორჯერ ავხედე, მსგავსი ბედნიერი თვალები არ მინახავს.

განცხადება რომ გააკეთა, ახალ დაქორწინებულებს ბინებს ჩუქნიდა, მაშინ ვფიქრობდი, ღმერთო, ეს რანაირი პიროვნებაა? რამდენი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან, რამდენი ბავშვი განკურნა ლეიკემიისგან, ამაზე აღარ ვილაპარაკებ. მგონია, რომ 2 ადამიანი იყო, ერთი ზღაპრის გმირი და მეორე - რომელსაც ვხედავდი.

ისეთი უშუალო იყო, ისეთი თავმდაბალი, ვერ წარმოიდგენთ. პატარკაციშვილები ერთმანეთს სიკეთის კეთებაში ეჯიბრებოდნენ.

ქალბატონ ნათელას ბადრიზე ამბებს სულ ვაყოლებდი. ერთხელ მითხრა, ბადრიმ მუშაობა რომ დაიწყო, ხელფასი "კარგად აიღო", პირველი ხელფასით ყველას საჩუქრები მოგვიტანა, მასწავლებლებიც არ დავიწყებიაო. ბადრის მამა რომ გარდაეცვალა და საქართველოში ჩამოვიდა, მაშინ ბნელი პერიოდი იყო, თქვა, მე ჩამოვალ და აქ დავრჩები, ჩემს ქვეყანას აღარ მივატოვებო. მართლაც ასე მოიქცა, წავიდა, თავისი საქმეები მოაგვარა და დაბრუნდაო.

დაუჯერებელ ამბავს გეტყვით ბოროტი, მტრულად განწყობილი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს. შეიძლება ჩემს ზურგს უკან ასეთები არსებობენ, მაგრამ მე მჯერა, რომ ყველას ვუყვარვარ.

ჩვენც რომ ვახსოვდეთ ადამიანებს

- ჩვენი ვალია, ვაკეთოთ სიკეთე ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. თავად ვცდილობ ასე ვიცხოვრო, იმდენი სიკეთე მინახავს, სხვაგვარად მოქცევის უფლება არც მაქვს. როცა ნიჭიერ ახალგაზრდას ვხვდები და მას დახმარება სჭირდება, აუცილებლად ვეხმარები, ინვესტიციას ვდებ ადამიანებში. 19 წლის ბიჭი ერთ-ერთ კომპანიაში სტაჟირებაზე მივიყვანე, ვეუბნებოდი, ყოველ საღამოს დამირეკე და შენი ამბები მითხარი-მეთქი. ერთი სტუდენტი გოგონა იურიდიულ კომპანიაში იურისტის აისტენტად მივიყვანე. ყველაზე მეტად, რა მიხარია, იცით? 3 წლის შემდეგ, ის ბიჭი კომპანიის დირექტორი გახდა, გოგონა - მთავარი იურისტი.

არასდროს ვამბობ სიტყვებს: "დაუნახავი", "უმადური" იცით რატომ? სიკეთეს იმისთვის არ ვაკეთებ, რომ დაინახონ და მადლიერება გამოხატონ. ღმერთი ხომ ხედავს. ადამიანი თუ არ დაინახავს ნუ დაინახავს, არ ვიდარდებ, მაგით გულს არ გავიხეთქავ. მადლიერებისთვის არაფერს ვაკეთებ, სამაგიეროდ, თავად ვარ სავსე მადლიერების განცდით და ეს მაბედნიერებს.

თამუნა კვინიკაძე

(სპეციალურად საიტისთვის)