დიდი შეხვედრის მოლოდინში ანუ რას ითხოვს პუტინი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ?!
ტრამპის მიერ პუტინისთვის მიცემული ვადის ამოწურვისას ცნობილი გახდა, რომ მათი შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში გაიმართება.
თუ რაზე შეიძლება შეთანხმდნენ, ამ კითხვაზე ტრამპის მთავარი მინიშნება ის არის, რომ სამშვიდობო შეთანხმების პირობები შესაძლოა მოიცავდეს "გარკვეული ტერიტორიების გადაცემას". არსებული ინფორმაციით, ამ გეგმაზე იყო საუბარი ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის დროსაც. გეგმა, რომელიც პუტინმა უიტკოფს გააცნო, მოითხოვს უკრაინისგან დონბასის აღმოსავლეთ რეგიონის დათმობას, რომლის უმეტესობა ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, და ასევე ყირიმის აღიარებას, რომლის ანექსიაც მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა.
მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ გეგმის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ტრამპმა, ევროპის ლიდერებსა და უკრაინის ოფიციალურ პირებსაც აცნობეს. თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა უარყო ნებისმიერი ტერიტორიის გადაცემის იდეა: "ჩემი ხალხი საკუთარ მიწებს ოკუპანტს არ მისცემს. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ არის, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის გარეშეა, არის მშვიდობის წინააღმდეგ", - აცხადებს ზელენსკი.
დასავლელი ექსპერტები ამბობენ, რომ გეგმა არსებული ფრონტების გაყინვას მოიცავს, რაც რამდენიმე ევროპელი ოფიციალური პირის შეშფოთებას იწვევს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს პუტინის ცდაა, შეაჩეროს ტრამპის სანქციები, რომლებიც პარასკევს უნდა ამოქმედებულიყო და რეალურად არანაირი შედეგი არ ექნება. კეთდება განცხადებები, რომ ამ დღეებში დამატებითი სატელეფონო საუბრები გაიმართება ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის სტივ უიტკოფსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, რათა დაზუსტდეს ცალკეული საკითხები, მათ შორის, თუ რა ტერიტორიები იგულისხმება გეგმაში ნახსენებ "სხვა რეგიონებში". ასევე არ არის ნათელი, როგორ მოგვარდება პუტინის წინადადება "უკრაინის ნატოში არასდროს გაწევრების" შესახებ ან "მისი სამხედრო ზომების შეზღუდვა"...
ტრამპმა განაცხადა: "ჩემმა ინსტინქტმა მიკარნახა, რომ ჩვენ შევძლებთ მშვიდობას". მაგრამ უკრაინის ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილის რუსეთისთვის გადაცემის პერსპექტივა შეიძლება მთავარ დაბრკოლებად იქცეს - ასეთი დათმობები უკრაინის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რაც ნიშნავს, რომ ზელენსკიმ უნდა მიიღოს პარლამენტის ან ეროვნული რეფერენდუმის თანხმობა, სანამ რაიმე ცვლილებას გადაწყვეტს.
ამასთან, პუტინს სურს უკრაინამ ნეიტრალური სტატუსი მიიღოს და რუსეთს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, არ დაუშვას მასზე დასავლეთის ზეგავლენა...
თორნიკე შარაშენიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, GIPA-ს პროფესორი: - თუ საუბარია იმაზე, რამაც პოლონურ ჟურნალში გაჟონა, ამერიკა რუსეთს რასაც სთავაზობს, კრემლი არ თანხმდება. კერძოდ, რუსეთს ტერიტორიები დე ფაქტო დარჩება და სანქციებს ნელ-ნელა მოუხსნიან. რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ის არის, რა მოუვა უკრაინას. ამ გაჟონილ ინფორმაციაში ეწერა, რუსეთს გარანტიას არ აძლევენ, რომ უკრაინა ნატოში არ შევა, რუსეთისთვის კი ეს არის მთავარი. ასე რომ, ამით არაფერი გამოვა. მათთვის გაცილებით მისაღები იქნება, მაგალითად, ერთ-ერთი რეგიონის დატოვება და მყარი გარანტია, რომ უკრაინა ნატოში არ შევა. შესაბამისად, თუ შეხვედრაზე არ იქნა გარღვევა ნატოს თემაზე, ომი გაგრძელდება. ტრამპი კიდევ რა სანქციებს დაადებს რუსეთს, თუნდაც მეორადს, ჩემი ფანტაზიის სფეროს გაცდენილია. თუ ეს შესაძლებელია, რატომ აქამდე არ დაადო თუნდაც ბაიდენმა, რომელიც გაცილებით მეტად იყო ჩართული ამ ომში. თუ კიდევ არის დარჩენილი რაღაც სასწაული სანქციები, აქამდე რას ელოდებოდნენ? შესაძლოა უფრო მოუჭირონ, მაგრამ სადაც ამდენს გაუძლო, ამასაც გაუძლებს - ეკონომიკურ წნეხს ვგულისხმობ.
- რა უნდა მიიღოს რუსეთმა, რომ დათმოს? რა იქნება მინიმალური, რაზეც წავა?
- მედიაში იმანაც გაჟონა, თითქოს იქნება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც ამერიკა გამოაცხადებს, რომ უკრაინა არ შევა ნატოში. ომის დამთავრებისთვის შეიძლება ეს საკმარისი იყოს. მაგრამ არ იქნება კრემლისთვის საკმარისი, რომ, მაგალითად, თუნდაც რომელიღაც ტერიტორიების დათმობით ომი დაასრულოს, მით უმეტეს, უკვე წელიწადზე მეტია, უკრაინას ფრონტის ხაზზე დიდი წინსვლა არა აქვს, რუსეთს კი მართალია, პატარ-პატარა, მაგრამ წარმატებები აქვს. ამიტომაც ომი რატომ უნდა დაასრულოს? კი, ლაპარაკია, რომ გაისად რუსეთის ეკონომიკის რეცესია დაიწყება, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ამ ხალხისთვის უფრო მნიშვნელოვანია უკრაინას ტერიტორია წაართვან, ვიდრე ის, რომ მაცივარში ორი ყველი ჰქონდეთ. მათთვის საკმარისია ნახევარიც. ხომ ვიცით, რომ ასეთი ხალხია?
- ხალხი კი, მაგრამ ეკონომიკის რეცესიის ფონზე სამხედრო რესურსები იქნება საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც იმ სახის ომი აწარმოოს, როგორიც დღეს მიმდინარეობს?
- სამხედრო რესურსები სწორედაც ყველაზე ნაკლები პრობლემა მგონია. ჩინეთი აცხადებს, არ დავუშვებ, რომ რუსეთმა ომი წააგოსო, და პირდაპირ ტანკებსა და თვითმფრინავებს კი არ აძლევს, არამედ აწვდის, მაგალითად, ჩიპებს, რაც რუსეთს ძალიან სჭირდება. უკრაინამ კარგად ააწყო დრონების წარმოება, მაგრამ ირკვევა, რომ რუსეთმაც დაიწყო. რუსეთმა შექმნა ახალი რაკეტა "არეშნიკი" და გამოცადა კიდეც, ბალისტიკური რაკეტა უკრაინას არა აქვს, რუსეთს კი აქვს. თუ უკრაინის უკან დგანან ამერიკა და ევროპა, რუსეთის უკან ჩინეთი დგას. მას მიაჩნია, რომ რუსეთის წაგება მისთვის ძალიან სახიფათოა, ამერიკას არ მიაჩნია, რომ უკრაინის წაგება მისთვის სახიფათო იქნება. რუსეთის წაგებით იცვლება ძალიან ბევრი რამ მსოფლიო წესრიგში, უკრაინის წაგებას კი დიდი გავლენა არ ექნება. რუსეთი ძლიერია, მაგრამ ამერიკას საფრთხეს ვერასოდეს შეუქმნის, არა აქვს ამის პოტენციალი. ჩემი აზრით, ამაშია ძაღლის თავი დამარხული.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრაზე პუტინი ჩინეთის ლიდერს ელაპარაკა. შესაძლებელია, რომ მოლაპარაკებაში ჩინეთი აშკარად ჩაერთოს?
- რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის მიერ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დემონსტრირება. ჩემი აზრით, პუტინის ეს საუბარი რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს. პირველი არის ხაზგასმა სტრატეგიულ კოორდინაციაზე - ანუ ჩინეთი კვლავ რუსეთის მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორია, განსაკუთრებით, დასავლეთის სანქციების დროს; მეორე - ეს არის დიპლომატიური მხარდაჭერის დემონსტრირება და მესამე, - გეოპოლიტიკური ინტერესები, ხაზგასმა, რომ მათ აქვთ საერთო ინტერესები და ჩინეთის ინტერესშია რუსეთის მხარდაჭერა.
- ერთ-ერთი საკითხი, რაზეც აპელირებენ, ის არის, რომ ამერიკა სანქციებს უწესებს მათ, ვინც რუსეთთან ვაჭრობს, თუნდაც ინდოეთის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ამ ფრთას ჩამოაშორებს რუსეთს, არ იქნება ეს მისთვის თუნდაც პოლიტიკური წნეხი?
- ინდოეთი ძალიან დიდ მოგებას ნახულობს იმით, რომ რუსეთისგან ყიდულობს ნედლ ნავთობს შედარებით დაბალ ფასად და შემდეგ ყიდის ინდური შეფუთვით. კარგი, დაადო ამერიკამ ინდოეთს სანქციები, მაგრამ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე რუსეთისგან ნავთობის ყიდვით ნახულობს სარგებელს? ეს არის დასათვლელი. ეგეც არ იყოს, თუ ამერიკა დაუწესებს ინდოეთს მაღალ ტარიფებს, ეს გამონაკლისია? მთელ მსოფლიოს უწესებს და რა გარანტიაა, რომ ინდოეთს ამის გარეშეც არ დაუწესებს? შვეიცარიამ დაუშავა რამე ტრამპს, ეხმარება რუსეთს, რომ ამხელა ტარიფი დაუწესა? ასე რომ, ინდოეთი ასე მარტივად არ დათანხმდება ამ ყველაფერზე.
- უკრაინა კი ცდილობს იყოს პროცესში ჩართული, მაგრამ მოლაპარაკება მაინც ზელენსკის გარეშე იმართება.
- ტრადიციულად, ხშირად დიდი სახელმწიფოები წყვეტენ საკითხებს და პატარას შემდეგ ჩააყენებენ საქმის კურსში.
- როგორი იქნება ამაში ევროპის როლი?
- დიდი ხანია ევროპას არავინ არაფერს ეკითხება. საქმე ის არის, თუ გინდა, რამეს გეკითხებოდნენ, უნდა გქონდეს ომის შნო და პოლიტიკური უნარი, ევროპას კი ომის წარმოების უნარი არ გააჩნია. თუ გინდა მსოფლიო პოლიტიკაში გადამწყვეტი სიტყვა გეთქმოდეს, უნდა იცოდე, რომ იომებ, ევროპა კი არ იომებს და შესაბამისად, მისი იგნორირება არ არის სახიფათო. რუსეთის იგნორირება სახიფათოა, რადგან იომებს, ევროპის იგნორირება კი შედარებით ნაკლებად სახიფათოა, რა უნდა ქნას ისეთი, რომ საფრთხე შექმნას? ისედაც დაწესებული აქვს რუსეთისთვის ძალიან ბევრი სანქცია და რა? თუ ევროპა გააპროტესტებს შეთანხმებას, ტრამპი ეტყვის, კი ბატონო, თუ არ მოგწონს, შენ მიხედე საქმესო. კი ვისმენთ რაღაც განცხადებებს, მაგალითად, მერცმა თქვა, რომ ამდენს და ამდენს ჩავდებთ შეიარაღებაშიო, მაგრამ, როგორც ირკვევა, ამას ორი-სამი წელი მაინც დასჭირდება და როგორც იტყვიან, სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძვრესო. ასე რომ, ამ ომზე ევროპას სერიოზული ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, მით უმეტეს, თუ შეთანხმებას ამერიკამ მოაწერა ხელი, ალბათ, შეუწყვეტს უკრაინას სადაზვერვო მონაცემების მიწოდებას და ეს ყველაზე დიდი დარტყმა იქნება.
- ტუსკის ვერსიით, მოსალოდნელია ამ ომის არა დამთავრება, არამედ გაყინვა. ეს რამდენად იქნება მომგებიანი უკრაინისთვის?
- სწორედ რომ გაყინვა იქნება, რადგან უკრაინა აღიარებაზე არ დათანხმდება. თუ ერთი მხარე აღიარებას არ დათანხმდება, ეს ნიშნავს, რომ ომი იყინება.
- გაყინვა ამ ეტაპზე კარგი გამოსავალია?
- გააჩნია ვისთვის. თუ უკრაინაზე ვილაპარაკებთ და არ ჩანს იმის პერსპექტივა, რომ რუსეთს გააბრუნებენ და ტერიტორიებს დაიბრუნებენ, კარგი გამოსავალია. აბა, რამდენი ხანი უნდა იყოს ქვეყანა ამ მდგომარეობაში? მით უმეტეს, არ ჩანს პერსპექტივა, რომ კონტრშეტევაზე გადავლენ და რუსეთს ტერიტორიებს წაართმევენ. მე არ მჯერა, რომ რუსეთი კარგავს ხუთჯერ უფრო მეტს, ვიდრე უკრაინა. შესაძლოა კარგავს 1.5-ჯერ მეტს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ უკრაინამ ომი მოიგოს. უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გასულია, ფაქტობრივად, 30 მილიონამდეა დარჩენილი და გამოდის, ეს 30 მილიონი უპირისპირდება 140 მილიონს.
- წავა პუტინი ამაზე?
- თუ ნატოს თემა იქნება დათმობილი, რატომაც არა. მას უკრაინის აღიარება არც სჭირდება და ამას არც ელოდება. ფაქტობრივად ეს უკრაინის კაპიტულაცია იქნება. არა მარტო უკრაინის, მთლიანად დასავლეთის, ამისთვის მზად არავინ არის.
- გაყინვაში ვგულისხმობ იმას, რომ სტატუს-კვო არ შეიცვლება, შეჩერდება მხოლოდ ცეცხლი, ცხელი ომი ხდება ცივი. ეს აწყობთ?
- კორეის ვარიანტი? კი, ამ ეტაპზე ყველაზე რეალური კორეის ვარიანტია, ოღონდ მნიშვნელოვანია ის, თუ დანარჩენ უკრაინას რა ბედი ელის - შედის მხოლოდ ევროკავშირში და ნატოშიც, თუ ვერსად ვერ შედის. რუსეთი, ჩემი აზრით, ევროკავშირში შესვლაზეც თანახმა იქნება, თუ ნატოზე ექნება მყარი გარანტია, რომ არ შევა. თუ ეს არ იქნება, მაშინ ომს გააგრძელებს. სადაც ამდენი იომა, ერთ ამდენს კიდევ იომებს. ჯერ ამის რესურსი აშკარად აქვს. კი ველოდით, ჩამოიშლება, ჩამოიშლებაო, მაგრამ არ ჩამოშლილა. როდემდე უნდა ვიძახოთ ერთი და იგივე?
საინტერესო ის არის, თუ ვის აწყობს ომის დამთავრება. ზელენსკის მთავრობას არ აწყობს, მაგრამ არ იქნება ხალხისთვის ამის ახსნა იოლი, ამდენი ხალხი დაიხოცა... ჩინეთსაც არ აწყობს, რადგან როგორც კი ეს ომი მორჩება, ამერიკას ხელ-ფეხი გაეხსნება, მოშორდება თავსატეხი უკრაინის სახით და გადაერთვება ჩინეთის შეკავებაზე. რუსეთს აწყობს? აწყობს მაშინ, თუ მყარ გარანტიას მიიღებს, რომ უკრაინა ნატოში არ შევა. მგონი, ყველაზე მეტად ტრამპს აწყობს, რომ ჩინეთზე გადაერთოს. ამ ოთხი სერიოზული მოთამაშიდან, ხაზს ვუსვამ - სერიოზული - ანუ იმას, ვინც მზად არის, იომოს, რადგან ევროპა ომისთვის მზად არ არის, ვერაფერს აკეთებს - მხოლოდ ერთია ძალიან დაინტერესებული ომის ნებისმიერი პირობებით დამთავრებით, ყველა დანარჩენს აქვს პირობები, რაც ძალიან ართულებს შეთანხმებას.
რუსა მაჩაიძე