„ქვეყანას რევოლუცია კი არა, ევოლუცია სჭირდება“
"ჩვენ ვიმყოფებით გახანგრძლივებულ პოლიტიკურ კრიზისში, რომელსაც ბოლო არ უჩანს, - ასე აფასებს ქვეყანაში ვითარებას ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია.
- ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ხელისუფლება აშკარად გადახრილია ავტორიტარული მმართველობისკენ: იზრდება მედიის შევიწროება, ზეწოლაა სამოქალაქო საზოგადოებაზე და პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ გამოიყენება სხვადასხვა სახის ბერკეტი. ხელისუფლების ყველაზე დიდი სისუსტე ის არის, რომ ვერ ახერხებს მოქალაქეების გაერთიანებას საერთო-ეროვნული იდეის გარშემო.
ოპოზიციაც სუსტია. ის ვერ ახერხებს საზოგადოების კონსოლიდაციას, ქუჩაში არსებული საპროტესტო მუხტის მართვას. თუმცა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საერთაშორისო კავშირების მეშვეობით ხელისუფლების ლეგიტიმურობას სერიოზული დარტყმა მიაყენეს.
თუ გადავხედავთ ბოლო თვეების მაღალი დონის ვიზიტებს, ნათლად ჩანს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებს არც ერთ ევროპულ დედაქალაქში აღარ იწვევენ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ დანიაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატებიდან, საქართველოს გარდა, ყველა სახელმწიფო მიიწვიეს. ეს დიდი რეპუტაციული ზიანია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს ცვლილებებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, განსაკუთრებით რეგიონებში. გასაგებია, რომ სახელისუფლებო პროპაგანდისა და ფინანსური უპირატესობის გამო მუშაობა რთულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ვერ უნდა გაზარდოს გავლენა საზოგადოებაში. დიდ ქალაქებში, ასე თუ ისე, მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ სოფლებსა და პატარა რაიონებში ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ იკიდებს ფეხს.
- რა მიზანს ემსახურება "ქართული ოცნების" იზოლაციაში მოქცევა, თუ ამ გუნდის ლიდერები არ ითვალისწინებენ დასავლელი პარტნიორების კრიტიკას და არ არის პოზიტიური შედეგი ამ ზეწოლისგან?
- ხელისუფლება ცდილობს ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს საერთაშორისო სანქციები ან იზოლაცია არ აღელვებს. რეპუტაციული ზიანის გარდა, კიდევ სხვა პრობლემებიც ექმნება. "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ხაზს უკვე ძალიან ბევრი უყურებს ეჭვის თვალით. მმართველი გუნდის სისუსტე იმაშიც გამოიხატება, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაწყვეტას ხელების გადაგრეხით ცდილობს. ხელისუფლება მაშინ არის ძლიერი, როდესაც ახერხებს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგს და საერთო საკითხებზე შეთანხმებას.
ქვეყანა ნელ-ნელა მიდის სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და "გაბზარული საზოგადოების" როლის თამაშის ფუფუნება არა გვაქვს. მსგავს სიტუაციაში დიდი ხნით ყოფნას ფიზიკურად ვერ გავუძლებთ, მით უმეტეს, ასეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. აი, ეს უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ, საკუთარ ხალხთან დათმობაზე წავიდეს და ეროვნული ინტერესები პირად ან პარტიულ ინტერესებს არ უნდა მოარგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდ შედეგს მიიღებს. პოლარიზაცია და საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მაგრამ სხვა ქვეყნებში ასეთი საკითხები, როგორც წესი, არჩევნების გზით წყდება. ამას გარდა, არსებობს უამრავი სხვა მექანიზმი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია დაძაბული ვითარების განმუხტვა. თუმცა ჩვენი პრობლემა ის არის, რომ "ქართულ ოცნებას" ვერ წარმოუდგენია საქართველო მათი მმართველობის გარეშე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაში მყოფ ძალას ქვეყნის განუსაზღვრელი ვადით მართვა სურს, რაც ბუნებრივად იწვევს საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილებას, მით უფრო, რომ ეს მმართველობა ავტორიტარულ ელფერს იღებს. საქართველო არ არის რუსეთი და არც ბიძინა ივანიშვილს აქვს იმის რესურსი, ერთპარტიული მმართველობა დიდხანს შეინარჩუნოს, მას შინ თუ გარეთ ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს. შეიძლება ეს სიტუაცია ერთხანს კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ ეს დრო თანდათან მცირდება.
- როგორ უნდა ამოიწუროს ბიძინა ივანიშვილის რესურსი, როდესაც შესაბამისი მოწინააღმდეგე არა ჰყავს და ოპოზიცია ვერ ახერხებს პროტესტის მართვას?
- არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, თუ საერთო-ეროვნული დიალოგი არ დაიწყება, ქვეყანა ისეთ ჩიხში შევა, საიდანაც მომავლის დანახვა შეუძლებელი გახდება.
პროცესი ვითარდება ზვავად ქცეული თოვლის გუნდის პრინციპით, ზუსტად ისე, როგორც სააკაშვილის მმართველობისას. დღითი დღე იზრდება "ქართული ოცნების" მოქმედებით გაბრაზებული და განაწყენებული ხალხის რაოდენობა, რაც ერთ დღეს მწვავედ იფეთქებს. "ქართული ოცნება" არა მხოლოდ ვერ იმხრობს ახალ ელექტორატს, შეუქცევადად კარგავს მხარდაჭერას. დღეს თითქოს მყარად გრძნობენ თავს, მაგრამ მათთვის ძალიან ცუდი პროცესი უკვე დაწყებულია. სამწუხაროდ, ეს პრობლემა მხოლოდ მათ არ ეხება - ეს მთელი ქვეყნისთვის საზიანოა. პოლიტიკურ და ეკონომიკურ არასტაბილურობას პირდაპირ შეუძლია უცხო ქვეყნების ინტერესების წისქვილზე დაასხას წყალი.
- ე.ი. რევოლუციასაც არ გამორიცხავთ?
- ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა, თუ დაპირისპირება შეუქცევადად გაგრძელდება, გამორიცხული არაფერია.
- ის, რომ ახლა ოპოზიციაში აზრი სამ ნაწილად არის გაყოფილი - არჩევნებში მონაწილეობის მომხრეებად, ბოიკოტისტებად და რევოლუციის მქადაგებლებად, რას ნიშნავს?
- ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ოპოზიციის ერთობლივი გადაწყვეტილება - ან მონაწილეობა არჩევნებში, ან სრული ბოიკოტი. ასეთი დაქსაქსულობა, თუ ეს მართლაც სტრატეგიის ნაწილი არ არის, ყველაზე მეტად ხელისუფლებას აწყობს. ფაქტია, ამომრჩეველი დაბნეულია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ 4 ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შეცვლის, განურჩევლად იმისა, მიიღებს თუ არა ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად ან ცალ-ცალკე, კრიზისი მაინც ვერ გადაიჭრება.
- ლევან ხაბეიშვილისა და პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებულ რევოლუციურ სცენარს განვითარების რა შესაძლებლობა აქვს?
- ამ ეტაპზე არაფერი მიანიშნებს, რომ ქვეყანა რევოლუციისთვის მზად არის. ქვეყანას რევოლუცია კი არა, ევოლუცია სჭირდება. სწორედ ამიტომ ვლაპარაკობ მუდმივად დიალოგის საჭიროებაზე. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალები ხელისუფლების გადანაწილებისთვის მზად არ არიან, ყველაზე მეტად მოქალაქეები ზარალდებიან.
ხათუნა ბახტურიძე