„თუ „ქართული ოცნება“ გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები“ - კვირის პალიტრა

„თუ „ქართული ოცნება“ გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები“

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე­ ნინო სახელაშვილმა სასჯელი გადააკვალიფიცირა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას და ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან შინაპატიმრობა 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე განვითარებული მოვლენები და მისი ბრალის გადაკვალიფიცირება პოლიტიკის ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ შეაფასა.

- 6 აგვისტოს სასამართლოში ორი ფაქტი მოხდა: პირველი - გიორგი ახობაძე­ გაათავისუფლეს და მეორე - მზია ამაღლობელის მუხლი გადააკვალიფიცირეს და 2 წელი მიუსაჯეს. ეს ორი ფაქტი მნიშვნელოვანია დასკვნების გამოსატანად. ავტორიტარული რეჟიმები ძალიან ხისტები არიან და მანევრირების ნაკლები უნარი აქვთ. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარულ სისტემაში, სადაც ყველაფერი ერთ პირზეა ჩამოკიდებული, ამიტომ ეს ორი ფაქტი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთი მედლის ორი მხარე. საერთაშორისო ზეწოლიდან და ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამომდინარე, "ოცნება" ცდილობს­ სასამართლოს სახე შეუნარჩუნოს. ამისთვის აუცილებელი იყო ასეთი გამამართლებელი ნაბიჯის გადადგმა. გიორგი ახობაძის საქმე არ ეხებოდა ადამიანის უფლებებს, ის არც მედიის და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, არც პოლიტიკური ფიგურა.

ახობაძის სისხლის სამართლის საქმე ნარკოდანაშაულთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მისი გამართლება "ოცნებას" ნაკლებ ზიანს მოუტანდა. იმავეს ვერ გააკეთებდნენ მზია ამაღლობელის საქმეზე - თუ მზიას გაათავისუფლებდნენ, ეს ჩაითვლებოდა, რომ მოხდა ზეწოლა ხელისუფლებაზე, მან უკან დაიხია. რაც ასეთ ვითარებაში გამოიწვევს ვერტიკალის რღვევას, რასაც ემყარება "ქართული ოცნების" ხელისუფლება.

ახობაძეს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს იმის საჩვენებლად, რომ სასამართლო მუშაობს. მზიას საქმეშიც ფაქტობრივად იგივე მოხდა, გადაუკვალიფიცირდა, შეუმსუბუქდა მუხლი, მაგრამ ციხეში დატოვეს. არც ის მეგონა, რომ გიორგი ახობაძეს გაათავისუფლებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ დემოკრატობანა ეთამაშათ და ეს გამოსავალი მოძებნეს.

"ქართულ ოცნებაში" მშვენივრად იციან, უკვე უკან დახევა მთლიანად სისტემას ჩამოშლის. გულუბრყვილო უნდა იყო, დაიჯერო, რომ მართლა მოსამართლეებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილებები. ეს ფაქტი რეზონანსს გამოიწვევს სახელისუფლებო წრეებშიც. ახლა, რასაც "ქართული ოცნება" კორუფციასთან ბრძოლას უწოდებს, მარტო იმისთვის არ არის, რომ პარტიას ფული შემოაკლდა და უკან მიტანა მოსთხოვა ყოფილ მაღალჩინოსნებს, აქ მეორე ფაქტორია - იმ ხალხმა, ვინც ამ საქმეებში გარეულია, მათ შორის მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, უნდა იცოდეს, რომ თუ რაღაცას ისე არ გააკეთებენ, როგორც საჭიროა, მათაც მოუძებნიან საფუძველს და შეიძლება მათზეც აღძრან სისხლის სამართლის საქმეები. ეს რეპრესიები ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ორლესული მახვილივითაა - ერთი მხრივ, ეს დაშინებაა, ჩუმად იყავით, თორემ პასუხს აგებთო; მეორე მხრივ, არის ფული. რატომაც არა, სჭირდებათ! აი, ეს არის დღეს "ოცნების" მთელი პოლიტიკა.

222-1754858805.jpg

- ISSA-ს ბოლო კვლევაში გამოჩნდა, რომ თავად "ოცნების" მხარდამჭერებსაც კი სურთ მზია ამაღლობელისა და აქციებზე დაპატიმრებული ახალგაზრდების გათავისუფლება. თქვით, რომ "ქართული ოცნება" მზია ამაღლობელს ვერ გამოუშვებს, სისუსტედ ჩაეთვლებაო... იქნებ პირიქით, პოზიტიურ ქმედებად შეფასდეს ხელისუფლების ეს ნაბიჯი.

- მზიას გათავისუფლებას არავინ, არც ხელისუფლების მხარდამჭერები და არც ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა, არ აღიქვამდა, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს იქნებოდა ნიშანი, რომ ხელისუფლება ზეწოლის გამო იძულებული გახდა უკან დაეხია, მით უმეტეს, როდესაც 24 დიპლომატი პროტესტს გამოთქვამს და ითხოვს ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ასეთ ვითარებაში "ქართულ ოცნებას" და, საზოგადოდ, ავტოკრატიულ რეჟიმებს, არა აქვთ ხოლმე რესურსი, ამიტომაც ყოველთვის მივდივართ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. ფაქტია, რეჟიმმა შეარბილა დამოკიდებულება და გადააკვალიფიცირა მუხლი. 8 თვე უკვე გასულია, მას შემდეგ, რაც მზია დააპატიმრეს, წელიწად-ნახევარი დარჩა. ამას შესაძლოა კიდევ რაღაცები გამოაკლდეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტმა ყაველაშვილმა შეიწყალოს ყველა დაპატიმრებული. ძალიან საინტერესოა, როგორი იქნება დამოკიდებულება იმ ახალგაზრდების მიმართ, რომელთა სასამართლო პროცესებიც ახლა მიმდინარეობს. აქაც პრობლემა აქვს "ქართულ ოცნებას", ძალიან მძიმე დღეშია და რა გამოსავალს იპოვის, არ ვიცი. ალბათ, სასამართლო პროცესები გაჭიანურდება და 4 ოქტომბრის შემდეგ მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას, ან ამნისტიას გამოსცემენ, ან პირდაპირ პრეზიდენტი შეიწყალებს. Yთუმცა შესაძლოა შერჩევითად გაათავისუფლონ. ახლა "ქართული ოცნების" ამოცანაა სრული ბატონობის მოპოვება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. მოსამართლემ მზია ამაღლობელს მიმართა, შეგიძლია შეწყალების თხოვნით მიმართო პრეზიდენტსო. რა თქმა უნდა, მზია არ მიმართავს, მაგრამ პრეზიდენტს ეს არ სჭირდება, ისედაც შეუძლია შეიწყალოს ეს ხალხი. ის, რომ გიორგი ახობაძის მსგავსად, შეიძლება კიდევ ვიხილოთ დარბაზიდან გათავისუფლებული სინდისის პატიმრები, ამის მიზერული შანსია. შეიძლება საპატიმრო მუხლები გადაუკვალიფიცირდეთ და სასჯელი შეუმსუბუქდეთ.

- საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით, მზია ამაღლობელის პროცესი 6 აგვისტოს იმიტომ დაინიშნა, რომ ახობაძის გათავისუფლებას მზიას ამბავი გადაეფარა...

- ასე ჩანს. ვნახეთ კიდეც პროპაგანდისტული მესიჯები, იქ, სადაც გამოძიებამ ვერ დადო უტყუარი მტკიცებულებები, სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილებაო. ახლა ხელისუფლება შეეცდება საზოგადოებრივი აზრი შეისწავლოს, თუ როგორი განწყობა გააჩინა ახობაძის გათავისუფლებამ საზოგადოებაში. თუ ეს აღიქმება როგორც ხელისუფლების უკან დახევა, არ გამოვრიცხავ, რომ სააპელაციო სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს.

- თქვით, რომ აქციებზე დაპატიმრებული ახალგაზრდების გათავისუფლების შემთხვევაში უფრო დიდი საპროტესტო ტალღა წამოვა...

- იმ შემთხვევაში, თუ ყველა პატიმარი გამოვა, ერთხანს იქნება ეიფორიული განწყობა, ყველა გამოვა ქუჩაში, მაგრამ არის მეორე ვარიანტიც - თუ "ქართული ოცნება" გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, მაშინ შეიძლება დარეგულირდეს პროცესები. თუმცა ამას ვერ გააკეთებს ხელისუფლება. მაშინ ამას უნდა მოჰყვეს სამთავრობო ცვლილებები, ხელისუფლებამ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩაატაროს - ეს საკითხი ხომ არ მოხსნილა დღის წესრიგიდან?! არჩევნების ჩატარების შემთხვევაში რა შანსი აქვს ხელისუფლებას? რა თქმა უნდა, საკმაო რაოდენობის წარმომადგენლობა ეყოლება პარლამენტში, მაგრამ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, რაც ნიშნავს, რომ ძალაუფლებას დაკარგავს, მისთვის კი ძალაუფლებაა მთავარი. ამ კრიზისიდან გამოსავალი ხელისუფლების შეცვლაა. ივანიშვილის კი არა, ის არსად არ წავა, მთავრობის წევრებს ვგულისხმობ. ახალი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, შეწყვიტონ "დიფ სთეითზე" ლაპარაკი და ევროპული კურსი დააბრუნონ - აი, ეს განმუხტავდა სიტუაციას. თუმცა ამის გამკეთებელი "ქართული ოცნება" არ არის.

ჩემთვის ძალიან კრიტიკულია 4 ოქტომბერი, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ოპოზიციაზე, თუ სისულელეებს არ ჩაიდენს. იმედია, დემოკრატიის ნაცვლად დიქტატურას არ მივიღებთ - ესეც ოპოზიციაზეა დამოკიდებული.

ოპოზიცია მთავრობის მშვიდობიან დამხობას აანონსებს და თანაც 2003 წელი მოჰყავს მაგალითად. იმას კი არ ითვალისწინებენ, რა გარემო პირობები იყო მაშინ და დღეს რამდენად შესაძლებელია ეს. ასეთი ზოგადი პარალელების გავლება არ შეიძლება, არ დაგვაყენებს ეს სწორ გზაზე. ერთ პოეტს რომ დავესესხო, ფერმკრთალი შეთქმულება აჯანყე­ბისთვის შეიძლება ცუდად დასრუ­ლდეს - ასეთი იქნება სწორედ 4 ოქტომბერი. ამიტომ, ვინც ამ თარიღს ათვლის წერტილად იღებს, ძალიან უნდა დაფიქრდეს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყოველივეს.

"ქართულ ოცნებას" ეშინია დასავლეთის ზეწოლის, უვიზო მიმოსვლის გაუქმების, "მეგობარი აქტის". როდესაც პროცესები დაიწყება, ეს ხალხში გამოიწვევს ძალიან დიდ უკმაყოფილებას. როდესაც ვამბობ, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ სხვა პროცესები დაიწყება, ამასაც ვგულისხმობ. დღეს რეალობა ასე ყალიბდება - თუ არა ვართ ევროპასთან, მაშინ ვართ რუსებთან. არანაირ ნეიტრალიტეტზე საუბარი არ შეიძლება. როგორც არ უნდა დასრულდეს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, მას აუცილებლად ექნება გაგრძელება "ცივი ომის" სახით. ჩვენი პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ ქვეყანაში ელემენტარული დემოკრატიული სივრცეები შეიქმნას.

- 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელს ჰქონდა ფურცელი წარწერით "სილა რეჟიმს"...

- "ქართული ოცნება" არ ელოდებოდა­ მზია ამაღლობელისგან ასეთ ქმედებებს. ფიქრობდა, რომ გარკვეული დროის შემდეგ მზიას რაღაცაზე დაითანხმებდნენ, თუნდაც იმაზე, რომ ის პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვდა, მაგრამ მან არ გადადგა ასეთი ნაბიჯი. ეს მართლაც სილაა რეჟიმისთვის, გაცილებით მეტიც, ვიდრე სილის გაწვნა, იმიტომ, რომ ამას მოჰყვა რეზონანსი მთელ ცივილიზებულ სამყაროში და ჩვენი პარტნიორები ახლა მზიას შესახებ ყველგან საუბრობენ. შესაბამისად, გაძლიერდა ზეწოლა ხელისუფლებაზეც. საბოლოოდ რა შედეგი იქნება, ვერ გეტყვით, ვფიქრობ, 4 ოქტომბრამდე არც არაფერი, მაგრამ არჩევნების შემდეგ აუცილებლად იქნება ცვლილებები.

სოფო კაჭარავა