დაარტყამს თუ არა უკრაინული დრონები ოკუპირებულ აფხაზეთს
რამდენად რეალურია უკრაინული დრონების შეტევა ოკუპირებულ აფხაზეთზე და რომელი ობიექტებია უკრაინის სამიზნე? - ეს თემა აფხაზებს შორის დიდი განხილვის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ისტორიაში პირველად, 24 ივლისის ღამეს, რამდენიმე უკრაინული დრონი ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცეში გამოჩნდა. უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტერიტორიას, სოჭსა და ადლერს დაარტყეს, დაიბომბა რუსული ნავთობბაზა სოჭში და მცირე აფეთქებები იყო ქალაქის სხვა ნაწილებშიც. აფხაზი სეპარატისტების მტკიცებით, სწორედ ამ დაბომბვის დროს შემოფრინდა რამდენიმე უკრაინული დრონი ოკუპირებული აფხაზეთის ცაზე და ამის შემდეგ დაიწყო დისკუსიები აფხაზებს შორის, რომ ისინი ამჯერად გადარჩნენ, მაგრამ "გადარჩენა" მხოლოდ დროის საკითხია და უკრაინული სამიზნე შეიძლება სულ მალე გახდეს სოხუმში ბაბუშერის აეროპორტი, ოჩამჩირის პორტი და გუდაუთაში რუსული სამხედრო ბაზა.
ამ დაბომბვის გამო სოჭისა და სოხუმის აეროპორტებში გამოცხადდა გეგმა "კავიორი" ("ხალიჩა") და გადაიდო ათეულობით რეისი. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა "დაარღვიეს აფხაზეთის საჰაერო სივრცე", ამიტომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად რუს კოლეგებთან ერთად უნდა შემუშავდეს გეგმა, როგორ დაიცვან აფხაზეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურა შესაძლო "მასობრივი თავდასხმებისგან". უკრაინულმა დრონებმა სოჭს 4 აგვისტოსაც შეუტიეს და რუსების მოგერიების მიუხედავად, ცეცხლის კერები რამდენიმე ადგილას მაინც გაჩნდა.
24 ივლისიდან მოყოლებული უკრაინული დრონების შეტევის მოლოდინსა და აფხაზეთის დაუცველ საჰაერო სივრცეზე დიდი დისკუსიებისა და განცხადებების მთელი სერია დაიწყო ოპოზიციურ მედიასა და ტელეგრამარხებზე. ტელეგრამარხები აღნიშნავენ, რომ უკრაინულმა დრონებმა ყველაზე ტურისტულ პერიოდში დაარტყეს სოჭში ნავთობბაზას და პუტინის საყვარელ ტერიტორია "სირიუსს" ადლერში. ომი უკვე "რესპუბლიკის" საზღვრებს მიუახლოვდა და გამოვლინდა, რომ მათ არა აქვთ სარადარო სისტემები. გარდა ამისა, "ტურისტული სეზონის პიკზე დრონებით შეტევა კარგი სავიზიტო ბარათი სულაც არ არის არც სოჭისთვის და არც აფხაზეთისთვის".
როგორც ტელეგრამარხი "აბხაზია ცენტრი" წერს, უკრაინის თავდაცვას აფხაზეთის წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატები ჯერ არ გაუშვია, რადგან იქ კრიტიკული სამიზნეები არ არსებობს, რუსეთის მე-7 ბაზა თითქმის ცარიელია. უკრაინა აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა ეს თავშეკავება დროებითია, რადგან "აფხაზები თავად ჩავერთეთ ომში და გავხდით სამიზნე". სოჭზე თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რატომ აღადგინა რუსეთმა სოხუმში ბაბუშერის აეროპორტი, რომ რუსეთს აეროპორტი სჭირდება არა ტურისტული, არამედ სამხედრო მიზნებისთვის.
"ისკრა აბხაზია" სამხედრო წვრთნების ჩატარებას ითხოვს: "უნდა შეიქმნას ინფოგრაფიკა ჩვენს ქალაქებზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემთხვევაში მოქმედებების შესახებ! ჩატარდეს სამხედრო წვრთნები. საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს, სადაც მსოფლიოს ათობით ქვეყანა მონაწილეობს და შემოდგომის კამპანიისთვის ემზადება, ჩვენ კი რეაგირება არ დაგვიწყია. აქ მხოლოდ მასშტაბურ ზეიმებს აწყობენ".
როგორც გამოცემა "რესპუბლიკა" წერს, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო მეტად მოგვაგონებს კრილოვის იგავს უდარდელი ჭრიჭინას შესახებ. მაშინ როდესაც ომი აფხაზეთს მიუახლოვდა, "საზღვარზე" აფეთქებები ისმის და საჰაერო სივრცე დაუცველია, "რესპუბლიკაში" კონცერტები, გასტრონომიული ფორუმები და ფესტივალები მიმდინარეობს.
უსაფრთხოების თემაზე გაიმართა მრგვალი მაგიდაც, სადაც ქართულ-აფხაზური ომის მეომრები და ოპოზიციის წევრები გამოვიდნენ. როგორც ოპოზიციის ლიდერმა ადგურ არძინბამ თქვა, რუსეთსა და აფხაზეთს აქვთ სამოკავშირეო ხელშეკრულება, თუმცა ამას "აფხაზეთი" სათანადოდ ვერ იყენებს და "თუ საქართველომ თავდასხმა მოინდომა, ჩვენ მარტონი ვიქნებით".
აფხაზეთის "გმირი" ასლან კობახია: "ჩვენ ვმღერით, ვცეკვავთ, ზეიმებს ვაწყობთ და ამ დროს შეიძლება გუდაუთასა და ოჩამჩირეზე მოხდეს დრონებით თავდასხმა. აქ არის რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული სამხედრო ბაზები და ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს ტერიტორიები არის შეტევების სამიზნე? ჩვენ სხვა არავინ დაგვეხმარება, თუ საკუთარ თავს თავად არ დავეხმარებით. აფხაზური არმია აღარ არსებობს, ოფიცრების კადრები არ გვყავს. 10 წელზე მეტია ნორმალური სამხედრო წვრთნა არ ჩაგვიტარებია, ამ დროს საქართველო სამხედრო წვრთნებს ატარებს, სადაც აშშ-ის, ნატოს ძალები იქნებიან წარმოდგენილი. რუსეთი ჩვენს ნაცვლად არ იომებს, სამხედრო აღჭურვილობასაც არ მოგვცემს. 33 წლის წინ ჩვენ ვიომეთ, გავიმარჯვეთ, ამაყები ვიყავით ამით, ახლა კი არმია არა გვყავს"
ოპოზიციური პარტია "არუაას" თავმჯდომარე თემურ გულია "ხელისუფლებას" "ძირეულ სამხედრო რეფორმებს", მათ შორის გვირაბებში თავშესაფრების მოწყობას, საჰაერო თავდაცვის ინტეგრაციას რუსულ სისტემებთან, რუსეთთან სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების ერთიანი ცენტრის შექმნასა და რუსეთის საზღვაო ძალების გემების ოჩამჩირეში განლაგებას ურჩევს.
ყოფილი მეომარი ბატალ ჯაპუა: "დრონები დაუბრკოლებლად დაფრინავდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ოფიციალური სტრუქტურებისგან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უსაფრთხოებაზე, არ მიგვიღია ინფორმაცია, რამდენმა უპილოტო დრონმა დაარღვია ჩვენი საჰაერო სივრცე და როგორია აფხაზეთის საჰაერო თავდაცვისუნარიანობა. საერთოდ, გვაქვს თუ არა სარადარო სისტემა. შესაძლოა უკრაინული "სირიუსის" შემდეგი სამიზნე სოხუმის აეროპორტი იყოს და რას ვაკეთებთ ჩვენ?"
ოპოზიციონერი ლევან მიქაა: "ყველა აფხაზმა უნდა გაიაროს სამხედრო სამსახური. ბიჭებმა მაინც, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს თავდაცვის საშუალება, იარაღი სახლში შეინახოს. ამისთვის პირობები უნდა შეიქმნას და ბიუჯეტში თანხები გამოვყოთ. პრესტიჟული უნდა იყოს ჯარში სამსახური. ახალგაზრდებს უნდა შევასწავლოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, დრონების აწყობა და მართვა".
ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტების კრიტიკულ განცხადებებს დე ფაქტო სახელისუფლებო არხებზე დიდი აგრესია მოჰყვა. ექსპერტები პოპულიზმსა და ისტერიკაში დაადანაშაულეს, მედია კი "აფხაზეთის ეროვნული ინტერესების ღალატში". წერენ, რომ ოპოზიციის განცხადება, აფხაზეთი უკრაინის სამიზნე გახდება, "იმიტომ, რომ ომში ჩვენი ნებით ჩავერთეთ. ეს არის ღალატი, რადგან უკრაინის ფრონტზე წყდება "რესპუბლიკის" ბედი - სწორედ რუსეთი იცავს "რესპუბლიკას" ქართული რევანშიზმისგან სამი ათწლეულის განმავლობაში".
როგორც "ინსაიდერ აბხაზია" იუწყება, "უკრაინაში წყდება აფხაზეთის ბედი და რუსეთის, აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტის, სოლიდარობის ნაცვლად, ოპოზიციონერები თავს მტრული განცხადებების უფლებას აძლევენ, რითაც ამართლებენ უკრაინის თავდასხმებს სასაზღვრო რეგიონებზე. მთავარი იმის აღიარებაა, რომ უკრაინა აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს. ავტორები არა მხოლოდ არ კამათობენ ამ პოზიციაზე, არამედ მიანიშნებენ, რომ რესპუბლიკაზე უკრაინის დარტყმები მხოლოდ დროის საკითხია. ისინი რუსეთის ქმედებებს კიევის რეჟიმის აგრესიასთან აიგივებენ. ეს არის აფხაზეთის ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი, რადგან სამი ათწლეულის განმავლობაში სწორედ რუსეთი იცავს რესპუბლიკას ქართული რევანშიზმისგან".
"საქართველო შეიძლება თავს” დაგვესხას"
მიხეილ კვატაშიძე, ქართულ-აფხაზური ორგანიზაცია "ამრას"” ერთ-ერთი დამფუძნებელი: რაც უკრაინულმა დრონებმა აფხაზეთის ცის გავლით დაბომბეს სოჭი და ადლერი, აფხაზეთში დიდი პოლემიკა დაიწყო. გაიმართა შეკრება, სადაც ყოფილი მეომრები შეიკრიბნენ, ასევე იქ იყო ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა. ყველაზე დიდი გამოსვლა ასლან კობახიას ჰქონდა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ უკრაინის შემდეგი სამიზნე აფხაზეთი იქნება და ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთო. ერთ-ერთ საფრთხედ მიიჩნია საქართველო, თქვა, რომ შეიძლება თბილისმა დრო იხელთოს და ამიტომ მოუწოდა დე ფაქტო ხელისუფლებას, აფხაზეთის მთელი ბიუჯეტი სამხედრო რელსებზე უნდა გადავიყვანოთო. ადგურ არძინბამ დიპლომატიურად, შეფარვით დაადანაშაულა რუსეთი, თქვა, რომ მოკავშირეობის ხელშეკრულება აქვთ, თუმცა აფხაზეთი საჰაერო თავდაცვის საშუალებების გარეშეა დარჩენილი. ასევე აღნიშნა, რომ მოვლენების ყველაზე ცუდი განვითარების მოლოდინიც უნდა გვქონდეს, საქართველო შეიძლება დაგვესხას თავს, რომ აფხაზებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედით მოუწევთ ბრძოლაო. თემურ გულიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი იცავს რუსეთის სამხრეთ საზღვრებს და მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი "რესპუბლიკაა". გუდაუთაში არის რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, თუმცა თითქმის დაცარიელებულია, ტექნიკა მთლიანად გაყვანილია და პირადი შემადგენლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. იქვეა სამხედრო აეროპორტიც და ამიტომ გუდაუთა მიჩნეულია სამიზნედ. ასევე ოჩამჩირეში არის რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა. იერიშის მოლოდინი აქვთ სოხუმის ბაბუშერას აეროპორტზეც. ძირითადად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები და მეომრები აქტიურობენ, თუმცა ისინიც ძალიან ფრთხილად გამოთქვამენ კრიტიკას, შიში აქვთ, რაღაც ისე არ წამოსცდეთ, რომ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფრთხე დაუდგეთ.
"რუსეთი ჩვენს ნაცვლად არ იომებს"
მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის"” ხელმძღვანელი: - მოწოდებები და განცხადებები, რომელსაც აკეთებს ოპოზიცია და საზოგადოების ერთი ნაწილი, გარკვეულწილად პროპაგანდისტულია, თუმცა, მეორე მხრივ, ამ განცხადებების შინაარსი რეალისტურიცაა, რადგან ვხედავთ, რომ უკრაინამ შავი ზღვის სანაპიროზე ეკონომიკურ და სამხედრო ტიპის ინფრასტრუქტურების დრონებით დაბომბვა წამოიწყო - დრონები გაუშვეს სოჭში, ადლერში, ტუაფსეში. ერთ მშვენიერ დღეს კი, რასაკვირველია, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც მოხდება თავდასხმა. პირველ რიგში ეს იქნება გუდაუთაში ბომბორას სამხედრო აეროდრომი და ოჩამჩირის საზღვაო ბაზა. ამდენად, ოპოზიციის პათოსი გასაგებია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, ოპოზიცია ირიბად მიანიშნებს აფხაზეთის მოსახლეობას, რომ რუსეთი ჩვენ არ დაგვეხმარება ან ვერ დაგვეხმარება. ადგურ არძინბამ პირდაპირ თქვა, თუ საქართველომ ჩვენზე თავდასხმა მოინდომა, ჩვენ მის წინააღმდეგ მარტონი ვიქნებითო. ეს სიტყვა "მარტონი"” არის მთავარი განხილვის თემა აფხაზურ საზოგადოებაში. გამოდის, რომ რუსეთი თავის სამოკავშირეო ხელშეკრულებას არ შეასრულებსო. აფხაზეთში განლაგებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-7 სამხედრო ბაზა, რაშიც შედის ოჩამჩირის საზღვაო სეგმენტი, ასევე გუდაუთის სამხედრო-საჰაერო სეგმენტი, იგივე ბომბორას აეროპორტი და ელექტრონული დაზვერვის სეგმენტი, რომელიც გუდაუთაში საბჭოთა დროიდანაა განლაგებული და ელექტრონული დაზვერვის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი. ის პრაქტიკულად მუშაობს მთელი შავი ზღვის აკვატორიაზე და პლუს საკმაოდ ვრცელ სივრცეს მოიცავს აღმოსავლეთისკენაც. ასევე არის ეფ-ეს-ბეს სადაზვერვო სამსახურიც და მესაზღვრეების საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობა. ახლა ამ შემადგენლობების რაოდენობა შემცირებულია, ტექნიკის თვალსაზრისით ეს კარგად ჩანს, სერიოზული სამხედრო ტექნიკა უკრაინაში საომრად წაიღეს. უახლოესი ტანკებიდან მხოლოდ 2 ცალია დარჩენილი. მას შემდეგ, რაც ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა გაფუჭდა, ტექნიკის რაღაც რაოდენობა ისევ შეავსო, თუმცა ომამდელი რაოდენობა მაინც არ არის. სოციალურ ქსელებში სამიზნედ განიხილავენ სოხუმის აეროპორტსაც, თუმცა ეს უფრო პროპაგანდაა, ხალხის დაშინებისთვის. ოპოზიციური განცხადებების მთავარი პათოსია, რომ "ხელისუფლება” არ გვივარგა და რუსეთიც არ დაგვეხმარება, კრემლი ჩვენი მტრის წინააღმდეგ ღვთის ანაბარა დაგვტოვებს". მტერი კი ცალსახად არის საქართველო. უკრაინა არის რუსეთის მტერი და არა აფხაზეთის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულებით აფხაზეთის მტერიც გამოდის და თანაც, აფხაზებს საკმაოდ სერიოზული რაოდენობის მებრძოლები ჰყავთ დაღუპული უკრაინასთან ომში. თავად აღიარეს, რომ 2014 წლიდან დღემდე 60 აფხაზი მებრძოლია დაღუპული, თუმცა უკრაინის მტრად გამოცხადება, ეს არ არის აქტუალური. ამ ბოლო დროს დაღუპულების ციფრებს ატრიალებენ და ამბობენ, რომ ამხელა მსხვერპლის მიუხედავად, ექსტრემალურ სიტუაციაში არავის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. თუმცა ეს ტყუილია, რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს აფხაზეთს ასე მარტივად საომარი ვითარების შემხვევაშიც კი. იმიტომ კი არა, რომ აფხაზებზე გული შესტკივა, არამედ იმიტომ, რომ აფხაზეთის ტერიტორია სჭირდება. თუმცა აფხაზური ოპოზიციისთვის პროპაგანდისტული თვალსაზრისით ასეთი განცხადებები საჭიროა და ირიბად ეს დამტკიცდა კიდეც - უკრაინული დრონების შემოტევის დროს არ იმუშავა საჰაერო თავდაცვამ, რომლის ნაწილები აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ეკატერინე ბასილაია