კარლოს კაიზერი - ყველაზე დიდი საფეხბურთო აფერისტი
ბრაზილიელი ბიჭი დიდი ოცნებებით, 20 წლის განმავლობაში არაერთ ცნობილ საფეხბურთო კლუბთან გაფორმებული კონტრაქტები და არც ერთი გოლი ანგარიშზე - ასეთია კარლოს ენრიკე რაპოზო, თუმცა "რაპოზო" პასპორტში ეწერა, თავად ითხოვდა, რომ არც მეტი არც ნაკლები, კარლოს “კაიზერი” დაეძახათ. ფსევდონიმი კი ბეკენბაუერის პატივსაცემად დაირქვა.
მოგითხრობთ კარლოს კაიზერის საფეხბურთო ისტორიას - ფეხბურთელის, რომელსაც ფეხბურთის პროფესიონალურად თამაში არ შეეძლო, თუმცა წარმატებული კარიერის აწყობაში ქარიზმა და გონებამახვილობა დაეხმარა.
ფეხბურთი ბრაზილიაში ერთ-ერთი გზა იყო ცხოვრების სიდუხჭირისგან თავის დასაღწევად. პატარა კარლოსსაც, რომელიც ღარიბ ოჯახში დაიბადა, სურდა პროფესიონალი ფეხბურთელი გამხდარიყო და მიზნიდან არც არასდროს გადაუხვევია, მაშინაც კი, როცა გააცნობიერა, რომ საფეხბურთო უნარებით დაჯილდოებული არ იყო.
15 წლის იყო, როდესაც კლუბ "ბოტაფოგოს" აკადემიაში მივიდა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ყველა ხერხს მიმართა, რომ დიდ ფეხბურთში თავისი ადგილი დაემკვიდრებინა, ამიტომ ცდილობდა დამეგობრებოდა ბრაზილიური ფეხბურთის იმდროინდელ ამომავალ ვარსკვლავებს: რომარიოს, რიკარდუს, როშას, ბრანკოს. როდესაც ისინი კლუბებთან კონტრაქტებს დებდნენ, კაიზერი მათ კლუბის ხელმძღვანელებთან რეკომენდაციის გაწევას სთხოვდა და ისინიც მწვრთნელებს არწმუნებდნენ, კაიზერისთვის რამდენიმეთვიანი გამოსაცდელი ვადა მიეცათ. კონტრაქტის გაფორმების შემდგომ კი გეგმის სხვა ნაწილზე გადადიოდა - ფორმაში ჩასაყენებლად მწვრთნელს დროს სთხოვდა, სინამდვილეში კვირების განმავლობაში დროს გართობაში ატარებდა - დადიოდა წვეულებებზე, ეცნობოდა ქალებს და ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ტიტულით სარგებლობდა.
კაიზერი საკუთარი თამაშის ტაქტიკაზე წერდა: "ჩემს თანაგუნდელებს თამაშისას ვთხოვდი ჩემთვის პასი მოეცათ, ბურთს შორს ვაგდებდი, შემდეგ ვამბობდი, რომ ბარძაყის არეში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და მომდევნო რამდენიმე კვირას სამედიცინო ცენტრში ვატარებდი. იმ დროს MRT-ს გადასაღები მოწყობილობა არ არსებობდა, ამიტომ ჩემი ყველას სჯეროდა".
მართლაც, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების დიდი ნაწილი კაიზერს უიღბლო ბიჭად მიიჩნევდა, რომ მას ტრავმებმა სიცოცხლე გაუმწარა. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც კაიზერი ტყუილში გამოუჭერიათ. ჯერ კიდევ "ბოტაფოგოში" თამაშისას იცრუა, თითქოს უცხოურ საფეხბურთო კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ის სულ თან დაატარებდა მობილურ ტელეფონს და ინგლისურად ლაპარაკობდა. თანაგუნდელებს, რომელთა უმეტესობამ უცხო ენა არ იცოდა, ეჭვი არ გასჩენიათ, განსხვავებით ექიმისგან - შხაპის მიღების დროს მან კაიზერის ტელეფონი შეამოწმა და ის... სათამაშო აღმოჩნდა. ექიმი მიხვდა, რომ ფეხბურთელმა სინამდვილეში ინგლისური არ იცოდა, უბრალოდ, ინგლისურ ენაზე საუბრის იმიტაციას ქმნიდა. ამის გამო კაიზერს კლუბის შეცვლამ მოუწია, თუმცა სურვილი, დარჩენილიყო დიდ ფეხბურთში, ისევ ჰქონდა.
საინტერესო იყო კლუბ "ბანგუში" გატარებული წლები. კაიზერი მოულოდნელად გუნდის ძირითად შემადგენლობაში შეიყვანეს. არადა, 25 წლის ფორვარდს ცხოვრებაში გოლიც კი არ ჰქონდა გატანილი, გოლი იქით იყოს და, ერთ ოფიციალურ შეხვედრაშიც კი არ მიეღო მონაწილეობა.
"ბანგუს" ახლად შეძენილი ფორვარდი მუდმივად მკურნალობდა, ოჯახურ პრობლემებს აგვარებდა და ყველაფრით იყო დაკავებული, გარდა ფეხბურთის თამაშისა. არადა, კარლოსის კონტრაქტი იწურებოდა, კლუბის მფლობელს კი ფეხბურთელი მოედანზე ერთხელაც არ დაუნახავს.
"ბანგუმ" მატჩის დაწყებისთანავე 2 გოლი გაუშვა, ნაბახუსევზე მყოფი ფეხბურთელი შიშმა აიტანა. მხოლოდ მოჩვენებითი იმედიღა რჩებოდა, რომ მწვრთნელი მოედანზე ისეთ ფეხბურთელს შეუშვებდა, რომელსაც რეალურად შეეძლო გარდამტეხი ცვლილების შეტანა. თუმცა პრეზიდენტის ლოჟიდან ვიღაც ბიჭმა მოირბინა, კარლოსთან მივიდა და უთხრა, რომ დრო იყო საკუთარი თავი ეჩვენებინა.
"მწვრთნელი მარწმუნებდა, რომ მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე დავჯდებოდი, მაგრამ გუნდი აგებდა და მან მოულოდნელად მითხრა, გახურება დაიწყეო", - იხსენებდა ფეხბურთელი. კაიზერი მოედანზე თუ გავიდოდა, გაირკვეოდა, რომ ფეხბურთის პროფესიონალურად თამაში არ შეეძლო. ამიტომაც რაღაც უნდა მოეფიქრებინა.
"შევამჩნიე, რომ ჩვენი გულშემატკივრები გუნდის მოთამაშეებს შეურაცხყოფდნენ. ღობეზე ავედი და მეც პასუხად ლანძღვა-გინება დავიწყე", - იხსენებს კაიზერი.
კარლოსი ამჯერადაც გადარჩა, მას წითელი ბარათი აჩვენეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოედანზე ვეღარ გავიდოდა.
კლუბის პრეზიდენტმა კასტორ დე ანდრადემ ფეხბურთელს ახსნა-განმარტება მოსთხოვა. კაიზერმაც არ დააყოვნა და სიტუაცია სათავისოდ შემოატრიალა:
"ღმერთმა ჩემი ორივე მშობელი წამართვა, მაგრამ მე აქ მეორე მამა შევიძინე - ეს თქვენ ხართ - დაიწყო კარლოსმა აღსარება, ამიტომ, როცა ამ გარეწრებმა თქვენი შეურაცხყოფა დაიწყეს, ვერ მოვითმინე და გმირულად ავვარდი პასუხის მოსათხოვად! მაპატიეთ, თუ იმედები გაგიცრუეთ. მეტ პრობლემას აღარ მოგიტანთ, ჩემი კონტრაქტი ისედაც იწურება..."
ამ სიტყვებმა დე ანდრადეზე ისე იმოქმედა, რომ მან კაიზერს მომდევნო ექვსთვიანი კონტრაქტი გაუფორმა.
მომავალ 6 თვეშიც, რა თქმა უნდა, ფორვარდს შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია. ინტერნეტში გავრცელებულია ერთადერთი ვიდეო, სადაც მას გოლი გააქვს, თუმცა ეს ფეიკია, ისევე როგორც მთელი მისი კარიერა.
სხვა ბრაზილიელი ფეხბურთელების ევროპის კლუბებთან გაფორმებული კონტრაქტები მასაც უჩენდა სურვილს, კარიერა ევროპაში გაეგრძელებინა და ერთ დღესაც კონტრაქტი ფრანგულ კლუბ "გაზელეკთან" გააფორმა. მის "ტრიუკებზე" ფრანგული "აიაჩოც" წამოეგო. "ლეგენდარული ბრაზილიელი მეფის" პრეზენტაციაზე ასობით გულშემატკივარი მოვიდა. ფანებმა კარლიტოს ფილიგრანული ტექნიკის ჩვენება მოსთხოვეს. ფეხბურთელი ბურთებთან მივიდა და მოულოდნელად ყველა მათგანი ფანებს გადაუგდო. ამან გულშემატკივრები მეცხრე ცაზე აიყვანა - "ცოცხალმა ლეგენდამ" მათ ბურთები აჩუქა. ასე ეშმაკურად აირიდა მორიგი შერცხვენა თავიდან.
კლუბ "გაზელეკის" შემადგენლობაში კაიზერი კიდევ რამდენიმე წელი იყო, ვიდრე რიო-დე-ჟანეიროში დაბრუნდებოდა.
წარმატება ყოველთვის არ არის დამოკიდებული ნიჭსა და ტექნიკურ ოსტატობაზე, ზოგჯერ მას ქარიზმა, გამჭრიახობა და მომენტების სწორად გამოყენებაც განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ კარლოს კაიზერს პროფესიონალური ფეხბურთის სათამაშო უნარები არ ჰქონდა, მან შეძლო წარმატებული კარიერის შექმნა.
კარლოსი დღეს ქალების ფიტნესინსტრუქტორია. გართობა, ფლირტი, სექსუალური ურთიერთობები - ეს ყველაფერი მისთვის კვლავ აქტუალურია.
ნიკოლოზ თევდორაშვილი