ცხელი ზაფხულის "წინასწარმეტყველება" ანუ ემუქრება თუ არა საქართველოს გაუდაბნოება - "ბევრი დრო არ გვაქვს, რომ წყალი და სიცოცხლე მივცეთ ჩვენს მიწას"
იყო თუ არა საქართველოში ისეთი ცხელი ზაფხული, როგორიც ამჟამად გვაქვს? მეცნიერულად მტკიცდება, რომ უფრო ცხელიც ყოფილა. იმ დროს, რომელსაც ისტორიკოსები შუა საუკუნეებად იცნობენ, ევროპა-აზიაში სწორედ კლიმატური დათბობა ყოფილა, ოღონდაც მოკლე. თუმცა მან, მაგალითად, კავკასიონზე თოვლი იმდენად დაადნო, რომ მყინვარის მწვერვალამდე 250 მეტრში, იქ, სადაც ახლა ყინულის საფარია, ქართველებმა ტაძარიც კი ააშენეს. არადა, სწორედ მაშინ დადგა ჩვენს ქვეყანაში "ოქროს ხანად" წოდებული დრო. შესაბამისად, იყო მაქსიმალურად განვითარებული ეკონომიკა, რაც წყლის გარეშე ვერ იქნებოდა. თუმცა ქვეყანას გავარვარებული კლიმატის ნამდვილად არ შეშინებია და ისეთი სარწყავი სისტემა ააწყო, რომ მისი ნაშთი და კვალი დღემდე მოგვყვება. ლეგენდარული თამარის არხების ნაშთებზე დღესაც არის ქართული სარწყავი სისტემები. ეს არხები ისეთ ადგილებშიც იყო, რაც დღეს წარმოუდგენლად მიგვაჩნია. არადა, როგორ გვჭირდება, უკვე დასავლეთ საქართველოშიც, რომელიც თითქოს არ საჭიროებდა სარწყავს, დღეს კი სიცხის გამო იქ ყველაფერი ხმება და მაცოცხლებელ წყალს ნატრობს. როგორი ცოდნა გვქონდა სარწყავი არხების მოწყობაში და არის თუ არა შეუძლებელი იმავეს გაკეთება, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს მაია კუპრავიშვილს ვესაუბრეთ.
- მძიმე გვალვებია და განსაკუთრებით გაჭირდა იქ, სადაც სარწყავი წყალი არა გვაქვს. უჭირს დასავლეთ საქართველოს, სადაც თითქოს აქამდე არხების საჭიროება არ იყო. ამ მდგომარეობის შეცვლა როგორ შეიძლება? მით უფრო, როცა სარწყავი არხების მოწყობის დიდი ისტორიული გამოცდილება გვაქვს.
- არხების გაყვანა მხოლოდ თამარის დროში არ დაწყებულა. ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი პირველ საუკუნეში წერდა, საქართველო უფრო მეტად მდინარეებითა და სხვა წყლებით ირწყვება, ვიდრე თვით ბაბილონი და ეგვიპტეო. ძალიან დიდი სამონასტრო მშენებლობები თამარამდე რამდენიმე საუკუნით ადრე გვქონდა და როგორ ფიქრობთ, იქ წყლის გაყვანილობის ტექნიკას არ გამოიყენებდნენ?! დღესაც არაერთ ძველ ეკლესია-მონასტერში შეხვდებით თიხის არხების ნაშთებს, რომელთა ხარისხის დარ კერამიკას ვეღარ ვაკეთებთ.
- პირადად მინახავს მსგავსი მზოვრეთის მონასტერში, სადაც 3 კილომეტრით დაშორებული მთიდან ყოფილა წყალი გამოყვანილი. სხვათა შორის, მონასტრის ბერობამაც წყალი ამავე გზით დაიბრუნა. ეს ისეთი მანძილია, რომ ადვილად შეიძლება წარმოიდგინო, რა კოლოსალური ენერგია იხარჯებოდა საქართველოს გასარწყავებაში.
- ვინაიდან სხვა ტექნიკური საშუალებები არ იყო, წყალგაყვანილობა ისე კეთდებოდა, რომ წყალი თვითდინებით მოძრაობდა, გზადაგზა კი კერამიკის წყალსაცავებიდან ივსებოდა. ამას, შრომასთან ერთად, უზუსტესი მათემატიკური გათვლებიც სჭირდებოდა და ამ ამოცანას ბრწყინვალედ ასრულებდნენ. მაგალითად,
თამარის მეფობის დროს მდინარე არაგვიდან გავიდა 20 კმ სიგრძის არხი, რომელიც სოფელ ჟინვალიდან იწყებოდა და რწყავდა გარდაბნის ველს, საგურამოს, ავჭალისა და თბილისის ზემო მინდვრებს. თამარის ბრძანებით გაკეთდა 119 კმ სიგრძის ალაზნის, ტირიფონის, რუის-ურბნისის არხები. წარსულს, რა თქმა უნდა, არ უნდა მივტიროდეთ, მაგრამ როდესაც გამოცდილება გვაქვს, მისი გამოყენება და ამუშავება ნამდვილად შესაძლებელია, მათ შორის დასავლეთ საქართველოშიც. სადაც აქამდე არხების საჭიროება თითქოს არ იყო. საჭიროა დათვლა და მოფიქრება, სად რა წყალი გვაქვს, სად ჩამოდის მდინარეები, რომლებიდანაც საცავი გაკეთდება, რა ოდენობის წყალი დაიხარჯება. შესაძლებელია არხები ისე გაკეთდეს, რომ წყალმა თვითდინებით იმოძრაოს და ნაკლები დანახარჯი იყოს. აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც სარწყავი არხები ვერ სწვდება, იმ სოფლებში წყალი და მოსავლის მოყვანა ძალიან ჭირს. გულსაკლავია, როდესაც ამდენ გადახრიოკებულ მინდვრებს უყურებ.
ახმეტაში მაქვს სოფელი, სადაც სარწყავი წყალი არ არის, ვინც ვერ ახერხებს ბაღჩა თუნდაც ონკანის წყლით მორწყას, იქაურობა სულ გადაუხმა. კი ფერმერები წვეთოვან სისტემას აყენებენ, მაგრამ გლეხებმაც ხომ უნდა მოიყვანონ მოსავალი?! მშრომელ კაცი წვიმის მოლოდინში ცას მისჩერებია და მხოლოდ იმას ითხოვს, რომ წყალი ჰქონდეს.
უპირველესად სახელმწიფოს საზრუნავია, როგორ მოიყვანოს გლეხმა მოსავალი და როგორ გამოკვებოს მოსახლეობა. თამარის დროს მოსახლეობა დაახლოებით 12 მილიონი კაცი იყო და ამდენ ხალხს სახელმწიფო როგორ არჩენდა, სარწყავი არხები რომ არ ჰქონოდა. თუ წყლის გამოსაყვანი მასალა და ცოდნა იყო, ე.ი. წყალიც ყველას ჰქონდა. აბა, მოსახლეობა საარსებო პროდუქტს საიდან მიიღებდა?! ისტორიის ამ პერიოდში, ცხადია, საკვებს ვერც თურქეთი მოგვაწვდიდა და ვერც სხვა ქვეყანა. ჩვენი საკმარისი ჩვენვე უნდა გვეწარმოებინა, გაგვქონდა კიდეც.
ტყუილია, რომ აბრეშუმს სხვა ქვეყნებიდან ვიღებდით, არა, თავად ვქსოვდით და იმპორტზეც გაგვქონდა. აბრეშუმის ჭიისთვის თუთის ხეები იყო საჭირო, რომელიც ვერ იხარებდა წყლის გარეშე, თანაც აღმოსავლეთ საქართველოში, საიდანაც აბრეშუმი გადიოდა.
ამჟამად გაცილებით მკვეთრად შეიცვალა კლიმატი, თორემ გასარწყავების პრობლემა დასავლეთ საქართველოში ნაკლებად იდგა. ზღვასთან სიახლოვის გამო აქ გრუნტის წყლები მიწის ზედაპირთან ძალიან ახლოსაა, ზოგჯერ 2-3 მეტრამდეც კი. ამიტომაც სასმელი წყალი სულ იყო. მოსახლეობა დღესაც ხშირად სარგებლობს ჭებით.
- დღეს დასავლეთ საქართველოშიც აუცილებელია სარწყავი არხები. როგორ მოხერხდება ეს მთაგორიან ტერიტორიებზე?
- სადაც არის მდინარე, სარწყავი სისტემის მოწყობა ყველგან არის შესაძლებელი, მით უფრო, რომ სადღეისოდ ამისთვის დიდი საშუალებებია, ოღონდ ამას სჭირდება გონებით მუშაობა და ნება. ბევრი რამ უნდა გამოითვალოს, მათ შორის ისიც, მოცემული წყლის მარაგი ზაფხულში შრება თუ ისევ იმ ოდენობით რჩება, რამდენიც სხვა დროს არის. უნდა განისაზღვროს, წყალი ხევებზე როგორ გადმოვა და ა.შ. სხვათა შორის, რა ოდენობის წყალი გვჭირდება წყალსაცავებში, იმაზეც არის დამოკიდებული, რა კულტურების მორწყვა გვსურს გზადაგზა. მაგალითად, სიმინდს სხვა ოდენობის წყალი სჭირდება, ვიდრე ბაღჩეულობას და ა.შ. ეს კარგად იციან მელიორაციის სპეციალისტებმა.
საბედნიეროდ, საქართველო ისევ წყალუხვ ქვეყნად ითვლება და კავკასიონიც შედარებით ნელი ტემპით დნება, ვიდრე დედამიწის უკიდურესი პოლუსები. თუმცა დათბობის პროცესი ყველას მეტ-ნაკლებად გვეხება და სადაც საშველია, ახლავე უნდა ვუშველოთ. მხოლოდ სარწყავი არხების აგებაც არ არის საკმარისი, მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, რომ წყლის ყაირათიანი ხარჯვა ისწავლოს. ვიღაცას ჰგონია, მიწას რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა დაასხას, რომ მოსავალი კარგად მოვიდეს. არადა, ზედმეტი წყლის მიშვება უარესია, რადგან ნიადაგს ამლაშებს, მერე ის მარილები მიწის ზედაპირზე ამოაქვს და მცენარეულობას სპობს. სხვათა შორის, წვეთოვანი სარწყავი სისტემა წყლის მხოლოდ 5%-ს ხარჯავს, როდესაც ჩვეულებრივი მორწყვით დანახარჯი 60%-ია.
ხეტყის გაჩეხა რომ წყაროებს აშრობს, ბევრმა ესეც არ იცის. დედულეთი რაჭაში მაქვს, იქ მშვენიერი წყარო გვქონდა, როდესაც ამ ტერიტორიაზე ხეტყე გაჩეხეს, ხეების გაქრობასთან ერთად წყაროც გაქრა!
მოკლედ, დრო არც ცოტა, მაგრამ არც ძალიან ბევრი გვაქვს იმაზე დასაფიქრებლად, რომ წყალი და სიცოცხლე მივცეთ ჩვენს მიწას. რაც უფრო მალე, მით უკეთესი.