სოფელ ზველის ქვეშ ჩამარხული 43 საუკუნე ანუ უნიკალური ქართული აღმოჩენის საიდუმლო - კვირის პალიტრა

სოფელ ზველის ქვეშ ჩამარხული 43 საუკუნე ანუ უნიკალური ქართული აღმოჩენის საიდუმლო

სულაც რომ არაფერი გვსმენოდეს სოფელ ზველის შესახებ, საკმარისია ვთქვათ, რომ ის აპინძაში, რაბათის ტერიტორიაზეა და მაშინვე ცხადი გახდება, რაც მან გადაიტანა - მარადიულ საომარ ადგილად ქცეულ ამ მიწაზე არასოდეს შეწყვეტილა სიცოცხლე. ეს რომ ასეა, ყველაზე კარგად არქეოლოგებმა იციან. ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი გიორგი ბედიანაშვილი ავსტრალიელებთან ერთად ამჯერადაც სოფელ ზველში ასეთ "მარადიულ" დასახლებაში მუშაობს: თანამედროვე სოფლის ქვეშ დაახლოებით 43 საუკუნის წინანდელ სოფელს თხრის.

რატომ ირჩევდა ათასობით წლის განმავლობაში ხალხი ერთსა და იმავე ადგილს საცხოვრებლად, ეს მეცნიერებისათვის სულაც არ არის საიდუმლო: ადამიანი ტყუილად არსად დასახლდება: მას ეს ადგილი ან სანადიროდ უნდა მოსწონებოდა, ან თავდასაცავად, ან საკვებით. სამცხე-ჯავახეთში და მათ შორის, სოფელ ზველში ეს ყველაფერი ერთად იყო. ჩვენი შორეული წინაპრებიც ამიტომ არ ტოვებდნენ ამ ადგილს, მიუხედავად იმისა, რომ აქაურობაზე თვალდადგმულ მტერს სულ ებრძოდნენ და ხშირად სიცოცხლის ფასადაც. მოგვიანებით აქ ისწავლეს, როგორ აეშენებინათ ციხეები და მიწისქვეშა ქალაქები იმ ქვებით, რომელთა აწევა მხოლოდ ციკლოპური ძალის ადამიანებს შეეძლოთ. სად გაქრნენ ეს ციკლოპები, არ ვიცით, მაგრამ თავიანთი კვალი აშენებულშიც დატოვეს და ყორღანებშიც. "რაც უფრო მეტია ყორღანი, მით უფრო მდიდარი იყო საზოგადოება, ასე ფიქრობენ არქეოლოგები. მე დავამატებდი: რაც უფრო მეტი სელი, კანაფი, ნემსი, მახათი და საქსოვი დაზგა ჰქონიათ, მით უფრო განვითარებული ყოფილა საზოგადოება, რომელსაც თავისი ნაწარმი უცხოეთში გაჰქონდა" - ასე წერს სტრაბონი, რომელმაც კოლხები პირველ საუკუნეში ნახა და განცვიფრდა მათი მშვენიერი სელის ტანსაცმლით. ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენს წინაპრებს მხოლოდ სტრაბონის დროს კი არა, 23 საუკუნით ადრეც "მშვენიერი და ლბილი" ბამბის ქსოვილის სამოსი ეცვათ. სოფელ ზველის გათხრების დროს არქეოლოგ გიორგი ბედიანაშვილის ხელმძღვანელობით 43 საუკუნის წინანდელი ბამბის ქსოვილის ნაშთი იპოვეს.

- ბატონო გიორგი, როდესაც თითქმის 5000 წლის წინანდელ სამცხე-ჯავახეთის აღმოჩენებს ეცნობი, მხოლოდ უნდა გაიოცო­, რომ ამხელა სიმდიდრე გვქონია: მდიდრული ყორღანები, მარცვლეულის მეურნეობა, ბრინჯაოს იარაღები... ვინ იყო ეს ხალხი, ან ბამბა როგორ აღმოჩნდა ჩვენთან?

- სწორედ ზველის მიმდებარედ არის აღმოჩენილი 12 ყორღანი. ეს ეპოქისათვის მდიდრული გორასამარხებია, სადაც დაკრძალვის პატივი მდიდრებს მიეგებოდა და შესაბამის ნივთებსაც თან ატანდნენ. ყორღანები ნამდვილად ნიშნავს, რომ საზოგადოება სოციალურად უკვე დაყოფილია და თან განვითარებული. ეს რომ ასეა, ჩვენი აღმოჩენებიც ადასტურებს: პრიალა კერამიკის ნაირფერი ჭურჭელი, შრომის იარაღები, საკერავი და საქსოვი ძვლის ნემსები. დაახლოებით 43 საუკუნით ადრე ამ ხალხს ჰყავდა პირუტყვი, მისდევდა სოფლის მეურნეობას,Q ქსოვდა, კერავდა და ა.შ. სხვათა შორის, ეს იარაღები იმასაც გვიდასტურებს თავისი მტვრით, რომ არა მარტო ქსოვდნენ და კერავდნენ, ამ იარაღებით ამუშავებდნენ სელის, კანაფის და ბამბის პროდუქციასაც. ამ პერიოდის ბამბის კვალი, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, პირველი შემთხვევაა კავკასიაში. თუმცა ბამბის ნედლეული, სავარაუდოდ. იმპორტად შემოჰქონდათ. არსად ფიქსირდება, რომ ჩვენ ამ დროს ბამბა მოგვყავდა.

- საიდან შემოჰქონდათ?

- სავარაუდოდ, ინდოეთიდან, რადგან ამ ეპოქაში სწორედ ინდოეთია დაფიქსირებული ბამბის დიდ მწარმოებლად. სხვათა შორის, ბოჭკოს ქსოვილებზე შეღებვის კვალიც არის.

- ძველი ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი წერდა, კოლხები ძალიან ლამაზები არიან თავიანთ სელის ტანსაცმელში, რომელსაც ყიდიან კიდეცო. აღებ-მიცემობა უკვე გვქონია 43 საუკუნის წინ, უკვე დავდიოდით მსოფლიოში ზღვით თუ ხმელეთით. კიდევ რა აღმოჩენები გვაქვს ზველში?

- რა თქმა უნდა, ნასახლარის, საცხოვრებლების ნაშთები, რომლებიც კვადრატული ფორმის სადგომებია. მათში გაბნეულია ამ პერიოდის არაერთი ცხოველის კერამიკული ფიგურა, ზოგიც სარიტუალო, რომლებიც ამ ხალხის დამოკიდებულებას გამოხატავს სამყაროსთან. ეს აჩვენებს, რომ ეს ხალხი კარგად ფლობდა კერამიკულ ხელობას, აწარმოებდა ბრინჯაოს, გარდა ამისა, ხნავდა და თესავდა ქერსა და ხორბალს. თუმცა ამის აღმოჩენა…გასაკვირი არ არის, ჩვენში ხორბლის თუ ყურძნის წიპწების მტვრის გაცილებით ადრეული აღმოჩენებია.

საზოგადოების მსგავს განვითარებას ყოველთვის ხელს უწყობს ტერიტორიის მდებარეობა და საარსებო საშუალებები, რაც ამ მიწაზე ყოველთვის უხვად იყო.