"მკაცრ, მძიმე ხასიათის ადამიანად ითვლებოდა... ახლაც რომ ვთამაშობ, თითქოს ანგარიშს ისევ მას ვაბარებ"
მსახიობები კახა მიქიაშვილი და ლევან ყოჩიაშვილი იმ პიროვნებებს იხსენებენ, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს მათზე...
კახა მიქიაშვილი: - შალვა გაწერელია მხოლოდ ფენომენალური რეჟისორი კი არა, ასეთივე ადამიანი იყო. დღეს ჩვენ გვერდით აღარ არის, მაგრამ ის ჩემს გულსა და მეხსიერებაში სულ იქნება, როგორც თეატრის უდიდესი მოღვაწე.
მკაცრ, მძიმე ხასიათის ადამიანად ითვლებოდა. სხვა პედაგოგები ეუბნებოდნენ, ასეთი მკაცრი ხარ და მაინც როგორ ახერხებ ყველა სტუდენტი შენზე გიჟდებოდესო? პროფესიაში იყო უკომპრომისო, თავგადადებული და თავის საქმის მოყვარული. ბევრი გაჭირვება ჰქონდა ნანახი და საოცარი გვერდში დგომა იცოდა. სტუდენტებისთვის მისი ცხოვრების წესი, ურთიერთობები ყველაზე დიდი სკოლა იყო.

- შალვა გაწერელიაზე მისი სტუდენტები ყოველთვის სიყვარულით და აღფრთოვანებით საუბრობთ, თავად ჩრდილში ყოფნა უყვარდა?
- არ უყვარდა, როცა აქებდნენ. არასდროს ზრუნავდა, საკუთარი პიროვნება წინ წამოეწია, დღეს მისი სახელი სათანადოდ თუ არ არის ცნობილი და დაფასებული, შესაძლოა იმის ბრალიცაა, რომ ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა.
რობერტ სტურუა რომ გაუშვეს თეატრიდან, მაშინ იყო ზარი ბატონ შალვასთან. ვინც ურეკავდა, გაეცნო და შესთავაზა, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გამხდარიყო... ასეთ დიდ შეთავაზებაზე წამითაც არ დაფიქრებულა, მაშინვე უპასუხა, მეორედ აღარ დამირეკოთო...

ერთ შემთხვევას გავიხსენებ: რეპეტიცია გვქონდა, ბატონები გიზო ჟორდანია (მაშინ თეატრალურის რექტორი იყო და ბატონი შალვას ბავშვობის მეგობარი) და კოტე მახარაძე ნახევარი საათი იდგნენ კართან და ელოდნენ, როდის დასრულდებოდა რეპეტიცია. არ დააკაკუნეს, ვერ გაუბედეს... თეატრალურში ჩაბარება მის ძალიან ახლობელს რომ ნდომოდა, პოტენციალს თუ ვერ დაინახავდა, არ მიიღებდა, ეს გამორიცხული იყო. ამბობდა, არ მაქვს უფლება, ადამიანს მომავალი დავუნგრიო და დავღუპოო. დიახ, დაღუპვად მიაჩნდა ისეთი ადამიანის თეატრალურში მოხვედრა, რომელსაც სამსახიობო მონაცემი არ ჰქონდა. მეტსაც გეტყვით, სტუდენტებს პირველ კურსზე რომ აიყვანდა, მეოთხე კურსამდე ყველა ვერ მიდიოდა. პირდაპირ ეუბნებოდა, ეს თქვენი საქმე არ არისო...
სიცოცხლის ბოლო დღეებში საავადმყოფოში იწვა, ძალიან მძიმედ იყო და რაც უნდა მომხდარიყო, მან ყველაზე კარგად იცოდა, ვიცოდით ჩვენც... საავადმყოფოს წინ მსახიობების არმია ფეხს არ იცვლიდა, ექიმები გაკვირვებული კითხულობდნენ, ეს კაცი ამისთანა ვინ არის, ყველა ცნობილი სახე აქ რომ არისო? სანახავად რომ შევდიოდით, სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა და მაშინაც კი პროფესიაზე გველაპარაკებოდა, რჩევებს გვაძლევდა... ეს საოცრება იყო.
ძალიან გამიმართლა, რომ გარდა იმ 4 წლისა, რომელიც მისი სტუდენტის სტატუსით გავატარე, რამდენიმე ადამიანი გამოგვარჩია და დაგვიმეგობრა...
ჩემთვის შალვა გაწერელია იყო ნომერ პირველი შემფასებელი, როცა პრემიერას ვთამაშობდი. ახლაც რომ ვთამაშობ, მიუხედავად იმისა, ვიცი, ბატონი შალვა დარბაზში აღარ ზის, თითქოს ანგარიშს ისევ მას ვაბარებ, ეს განცდა პროფესიაში სულ მექნება, სულ ვიქნები მასთან ვალში და ვიგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას. არ მინდა, მისი სახელი როდესმე შევარცხვინო.
თამუნა კვინიკაძე