„სცენიდან ყველაფერი არაჩვეულებრივი უნდა იყოს და - არაფერი ჩვეულებრივი...“ - კვირის პალიტრა

„სცენიდან ყველაფერი არაჩვეულებრივი უნდა იყოს და - არაფერი ჩვეულებრივი...“

ლევან ყოჩიაშვილი: - რეჟისორი თემურ ჩხეიძე ის ადამიანია, რომელმაც ჩემზე უდიდესი გავლენა მოხდინა, როგორც­ პიროვნებამ და როგორც პროფესიონალმა. მასთან შეხვედრის ბედნიერება მქონდა ჩემი პროფესიის საწყის ეტაპზე - თემურ ჩხეიძის სახელოსნოში რეჟისორების ჯგუფმა დადგა სპექტაკლი, რომელშიც მეც ვთამაშობდი. თემურ ჩხეიძის გვერდით ყოფნა ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, ცოტათი დაბნეულიც ვიყავი. დამწყებ რეჟისორებს ეხმარებოდა, ასწავლიდა, არიგებდა. მისი მოსმენა ერთი ბედნიერება იყო.

რამდენი წელი გავიდა და მისი ფრაზები­ დღესაც ამომიტივტივდება ხოლმე გონებაში.­ ყოველთვის გულისყურით ვუსმენდი, გადმოცემის საოცარი უნარი ჰქონდა. სულ გვეუბნებოდა - ამბის მოყოლას უნდა დაეჩვიოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გახსოვდეთ, არ უნდა იყოს უბრალო და ჩვეულებრივი, მაყურებელს სანახაობა უნდა შესთავაზოთ, სცენიდან და ეკრანიდან ყველაფერი არაჩვეულებრივი უნდა იყოს და - არაფერი ჩვეულებრივიო... მისი დამოკიდებულება და თავგანწირვა საქმისადმი სამაგალითო იყო. სხვადასხვა როლზე მუშაობისას სულ მახსენდებოდა მისი დარიგებები და ძალიან მეხმარებოდა...

ერთი სასწაული თვისებაც ჰქონდა, მის გვერდით გქონდა განცდა, რომ შენ იყავი ყველაზე ძლიერი, რადგან გენდობოდა და ამით თავდაჯერებულობას გმატებდა. მიდგომა, რომ შენ ყველაფერი შეგიძლია, უდიდესი სტიმული იყო, თითქოს შენს თავში ახალ აღმოჩენებს გაკეთებინებდა, ახალ შესაძლებლობებს გიხსნიდა.

ბატონი თემური იყო ძალიან თავშეკავებული, თავმდაბლობით გამორჩეული. ეს დიდი ადამიანების თვისებაა. ამბობდნენ, თემურ ჩხეიძესთან მუშაობა ადვილიაო, მაგრამ მთლად ადვილიც არ იყო. ძალიან კარგად უნდა გაგეგო, რას გეუბნებოდა.

saxelosnoshi-chxeizestan-mushaobisas-1754863478.jpg

"მთელი ეზო წითელი ყელსახვევებით იყო მოფენილი"

- ახლა 47 წლის ვარ, 9 აპრილის ტრაგედია რომ მოხდა, სკოლის მოსწავლე ვიყავი. დედოფლისწყაროში ვსწავლობდი, წითელი ყელსახვევები ყველამ მოვიხსენით და სკოლის ეზოში დავაფინეთ. ეს კადრი გონებიდან არასდროს ამომივა. ეს იყო ჩემი და ჩემი თანატოლების პროტესტი! სკოლის ეზოში სამარისებური სიჩუმე იდგა, მთელი ეზო გაწითლებული იყო. მაშინ ბავშვები ბევრ რამეს ვერ ვიგებდით, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის მძაფრი ემოცია, რომელიც კინოდარბაზში დარბევის შემზარავმა კადრებმა გამოიწვია და ნანახმა თავისუფლების წყურვილით აგვავსო...

თამუნა კვინიკაძე