"ვერ გავბედე, ბედი პოლიტიკაში მეცადა, ამის დიდი შანსი არაერთხელ მქონდა"
"რომანტიკოსი ვარ, მაგრამ ცოტათი მორცხვიც. როცა რაღაც რომანტიკულის გაკეთებას ვცდილობდი, მეუღლე სიცილით კვდებოდა... ცოტათი კომპლექსიანიც ვარ", - ამბობს მუსიკოსი დავით ფორჩხიძე.
- დაბადების თარიღი...
- 1974 წლის 28 აგვისტო.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ფეხბურთელი, მაგრამ მოგვიანებით მუსიკისადმი ინტერესი გაცილებით დიდი აღმოჩნდა.
- ჩემზე ამბობენ...
- რაც ასაკში შევდივარ, უფრო დადებითად მახასიათებენ. პატარა რომ ვიყავი, მეგონა, სამყარო ჩემს წინააღმდეგ იბრძოდა. იმასაც ამბობენ, რომ მარტივი ადამიანი არ ვარ.
- თქვენი ხასიათის სირთულე რაშია?
- ყოველთვის ვერ ეწყობი ყველა ადამიანის მოთხოვნილებებს. როცა რაღაცას სხვაგვარად იგებ ან ღებულობ, თვლიან, რომ მძიმე ხარ. მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ აბსოლუტურად ყველასთან კარგად იყვნენ, ეს არ გამოუვათ.
- ჩემი პირველი წარმატება იყო...
- როცა ჯგუფი "სახე" მთელმა საქართველომ შეიყვარა.
- იმ ასაკში დიდმა პოპულარობამ რა გავლენა მოხდინა თქვენზე?
- ვფიქრობ, ჯგუფის სამივე წევრი ადეკვატურობას ვინარჩუნებდით. საზოგადოებაც ისეთი იყო, არ მოგცემდა უფლებას თავი აგეწია, ასე ყველაფერს დაკარგავდი. უბრალოებას და თავმდაბლობას ქართული საზოგადოება თითქოს თავად გასწავლის და გაიძულებს, ამ კუთხით კარგად მომზადებული იყო.
- ჩემი ცხოვრების მთავარი მიღწევა...
- იმედია, წინ მელოდება. დღევანდელი გადასახედიდან მიღწევა არის ის, რომ უსაყვარლესი მეუღლე და ძალიან კარგი შვილები მყავს. გამიმართლა, რომ ჩემმა ქვეყანამ ჩემი ნიჭი აღიარა და სიყვარულით გამანებივრა. არ მაქვს უფლება, ეს საკუთარ თავს მიღწევად არ ჩავუთვალო და მსმენელს მადლობა არ ვუთხრა.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- იუმორის გრძნობა... მაქვს უნარი, როცა ყველა იბნევა, თავი ხელში ავიყვანო.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ჩემს სფეროში ადამიანში ნიჭიერებას თუ დავინახავ, რამეში გამოვადგე. ბოლომდე გულწრფელი ვარ, ამ სიტყვებში ეჭვი არავის შეეპაროს...
- თვისება, რომელიც ჩემში მომწონს...
- თუ რაიმეს ჩავიფიქრებ და მიზნად დავისახავ, შემიძლია, წლობით ვიარო, თუნდაც ძალიან ნელი ტემპით, ავიტანო უწყინარი და მეგობრული დაცინვაც, მაგრამ მიზნამდე აუცილებლად მივალ. ეს თვისება ძალიან დამეხმარა, თუმცა ვთვლი, რომ ყველაფერს ორი მხარე აქვს, რაღაც ნაწილში წინ წამწია, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა საკუთარი თავისთვის მიკითხავს, ახლობლები ამ ყველაფრით ისე დავღალე, მიღირდა?
- თვისება, რომელიც არ მომწონს...
- ზოგჯერ ადამიანების მიმართ სათანადო ყურადღებას ვერ ვიჩენ და მერე ვნანობ. ურთიერთობებით გული უნდა ვიჯეროთ, ცხოვრება ხანმოკლეა.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- მეფიქრა, მდიდარი ვყოფილიყავი. ჩემი ტვინი ამ მიმართულებით არასდროს წასულა, რომ მეფიქრა, იქნებ... ვერ გავბედე, ბედი პოლიტიკაში მეცადა, ამის დიდი შანსი არაერთხელ მქონდა.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- რომ საყვარელ ადამიანებს მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდე. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, სხვის შეცდომებზე მესწავლა, ზოგჯერ ისეთი ბრიყვი ვიყავი, საკუთარ შეცდომებზეც ვერ ვისწავლე.

- პატიება შემიძლია თუ...
- საბედნიეროდ, ჩემს ცხოვრებაში უპატიებელი შეცდომები არავის დაუშვია.
- ვნანობ...
- ვფიქრობ, რაც შემეძლო იმის 30%-ს მივაღწიე, თუმცა ეს ციფრიც ძალიან დიდია. თითქმის არაფრის შეცვლა არ მინდა.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ჩემი პროფესიით მოცული. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მახალისებს. მინდა, მაქსიმალურად დატვირთული გრაფიკი მქონდეს. ჩემი ცოდნით და გამოცდილებით მომავალ თაობას გამოვადგე.
- ყველაზე დიდი სტიმულია...
- ხალხის სიყვარული. მე და ჩემს უფროს შვილს, ნანუკას, სულ გვინდა, ხალხმა ჩვენზე ისაუბროს, ეს დიდი ენერიის მომცემია. ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, ხალხის სიყვარული ძალიან რთული მოსაპოვებელი გახდა. ოჯახში ჩემზე და ნანუკაზე ამბობენ, ესენი ერთმანეთის კლონები არიანო.
- საკუთარ თავზე კონტროლს...
- იშვიათად ვკარგავ, ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა უსამართლობას ვეჯახები.
- სიყვარული ეს...
- არის გრძნობა, რომლის ძალაც ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის. სიყვარულს შეუძლია ავადმყოფის განკურნება, ადამიანის ფიზიკურად გადარჩენა.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- რაღაც უცნაური დამემართა. მერე ცხოვრებამ მასწავლა, რომ ეს ქიმიური პროცესი იყო.
- რომანტიკოსი...
- ვარ, მაგრამ ცოტათი მორცხვიც. როცა რაღაც რომანტიკულის გაკეთებას ვცდილობდი, მეუღლე სიცილით კვდებოდა, მერე ვეუბნებოდი, თანხას მოგცემ და რაც გენდომება, თავად იყიდე-მეთქი. ცოტა კომპლექსიანიც ვარ.
- მაკვირვებს...
- რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ძალიან კეთილები და გაოცებული ვრჩები, როცა იგივე ადამიანები ახერხებენ ძალიან ცუდად მოქცევასაც, როგორ?
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- რომ გითხრა, არ მიხარია-მეთქი, ტყუილი იქნება. შექება აღიარებაა, მიღწევაა, დაფასებაა. ხიბლში არ ვვარდები. 90-იან წლების სიბნელეში ყველა მღეროდა, რომ ეს ქალაქი არის ცივი, ბნელი, შავი... ტექსტები სულ ომსა და დავიდარაბაზე იწერებოდა. შემოვიდა "სახე" და სიმღერა დავიწყეთ სიყვარულზე, "მაპატიე, რომ შენ სხვისი ხარ" და "ახლა შენი დროა"... მსმენელში ოპტიმიზმი, იმედი შემოვიტანეთ, ხალხი ამ პოზიტივს მონატრებული იყო.
- მეშინია...
- საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას არაფერი დაემუქროს. მინდა მშვიდობა იყოს. მეშინია ქაოსის და არეულობის. 6 თვის წინ სიგარეტს ტურბო რეჟიმში ვეწეოდი, წონით 25 კილოგრამით მეტი ვიყავი. ახლა ჯანსაღი ცხოვრების ისეთ პროპაგანდას ვეწევი, მგონი, ადამიანებს თავი მოვაბეზრე.
- ვიტყუები, როცა...
- რაღაცის დამალვა მინდა, მაგრამ ამ საქმეში ძალიან უნიჭო ვარ. ზოგიერთს ტყუილების დიდი არქივი აქვს.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- მინდა თუ არა? არ მინდა! დღევანდელ დათო ფორჩხიძეს უეცრად ძალიან ბევრი ფული რომ მისცე, შეიძლება გაგიჟდეს. მხოლოდ იმდენი მინდა მქონდეს, ჩემი და ახლობლების მნიშვნელოვანი მოთხოვნები დავაკმაყოფილო. სიღარიბე არც ერთ ადამიანს არ სურს.
ახლახან ახალგაზრდების ბანკეტზე ვიყავი, სადაც ყველა მიყვებოდა, რომ ფიქრობდა, დიდი "მაყუთი გაეჭრა". ეს ცუდი არ არის, მაგრამ ჩემთვის მთავარი არასდროს ყოფილა, ამ საქმესაც თავისებური ტვინი უნდა.
ბევრი ფული რომ მქონდეს, ზუსტად ვიცი, მუსიკა იქნებოდა ძალიან განვითარებული და ქველმოქმედებაში დავხარჯავდი.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- დეპრესიაში მყოფი ადამიანის ფიქრები ნეგატიურია, ეს შინაგანად ანგრევს. ამ მხრივ ღმერთმა ფარი მომცა და მეშინია, ეს ფარი არ გამიცვდეს. მამას ჰქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, იმდენად სერიოზული, რომ როგორი იქნებოდა ხვალინდელი დღე, არ ვიცოდით. შიში მქონდა, არ გავგიჟებულიყავი და რაღაცამ მიბიძგა დამეკრა. ჩემი მეუღლე შემოვიდა ოთახში, გიჟი ხომ არ ხარ, ასეთი მდგომარეობაა, რა დროს დაკვრააო. იმიტომ ვუკრავ, რომ არ გავგიჟდე-მეთქი. ჩემი საქმე მაშველი რგოლი აღმოჩნდა და ცუდი ფიქრებიდან თავის დაღწევაში მეხმარება.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- პედაგოგი მყავდა, რომელსაც კუჭზე პრობლემა ჰქონდა, უნიჭიერესი ადამიანი იყო. ერთხელ ვკითხე, ასეთ ახალგაზრდას ეს პრობლემა როგორ გაგიჩნდათ-მეთქი? უცნაური პასუხი გამცა, ბოღმა მახრჩობს, ძალიან ნიჭიერი ვარ, ეს ვერავის გავაგებინე და ჩემში უარყოფით ენერგიად ილექებაო. მაშინ მივხვდი, ჩემი ამბიცია, გავმხდარიყავი წარმატებული მუსიკოსი, მხოლოდ ამბიცია კი აღარ იყო, შესაძლებლობების რეალიზება ჩემი ჯანმრთელობისთვისაც იყო საჭირო. ეს ადამიანი ამბობდა, საქართველოში ყველა ცდილობს, ფული რაც შეიძლება იოლი გზით იშოვოს და ამ გზას ძალიან დიდი ნაწილი ვერ პოულობსო. ადამიანები, რომლებიც ჩემს სფეროში საქმიანობენ, სულ მეუბნებიან, რომ ყოველთვის რთული გზით მივდივარ.
- დაბოლოს გეტყვით...
- დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და წაიკითხეთ. ცხოვრება სავსეა სირთულეებით, მაგრამ უფრო მეტია ნათელი წერტილები, ყველანი მხნედ და ჯანმრთელად უნდა ვიყოთ, წარმატებას გისურვებთ!
თამუნა კვინიკაძე