სნოს არაჩვეულებრივი „გამოფენა“ - კვირის პალიტრა

სნოს არაჩვეულებრივი „გამოფენა“

მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილი ყაზბეგში, სოფელ სნოში ცხოვრობს. ამ ორიგინალურ შემოქმედზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა: ბატონმა მერაბმა მშობლიური სოფლის მისადგომები საგამოფენო სივრცედ აქცია და ღია ცის ქვეშ უნიკალური გამოფენა მოაწყო - დიდი ქართველი მოღვაწეები ქვაში გამოკვეთა. რაზე მუშაობს ცნობილი მოქანდაკე ამჟამად და რას უპირებს ღია ცის ქვეშ გამართულ "გამოფენას" - ამის შესახებ თავად გვესაუბრება:

aaaa-1754864272.jpg

- სნოში დავიბადე და გავიზარდე. მერვე­ კლასამდე მშობლიური სოფლის სკოლაში ვსწავლობდი, მერე კი ვლადიკავკაზში გადავედი, სადაც ქართული სკოლა დავამთავრე. სკოლის დასრულებისთანავე თბილისში ჩამოვედი, უმაღლეს სასწავლებელში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ არ ვიცოდი, საბუთები სად შემეტანა. ალბათ, ბედისწერა იყო, რომ ცნობილი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის მეზობლად მოვხვდი. ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, ძირითადად ასლებს ვაკეთებდი. როგორც ჩანს, მერაბმა ჩემში ნიჭი დაინახა და მოწაფედ ამიყვანა. ბავშვობის ნახატები რომ ვაჩვენე, ძალიან მოეწონა და მითხრა, აბა, ახლა ლეონარდო და ვინჩის ნახატების ასლები გააკეთეო. მეც გავაკეთე და რომ ვაჩვენე, ქანდაკების შექმნა დამავალა. მისი რჩევით სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე. სულ ვამბობ, რომ მერაბ ბერძენიშვილმა გამზარდა, მან ჩემში მომავალი ხელოვანი დაინახა.

ის სულ ამბობდა: თუ ვაჟკაცი არა ხარ, თუ კაცურად არ იქცევი, მოქანდაკე ვერ გამოხვალო. ვინც მოღალატეა და მარტო ფულზე ფიქრობს, ხელოვნებაში არაფერი გამოუვა, ჯერ ადამიანი უნდა იყო და მერე მოქანდაკეო... მეოთხე კურსზე რომ გადავედი, მითხრა, აკადემიას რომ დაამთავრებ, მე და შენ ერთად ვიმუშაოთო. ამ დიდებულ წინადადებას ნებისმიერი სტუდენტი დათანხმდებოდა, მაგრამ მე უარი ვუთხარი. როცა ასეთ ბუმბერაზთან მუშაობ, მისი ხელოვნების გავლენას აუცილებლად იგრძნობ. ყაზბეგში უნდა დავბრუნდე, დარიალის ხეობაში დიდი ქვები მეგულება და მინდა ადამიანებად ვაქციო-მეთქი, გავუმხილე. მახსოვს, ხელი გადამხვია და მაგრად ჩამეხუტა. რასაც მასწავლიდა, ზედმიწევნით ავითვისე: სულ მეუნებოდა, სხვას არ უნდა მიჰბაძო და შენი თავი უნდა იპოვოო. ჩემი უარის მიზეზიც კარგად გაიგო.

bbb-1754864273.jpg

- ამჟამად რა ეტაპზეა სნოში თქვენი "გამოფენა"?

- გადაწყვეტილი მაქვს ყველა ჩემს ქანდაკებას თავი მოვუყარო და იქ მივიტანო. ეს იდეა 30 წლის წინ დამებადა, მაგრამ ამჟამად გაჩერებული ვარ. რატომ? - ადრე ქვები დარიალის ხეობიდან მომქონდა, მაგრამ ახლა ამის უფლება აღარ მაქვს. ახლა მხოლოდ ერთი გზა დამრჩა: თბილისში უნდა ჩამოვიდე და იქნებ რომელიმე ქვის სამტეხლოდან წამოვიღო ქვა, რომელსაც ახალ ქანდაკებად გადავაქცევ. ჩემს "გამოფენაზე" უკვე ნახავთ ვაჟა-ფშაველას, რუსთაველს, ალექსანდრე ყაზბეგს, ფიროსმანს... იმის გამო, რომ მასალა არა მაქვს, დიდ ქანდაკებებს ვეღარ ვაკეთებ, მხოლოდ ესკიზებს ვქმნი. უკვე მაქვს მერაბ კოსტავასა და ერეკლე მეფის ესკიზები. მათ ქანდაკებებსაც სნოში დავდგამ, ჩემს პატარა "მუზეუმში". იქაურობას ხშირად სტუმრობენ უცხოელები, რომლებსაც ქანდაკებები ძალიან მოსწონთ და აინტერესებთ, ვინ არიან ეს ადამიანები. ამით ისინი ბევრ რამეს იგებენ საქართველოზე.

ciq-qvesh-1754864273.jpg

- როგორ არჩევთ ქვას მომავალი ქანდაკებისთვის და რამდენად შრომატევადია ქანდაკების გამოკვეთა?

- თითქოს ბუნება გკარნახობს, რომელი ლოდი ვისი სახის გასაცოცხლებლად გამოდგება. მაგალითად, ალექსანდრე ყაზბეგი ერთ ქვაში დავინახე და მაშინვე მივხვდი, ვისი სახე უნდა გამომეკვეთ. მოქანდაკის შრომა არაფრით ჩამოუვარდება მეშახტისას, რადგან ზოგიერთი ქვა 2-2,5 მეტრია, ოღონდ, როცა საქმე კარგად გამოგდის, ხალისი გემატება, ქვა ცოცხლდება და დაქანცულობა სადღაც ქრება. ქანდაკებაზე მუშაობა იმდენად საინტერესო პროცესია, რომ სიტყვით ვერც გამოვთქვამ, უბრალოდ, ამ დროს შთაგონება აუცილებელია. ნაწვალები და ნაძალადევი არც ნახატი მიყვარს, არც მუსიკა და არც სხვა რამ. საქმე ვაჟას პოემებივით უნდა მირაკრაკებდეს.

wm-1754864273.giorgi.jpg

- როგორ შეარჩიეთ ადგილი თქვენი "გამოფენისთვის"?

- იმ ადგილს თავიდანვე საოცარი ენერგეტიკა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ზვავი ჩამოდიოდა, მაინც გავრისკე და პირველი ქანდაკებები აქ დავდგი. მას შემდეგ ზვავი აღარ ჩამოწოლილა, გლობალური დათბობააო, და თქვენ წარმოიდგინეთ, ბოლო წლებში თოვლიც ცოტა მოდის. ჩემს "გამოფენაზე" უჩვეულო ამბებიც ხდება: ქრისტეს ქანდაკება შუშით გავაკეთე. შიგნით რკინაა, წვიმა რომ წამოვიდა, ეტყობა, დაიჟანგა და ქრისტეს თვალებიდან სისხლი წამოუვიდა. დემეტრე თავდადებულს კი თვალებიდან ცრემლები სდის - ცხადია, ამ ყველაფერს ახსნა აქვს, მაგრამ მაინც ძალიან ემოციურია ჩემთვის.

ყველამ იცის, რომ სნო პატრიარქის სოფელია. რამდენიმე წლის წინ მან კონკურსი გამოაცხადა: მისი წინაპარი, შიოლა ღუდუშაური, გიორგი სააკაძის დროს ჩვენს მხარეში მოურავი იყო. მისი ქანდაკება გავაკეთე და კონკურსში გავიმარჯვე. რასაკვირველია, ასეთი გამარჯვებები შემოქმედს მომავლის იმედსა და მუშაობის სტიმულს აძლევს.

giorgi-1754864273.jpg

- ხშირად სტუმრობთ თქვენს ნამუშევრებს?

- როცა კარგი ამინდია, სულ იქ ვარ, ვმუშაობ და პატარა ქანდაკებებსაც იქვე ვაკეთებ. ეს ყველაფერი ჩემი ხარჯით და რუდუნებით შეიქმნა. ზოგჯერ ვფიქრობ, როგორ მოვახერხე. მომწონს, რომ ყაზბეგის ცის ქვეშ მუდმივი გამოფენაა, რომ ჩემი მშობლიური მხარის სტუმრებს აქ ქვაში გაცოცხლებული საქართველოს ისტორია ხვდება. გამოფენას ყოველ წელიწადს ერთი დიდი ქართველის ქანდაკებას ვამატებ - შარშან ფიროსმანის ქანდაკება დავდგი, იმის წინ - ვახტანგ გორგასლისა. ბუნება მბრძანებელია, ამავე დროს, ყველაზე დიდი მხატვარია და მეც მის კარნახს მივყვები.

ხათუნა ჩიგოგიძე