ტრამპი პუტინის ნაცვლად ზელენსკის „სჯის “ - ამერიკა უკრაინას სრულიად უწყვეტს უფასო სამხედრო დახმარებას
ჩაიარა 8 აგვისტომ, ტრამპის მიერ პუტინისადმი მიცემული „ულტიმატუმის“ ბოლო ვადაც ამოიწურა, თუმცა თეთრ სახლს კრემლისთვის არავითარი მეორადი სანქციები არ დაუწესებია, როგორც ამით იქადნებოდა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი...
სამაგიეროდ, 15 აგვისტოს ალასკაზე ტრამპი და პუტინი პირველად შეხვდებიან (ტრამპის პრეზიდენტად მეორედ არჩევის შემდეგ) პირისპირ და იმსჯელებენ უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხებზე.
მაგრამ უკრაინას რაიმე სასიკეთოს დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს. პირიქით -კიევი შეიძლება დადგეს ურთულესი არჩევნის წინაშე, როდესაც პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ, ტრამპმა ზელენსკისგან მოითხოვოს უკრაინის რუსეთთან სერიოზულ დათმობებზე წასვლა, მათ შორის - უკრაინის იმ ტერიტორიების დათმობაც კი, რომლებიც რუს აგრესორებს... ჯერ ვერც კი დაუპყრიათ...
კრემლის პოზიცია უცვლელია - პუტინი დაჟინებით მოითხოვს მთელი დონბასის გადასვლას რუსეთის ფედერაციის განკარგულებაში და ამის ოფიციალურ აღირებას კიევისგან!
ამ მომენტისთვის რუსეთს დაპყრობილი აქვს უკრაინის ლუგანსკის ოლქის 99% და დონეცკის ოლქის 75%-ი. თუკი ლუგანსკის ოლქთან მიმართებაში ყველაფერი გასაგებია, დონეცკის ოლქში რუს ოკუპანტებს აუღებელი რჩებათ ბოლო მსხვილი უკრაინული ქალაქები -კონსტანტინოვკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი, რაც პუტინის არმიამ, უდიდესი მსხვერპლის მიუხედავად, მეოთხე წელია, ვერ შეძლო.
კრამატორსკისა და სლოვიანსკის დათმობა ნიშნავს, რომ რუსეთი არა მარტო მთლიანად გააკონტროლებს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს, არამედ - მიადგება უკრაინის მორიგ, დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვრებსაც და, დიდი ალბათობით, გააგრძელებს უკრაინის დაპყრობას მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპირომდე...
ამასთან, კრამატორსკისა და სლოვიანსკის აღმოსავლეთ მისადგომებთან უკრაინელები ბოლო სამი წელია, აწყობდნენ რამდენიმე ათეულ კმ-ზე გადაჭიმულ თავდაცვით ზღუდეებს, რომლებმაც, წესით, უნდა შეაჩერონ პუტინის არმიის წინსვლა ამ მიმართულებაზე და თუკი ტრამპი ზელენსკისგან მოითხოვს პუტინის სურვილის ასრულებას და ჯერ კიდევ დაუპყრობელი კრამატორსკისა და სლოვიანსკის უბრძოლველად დათმობას, ,უკრაინელები დაკარგავენ წლობით ნაშენებ ამ მნიშვნელოვან თავდაცვით ზღუდესაც...
მარჩიელობაში არაფერია კარგი და დაველოდოთ 15 აგვისტოს, ალასკაზე ტრამპი-პუტინის შეხვედრის შედეგებს, რომელზეც, სავარაუდოდ, ტრამპი არც ევროპელ პოლიტიკურ ლიდერებს და არც უკრაინის პრეზიდენტს არ მიიწვევს.
სამაგიეროდ, უკვე ცნობილია თეთრი სახლის მორიგი გადაწყვეტილება - აშშ სამხედრო დახმარების ფინანსირებას მთლიანად უწყვეტს უკრაინას... სამშვიდობო პროცესების განვითარების საბაბით!
ასევე დაგაინტერესებთ: "ტრამპის დერეფანს", რომელიც ჯერ არც კი ამოქმედებულა, ირანი უკვე განადგურებით დაემუქრა...
„ჩვენ გვინდა მკვლელობების შეწყვეტა. ვფიქრობ, ამერიკელები დაიღალნენ, თავისი საგადასახდო დოლარები აგზავნონ ამ კონკრეტული კონფლიქტისთვის. ამერიკა წყვეტს უკრაინაში სამხედრო ბიზნესის ფინანსირებას. მაგრამ თუკი ევროპელებს სურთ თავის თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და უკრაინისთვის, ფაქტობრივად, შეიძინონ იარაღი, ამერიკელი მწარმოებლებისგან, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ...“- განაცხადა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, რომელიც ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდეც ღიად გამოხატავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის ღირებულების შეიარაღების ჩუქებაზე...
მორჩა ჩუქება, თუ გინდათ ამერიკული იარაღი, იყიდეთ - ასეთია ბიზნესმენ-პოლიტიკოს ტრამპისა და მისი გუნდის პოზიცია, რაც ამერიკელების მხრიდან გასაგებია, წმინდა ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ გარდა ფინანსურისა, არსებობს პოლიტიკური მხარეც, როდესაც იგივე ამერიკა მთელ მსოფლიოს დემოკრატიის უპირველეს დამცველად აჩვენებს თავს, არ უნდა უშვებდეს იმას, რომ ერთი ქვეყანა მეორეში ტანკებით იჭრებოდეს და ასე ღიად ართმევდეს ტერიტორიებს...
თუმცა თავად ამერიკის ისტორიაშიც არ იყო ვიეტნამი, ერაყი თუ ავღანეთი?!