"ბერია არ გვაპატიებს, რომ ბუდუ მდივანი მოსკოვში და არა თბილისში „გავტეხეთ" - სასიკვდილოდ განწირული ეჟოვის წერილი სტალინს: "სისხლიანი ლილიპუტის" აღსასრული
1939-1945 წლები ლავრენტი ბერიას ცხოვრებაში ყველაზე დაძაბული და ამავე დროს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ამ პერიოდში ის "ხალხთა ბელადის" დიდი ნდობით სარგებლობდა: ახორციელებდა საბჭოთა სპეცსამსახურების ოპერატიულ ხელმძღვანელობას (დაზვერვის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს თავად სტალინი განსაზღვრავდა) და საბჭოთა იმპერიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის ეპიცენტრში იყო. თუმცა ლ. ბერიას აღზევების ეტაპი უფრო ადრე, 1938 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც ის სტალინის გადაწყვეტილებით მოსკოვში გადაიყვანეს და სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. 1938 წლის 25 ნოემბრიდან კი ლ. ბერია უკვე სსრკ შინსახკომის ხელმძღვანელია . საქართველოდან მის მიერ მოსკოვში გადაყვანილი მისი ერთგული ხელქვეითების (ქობულოვები - ბოგდანი (ბახჩო) და ამაიაკი, დეკანოზოვი, მერკულოვი, მამულოვი, შარია, გოგლიძე, ცანავა, წერეთელი, გვიშიანი, კაპანაძე, მილშტეინი, კაკუჩაია და სხვ.) ნაწილი შინასახკომის ცენტრალურ აპარატში, ნაწილი კი ე.წ. „მოკავშირე რესპუბლიკების“ შინსახკომებში მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ. მაშინ სტალინმა კადრების შერჩევის საკითხში სრული „კარტ ბლანში“ (ანუ მოქმედების თავისუფლება) მისცა ბერიას: ლავრენტი კანდიდატურებს წარუდგენდა – „დიდი ბელადი“ ამტკიცებდა.

ლ. ბერია 1939 წელს
ლ. ბერიამ 1938 წლის 25 ნოემბერს ჩაიბარა რა საბჭოთა კავშირის ყველაზე ძლიერი და ყოვლისშემძლე სტრუქტურა, თანამდებობებზე დანიშნა ის კადრები, ვისთანაც ერთად საქართველოში თხუთმეტ წელზე მეტხანს მუშაობდა. ერთ–ერთი მათგანი იყო ვლადიმერ დეკანოზოვი, რომელიც საგარეო დაზვერვას (მე–5 განყოფილებას) ხელმძღვანელობდა. მალევე დეკანოზოვი, ბერიას რეკომენდაციით, საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილედ გადაიყვანეს. ეს ბერიას შორს მიმავალი სვლა იყო: ის თავიდანვე ცდილობდა ერთგული კადრები ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციებზე გადაენაწილებინა, რაშიც სტალინის თანხმობა და მხარდაჭერა პირველ ეტაპზე ნამდვილად ჰქონდა. საბჭოთა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის (ფორმალურად ერთ–ერთი განყოფილების უფროსის) პოსტი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ კანდიდატურას საბჭოთა კავშირის პოლიტბიურო (!) ამტკიცებდა. ქვემოთ გაგაცნობთ ერთ „სრულიად საიდუმლო“ საარქივო დოკუმენტს:
**10.05.1939**
№137/b
სრულიად საიდუმლო
კპ(ბ) ცკ ამხანაგ სტალინს
ამხ. დეკანოზოვის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში გადაყვანასთან დაკავშირებით გთხოვთ სსრკ-ის შინსახკომის მე–5 (საზღვარგარეთის) განყოფილების უფროსად დაამტკიცოთ ამხ. ფიტინი პავლე მიხეილის ძე. ამხ. ფიტინი ამჟამად ამ განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობს.
საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ლ. ბერია
დოკუმენტს აქვს რეზოლუცია: „თანახმა ვარ“ – ი. სტალინი; ვ. მოლოტოვი; კ. ვოროშილოვი; ოდნავ ქვემოთ კი თანხმობას ადასტურებენ პოლიტბიუროს სხვა წევრები: მიქოიანი, კალინინი, ანდრეევი, კაგანოვიჩი და ჟდანოვი. რა შეიძლება ამ ფაქტზე ითქვას? შესაძლებელია რომელიმე „ნორჩმა სტალინელმა“, რომელსაც იოსებ ჯუღაშვილი დღეს „ფეისბუქზე“ მეგობრებში ჰყავს, ნიშნის მოგებით გვიპასუხოს: აი, ხომ ხედავთ, მაშინ კოლექტიურ გადაწყვეტილებებს იღებდნენო! ფორმალურად ეს სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ იმას სად გავექცევით, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვის ახალი უფროსი, 32 წლის პავლე ფიტინი, 1938 წლის მარტამდე ლიტერატურული გამომცემლობის მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო და სპეცსამსახურებთან (მით უმეტეს, საგარეო დაზვერვის სპეციფიკასთან) არაფერით იყო დაკავშირებული? ფიტინი შვიდი წელი ითვლებოდა (!!!) საგარეო დაზვერვის უფროსად, რეალურად კი საბჭოთა საგარეო დაზვერვას 1939–1946 წლებში პირადად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა! მკითხველს ერთ საინტერესო ფაქტსაც გავაცნობ: საგარეო დაზვერვის უფროსის, პავლე ფიტინის ოპერატიული მეტსახელი „ვიქტორი“ იყო, ხოლო ბერიასი კი – „პავლე“. ამ სახელებით იგზავნებოდა დაშიფრული დეპეშა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედ საბჭოთა რეზიდენტურებში.

პავლე ფიტინი
1939 წლის ბოლოსთვის საბჭოთა კავშირის შინსახკომის სტრუქტურაში საგარეო დაზვერვა ექვემდებარებოდა სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს მე-5 განყოფილებას, რომელსაც 22-კაციანი შტატი ჰქონდა, თუმცა 1937–1938 წლების რეპრესიების გამო საგარეო დაზვერვა სრულად დაკომპლექტებული არ იყო. საგარეო დაზვერვა ტერიტორიული ნიშნით იყოფოდა და ფუნქციები ასე იყო განაწილებული:
1-ელი ქვეგანყოფილება – გერმანია, უნგრეთი, დანია; მე-2 – პოლონეთი; მე-3 – საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია, ჰოლანდია; მე-4 – ინგლისი; მე-5 – იტალია; მე-6 – ესპანეთი; მე-7 – რუმინეთი, ბულგარეთი, იუგოსლავია და საბერძნეთი; მე-8 – ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, შპიცბერგენი; მე-9 – ლატვია, ესტონეთი და ლიტვა; მე-10 – აშშ, მექსიკა, კანადა, სამხრეთ ამერიკა; მე-11 – იაპონია, მანჯურია; მე-12 – ჩინეთი; მე-13 – მონღოლეთი, ტუვა; მე-14 – თურქეთი, ირანი და ავღანეთი; მე-15 ქვეგანყოფილებას ტექნიკური საშუალებებით დაზვერვა ევალებოდა; მე-16 – ოპერატიული ტექნიკის მონტაჟით, ხოლო მე-17 – ყალბი დოკუმენტების დამზადებით იყო დაკავებული.
მას შემდეგ, რაც ლ.ბერია სსრკ შინსახკომის ხელმძღვანელი გახდა, სტალინის დავალებით, თავდაპირველად მნიშვნელოვნად შეამცირა რეპრესირებულთა რიცხვი. თუმცა ეს მხოლოდ "დიდი დიქტატორის" მორიგი მანევრი იყო და სულ მალე ლ. ბერიამ შინსახკომიდან
ნ. ეჟოვის, ხოლო საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატიდან მ. ლიტვინოვის კადრების დახვრეტა-გადასახლება დაიწყო. პირველი სამიზნე რა თქმა უნდა შინსახკომის ყოფილი ხელმძღვანელები (ეჟოვი, ფრინოვსკი და სხვ.) იყვნენ.
ასევე დაგაინტერესებთ: სიკვდილის ლიმიტი: ბერიას აღზევება - რა მისია დააკისრა სტალინმა ლავრენტი პავლოვიჩს?!
ბერიას საიდუმლო წერილი სტალინს და დიდი ბელადის პასუხი თბილისს - როგორ მტკიცდებოდა სიკვდილის ციფრები
სტალინის პირად არქივში შენახულია საბჭოთა კავშირის შინსახკომის ხელმძღვანელის, ნიკოლაი ეჟოვის განცხადება სტალინის სახელზე. დოკუმენტი 1938 წლის 23 ნოემბრით თარიღდება და სასიკვდილოდ განწირული ადამიანის თავის გადარჩენის უკანასკნელი მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს. მკითხველს შევახსენებ, რომ 1938 წლის აგვისტოში საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი ლავრენტი ბერია, ბევრისთვის მოულოდნელად, სტალინის განკარგულებით, მოსკოვში გადაიყვანეს და ეჟოვის პირველ მოადგილედ დანიშნეს. ხოლო ერთი თვის შემდეგ ბერიას მთელი საბჭოთა უშიშროების სისტემა ჩააბარეს. ეს, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი იყო ეჟოვისთვის, რომელიც კარგად ხვდებოდა ამას და რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა სტალინთან პირადად შეხვედრა, ამიტომაც თავის გადარჩენის უკანასკნელ საშუალებას მიმართა და ბელადს წერილი-განცხადება გაუგზავნა. განწირული ადამიანის ხელით დაწერილი რამდენიმე ფურცელი კარგად გვიჩვენებს საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს.

მიხეილ ფრინოვსკი
ნიკოლაი ეჟოვი ცდილობს სხვებს გადააბრალოს თავისი შეცდომები და ბელადს თავი შეაცოდოს. ეჟოვის ამ განცხადებაში ბევრი საინტერესო დეტალი იკვეთება, მათ შორის - საქართველოს შესახებაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასა და ბერიას შორის, ჯერ კიდევ წლების წინ დაწყებული დაპირისპირების მიზეზების ახსნა. ეჟოვი ცდილობს ბერიასთან უთანხმოების ერთ-ერთ ინიციატორად თავისი მოადგილე ფრინოვსკი გამოიყვანოს:
„....მე უკვე შეგატყობინეთ, რომ ჯერ კიდევ ამხანაგ ბერიას დანიშვნამდე ფრინოვსკის ჰქონდა კრიტიკული დამოკიდებულება საქართველოს ჩეკას საქმიანობასთან.... პირველ ხანებში მეგონა, რომ ეს იყო გარკვეული უწყებრივი ეჭვიანობა, რადგანაც საქართველოს ჩეკა ყოველთვის არ იცავდა სამსახურებრივ სუბორდინაციას. შემდეგ მე ვფიქრობდი, და ვკითხე კიდეც ფრინოვსკის, ხომ არ იყო ამის მიზეზი მისი პირადი დაპირისპირება გოგლიძესთან? თუმცა ესეც მოიხსნა. მაგრამ კრიტიკული დამოკიდებულება არ გაქრა. ფრინოვსკი ხშირად მეუბნებოდა, რომ ყველა ვინც კი მუშაობდა ამიერკავკასიაში, აუცილებლად მოხვდებიან რომელიმე ჩვენება/დაკითხვის ოქმში საქართველოში. ფრინოვსკის ეს განწყობილება ამხ. ბერიას დანიშვნის შემდეგ, ჩემსას დაემთხვა.... ფრინოვსკი საკმაოდ ხშირად ღიად საუბრობდა იმაზე, რომ ბერიას დანიშვნის შემდეგ მომავალში ცუდი ცხოვრება გვექნებოდა... ყველა საუბარი შემდეგი დასკვნებით მთავრდებოდა: 1) მე ბერიასთან ერთად მუშაობა გამიჭირდება. 2) იქნება ორმმართველობა. 3) არაობიექტურად ინფორმირებულია ცკ და ამხ. სტალინი. 4) ნაკლოვანებები გაბუქებულია. 5) არ მოერიდებიან არანაირ ხერხს, რათა მიაღწიონ დასახულ მიზანს... მე ამ ნაძირალას თანაგრძნობით ვუსმენდი. რჩევას ვეკითხებოდი. კერძოდ, რჩევა ვკითხე, მეჩვენებინა თუ არა თქვენთვის უკვე ცნობილი საარქივო დოკუმენტები ამხ. ბერიაზე.
საქართველოს შესახებ კი მესაუბრებოდა ჩემს მიერ დაშვებულ შეცდომებზე, იმაზე რომ არ მოვუსმინე მას და დროულად არ გავაკონტროლე საქართველო. დავუშვი ბევრი თავისუფლება საქართველოსთვის. დასაეჭვებელია, რომ ამხ. ბერიას სურს, გაანადგუროს ყველა ჩეკისტი, რომლებიც ოდესღაც მუშაობდნენ საქართველოში. მეუბნებოდა, რომ ბერიამ თავისი ახლო გარემოცვა დახვრიტა.....რაზეც პასუხი უნდა აგოსო... ".

მალენკოვი და სტალინი
ეჟოვის პირველი მოადგილე, მიხეილ ფრინოვსკი (1898-1940) პენზის გუბერნიაში დაიბადა. 1917 წლის მარტში ჩავიდა მოსკოვში და ჩაეწერა „მუშათა გვარდიის" რაზმში. ამის შემდეგ ახალგაზრდა ფრინოვსკი მრავალ ბრძოლაში მონაწილეობდა, რაც ბოლშევიკებმა დაუფასეს და 1917 წლის დეკემბერში პარტიაში მიიღეს. ამის შემდეგ ფრინოვსკი ჯერ პირველ ცხენოსან არმიაში იბრძვის, შემდეგ კი გადაჰყავთ ვე-ჩე-კაში. აქედან მოყოლებული ის ვეჩეკა-ოგპუ-ს რეგიონულ და ცენტრალურ აპარატებში მუშაობს.
1930 წელს ფრინოვსკი დანიშნეს აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (გპუ) თავმჯდომარედ. 1933 წელს გაგზავნეს ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ანტიკომუნისტური ამბოხის ჩასახშობად. ამის შემდეგ იგი დააწინაურეს და დანიშნეს სსრკ-ის შინსახკომის მთავარი სასაზღვრო სამმართველოს უფროსად. სამი წლის შემდეგ ფრინოვსკი სსრკ-ის შინსახკომის უფროსის, ეჟოვის პირველი მოადგილე ხდება და ხელმძღვანელობს საბჭოთა კავშირის უშიშროების ორგანოებს, მათ შორის საგარეო დაზვერვას. არსებული ინფორმაციით, მას დიდი გავლენა ჰქონდა ეჟოვზე.
ფრინოვსკის, ისევე, როგორც ეჟოვის, კარიერის დასასრულის მაუწყებელი გახდა 1938 წლის აგვისტოში ლავრენტი ბერიას მოსკოვში დაწინაურება და საბჭოთა უშიშროების შეფად დანიშვნა. იმავე წლის სექტემბერში ფრინოვსკი "დააფასეს" და დანიშნეს სსრკ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახალხო კომისრად. თუმცა მისი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. 1939 წლის 6 აპრილს ის დააპატიმრეს ფაშისტურ-ტროცკისტული შეთქმულების ბრალდებით. 1940 წლის 4 თებერვალს ფრინოვსკი დახვრიტეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი დახვრიტეს მისი ცოლი და 17 წლის ვაჟი.

ეჟოვი და სტალინი: „დიდი ბელადი“ მანიპულირების დიდოსტატიც იყო
ეჟოვის მიერ სტალინისადმი მიწერილ წერილში ჩვენთვის ერთ–ერთი ყველაზე საყურადღებო ქვემოთ მოყვანილი ამონარიდია. ეჟოვი იხსენებს ფრინოვსკის მიერ ბერიას წინააღმდეგ გამოთქმულ არგუმენტებს და აღნიშნავს:
„ფრინოვსკის მოჰყავდა მაგალითები: ბერია არის ძალაუფლების მოყვარული, არ უყვარს მორჩილება, არ გვაპატიებს, რომ ბუდუ მდივანი მოსკოვში და არა თბილისში, „გავტეხეთ". არ გვაპატიებს სომხეთის განადგურებას, იმიტომ, რომ ეს მისი ინიციატივით არ ჩატარდა. არ გვაპატიებს მაგაბელს, არ გვაპატიებს გორიაჩევს...“.
ნ. ეჟოვის წერილის ამ ამონარიდში მოყვანილი ფაქტები, ძირითადად, კარგადაა ცნობილი. 1920-30 წლებში საკმაოდ ხშირი იყო დაპირისპირება საკავშირო და რესპუბლიკურ სპეცსამსახურებს შორის და როგორც ეჟოვის წერილიდან ჩანს, ზოგჯერ რეპრესიული ოპერაცია, რომელიც ქართველი ეროვნების პოლიტიკურ მოღვაწეებს (ამ შემთხვევაში ბუდუ მდივანს, რომელიც 1936 წელს დააპატიმრეს) ეხებოდა, საქართველოს პირველი პირის, ლავრენტი ბერიას გარეშე ტარდებოდა, რაც, ბუნებრივია ამ უკანასკნელის გულისწყრომას იწვევდა.
ნ. ეჟოვის წერილში “სომხეთის განადგურებაში“ უცილობლად იგულისხმება 1937-1938 წლებში სომხეთში სასტიკი რეპრესიები, რომელიც ანასტას მიქოიანის პირდაპირი მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. ცნობილია, რომ 1937 წლის შემოდგომაზე სტალინის დავალებით მიქოიანი სომხეთში გაემგზავრა პარტიული და სახელმწიფო ორგანოების „ხალხის მტრებისგან“ გაწმენდის „მისიით“. მას მოსკოვიდან ახლდნენ სტალინის „მარჯვენა ხელი“ – გიორგი მალენკოვი და საკავშირო შინსახკომის თანამშრომლები. ამ „საპატიო მისიის“ შედეგად რამდენიმე ათასი ადამიანი დაიხვრიტა. ამ რეპრესიულმა ოპერაციამ ისე ჩაიარა, რომ ლავრენტი ბერია, რომელიც მანამდე სომხეთსა და აზერბაიჯანში კადრების მოხსნა-დაწინაურებას (1932-1936 წლებში ის ხომ ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი იყო), ფაქტობრივად, ერთპიროვნულად წყვეტდა, კვლავ „თამაშგარე მდგომარეობაში“ აღმოჩნდა. უფრო მეტიც: მისი დაწინაურებული და ერთგული ადამიანებიც შეეწირნენ მიქოიან–მალენკოვის რეპრესიებს.
1938 წლის შემოდგომიდან სტალინი თავს არიდებდა ნ. ეჟოვის მიღებას და მასთან საუბარს, რაც ყოფილი "რკინის სახკომისათვის", შემდეგ კი საბჭოთა კავშირის წყლის ტრანსპორტის მინისტრისთვის, ცუდის მომასწავლებელი იყო. ამიტომ ეჟოვი "ხავს ეჭიდებოდა" და ყოველნაირად ცდილობდა ბელადთან შეხვედრას. 1939 წლის 19 მარტს მან მცირე ბარათი დაწერა სტალინის სახელზე და შეხვედრას ევედრებოდა. თუმცა მისი ბედი გადაწყვეტილი იყო. 1939 წლის 9 აპრილს ის დააპატიმრეს და 1940 წლის 4 თებერვალს დახვრიტეს.
ნ.ეჟოვის წერილიდან ზემოთმოტანილი ციტატა ნათლად მიგვანიშნებს ბერიას გარეშე ჩატარებულ სპეცოპერაციებზე, თუმცა აქ კითხვის ნიშანს აჩენს ვინმე „მაგაბელის" მოხსენიება. ნ. ეჟოვის წერილიდან ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ეს ინფორმაციაა. ვინ შეიძლება ყოფილიყო ეს პირი, რომელიც, დიდი ვარაუდით ქართველი ეროვნების იყო და ბერიას გარეშე იქნა ლიკვიდირებული?
( მეთერთმეტე ნაწილის დასასრული)