"ქვეყანა ნელ-ნელა მიდის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, ეს უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ და დათმობაზე წავიდეს, თორემ..." - კორნელი კაკაჩიას საგანგაშო პროგნოზი
"ჩვენ ვიმყოფებით გახანგრძლივებულ პოლიტიკურ კრიზისში, რომელსაც ბოლო არ უჩანს, - ასე აფასებს ქვეყანაში ვითარებას ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია.
- ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ხელისუფლება აშკარად გადახრილია ავტორიტარული მმართველობისკენ: იზრდება მედიის შევიწროება, ზეწოლაა სამოქალაქო საზოგადოებაზე და პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ გამოიყენება სხვადასხვა სახის ბერკეტი. ხელისუფლების ყველაზე დიდი სისუსტე ის არის, რომ ვერ ახერხებს მოქალაქეების გაერთიანებას საერთო-ეროვნული იდეის გარშემო.
ოპოზიციაც სუსტია. ის ვერ ახერხებს საზოგადოების კონსოლიდაციას, ქუჩაში არსებული საპროტესტო მუხტის მართვას. თუმცა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საერთაშორისო კავშირების მეშვეობით ხელისუფლების ლეგიტიმურობას სერიოზული დარტყმა მიაყენეს.
თუ გადავხედავთ ბოლო თვეების მაღალი დონის ვიზიტებს, ნათლად ჩანს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებს არც ერთ ევროპულ დედაქალაქში აღარ იწვევენ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ დანიაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატებიდან, საქართველოს გარდა, ყველა სახელმწიფო მიიწვიეს. ეს დიდი რეპუტაციული ზიანია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს ცვლილებებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, განსაკუთრებით რეგიონებში. გასაგებია, რომ სახელისუფლებო პროპაგანდისა და ფინანსური უპირატესობის გამო მუშაობა რთულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ვერ უნდა გაზარდოს გავლენა საზოგადოებაში. დიდ ქალაქებში, ასე თუ ისე, მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ სოფლებსა და პატარა რაიონებში ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ იკიდებს ფეხს.
- რა მიზანს ემსახურება "ქართული ოცნების" იზოლაციაში მოქცევა, თუ ამ გუნდის ლიდერები არ ითვალისწინებენ დასავლელი პარტნიორების კრიტიკას და არ არის პოზიტიური შედეგი ამ ზეწოლისგან?
- ხელისუფლება ცდილობს ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს საერთაშორისო სანქციები ან იზოლაცია არ აღელვებს. რეპუტაციული ზიანის გარდა, კიდევ სხვა პრობლემებიც ექმნება. "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ხაზს უკვე ძალიან ბევრი უყურებს ეჭვის თვალით. მმართველი გუნდის სისუსტე იმაშიც გამოიხატება, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაწყვეტას ხელების გადაგრეხით ცდილობს. ხელისუფლება მაშინ არის ძლიერი, როდესაც ახერხებს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგს და საერთო საკითხებზე შეთანხმებას.
ასევე დაგაინტერესებთ: "გვახსოვდეს, რაოდენ ძვირად დაუჯდა საქართველოს 90-იანი წლების სახელმწიფო გადატრიალებისა და სამოქალაქო არეულობის მორევიდან ამოსვლა" - ვიქტორ ყიფიანის ანალიზი: რა მოხდება 4 ოქტომბერს?!
ქვეყანა ნელ-ნელა მიდის სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და "გაბზარული საზოგადოების" როლის თამაშის ფუფუნება არა გვაქვს. მსგავს სიტუაციაში დიდი ხნით ყოფნას ფიზიკურად ვერ გავუძლებთ, მით უმეტეს, ასეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. აი, ეს უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ, საკუთარ ხალხთან დათმობაზე წავიდეს და ეროვნული ინტერესები პირად ან პარტიულ ინტერესებს არ უნდა მოარგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდ შედეგს მიიღებს.
პოლარიზაცია და საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მაგრამ სხვა ქვეყნებში ასეთი საკითხები, როგორც წესი, არჩევნების გზით წყდება. ამას გარდა, არსებობს უამრავი სხვა მექანიზმი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია დაძაბული ვითარების განმუხტვა. თუმცა ჩვენი პრობლემა ის არის, რომ "ქართულ ოცნებას" ვერ წარმოუდგენია საქართველო მათი მმართველობის გარეშე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაში მყოფ ძალას ქვეყნის განუსაზღვრელი ვადით მართვა სურს, რაც ბუნებრივად იწვევს საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილებას, მით უფრო, რომ ეს მმართველობა ავტორიტარულ ელფერს იღებს. საქართველო არ არის რუსეთი და არც ბიძინა ივანიშვილს აქვს იმის რესურსი, ერთპარტიული მმართველობა დიდხანს შეინარჩუნოს, მას შინ თუ გარეთ ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს. შეიძლება ეს სიტუაცია ერთხანს კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ ეს დრო თანდათან მცირდება.