ესკალაცია, რომელში ჩართული, შესაძლოა, საქართველოც აღმოჩნდეს - ილჰამ ალიევი პუტინის გასამწარებლად ზელენსკის იარაღს მიაწვდის?!
ტრამპთან „ჩახუტებით“ ფრთაშესხმული ალიევი პუტინის ჯინაზე თუ გაბედავს ზელენსკისთვის იარაღის მიწოდებას?
ვაშინგტონში გამართული სამმხრივი ისტორიული შეხვედრის (რომელმაც შესაძლოა ჩვენს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მოიტანოს) შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ისე „ჩაეხუტა“ მასპინძელს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ ამ უკანასკნელისგან თეთრი სახლის სიმბოლური გასაღებიც კი მიიღო საჩუქრად, ოფიციალური ბაქოს პოლიტიკური ამბიციები კიდევ უფრო გაძლიერდა...
რის დადასტურებადაც იქცა ვაშინგტონის შეხვედრის შემდეგ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ქმედებები...
თუკი ფაშინიანმა ერევანში დაბრუნებისთანავე რუსეთის პრეზიდენტს დაურეკა და პუტინს „ანგარიში ჩააბარა“, ვაშინგტონის სამმხრივი შეხვედრის დეტალებზე, ალიევმა... ზელენკსის გადაურეკა და ორი მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას დაჰპირდა, რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად...
ალიევის განსაკუთრებული გაბრაზება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სწორედ ვაშინგტონში მისი ვიზიტის დღეებში რუსეთმა მიზანმიმართულად მიაყენა საჰაერო დარტყმები იმ გაზსადენს, საიდანაც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი უკრაინას მიეწოდება და - „სოკარის“ სათავო ოფისს კიევში. ეს დარტყმები შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს აზერბაიჯან-რუსეთს შორის ურთიერთობების სერიოზულ გამწვავებას, რომელიც გასული წლის 25 დეკემბერს გროზნოს თავზე აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავზე რუსული საზენიტო რაკეტების მოხვედრისა და ამის შედეგად გამოწვეული ავიაკატასტროფის შემდეგ დაიწყო, რისი ოფიციალური აღიარება კრემლს არაფრის დიდებით არ სურს...
ამას მოჰყვა რუსი სამართალდამცავების რეიდები აზერბაიჯანული დიასპორის წევრებზე, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, მათი დაკავებისა და დაუნდობელი ცემის თანხლებით, რამაც რამდენიმე ეთნიკური აზერბაიჯანელის გარდაცვალება გამოიწვია და ეს დამატებით ფაქტორად იქცა ალიევ-პუტინს შორის ურთიერთობაში ღრმა ნაპრალის გასაჩენად.
საქმე უკვე იქამდეც კი მივიდა, რომ აზერბაიჯანის მასმედია... ბაქოდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაწყებაზეც კი ალაპარაკდა...
აზერბაიჯანის ხელისუფლება აკონტროლებს ადგილობრივი მედიის უდიდეს ნაწილს და ძნელად წარმოსადგენია, მთავრობის ფარული ნებართვის გარეშე, ჟურნალისტებს გაებედათ ასეთ სენსიტიურ თემაზე თავისი ინიციატივით გააქტიურება.
საქმე ის არის, რომ რუსი პროპაგანდისტები წლებია, ისედაც აბრალებენ აზერბაიჯანს, რომ ის თითქოს ფარულად ამარაგებს საბრძოლო მასალებით უკრაინის არმიას, რასაც ოფიციალური ბაქო აქამდე კატეგორიულად უარყოფდა, ახლა კი ამ თემის თავად აზერბაიჯანულ მედიაში წამოჭრით, ალიევი კიდევ უფრო დიდ დაპირისპირებაზე მიდის პუტინთან, შეიძლება უკვე იმიტომაც, რომ ვაშინგტონიდან სამშობლოში დაბრუნებულს ჯიბეში ტრამპის ნაჩუქარი თეთრი სახლის სიმბოლური გასაღები უდევს და მეზობელი სომხეთისგან და საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ერთი რუსული ჩექმაც კი არ დგას...
ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპი პუტინის ნაცვლად ზელენსკის „სჯის “ - ამერიკა უკრაინას სრულიად უწყვეტს უფასო სამხედრო დახმარებას
"ტრამპის დერეფანს", რომელიც ჯერ არც კი ამოქმედებულა, ირანი უკვე განადგურებით დაემუქრა...
დამდნარი ქალაქი: დღე, რომელმაც მსოფლიო შეძრა - ჰიროსიმას ბედი შესაძლოა, თბილისსაც გაეზიარებინა
რაც შეეხება აზერბაიჯანის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაწყების შესაძლებლობას...
ეს შეიძლება იქცეს ერთგვარ, რევერსულ ქმედებად, რადგან 2000-იან წლებში აზერბაიჯანი აქტიურად ყიდულობდა უკრაინისგან სამხედრო ტექნიკას, მათ შორის - საბრძოლო თვითმფრინავებს, არტილერიას, ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს (სხვათა შორის, უკრაინაში შესყიდული ჯავშანტექნიკა ოდესიდან ფოთის პორტში ბორნით ჩამოჰქონდათ და შემდეგ - რკინიგზით, მთელ საქართველოზე გავლით, აზერბაიჯანში გადაჰქონდათ), რომლებიც ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანმა აქტიურად გამოიყენა სომხეთის არმიის დასამარცხებლად.
დღეისათვის აზერბაიჯანის არმიის გამალებული ტემპებით გადაიარაღება მიმდინარეობს, ისრაელისა და თურქეთის წარმოების ულტრათანამედროვე სამხედო ტექნიკით და ბაქოს გამოუჩნდა იმის ტექნიკური საშუალება, რომ საბჭოთა წარმოების ის საარტილერიო დანადგარები და ჯავშანტექნიკა, რომელიც თავის დროზე უკრაინისგან შეიძინა, უკან დაუბრუნოს ფართომასშტაბიან და ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებში მყოფ უკრაინის არმიას, რომლისთვისაც დღეს ნებისმიერი სახის დახმარება, თუნდაც მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ქვემეხებითაც კი, მისაღებია...
აზერბაიჯანს შეუძლია საარტილერიო ჭურვები, რაკეტები და ნაღმსატყორცნის ნაღმებიც გააგზავნოს უკრაინის დამცველებისთვის, რაც სახარჯო მასალას წარმოადგენს და მისი დეფიციტი მუდამ აქვთ უკრაინელ არტილერისტებს. ამასთან, ჭურვებიანი ყუთების მალულად გადატანა საზღვაო კონტეინერებში ისე არ ყვირის, როგორც სარკინიგზო ეშელონის ღია პლატფორმებზე დაწყობილი გრძელლულიანი ქვემეხები და ჰაუბიცები...
მაგრამ, თუკი ალიევმა პუტინის ჯინაზე მართლაც გადაწყვიტა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაწყება, ტექნიკურად როგორ მიაწვდის აზერბაიჯანიდან უკრაინამდე მას?
ერთადერთი გზა, ყველა შემთხვევაში, ჩვენს საქართველოზე გადის - თუკი ბაქოდან აფრენილ სატვირთო თვითმფრინავებს საქართველოს საჰაერო სივრცეს ოფიციალური თბილისი იმედია, არ ჩაუკეტავს, სარკინიგზო ეშელონებით ფოთის პორტში მათი ჩატანა არარეალურად მოჩანს, თუნდაც იმიტომ, რომ არ გამოირიცხება რუსეთის საოკუპაციო ძალების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების გააქტიურება თბილისი-გორის სარკინიგზო მონაკვეთზე...
საოკუპაციო ხაზი ყველაზე ახლოს, სულ რაღაც 400-იოდე მეტრშია მოსული თბილისი-გორის საატომობილო გზის ნიგოზას მონაკვეთთან და სწორედ აქედან, პირდაპირი ხაზით სამხრეთისკენ, რვა კმ-ში მდებარეობს თბილისი-გორის სარკინიგზო მონაკვეთის გრაკლის სარკინიგზო ხიდები, რომლებიდანაც მოქმედი ხიდი რუსმა დივერსანტებმა ერთხელ უკვე აგვიფეთქეს, ზუსტად 17 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს, რითაც დაბლოკეს სარკინიგზო მიმოსვლა თბილისიდან ფოთის მიმართულებით.
სადამდე გაღრმავდება ალიევ-პუტინის დაპირისპირება, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ თუკი ბაქომ მართლაც დაიწყო კიევის სამხედრო დახმარება, მაშინ რუსეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება არცთუ შეუძლებლად მოგვეჩვენება...