ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს ტრამპთან და ალიევთან შეხვედრის შესახებ მოუყვა - რა ინფორმაციას ავრცელებს ოფიციალური ერევანი - კვირის პალიტრა

ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს ტრამპთან და ალიევთან შეხვედრის შესახებ მოუყვა - რა ინფორმაციას ავრცელებს ოფიციალური ერევანი

ნიკოლ ფაშინიანსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ განცხადებას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ნიკოლ ფაშინიანმა თავის კოლეგას 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო. კერძოდ, საუბარი შეეხო „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმების“ პარაფირებას, ეუთო-სთვის მინსკის ჯგუფის მექანიზმების გაუქმების შესახებ ერთობლივ მიმართვას, რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვას ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, იურისდიქციისა და ურთიერთშეთანხმების პრინციპების გათვალისწინებით, ასევე, „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ პროექტს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების საჯაროდ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

„გაიზიარეს მოსაზრება, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"