რუსეთში ბენზინის მარაგი იწურება - დაიწყება თუ არა ეკონომიკური პანიკა?!
ფედერაციის მთავრობა უმსხვილესი ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან სასწრაფო შეხვედრას ამზადებს საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც წლის დასაწყისიდან ფასები, თითქმის, 50%-ით გაიზარდა.
“ინტერფაქსი” ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრა ენერგეტიკის საკითხებში ვიცეპრემიერ ალექსანდრ ნოვაკის მონაწილეობით 14 აგვისტოს გაიმართება. სააგენტოს წყაროების ცნობით, განიხილება ზომები, რომ ბენზინზე საცალო ფასები ინფლაციის მაჩვენებელს არ ასცდეს.
„როსსტატის“ მონაცემებით, ამჟამად ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები, გასულ წელთან შედარებით, 11%-ით მაღალია, მაშინ, როცა სამომხმარებლო ფასთა საერთო ინდექსი 8.2%-ით იზრდება.
აგვისტოს დასაწყისიდან ბირჟაზე საწვავის ფასები 7%-ით, ზაფხულის დასაწყისიდან 32%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 47%-ით გაიზარდა. AI-92 ბენზინის ფასი დეკემბრის ბოლოდან 34%-ით გაიზარდა და ტონაზე 69.390 რუბლს (870 დოლარს) მიაღწია, რაც 2023 წლის შემოდგომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რუსეთში ბენზინის მარაგი იწურება
სექტორული წყაროს შეფასებით, ბენზინი იმიტომ ძვირდება, რომ დამოუკიდებელ ბაზარზე პროდუქტის მარაგი, თითქმის, არ არსებობს. კოტირებები უკვე იმ დონეზეა, რომ დამოუკიდებელი ბენზინგასამართი სადგურები ბირჟაზე შეძენილი ბენზინის გაყიდვიდან ლიტრზე რამდენიმე რუბლს ზარალობენ.
ამასთან, ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში მომხდარი ინციდენტებია. კერძოდ, აგვისტოს დასაწყისიდან ხუთი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონებით დაიბომბა და მათგან სამმა მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტა წარმოება.
2 აგვისტოს ნოვოკუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა, ხოლო „როსნეფტის“ უდიდესმა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც დედაქალაქის რეგიონს საწვავით ამარაგებს, სიმძლავრის, დაახლოებით, ნახევარი შეაჩერა. 9 აგვისტოს სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც, ასევე, უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად დაზიანდა, ნედლი ნავთობის მიღება შეწყვიტა.