„სომხეთის მხრიდან შევფრინდით თბილისისკენ და რაკეტის გაშვება 18 კმ-ის სიშორიდან ძლივს მოვასწარით“- რუსული ბომბდამშენის შტურმანი აგვისტოს ომზე
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგაც მისი მონაწილეები იხსენებენ ამ ომის პერიპეტიებს, რაღაც დავიწყებულია, რაღაც - შელამაზებული, თუმცა ახალი დეტალების გაგება და გაანალიზება, მაინც საინტერესოა...
ერთ-ერთ ცნობილ რუსულ სამხედრო ბლოგზე გავრცელდა იმ რუსული საფრონტო ბომბდამშენის ეკიპაჟის წევრის მოგონება, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა შავშვებსა და თბილისთან ქართული რადიოლოაკატორების აფეთქებაში...
„... ჩვენი, საფრონტო ბომბდამშენების საავიაციო პოლკი 2008 წლისთვის კარგად მომზადებულად ითვლებოდა და ომის დაწყებისთანავე დაგვირიგეს რუკები, „მაკაროვის“ პისტოლეტები, ორ-ორი მჭიდით და რვა ბომბდამშენით, მოზდოკის აეროდრომზე გადაფრენის ბრძანება მოგვცეს... მოზდოკის აეროდრომზე კი მშვიდობიანდ დავეშვით, მაგრამ იქ არავინ გველოდა, თვითმფრინავის კაბინიდან თავად ვერ ჩამოვდიოდით, სანამ ერთი მოხუცი არ მოვიდა ხის კიბით და ასე არ ჩამოგვიყვანა თვითმფრინავებიდან...
საღამომდე აეროდრომის გასწვრივ ბალახზე ვიყავით წამოგორებულები, პოლკის მეთაურმა „დაგვამშვიდა“-ბომბები არ ჰქონიათ და დასაბომბად მხოლოდ ხვალ გავფრინდებითო... არადა, გავიგეთ, რომ ქართველებს უკვე ჩამოგდებული ჰყავდათ ლიპეცკის პოლკის ერთი ჩვენნაირი Су-24М-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენი და ორი მოიერიშე Су-25, ხოლო ღამე შევიტყვეთ, რომ შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-22М3-იც კი ჩამოუგდიათ...
დაბომბვაზე გაფრენის დიდი სურვილი აღარ გვქონდა... პირველი ამოცანა გახლდათ სენაკის აეროდრომთან ქართული საზენიტო „ბუკების“ აღმოჩენა და დაბომბვა, რისთვისაც 1982 წელს გამოშვებული მოძველებული რუკები დაგვირიგეს. ერთადერთ იმედად იმ ჩვენი მფრინავის მოგონებები გვრჩებოდა, რომელმაც ბავშვობა საქართველოში, საბჭოთა სამხედრო აეროდრომებზე გაატარა და ველოსიპედით სეირნობდა ასაფრენ-დასაფრენ ზოლებს შორის, მაგრამ ეს რაში დაგვეხმარებოდა...
ჩვენი პოლკი ომში 9 აგვისტოს ჩაერთო, სხვებივით უმართავ საავიაციო ბომბებს ვაყრიდით მოწინააღმდეგის პოზიციებს...
რადიოლოკატორების საწინააღმდეგო Х-58У-ის ტიპის მართვადი რაკეტების გამოყენება ვერ შევძელით, რადგან მთელ რუსეთში, თურმე, რამდენიმე დღე უშედეგოდ ეძებეს ამ რაკეტების საბრძოლო გამოყენებისთვის საჭირო დამიზნების კონტეინერები, ბოლოს იპოვეს, მაგრამ ახლა რაკეტებმა არ „მოინდომეს“ პილონების დატოვება, შეცვალეს ეკიპაჟები, არ უშველა, შეცვალეს რაკეტები, არც ამან უშველა, ბოლოს თავად ბომბდამშენები ჩაანაცვლეს...
ამდენი წვალების შემდეგ 10 აგვისტოს ქალაქ გორის მიმართულებით მარტო გავფრინდით (დამიზნების კონტეინერი მეტი არ გვქონდა, რომ სხვა ბომბდამშენებზეც ჩამოგვეკიდა) პროგრამული სამიზნისკენ, რა სამიზნე იყო არ ვიცი, გამოსხივება „ჩავიჭირე“, „მივაბი“ და რაკეტის თვითდამიზნების თავაკმა „ჩაიჭირა გამოსხივების წყარო, მაშინვე ორივე Х-58У გავუშვით, 180 გრადუსით შემოვტრიალდით, ძრავების ფორსაჟები ჩავრთეთ და სახლისკენ სწრაფად მოვკურცხლეთ, რომ ქართველებს საზენიტო რაკეტები არ დაედევნებინათ...
ასევე დაგაინტერესებთ: ესკალაცია, რომელში ჩართული, შესაძლოა, საქართველოც აღმოჩნდეს - ილჰამ ალიევი პუტინის გასამწარებლად ზელენსკის იარაღს მიაწვდის?!
მეორე დღეს დავალება მოგვცეს, რომ წინ მზვერავი Су-24МР უნდა გაფრენილიყო, ხოლო მის უკან - ჩვენ და როდესაც ქართველები საზენიტო რაკეტების სტარტს განახორციელებდნენ, სატყუარას როლში მყოფი ამ მზვერავი ბომბდამშენისკენ, ჩვენ დავაფიქსირებდით ქართული რადიოლოკატორის გამოსხივებას და მისკენ რაკეტებს გავუშვებდით...
გაფრენის წინ, მზვერავი ბომბდამშენის კაბინაში მჯდომი ეკიპაჟის მეთაური მობილური ტელეფონით გვირეკავს და გვატყობინებს, რომ მწყობრიდან გამოვიდა მისი თვითმფრინავის სამიზნე-სანავიგაციო სისტემა და ის ვეღარ წაგვიძღვება წინ... ნამდვილად გაუმართლა მას... ჩვენ საბრძოლო ამოცანას გვიცვლიან და ღამით გვიშვებენ მხოლოდ ერთი რაკეტით ( მეტი გამართული რაკეტა უბრალოდ არ გვქონდა), რომ სომხეთის მხრიდან შევფრინდეთ თბილისის მიმართულებით და სრული რადიოსიჩუმის რეჟიმში ჩვენი ერთადერთი ანტისარადარო რაკეტა წინასწარ მოცემული სამიზნისკენ გავუშვათ... გარკვეული ტექნიკური პრობლემების გადალახვის შემდეგ, ბოლო წამებში ვასწრებთ რაკეტის სტარტს, მიზნამდე მინიმალურ მანძილზე, 18 კმ-ში და უკან გავრბივართ...
აეროდრომზე დაბრუნებისას ტელევიზიით ვიგებთ, რომ თბილისთან რადიოლოკატორი აგვიფეთქებია, რის შემდეგაც პირდაპირ კრემლში მივყავართ, სადაც გენერლებთან ერთად არაყს ვსვამთ, შემდეგ გვაბრუნებენ მოზდოკში... და ამ დროისთვის ომშიც გაგვიმარჯვნია...“ - რუსული ბომბდამშენის ორკაციანი ეკიპაჟის წევრის ეს ცოტა სუმბურული მონათხრობი კარგად ასახავს იმ „ბარდაგს“, რაც აგვისტოს ომის დროს რუსეთის სამხედრო ავიაციაში, ისევე, როგორც მთელ რუსეთში სუფევდა და უბრალოდ, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამით უფრო მეტად ვერ ვისარგებლეთ და უფრო მტკივნეული საპასუხო დარტყმები ვერ მივაყენეთ ჩვენს სამშობლოში შემოჭრილ რუს ოკუპანტებს, თუმცა უფრო დიდი პანიკა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებაში სუფევდა...
ახლა კი შემოგთავაზებთ იმ ჟურნალისტური გამოძიების შედეგს, რაც ამ სტატიის ავტორმა ჩაატარა აგვისტოს ომის დროს შავშვებთან და თბილისთან ქართული რადიოლოკატორების განადგურებასთან დაკავშირებით, რაზეც თავის მოგონებებში არცთუ ძალზე დეტალურად იხსენებდა მისი უშუალო მონაწილე მოწინააღმდეგე მხარე...
აგვისტოს ომის დაწყების პირველ ორ დღეში რუსულმა საბრძოლო ავიაციამ რამდენიმე მოიერიშე და ბომბდამშენი დაკარგა. რუსი პილოტებისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა 9 აგვისტო, როდესაც შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენ Ту-22М3-ის გარდა, კიდევ სამი მოიერიშე ჩამოვუგდეთ. ამან რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი პუტინი გააცოფა - მის არმიას, რომელსაც პრეტენზია მსოფლიო პირველობაზე ჰქონდა, ვიღაც ქართველები პანტაპუნტით უყრიდნენ საბრძოლო თვითმფრინავებს. ამიტომაც რუსულმა გენერალიტეტმა მიიღო მკაცრი ბრძანება, რადაც უნდა დაჯდომოდათ, საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემა "დაებრმავებინათ", რათა მას ვეღარ აღმოეჩინა ქართულ ცაში შემოჭრილი რუსული საფრენი აპარატები, ამისთვის კი ქართული რადიოლოკატორების წერტილოვანი დარტყმებით განადგურება იყო საჭირო.
რუსი პილოტები განსაკუთრებით უფრთხოდნენ სამკოორდინატიან ფაზირებულანტენიან რადიოლოკატორ 36Д6М -ებს, რომლებიც საქართველომ ჯერ კიდევ ომამდე უკრაინაში იყიდა.
ერთ-ერთი ასეთი მძლავრი რადიოლოკატორი თბილისი-გორის შემაერთებელი გზის მარცხენა მხარეს, შავშვებთან, მთის თავზე იდგა და მისი დაფიქსირება გამოსხივებული რადიოტალღებით ადვილი იყო. ამ რადიოლოკატორის ლიკვიდირება რუსმა სამხედროებმა 2007 წლის ზაფხულში სცადეს, როდესაც მოულოდნელად სოფელ წითელუბანთან საბჭოთა წარმოების "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის Х-58У ტიპის მართვადი რაკეტა ჩამოვარდა, ოღონდ არ აფეთქდა. მაშინ რუსეთმა უარყო მონაწილეობა ამ მეკობრულ საჰაერო თავდასხმაში, თუმცა ყველასთვის ნათელი გახლდათ, თუ ვისმა ბომბდამშენმა გამოუშვა ეს რაკეტა, რომელიც აუცილებლად ააფეთქებდა შავშვებთან რადიოლოკატორს, რომ არა ქართველი სამხედროების სიმარჯვე - მათ რადიოლოკატორის ეკრანზე დაინახეს მათკენ მფრინავი ობიექტი და მოასწრეს რადიოლოკატორის გამორთვა, რის შემდეგაც რუსული ბომბდამშენიდან გამოშვებულმა "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის მართვადმა რაკეტამ მიზანი დაკარგა და წითელუბანთან ჩამოვარდა.
ამ მარცხის შემდეგ რუსეთის გენერალიტეტი უკეთესად მოემზადა, მით უმეტეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესია მას აშკარა მოქმედების საშუალებას აძლევდა. 8 აგვისტოს ვორონეჟიდან მოზდოკის აეროდრომზე გადმოფრინდა რუსეთის 455-ე ბომბდამშენი პოლკის რამდენიმე Су-24М ტიპის ბომბდამშენი. მათგან ყველაზე მომზადებულმა ეკიპაჟმა (რომელსაც ჩეჩნეთის მეორე ომში საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა), პილოტის, მაიორ სერგეევისა და შტურმანის, კაპიტან შპიტონკოვის შემადგენლობით, მიიღო სპეციალური დავალება ქართულ ლოკატორებზე საჰაერო "ნადირობის" დაწყების თაობაზე.
პირველ სამიზნედ შავშვების 36Д6М ტიპის რადიოლოკატორი განისაზღვრა, რომელიც როგორც ხელისგულზე, ისე "ხედავდა" ჩრდილოეთ ოსეთიდან კავკასიის ქედზე გადმოფრენილ რუსულ თვითმფრინავებს და მათ კოორდინატებს დროულად აწვდიდა ქართულ საზენიტო გათვლებს.
9-10 აგვისტოს ღამეს მოზდოკის სამხედრო აეროდრომიდან რამდენიმე რუსული ბომბდამშენი აფრინდა და გეზი საქართველოს საჰაერო სივრცისკენ აიღო. მათ სამხედრო ეშმაკობას მიმართეს - ფრენის მარშრუტები შეცვალეს და ქართულ ცაში სხვადასხვა მიმართულებიდან შემოიჭრნენ.
როგორც ომის შემდგომ კაპიტანი შპიტონკოვი იხსენებდა, სხვა ბომბდამშენებისგან განსხვავებით, მათი ეკიპაჟი "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის მართვადი რაკეტებით იყო შეიარაღებული. კავკასიის ქედზე გადმოფრენისას ეკიპაჟმა ბომბდამშენის საბორტე რადიოლოკატორი და სხვა რადიოელექტრონული აპარატურაც გამორთო, რათა ნაკლები აქტიური რადიოგამოსხივება ჰქონოდა მათ თვითმფრინავს, თუმცა ხელსაწყოებმა ეკიპაჟს "აუწყა", რომ შავშვებთან ქართულმა რადიოლოკატორმა მათი ბომბდამშენი მაინც აღმოაჩინა.
მართვადი რაკეტის გაშვება სწორედ შტურმან შპიტონკოვის მოვალეობა იყო და მან აქტიურ რეჟიმში მომუშავე ქართული რადიოლოკატორისკენ "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის Х-58У ტიპის რაკეტა გაუშვა. ამჯერად რუსული საჰაერო შეტევა შავშვებთან მდგარ ქართულ რადიოლოკატორზე შედეგიანი აღმოჩნდა - აფეთქებული რაკეტის ნამსხვრევებმა ის მწყობრიდან გამოიყვანა, თუმცა, საბედნიეროდ, გადავურჩით ადამიანურ დანაკარგს, რადგან ოპერატორები რადიოლოკატორის კაბინაში არ ისხდნენ.
შავშვების რადიოლოკატორის დაკარგვამ სერიოზულად "დააბრმავა" ქართული საჰაერო თავდაცვის სისტემა, თუმცა რჩებოდა კიდევ ერთი ძლიერი რადიოლოკაციური პოსტი - თბილისის ზღვის ჩრდილოეთით, ქვიშიანში, მთის თავზე. აგვისტოს ომამდე ამ სამოქალაქო რადარის გვერდით ქართველმა სამხედროებმა სამკოორდინატიანი 36Д6М განათავსეს, ისეთივე, როგორიც შავშვებში, და დედაქალაქის გარშემო საჰაერო სივრცეს კარგად აკონტროლებდნენ.
შავშვების ქართული რადილოკატორის აფეთქების შემდეგ შტურმან შპიტონკოვს თბილისის ზღვასთან მომუშავე რადიოლოკატორების აფეთქებაც დაავალეს.
საჰაერო ოპერაცია თითქმის ერთ საათს გაგრძელდა - Су-24М -მა კავკასიის ქედი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან გადმოკვეთა და თბილისს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან "მოეპარა". თბილისის ზღვის თავზე აქტიურ რეჟიმში მომუშავე სამოქალაქო და სამხედრო რადარები ძნელი აღმოსაჩენი არ გახლდათ და კაპიტანმა შპიტონკოვმაც მორიგი Х-58У გამოუშვა მათ ასაფეთქებლად.
ამჯერად ქართველმა სამხედროებმა იმარჯვეს და სამკოორდინატიანი 36Д6М-ის გამორთვა მოასწრეს, რის შემდეგაც რუსული "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის რაკეტა, რომელმაც მიზანი დაკარგა, ფრენის მარშრუტის შუაში ჩამოვარდებოდა, როგორც 2007 წლის ზაფხულში მოხდა შავშვებთან.
მაგრამ სამოქალაქო რადარი აგრძელებდა აქტიურ რეჟიმში მუშაობას და სწორედ ის ემსხვერპლა რუსულ მართვად რაკეტას, თუმცა რადიოლოკატორის მომსახურე პერსონალმა მოასწრო სამშვიდობოს გასვლა. სწორედ ეს აფეთქება გახდა დიდი შიშის მიზეზი, თბილისის დაბომბვა დაიწყესო.
ძნელი სათქმელია, ვინ გაავრცელა ჭორი, რომ მახათას მთა დაიბომბა, თუმცა ამის თეორიული მიზეზი არსებობდა, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან სწორედ აქ იყო განთავსებული საჰაერო თავდაცვის მართვის მიწისქვეშა ბუნკერი, რომლის ზუსტი ადგილსამყოფელი რუსულმა სამხედრო დაზვერვამ იცოდა, ისევე, როგორც ის, რომ ქართულმა საჰაერო თავდაცვამ ამ ბუნკერში მართვის პუნქტი მოაწყო.
რუსული საჰაერო შეტევა არა მახათას მთაზე, არამედ თბილისის ზღვის ჩრდილოეთით, ქვიშიანის მთაზე განთავსებული სამოქალაქო რადიოლოკატორის აფეთქებით დამთავრდა, მაგრამ, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ღამის სიჩუმეში 650 კგ-იანი რუსული რაკეტის 149 კგ-იანი საბრძოლო ქობინი აფეთქდა, ბევრმა იფიქრა, რომ დედაქალაქის დაბომბვა დაიწყო. არადა, ქვიშიანში აფეთქებული სამოქალაქო რადიოლოკატორიდან მახათას მთამდე პირდაპირი ხაზით დაახლოებით 10 კილომეტრია.
აი, ის დეტალები, რაც ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დავადგინე, რამდენიმე წლის წინ, თუმცა ახალ ინფორმაციაში, რომლის ავტორიც სავარაუდოდ, სწორედ შტურმანი კაპიტანი შპიტონკოვია, ის საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრას მიმართულებად ამჯერად სომხეთს ახსენებს, თუმცა წლების წინ ამტკიცებდა, რომ ეს აზერბაიჯანის მხრიდან მოხდა - ლოგიკურადაც, თუკი მოზდოკიდან აფრენილ რუსული ბომბდამშენის ეკიპაჟს თბილისამდე შემოვლითი გზით მალულად მოღწევა სურდა, სწორედ სომხეთის ციდან, სამხრეთიდან შემოუტევდა საქართველოს დედაქალაქს, მაგრამ ამისთვის მას მაინც მოუწევდა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის დარღვევა...