მასწავლებელი, სამხედრო პირი, მეეზოვე და 7 შვილის დედა - როგორ ცხოვრობს დღეს 47 წლის სტუდენტი?
მეგი თათეშვილმა საკუთარ თავს უკვე რამდენჯერ დაუმტკიცა, რომ თავისი უნარებით, შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით ამა თუ იმ დასახული მიზნის შესრულება შეუძლია.
ეს ქალბატონი მასობრივად 2023 წელს გაიცნეს, როცა 7 შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებია 45 წლის ასაკში სტუდენტი გახდა... როგორ ცხოვრობს დღეს 47 წლის სტუდენტი, კიდევ რის მიღწევა უნდა და რა გეგმები აქვს ცხოვრებაში დასახული, ამაზე სანამ თავად გვიამბობს, მე მხოლოდ იმას დავძენ, რომ მართლა პირველად შევხვდი ქალბატონს, რომელიც ერთდროულად არის მასწავლებელი, სტუდენტი, სამხედრო პირი, მეეზოვე და მრავალშვილიანი დედა...
- 7 შვილი მყავს - 4 გოგო და სამი ბიჭი. მათგან ერთი ბიჭი და ორი გოგოა დაოჯახებული. ვარ 4 შვილიშვილის ბებია. ვცხოვრობ ახალციხეში. ქალაქ რუსთავში დავიბადე და მშობლებთან ერთად, 5 წლის ასაკში ახალციხეში გადმოვედით. ჩვენი წარმოშობა, ფესვები აქედანაა.
- როგორც ჩანს, ოჯახი ადრეულ ასაკში შექმენით.
- კი, 18 წლის ასაკში. ჩემს მომავალ მეუღლეზე შეყვარებული ვიყავი და გავყევი. არადა ახალციხეში უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და მეორე კურსის მეორე სემესტრიდან გავთხოვდი. შემდეგ სწავლისთვის თავის დანებება მომიწია... დედისერთა ვარ, დედმამიშვილი სულ მინდოდა, მყოლოდა, ამიტომ ბავშვობიდანვე ვგეგმავდი, რომ მრავალშვილიანი დედა ვყოფილიყავი. მამაჩემს პირველი ბიჭი უნდოდა ჰყოლოდა და შმაგი დაერქმია. რადგან ასე არ მოხდა, ბავშვობიდან სულ ვამბობდი, - პირველი ბიჭი მეყოლება და შმაგის დავარქმევ-მეთქი. ასეც მოხდა. მეორე შვილს ნანი ჰქვია, მესამეს - ნინო, მეოთხეს - ანი, მეხუთეს - გიორგი, მეექვსეს - რატი და მეშვიდეს - მარიამი - მათ სახელებსაც საგანგებოდ ვარჩევდი. ჩემი შვილები კვახაჯელიძეები არიან. მეუღლე 5 წელია, რაც გარდაცვლილია.
- რა ადრე დაგიკარგავთ...
- სიმსივნე ჰქონდა, ოპერაციები დასჭირდა, მესამე ოპერაციაზე პანდემიაც დაემთხვა, გამოწერის დროს ინსულტი დაემართა. აპარატზე შეერთებულმა 5 დღეზე მეტი ვეღარ გაძლო. ამ ქვეყნიდან 52 წლის ასაკში წავიდა. ძალიან კარგი მეუღლე მყავდა, მშრომელი ადამიანი, კარგი მამა... ახალციხეში ვერავის ნახავთ, ვინც მასზე ცუდს იტყვის.
მისი გარდაცვალების შემდეგ ისე ცუდად ვიყავი, სიცოცხლე აღარ მინდოდა... მისი გასაოცარი სიყვარული მქონდა. დედმამიშვილი რომ არ მყავდა, თითქოს ყველა სიყვარული მასში იყო ჩაქსოვილი. წაიკითხეთ ვრცლად