მშვიდობის მძიმე ფასი უკრაინისთვის ანუ რას ნიშნავს "ტერიტორიების გაცვლა" - დათანხმდება თუ არა უკრაინის არმია პუტინის ულტიმატუმს?! - კვირის პალიტრა

მშვიდობის მძიმე ფასი უკრაინისთვის ანუ რას ნიშნავს "ტერიტორიების გაცვლა" - დათანხმდება თუ არა უკრაინის არმია პუტინის ულტიმატუმს?!

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ (The New York Times) 13 აგვისტოს ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით: „რატომ იქნება უკრაინისათვის რთული დონბასის გადაცემა რუსეთისათვის?“ (ავტორი - მარკ სანტორა), რომელშიც ალასკის სამიტის დროს დაგეგმილი სავარაუდო მთავარი გარიგების - ტერიტორიული ცვლილების საკითხია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვიდრე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტერიტორიების სავარაუდო გაცვლაზე ლაპარაკობს, უკრაინელებისათვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა თქვან უარი დონბასზე, თუნდაც - სამხედრო-პოლიტიკური, ჰუმანიტარული თუ სხვა რაიმე მიზეზით.

როდესაც დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 15 აგვისტოს ვლადიმერ პუტინს ალასკაზე შეხვდებოდა, მიანიშნა, რომ მხარეები უკრაინასა და რუსეთს შორის „გარკვეული ტერიტორიების გაცვლის“ საკითხსაც განიხილავდნენ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი ტერიტორიის გაცვლაზეა ლაპარაკი (ან, საერთოდ, იქნება თუ არა რეალურად მასზე საუბარი). თუმცა, როგორც ის ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომლებთაც კავშირები აქვთ ამერიკელ კოლეგებთან, თეთრ სახლში, მოსკოვს სურს, რომ უკრაინამ ცალმხრივად გაიყვანოს თავისი არმია ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებიდან - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, რომელიც დონბასის სახელით არის ცნობილი.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ის თავის მიწა-წყალს არ გადაცვლის მშვიდობის რაღაც ბუნდოვან დაპირებებზე, იმის გათვალისწინებით, რომ კიევს არ სჯერა, რომ მოსკოვი მის მიერ აღებულ ვალდებულებას შეასრულებს. ასეთი პოზიცია ასახავს არა მარტო ტერიტორიული სუვერენიტეტის ფუნდამენტურ პრინციპს, არამედ - სამხედრო, ჰუმანიტარული და პოლიტიკური ხასიათის მოსაზრებებსაც, რომელთა გარეშე რთულია წარმოდგენა, რომ უკრაინელები დონბასის დატოვებაზე დათანხმდებიან.

გადავხედოთ დონბასს, რომლის სამრეწველო ქალაქები უკრაინის ცენტრალური და დასავლეთის ნაწილების ერთგვარ ფარს წარმოადგენენ, კრემლის არმიის შეტევის დროს.

სამხედრო მნიშვნელობა

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონს - დონბასს მეორე მსოფლიოს ომის დროსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აქ ბევრი ისტორიული მოვლენა მომხდარა, რომლებსაც უკრაინის ბედი განუსაზღრავთ და ახლაც, ძველებურად, საკვანძო გავლენას ახდენს ფრონტის ხაზის მდგომარეობაზე.

ამჟამინდელი ომის დროს ისეთი დასახლებული პუნქტების დაკავებაში, როგორებიცაა არტემოვსკი (ბახმუტი), ავდეევკა და რომლებსაც უკრაინელები რამდენიმე წლის განმავლობაში თავგანწირულად ინარჩუნებდნენ, კრემლმა ძალიან დიდი ფასი გადაიხადა: ყოველი კილომეტრის ოკუპირებას უამრავი რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე ეწირებოდა. მოსკოვის ჯარებმა მხოლოდ ამ ორი ქალაქის დაპყრობა შეძლეს, ომის პირველი წლის შემდეგ, თანაც - უკვე სრულიად დანგრეულ მდგომარეობაში.

დონბასის იმ დასახლებულ პუნქტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ უკრაინელები აკონტროლებენ (კრამატორსკი, პოკროვსკი, სლავიანსკი და ა.შ.), ერთმანეთთან მხოლოდ ერთადერთი გზატკეცილი აკავშირებთ, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. სწორედ ის გზა წარმოადგენს ფრონტის ხაზს და იქ გამაგრებული უკრაინის არმიის ქვედანაყოფები კრემლის ჯარებს ქვეყნის სირღმეში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. „ამ ქალაქებიდან რომელიმე ნებისმიერის დატოვება თავდაცვის მთელი ხაზის კოლაფსს გამოიწვევს“, - განმარტავს სერგეი კუზანი, საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების კვლევის უკრაინული ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ: 5 სცენარი ანუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი - კოშმარი უკრაინისა და ევროპისთვის თუ - ავღანეთის აჩრდილი რუსეთისთვის?!

რა უთხრა პუტინმა უოტკოფს ისეთი, რომ ტრამპთან მისი შეხვედრა სასწრაფოდ ჩაინიშნა?! - კრემლის 3 მოთხოვნა, რომელიც კიევისთვის ტერიტორიების დაკარგვაზე უარესია

პუტინის სამი მთავარი გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა დამოუკიდებლობას დაკარგავს და მსოფლიო წესრიგი საბოლოოდ დაემხობა

"როგორ იყენებს დონალდ ტრამპი „სიგიჟის თეორიას“ მსოფლიოს შესაცვლელად" - რას წერს BBC?

დონბასის ჩაბარება მტრისათვის იმასაც ნიშნავს, რომ მოსკოვს ხელში ჩაუვარდება ის გამაგრებული ფორტიფიკაციები, რომლის მშენებლობაზე უკრაინამ ათობით მილიონი დოლარი დახარჯა. კრემლი მიიღებს, აგრეთვე, უკრაინისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და მიწებს, რომლებიც მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით (ლითიუმით, ქვანახშირით და ა.შ.).

ოდესღაც მჭიდროდ დასახლებული ქალაქების მიღმა ისეთი ვაკე ადგილია, რომელიც უკრაინის გულში მიმავალი გზის ჭიშკრად შეიძლება ჩაითვალოს.

„დონბასის უბრძოლველად ჩაბარება რუსეთის არმიას დასავლეთისკენ შეტევის განახლების სტიმულს მისცემს“ - ასე თვლიან ვაშინგტონში არსებული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები.

ჰუმანიტარული ფაქტორი

დონბასის რუსეთის კონტროლქვეშ გადასვლა ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს - დიდი ალბათობით, ასობით ათას ადამიანს, როგორც ჩანს, თავიანთი მშობლიური სახლების დატოვება მოუწევთ იმის შიშით, რომ რუსული საოკუპაციო ხელისუფლების მოქმედებით არ დაზარალდნენ. ეს რეალური საფრთხეა, რადგან მასმედიამ, უფლებადამცველებმა და გაეროს წარმომადგენლებმა რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის (წამების, მკაცრი მოპყრობისა და ძალადობრივი უგზო-უკვლოდ დაკარგვის) ამსახველი უამრავი ფაქტის დოკუმენტირება შეძლეს.

დონეცკის ოლქში უკრაინის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს. 1298 დასახლებული პუნქტიდან 847 რუსეთის არმიას აქვს ოკუპირებული. 447 - რუსებს დაკავებული აქვთ ჯერ კიდევ 2014 წლიდან, როცა რუსეთის შემადგენლობაში ყირიმი იქნა შეყვანილი. მთლიანობაში, რუსეთი ამჟამად რეგიონის ტერიტორიის ორ მესამედს აკონტროლებს.

ბახმუტის მცხოვრები კატერინა არისოი, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, ადამიანებს საბრძოლო მოქმედებების ზონის დატოვებაში ეხმარება, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ჟურნალისთან საუბარში ამბობს, რომ იმ უკრაინელებს, რომლებიც ევაკუაციაზე უარს განაცხადებენ და დონბასში დარჩენას გადაწყვეტენ, წინ ბნელი მომავალი ელოდებათ, განსაკუთრებით მათ, ვინც საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლას გაბედავენ.

„მე ვფიქრობ, რომ უკრაინის იმ მიწებზე, რომლებიც წინა წლებში რუსებმა დაიკავეს, დღეს არავითარი ნორმალური ცხოვრება არ არის - იქ, უბრალოდ, ადამიანები თავის გადარჩენას ცდილობენ“, - აღნიშნავს კატერინა არისოი.

პოლიტიკური რეალობა

"მიუხედავად იმისა, რომ არც თეთრ სახლს და არც კრემლს ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ კონკრეტული წინადადებები „ტერიტორიების გაცვლის“ საკითხში, უკრაინის პრეზიდენტის მკაცრი პოზიცია „გაცვლის“ მიმართ ასახავს იმ ფუძემდებლურ რეალობას, რომელსაც დასავლეთში ხშირად მხედველობიდან უშვებენ და სათანადო ყურადღებას არ აქცევენ", - ამბობს იაროსლავ გრიცაკი, უკრაინელი ისტორიკოსი. მისი მტკიცებით, უკრაინული იდენტობა ეფუძნება პრინციპს: „არაფერი ჩვენ შესახებ ჩვენ გარეშე“ - ეს არის საკვანძო კონცეფცია, რომელსაც ფესვები ასეული წლების წინ, კაზაკობის პერიოდში აქვს გადგმული..

„თუ თქვენ რომელიმე უკრაინული საკითხის გადაწყვეტას უკრაინელების გარეშე მოისურვებთ, მაშინ თქვენ უკრაინულ იდენტობას უარყოფთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელებისათვის, განსაკუთრებით, დღევანდელ სიტუაციაში“, - აქცენტირებს იაროსლავ გრიცაკი. ასეთი მსჯელობა გვეხმარება ავხსნათ, თუ რატომ უჭერს მხარს მოსახლეობა ვოლოდიმირ ზელენსკის მიწების გაცვლის უარყოფაში - იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტს ამჟამად, საზოგადოებრივი გამოკითხვით, დაბალი რეიტინგი აქვს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ის უფლებამოსილი არ არის, ქვეყნის ტერიტორიული ცვლილება განახორციელოს და, საერთოდ, ქვეყნის დაყოფა-დანაწილებისა და უცხო სახელმწიფოებისათვის გადაცემის გარიგებაზე არასოდეს დათანხმდება.

უკრაინელთა სამ მეოთხედზე მეტი მიწა-წყლის გადაცემის წინააღმდეგია, მშვიდობის სანაცვლოდ. მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ შეიარაღებულ ძალებში ტერიტორიული გაცვლის იდეის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა „ბევრად და ბევრად მეტია“, - ამბობს სერგეი კუზანი, საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების კვლევის უკრაინული ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, - „უკრაინის არმიის ქვედანაყოფები, ბრიგადები და მათი მეთაურები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან კრემლის ულტიმატუმის შესრულებას“.

ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ისტორიკოსი იაროსლავ გრიცაკი არ გამორიცხავს მსხვილი ტერიტორიული გარიგების დადების შესაძლებლობას, თუმცა, მისი თქმით, თუ რუსეთი დონბასს მიიღებს, მაშინ კრემლმა უარი უნდა თქვას უკრაინის სამხრეთი ნაწილის ოკუპაციაზე (იგულისხმება ყირიმი). „და ესეც კი საკმარისი არ იქნება, რადგან უკრაინელებისათვის ეს ტერიტორიები უბრალო მიწა-წყალი კი არ არის, არამედ რაღაც უფრო მაღალი, საკუთარ თავთან და სიცოცხლესთან გაიგივებული...“, - ამბობს იგი.

„იქ ხომ უკრაინელები ცხოვრობენ, იქ უკრაინული სული ცოცხლობს“, - ამბობს კატერინა არისოი, - „მეც ვცხოვრობდი იმ ქალაქში, რომელიც ახლა ნანგრევებადაა ქცეული და რუსების მიერ არის დაკავებული, ის ჩემთვის ძვირფასია. ამიტომაც ამ ტერიტორიას მე უბრალო მიწის ნაწილად არ ვთვლი“.

წყარო