"ბარემ ლელა კაკულია ხომ არ დაგვესახელებინა თბილისის მერობის კანდიდატად?!" - რას ურჩევს სანდრო თვალჭრელიძე ხაზარაძე და გახარიას: :" მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კახა კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება"
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" 11 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა.
- გასულ კვირას ორი ხმაურიანი საქმის განაჩენი გამოცხადდა - ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაჩენი გამოიტანა არა სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლის, არამედ 353-ე მუხლის შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა "სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის" გამო, ანუ მუხლი გადაკვალიფიცირდა. იმავე დღეს აქტივისტი გიორგი ახობაძე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
- რა ვთქვა... მზია ამაღლობელის განაჩენი ყოვლად უსამართლო და მიუღებელია. ისე როგორ უნდა დაეცეს ქართველი კაცი, რომ ქალს ჯერ სახეში შეაფურთხოს, შემდგომ სილა მიიღოს და მერე ამის გამო უჩივლოს. მერე კიდევ დაჯდება სუფრასთან და მაღალფარდოვან სადღეგრძელოებს იტყვის, საქართველოსა და მანდილოსნებს გაუმარჯოსო... ფუი, ასეთ ქართველს! ქალბატონი მზიას გამძლეობა და ბრძოლის უნარი კი ნამდვილად სამაგალითოა, მე მისი სოლიდარული ვარ და მოვითხოვ მის გათავისუფლებას. რაც შეეხება ახობაძის ვერდიქტს, სამართლიანი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მას ძალიან მნიშვნელოვანი ბრალდება ჰქონდა წაყენებული, რომლის თანახმადაც, აქტივისტს, რომელიც აქციიდან ბრუნდებოდა, დიდი ოდენობით ნარკოტიკი უნახეს. გამოდის, მას არ ჰქონია ნარკოტიკი. მაშ, საიდან გაჩნდა ის და საერთოდ, როგორ შეიკერა ეს საქმე? ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი.
პირადად მე მოსამართლის ადგილას იმავე სასამართლოს სხდომაზე მოვითხოვდი იმ პოლიციელების დაკავებას, რომლებიც თავგამოდებით ამტკიცებდნენ სასამართლოს სხდომებზე, რომ ახობაძეს ნარკოტიკი ჰქონდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, მგონი, მოსამართლეები ნელ-ნელა ფხიზლდებიან და იწყებენ ზრუნვას საკუთარ მომავალზე უკვე პოსტივანიშვილის ეპოქაში.
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. ცესკომ გამოაქვეყნა მასში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულთა სია, მათ შორის არიან "ლელო" და გახარიას პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ შეთანხმებულად იმოქმედებდნენ, მაგალითად, ერთმანეთს ხმებს არ წაართმევდნენ და მაჟორიტარობის თუ მერობის კანდიდატებზე შეთანხმებოდნენ, ჯერჯერობით ეს არ ჩანს. მაგალითად, თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატებზე სულ სხვადასხვა განცხადება გვესმის. ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლელო" ალეკო ელისაშვილის დასახელებას აპირებდა, შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი შარაშიძეს განიხილავდა, რის თაობაზეც "ლელოში" არაფერი იცოდნენ. ბოლო ვერსიით, "ლელო" კიდევ ერთ კანდიდატად მომღერალ მერაბ სეფაშვილს განიხილავს.
- ძალიან ცუდია, თუ ეს ორი პარტია მაინც ვერ გამონახავს საერთო ენას და ერთობლივად არ იმოქმედებს, მაშინ „"ქართულ ოცნებას"” გაყალბებაც არ დასჭირდება, ისე მოიგებს, რადგან ოპოზიციური ელექტორატის დიდი ნაწილი არ წავა არჩევნებზე. აუცილებელია ოპოზიციამ გამოკვეთოს ლიდერი, რომელიც თბილისში მაინც შეძლებს სერიოზული ბრძოლის გამართვას. ჩვენს გერბზე ტყუილად კი არ წერია ლოზუნგი: „"ძალა ერთობაშია", მართლაც ასეა... მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არჩევნების ბოიკოტი შეცდომა იყო, მაგრამ შეცდომის შემთხვევაშიც კი აუცილებელი იყო ერთიანობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ბისმარკის სიტყვებს, რომ "თანმიმდევრული პოლიტიკა, თუნდაც მცდარი, ყოველთვის იმარჯვებს". არ შეიძლება ასე ლერწამივით რყევა. მოსახლეობას სჭირდება დადებითი და მდგრადი კურსის ჩვენება. არადა, ერთიანი, ძლიერი კანდიდატის შემთხვევაში შესაძლებელია თბილისის მოგება... ჩემი შეხედულებით, ოპოზიციური კანდიდატი უნდა იყოს ყველასთვის ცნობილი, აპოლიტიკური და პატიოსანი ადამიანი. აქედან გამომდინარე, დასახელებული კანდიდატებიდან ჩემთვის ყველა მიუღებელია. განსაკუთრებით მერაბ სეფაშვილის დასახელება იყო მოულოდნელი, ლაპარაკიც არ მინდა ამაზე. ბარემ ლელა კაკულია ხომ არ დაგვესახელებინა? მერაბი კარგი ადამიანი და საუკეთესო მომღერალია, მაგრამ ის არ არის იმ წონის ფიგურა, ვინც მოსალოდნელ მძიმე ბრძოლას მოიგებს. მოგეხსენებათ, „"ქართულმა ოცნებამ" ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე დაასახელა. ახლავე გეტყვით, რომ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება.