პუტინი კავკასიაში დიდი შურისძიებისთვის ემზადება?! - რით უპასუხებს კრემლი ჩვენს რეგიონში ტრამპის ამერიკის გაძლიერებას - კვირის პალიტრა

პუტინი კავკასიაში დიდი შურისძიებისთვის ემზადება?! - რით უპასუხებს კრემლი ჩვენს რეგიონში ტრამპის ამერიკის გაძლიერებას

8 აგვისტო - საქართველოს ისტორიაში დიდ ტრაგედიად შესული ეს დღე დიდი მომავლის დაწყებად შეიძლება იქცეს ჩვენი მეზობლებისთვის - აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის და საბოლოოდ მთელი სამხრეთ კავკასიისთვისაც. 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თვალწინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა ფაშინიანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელმაც უნდა შეწყვიტოს სამხრეთ კავკასიის ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ბოლო 35 წლის განმავლობაში არსებული დაპირისპირება.

"სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ნებისმიერ საბრძოლო ქმედებებს, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობასა და დიპლომატიურ ურთიერთობებს, და პატივს სცემენ­ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ასე მნიშვნელოვანია. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოვაგვარეთ არსებული პრობლემა, რომელიც წინა მოლაპარაკებებს შლიდა. ეს დეკლა­რაცია აარსებს "ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის", რაც დიდი პატივია, თუმცა არ მითხოვია. ეს განსაკუთრებული სატრანზიტო სივრცეა, რომელიც საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს, წვდომა ჰქონდეს თავის ნახიჩევანის [რეგიონზე] და იმავდროულად, სრულად სცემს პატივს სომხეთის სუვერენიტეტს.…სომხეთი ასევე ექსკლუზიურ პარტნიორობას ქმნის აშშ-სთან ამ დერეფნის გასავითარებლად, რომელიც 99 წლამდე შეიძლება გახანგრძლივდეს. მოველით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ განვითარებას ამერიკული კომპანიების მიერ. ისინი მოუთმენლად ელიან ამ ორ ქვეყანაში შესვლას და ისინი ბევრ ფულს დახარჯავენ.…

დამატებით აშშ ხელს აწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, რათა თანამშრომლობა გააფართოოს ენერგეტიკით ვაჭრობასა და ტექნოლოგიებში, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტში.…ასევე შეზღუდვებს­ ვხსნით თავდაცვით თან­ამშრომლობაზე აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის. ეს დიდი ამბავია, მათ ძალიან უხარიათ ეს, ისევე როგორც მე", - განაცხადა ტრამპმა.…

ეს მართლაც ძალიან დიდი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, რომელიც სწორედ ბოლო 35 წლის განმავლობაში (საბჭოთა კავშირის დაშლამდე და დაშლის შემდგომ) გახვეული იყო ომების ქარცეცხლში - იყო სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირება ყარაბაღის გამო და საქართველოს ბრძოლები ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.

42 კმ-იანი ზანგეზურის დერეფანი, რომელმაც სომხეთის გავლით ერთმანეთს უნდა დააკავშიროს აზერბაიჯანი თავის ნახიჩევანთან, "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" სახელით, 99 წლის ვადით უნდა ამოქმედდეს, რაც მძიმე დარტყმას მიაყენებს რუსეთისა და ირანის სტრატეგიულ ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში...

ასევე დაგაინტერესებთ: ესკალაცია, რომელში ჩართული, შესაძლოა, საქართველოც აღმოჩნდეს - ილჰამ ალიევი პუტინის გასამწარებლად ზელენსკის იარაღს მიაწვდის?!

"ტრამპის დერეფანს", რომელიც ჯერ არც კი ამოქმედებულა, ირანი უკვე განადგურებით დაემუქრა...

რა გამოსცადა პენტაგონმა ვაზიანის პოლიგონზე - უნიკალური ჯორ-დრონი, რომელიც ქართულ არმიასაც ძალიან გამოადგებოდა

"პუტინი თბილისში 10 საკარანტინო რაიონისა და 3 საფილტრაციო ბანაკის გახსნას გეგმავდა" - თბილისის აეროპორტი 76-ე სადესანტო დივიზიას უნდა აეღო

1980-იანი წლების მიწურულს შეიარაღებული კონფლიქტის ზონები სამხრეთ კავკასიაში შემთხვევით არ წარმოქმნილა. ამის წინა პირობა გახლდათ არსებული ისტორიული დაპირისპირებები (თუნდაც 1918-21 წლებში, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამმა რესპუბლიკამ, საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა პირველად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა), რომლებიც ხელოვნურად და ძალიან წარმატებით გააღვივა­ კრემლმა ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი უკვე დამოუკიდებელი რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებისა და სამხედრო ძალების გამოყენებით.

ამასთანავე, ვითომ ცდილობდა სომხებისა და აზერბაიჯანელების მომრიგებლის როლი ეთამაშა, ისევე როგორც ქართველებისა და ოსების თუ ქართველებისა და აფხაზების დაპირისპირებაში, რისთვისაც რუსულ ე.წ. სამშვიდობო ძალებსაც კი გზავნიდა კონფლიქტის ზონებში. თუ რა ნეგატიური როლი ითამაშეს რუსულმა ე.წ. სამშვიდობო ძალებმა საქართველოს უახლეს ისტორიაში, კარგადაა ცნობილი. სამაგიეროდ, მეზობელ აზერბაიჯანს ეყო გამბედაობა და ძალა, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ ყარაბაღში შეყვანილი რუსული ე.წ. სამშვიდობო ძალების ზემოქმედებაში არ მოქცეულიყო და ბოლომდე მიეყვანა ისტორიული საქმე, რასაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია.

რომ არა 2020 წლის 44-დღიან ყარაბაღის მეორე და 2023 წლის 24-საათიან ომებში გამარჯვება, აზერბაიჯანის ტერიტორიის მთლიანობის სრული აღდგენა, 2025 წლის 8 მარტს ვაშინგტონში მოღიმარი ტრამპის თვალწინ ასეთ მნიშვნელოვან სამშვიდობო ხელშეკრულებას ბაქოსა და ერევანს შორის ხელი არ მოეწერებოდა, რადგან მოსკოვი, პუტინის სახით, ამას არ დაუშვებდა, ეს ეწინააღმდეგება რუსეთის იმპერიული ზრახვების მთავარ პოსტულატს: "გაყავი და იბატონე".

ნიშნავს ეს, რომ პუტინის რუსეთისთვის იწყება სამხრეთ კავკასიის რეგიონზე მანამდე არსებული უდიდესი გავლენის ბერკეტების დაკარგვა?

პირველი - პუტინმა, რომელიც 25 წელია სათავეში უდგას მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ბირთვულ სახელმწიფოს და თავს, ეტყობა, მსოფლიოში ყველაზე გამოცდილ სახელმწიფო მეთაურად მიიჩნევს,­ წლების წინ დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, როდესაც თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან "დაახლოების" პოლიტიკური გზა აირჩია იმის გათვლით, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს "გამოგლეჯდა" თურქეთს, ნატოს სამხრეთ ფლანგის უმთავრეს დასაყრდენ ძალას და გარკვეულწილად მიაღწია კიდეც საწადელს - რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების ანკარისთვის მიყიდვითა და მოსკოვ-ანკარის დაახლოებით კრემლმა დიდი ნაპრალი­ გააჩინა თურქეთ-ნატოს თანამშრომლობაში­ და მათ შორის აშშ-სთანაც, სხვათა შორის, ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში.

მეორე - პრეზიდენტი ერდოღანი არანაკლებ მარჯვე აღმოჩნდა - თუკი პუტინი "რუსეთის ახალი იმპერიის" აღდგენაზე "ბოდავს", ჯერ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დაბრუნების დაწყებით, ერდოღანს არანაკლებ სურს "დიდი ოსმალეთის იმპერიის" აღდგენა და ამისთვის ანკარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თანამოძმე აზერბაიჯანზე გასვლით ცენტრალური აზიის თურქულეროვან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის დამყარება.

მესამე - ძნელი სათქმელია, რა საიდუმლო გარიგება შედგა თავის დროზე ერდოღან-პუტინს შორის, მაგრამ ფაქტია, რუსეთი ფაქტობრივად არ ჩარეულა 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში - კრემლი არათუ არ დაეხმარა სომხეთს, ხელიც კი არ შეუშლია აზერბაიჯანისთვის. კრემლს იგივე პოზიცია რომ დაეჭირა, როგორიც 1992-94 წლების ყარაბაღის პირველ ომში სომხეთის სასარგებლოდ, ილჰამ ალიევი­ ნამდვილად ვერ შეძლებდა ყარაბაღისა და კიდევ 7 ოკუპირებული რაიონის დაბრუნებას.

მეოთხე - ერდოღანთან მრავალწლიან პოლიტიკურ თამაშებში პუტინი ჯერჯერობით წაგებული ჩანს, რადგან თურქეთი თანამშრომლობას აღადგენს როგორც ნატოსთან, ისე ტრამპის ამერიკასთან.

სამაგიეროდ, რუსეთს სომხეთში აღიქვამენ როგორც სახელმწიფოს, რომელმაც­ ორჯერ მწარედ მოატყუა სომეხი ერი (პირველად 1914-18 წლების პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც სომხები ოსმალეთის იმპერიას შეატოვა, მეორედ 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის დროს, როდესაც საბოლოოდ ჩაიფუშა "დიდი სომხეთის" შექმნის იმედი ოკუპირებული ყარაბაღის შემოერთების გზით), აზერბაიჯანში კი თითქმის სავარაუდო მოწინააღმდეგედ, რომელმაც აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი იმსხვერპლა, რასაც კრემლი ცოცხალი თავით არ აღიარებს. ამასთან, რუსეთის ქალაქებში დაიწყო აზერბაიჯანუ­ლი სათვისტომოების შევიწროება და აზერ­ბაიჯანელების (მათ შორის რუსეთის მოქალაქე­ების) ისე უხეშად დაკავება, რომ რამდენიმე მათგანი ცემისგან გარდაიცვალა.­ მეტიც, რუსული კამიკაძე-დრონები უკრაინის ტერიტორიაზე­ მიზანმიმართულად უტევენ და აფეთქებენ აზერბაიჯანული "სოკარის" ობიექტებს, რაც შემთხვევითი არ არის.

მეხუთე - აზერბაიჯანის ნახიჩევანთან 42 კმ-იანი ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნის გახსნა "ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" სახელით, რომელსაც ამერიკული მხარე 99 წლით იღებს მმართველობაში, უმოკლეს გზას ხსნის თურქეთიდან აზერბაიჯანისკენ და ცენტრალური აზიისკენ, რაც პრეზიდენტ ერდოღანის უდიდეს პოლიტიკურ გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს და ამასთან, რუსეთისა და ირანის სამხრეთ კავკასიაში არსებულ სტრატეგიულ ინტერესებზე დიდ დარტყმადაც.

ვაშინგტონში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება რა გავლენას მოახდენს საქართველოზე, რომელიც ჯერ კიდევ დიდ გაურკვევლობაშია, მათ შორის იმიტომაც, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტისგან ვერ მიიღო ოფიციალური პასუხი საქართველო-აშშ-ის შემდგომი სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენის შესახებ.

წაიკითხე ვრცლად