"გოგო უნდოდა ძალიან, ექოზე წავედით, ჯერ არ ჩანდა სქესი..."- ანწუხელიძის მეუღლე თანაცხოვრების უცნობ დეტალებზე ჰყვება
"ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე მუშაობს წიგნზე "ანწუხელიძე", რომელსაც გამომცემლობა "პალიტრა L" გამოსცემს, - ამის თაობაზე მწერალმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. "დღეს დავიწყეთ მუშაობა მხატვრულ-დოკუმენტურ წიგნზე - "ანწუხელიძე". განზრახულია მცირე ტილოს შექმნა, ქართველი გმირის ცხოვრებისა და პარალელური ისტორიების მეშვეობით. ამბებით, რომელიც ქვეყნის ოკუპანტთან ბრძოლის ცხადი სურათი იქნება - ამბავი დაუნებებლობის. მე და გიორგის მეუღლე, ჩემი მეგობარი მაკა ჩიკვილაძე შევხვდით და სამუშაო რუკა მოვინიშნეთ, რომელიც ალვანიდან დაიწყება. მე წიგნის ავტორი ვიქნები, მაკა კი - მთავარი კონსულტანტი“, - დაწერა გიორგი კეკელიძემ.
"გიორგი კარგა ხანია, რაც ამ წიგნზე ფიქრობს. ჩვენ ახლახან შევხვდით და ვისაუბრეთ. წიგნი, სავარაუდოდ "დედა და ილიას“ ტიპის იქნება, სხვა დეტალები ჯერ არ ვიცი. ძალიან მახარებს ეს ამბავი... ცხოვრებაში რაც კი უდიდესი პასუხისმგებლობა არსებობს, ვფიქრობ, ეს არის იყო გმირის მეუღლე, ეს ძალიან რთულია, ამავე დროს, საპასუხისმგებლო ყველას და პირველ რიგში გიორგის მიმართ“, - ამბობს მაკა 2008 წლის 9 აგვისტოს ტერორისტების მიერ წამებით მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე, რომელიც საქართველოს გაუტეხლობის და მტკიცე სულის სიმბოლოდ იქცა.
მაკა ჩიკვილაძე მისი და გიორგის თანაცხოვრების უცნობ დეტალებზე გვიყვება:
"გიორგის პირდაპირ არ უთქვამს, მიყვარხარო“
- გიორგისთან პირველი შეხვედრა როგორი იყო, მართლა არ მახსოვს, მას ხშირად ვხედავდი ისანში, ბარში, სადაც ჩემი ახლობლები მუშაობდნენ. მერე საერთო ნაცნობის დაბადების დღეზე აღმოვჩნდით ერთად. მაშინ გიორგი 21-ის, მე - 23 წლის ვიყავი, ნელ-ნელა დავახლოვდით და შეგვიყვარდა ერთმანეთი. იმხანად გიორგი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობდა, სენაკში იყო და ჩამოდიოდა თუ არა, მნახულობდა. როცა ცოლად გავყევი, მაშინაც სენაკში იყო და ამის გამო დიდი პრობლემები გვქონდა, ის სულ იქეთ იყო, მე - აქეთ, ისედაც სულ 2 წელი ვიყავით ერთად და სენაკში უფრო დიდი დრო გაატარა. გიორგის ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა - კუჭის წყლული აწუხებდა და ამის გამო "დაბრაკეს“, ჯარიდან გამოუშვეს და 2008-ში თავი აღიდგინა, ოღონდ, ვაზიანში დაიწყო მსახური. ვფიქრობდი, რომ გაგვიმართლა, რადგან ჩვენც იქვე ვცხოვრობდით და მიდი-მოდიოდა. გიორგის პირდაპირ არ უთქვამს, მიყვარხარო. მალე დავქორწინდით - 2006 წლის მაისში დავახლოვდით და ივლისის ბოლოს უკვე გავიპარეთ. გავიპარეთ, რა, სახლში მაცილებდა და სხვაგან წამიყვანა - დეიდამისთან, თბილისში.
"როცა ბრაზდებოდა, მაშინ გათუშდებოდა ხოლმე“
- გიორგის ძალიან კარგი ხასიათი ჰქონდა, იყო მხიარული, მთავარია, არ გაბრაზებულიყო, თორემ ძალიან ფიცხდებოდა, მაშინ "გათუშდებოდა" ხოლმე. ლევანი გვეყოლა და ანაზე 2 თვის ფეხმძიმედ ვიყავი, ომში რომ წავიდა, მას მამა საერთოდ არ უნახავს, ანა თებერვალში დაიბადა... მართლა სხვანაირი იყო გიორგი, ძალიან ვაჟკაცური, ჯიუტი, მაგრამ ჩემთან უფრო რბილი ხასიათისა. სხვათა შორის, რომანტიკულიც იყო, ბევრჯერ მოურთმევია წითელი ვარდები. სიურპრიზი მისგან ის იყო, რომ მეტყოდა, ვერ გამოვდივარ ნაწილიდანო და მერე უცბად დამადგებოდა თავზე. უყვარდა ხუმრობა, თუმცა სხვა რომ ეხუმრებოდა, ეს არ მოსწონდა. კამათიც ისეთ უაზრო რაღაცაზე მოგვსვლია, ახლა რომ მახსენდება, მეცინება, ამაზე როგორ ვკამათობდით-თქო. არ უყვარდა, სადმე თუ წავიდოდი, ცოტა ეჭვიანიც იყო, როგორც მთის კაცების უმრავლესობა. მეორე ბავშვზე ორსულად ვიყავი, გოგო უნდოდა ძალიან, ექოზე წავედით, მაგრამ ჯერ არ ჩანდა სქესი. ექიმმა გვითხრა, 1 თვეში მოდითო, ვგეგმავდით, როდის წავსულიყავით, მაგრამ შუალედში ეს ომიც დაიწყო...წაიკითხეთ ვრცლად