ლავრენტი ბერია 1937 წელს დახვრეტას გადაურჩა?! - სტალინის კარის თამაშები ანუ ვინ აგროვებდა კომპრომატებს ლავრენტი პავლოვიჩზე?
საბჭოთა კავშირის შინსახკომის ხელმძღვანელის, ნ. ეჟოვის მიერ 1938 წლის ნოემბრის დასაწყისში „დიდი ბელადისთვის“ მიწერილ პირად წერილში მოხსენიებული პირები (მდივანი, გორიაჩევი და მაგაბელი) სტალინისთვისაც კარგად უნდა ყოფილიყვნენ ცნობილნი, რადგანაც ეჟოვი მათ შესახებ დამატებით ინფორმაციას არ აკონკრეტებს. ვფიქრობ, ბუდუ მდივნის და მისი ოჯახის ტრაგიკული ისტორია კარგადაა ცნობილი მკითხველისთვის და მასზე აღარ შევჩერდები. ახლა უნდა გავარკვიოთ, ვინ იყვნენ „გორიაჩევი“ და „მაგაბელი“ და მათ გამო რატომ იყო დაპირისპირება ერთი მხრივ ეჟოვ-ფრინოვსკისა და მეორე მხრივ - საქართველოს ცკ-ის პირველ მდივან ლავრენტი ბერიას შორის?
1899 წელს სარატოვში დაბადებული მიხაილ ეფრემის ძე გორიაჩევი 1921 წლის თებერვლის დასაწყისში რუსი ბოლშევიკების ავადსახსენებელი მე-11 არმიის „განსაკუთრებული განყოფილების“ თანამშრომელი იყო და აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ოკუპაცია-ანექსიაში. 1922-1929 წლებში გორიაჩევი „ზაკჩეკასა“ (ასფსრ ჩეკა) და „გრუზჩეკას“ (საქართველოს სსრ ჩეკა) ოპერატიული თანამშრომელი გახლდათ და ხშირი სამსახურებრივი ურთიერთობა ექნებოდა ლ. ბერიასთან. 1929-1933 წლებში მ. გორიაჩევი აზერბაიჯანის გე-პე-უს, რომელსაც იმ პერიოდში მიხეილ ფრინოვსკი ხელმძღვანელობდა, ოპერატიული თანამშრომელია. 1933-1937 წლის ოქტომბრამდე მ. გორიაჩევი კვლავ ლ. ბერიას ხელმძღვანელობით მუშაობს საქართველოში, სხვადასხვა პარტიულ-სამეურნეო თანამდებობაზე.
1937 წლის 28 ოქტომბერს გორიაჩევი ქართველმა „ჩეკისტებმა“ დააპატიმრეს, როგორც „ტროცკისტულ-ტერორისტული ჯგუფის წევრი“. რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სსრ ნკვდ-ის „სამეულმა“, ქობულოვის, ტალახაძისა და მოროზოვის შემადგენლობით, მ. გორიაჩევს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა. სხვა, ასეულობით განაჩენთან ერთად, მ. გორიაჩევის განაჩენიც მოსკოვში, საკავშირო ნკვდ-ში გადაიგზავნა. არსებული წესის მიხედვით, რესპუბლიკებიდან მიღებულ სიებს პირადად ნ. ეჟოვი ეცნობოდა და ამის შემდეგ წარუდგენდნენ პოლიტბიუროს (ფაქტობრივად, სტალინს) დასამტკიცებლად. მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ ხდებოდა განაჩენის სისრულეში მოყვანა. 1938 წლის 19 აპრილს დამტკიცებულ დასახვრეტთა სიაში გორიაჩევის გვარი არ იყო: ნ. ეჟოვის ბრძანების თანახმად, გორიაჩევი მოსკოვში, საკავშირო ნკვდ-ში გადაიყვანეს და იქ გააგრძელეს მისი „დაკითხვა“ (ფაქტობრივად, წამება), რომლის მთავარი მიზანი იყო გორიაჩევისგან ლ. ბერიას მაკომპრომეტირებელი ჩვენებების მიღება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს პირადად ეჟოვი-ფრინოვსკის ინიციატივა იყო: ისინი ბერიას წინააღმდეგ საქმის „შეკერვას“ ცდილობდნენ. 1938 წლის 15 ივნისს მ. გორიაჩევი დახვრიტეს.
დავუბრუნდეთ ნ. ეჟოვის წერილს, სადაც მოხსენიებულია, ვინმე, „მაგაბელი“ რომლის დახვრეტასაც ლ. ბერია ეჟოვ-ფრინოვსკის არ აპატიებდა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს პიროვნება საქართველოსთან კავშირში იყო. უფრო მეტიც, ის „მაჩაბელი“ უნდა ყოფილიყო და არა „მაგაბელი“. ერთი შეხედვით, ეს შესაძლოა ეჟოვის წერილში დაშვებულ ორთოგრაფიულ შეცდომად ჩაითვალოს: мачабели-ის მაგივრად магабели დაწერა. თუმცა მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ რუსეთის იმპერიის არქივებში მოიძებნება არა ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ხშირად ქართულ გვარს - „მაჩაბელს“ რუსულად, რატომღაც, „მაგაბელად" წერდნენ და მოიხსენიებდნენ. კერძოდ, რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის მეუღლე, იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნა 1916 წლის 30 სექტემბერს ამგვარი შინაარსის წერილს უგზავნის მეუღლეს:
„...ჩემო ძვირფასო, მაპატიე, რომ ვერევი შენ საქმეებში... მაგრამ ესაა ერივანის გულის ძახილი (მე შეგნებულად არ ვწერ სახელებს), რაც ჩვენამდე მოვიდა. მათ გაიგეს, რომ შესაძლებელია ქართველი პოლკოვნიკის, მაგაბელის დანიშვნა, რასაც ისინი მღელვარებით მოელიან. მაგაბელი პატივცემული და დაფასებულია უკვე 37 წლის მანძილზე... მაგრამ ამჟამად პოლკს სჭირდება ნამდვილი პატრონი. სჭირდება ისეთი მეთაური, რომელიც სრულიად უცნობი იქნება პოლკისთვის, იქნება სრულიად დამოუკიდებელი და იქნება სულ სხვა გარემოცვიდან... პოლკოვნიკი მაგაბელი კეთილი სულის ადამიანია, რბილი, მომთმენი, თავმდაბალი და მთელი დივიზიის სიყვარულით სარგებლობს... ამასთან, ის თავისი გვარის და წარმომავლობის გამო ვერ შეძლებს პოლკის ხელმძღვანელობას... მაგაბელი ანგელოზია, მაგრამ ძალზე რბილია და ქართველია, რაც ზუსტად ამჟამად არ სჭირდება პოლკს“. ამ წერილში საუბარი უნდა იყოს პოლკოვნიკ ელიზბარ ილიას ძე მაჩაბელზე, რომელიც 1915-1917 წლებში მე-16 სამეგრელოს გრენადერთა პოლკს მეთაურობდა. ისიც უნდა ითქვას: რატომ ერეოდა რუსეთის იმპერატორის მეუღლე გაგანია ომში პოლკის მეთაურების შეცვლის საკითხებში? რა მისი საქმე იყო ეს? შედეგიც ხომ მალე მოიმკეს და თავისი უნიათობით მსოფლიოს ახალი „ჭირი“ - ბოლშევიზმი შეჰყარეს. ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება გენიალური ვაჟა-ფშაველას პოემა - „ გოგოთური და აფშინა“ არ გავიხსენოთ: "...შენ ვინა გკითხავს, უჯიშოვ, თოფისასა და ხმლისასა?/ - შენ უნდა საჩეჩელს ეჯდე ან არა, - ჰქსოვდე წინდასა"...
რუსულ ენაზე მაჩაბლის გვარის დამახინჯების სხვა მრავალი მაგალითიც არსებობს: 1918 წლის მარტში გორის მაზრის უფროსი გიორგი მაჩაბელი, სხვა “სახალხო გვარდიელებთან” ერთად, ცხინვალის მიდამოებში აჯანყებულებთან ბრძოლაში დაიღუპა, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამომავალ რუსულენოვან გაზეთში მაჩაბელი „მაგაბელადაა“ მოხსენიებული.
ასევე დაგაინტერესებთ: "ბერია არ გვაპატიებს, რომ ბუდუ მდივანი მოსკოვში და არა თბილისში „გავტეხეთ" - სასიკვდილოდ განწირული ეჟოვის წერილი სტალინს: "სისხლიანი ლილიპუტის" აღსასრული
სიკვდილის ლიმიტი: ბერიას აღზევება - რა მისია დააკისრა სტალინმა ლავრენტი პავლოვიჩს?!
ბერიას საიდუმლო წერილი სტალინს და დიდი ბელადის პასუხი თბილისს - როგორ მტკიცდებოდა სიკვდილის ციფრები
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება განვაცხადოთ, რომ როდესაც სტალინისადმი მიწერილ წერილში „მაგაბელს" ახსენებდა, ნ. ეჟოვი უცილობლად „მაჩაბელს“ გულისხმობდა. ახლა გასარკვევია რამდენიმე საკითხი:
1. კონკრეტულად ვინ იყო „მაგაბელი“;
2. რა აკავშირებდა ლ. ბერიასთან;
3. რატომ მოხდა მისი ლიკვიდაცია.
გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების დროს დახვრეტილ/გადასახლებულთა სიებში რამდენიმე მაჩაბელი -მაგაბელია. ერთ-ერთი, ალექსანდრე (სანდრო) დავითის ძე მაჩაბელი 1937 წლის 22 ნოემბერს დახვრიტეს.

სანდრო მაჩაბელი (1874–1937)
ის დაიბადა სოფელ ქურთაში (ცხინვალის რაიონი), სოციალური წარმომავლობა - თავადი, დაპატიმრებამდე მუშაობდა საქვაჭრობის გორის განყოფილებაში, ხილის დამამზადებლად. ვითომდა, 1924 წელს გადაიბირა თავისი თანასოფლელი ა. ი. დათაშვილი. დაპატიმრებული იყო 1924 და 1934 წელს. დაპატიმრების დროს ბრალად ედებოდა, რომ 1934 წელს გადაიბირეს ერთ-ერთი უცხო ქვეყნის დაზვერვის ჯაშუშურ, დივერსიულ-მავნებლურ ქსელში, რომლის დავალებითაც ეწეოდა ჯაშუშობას და მავნებლობას სოფლის მეურნეობაში. ჩატარებული კონტრრევოლუციური სამუშაოსთვის მიიღო ფულადი ჯილდო - 16 500 მანეთი. ე.წ. სამეულის სხდომა (რომელშიც მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი) ჩატარდა 1937 წლის 12 თებერვალს, მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. ამ ინფორმაციიდან შესაძლებელია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა: სანდრო მაჩაბელი ქართველი „ჩეკისტების“ მსხვერპლი გახდა და ამის შესახებ თავად ლ. ბერიაც იქნებოდა ინფორმირებული. ამავე დროს ს. მაჩაბელი ნამდვილად არ იყო ის პიროვნება, რომელიც ნ. ეჟოვს ბერიას კომპრომეტირებისთვის გამოადგებოდა. ამიტომ სტალინისადმი მიწერილ პირად წერილში ეჟოვი სანდრო მაჩაბელს („მაგაბელს“) ნამდვილად არ გულისხმობდა.
რეპრესირებულთა სიებში გვხვდება ინფორმაცია, ვინმე „ილია ვასილის ძე მაგაბელზე“, რომელსაც 1938 წლის 5 სექტემბერს სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს და ორი დღის შემდეგ მოსკოვში დახვრიტეს. ვინ იყო და რატომ დახვრიტეს ილია ვასილის ძე მაგაბელი? საარქივო დოკუმენტებისა და მემუარული ლიტერატურის შესწავლა/ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ „ილია ვასილის ძე მაგაბელი“ საზღვარგარეთ მოღვაწე დიდი ქართველი პატრიოტის, გიორგი მაჩაბლის უმცროსი ძმა – ილია მაჩაბელი გახლდათ. მისი ოფიციალური ბიოგრაფია ძალზე მშრალია.

ილია მაჩაბელი
ილია ვასილის ძე მაჩაბელი დაიბადა 1891 წლის 16 ივლისს. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ახალგაზრდობაში იცნობდა და 1914-1916 წწ. რამდენჯერმე შეხვდა იმ პერიოდში რუსეთის იმპერიის „რუხ კარდინალს", გრიგორი რასპუტინს. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ილია მაჩაბელი თავის უფროსი ძმის, გიორგის გვერდში იდგა. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში გიორგი მაჩაბელი საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი იყო იტალიაში და 1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციას ევროპაში შეხვდა. ამის შემდეგ დაიწყო ემიგრაციის წლები, როდესაც მარცხიც ბევრი იყო და წარმატებაც. გიორგი მაჩაბლის უმცროსი ძმა ბოლშევიკურ საქართველოში დარჩა და აქტიურად მონაწილეობდა გასული საუკუნის 20-30 წლების საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. არსებული ინფორმაციით ი. მაჩაბელი ახალგაზრდობიდან კარგად იცნობდა სანდრო ახმეტელს, რამაც განსაზღვრა კიდეც

სანდრო ახმეტელი და ილია მაჩაბელი
მისი მომავალი: ილია რუსთაველის თეატრის ადმინისტრატორი გახდა და 1937 წლის გაზაფხულამდე ასრულებდა ამ მოვალეობას. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო რუსთაველის თეატრის გასტროლები მოსკოვში, რომლის საორგანიზაციო საკითხები ილია მაჩაბელმა წარმატებით გადაწყვიტა.
სანდრო ახმეტელსა და ლავრენტი ბერიას შორის არსებული პიროვნულ-იდეოლოგიური დაპირისპირების შედეგად, 1935 წლის ზაფხულში დიდ ქართველ რეჟისორს თეატრისა და სამშობლოს დატოვება მოუხდა: ის მეუღლესთან, თამარ წულუკიძესთან ერთად სარეჟისორო მოღვაწეობის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა. თუმცა ბერიას დაუნდობელი ხელი იქაც მიწვდა: 1936 წლის 19 ნოემბერს სანდრო ახმეტელი მოსკოვში დააპატიმრეს და მალევე თბილისში იქნა ეტაპირებული. ლ. ბერიას დავალებით, საქართველოს „ჩეკისტებმა“ დაიწყეს რეჟისორის წინააღმდეგ საქმის „შეკერვა“: ვითომდა, ის კონტრრევოლუციურ-ტერორისტული ჯგუფების ორგანიზატორ–ხელმძღვანელი იყო. ამასთან ერთად, ვითომდა, სანდრო ახმეტელი მიზანმიმართულად ახორციელებდა კონტრრევოლუციურ, მავნებლურ საქმიანობას თეატრში, დგამდა ანტისაბჭოურ სპექტაკლებს, კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ ემიგრაციასთან, რომლისგანაც პერიოდულად იღებდა ფინანსურ დახმარებას, ასევე, იყო ინგლისისა და გერმანიის დაზვერვის ჯაშუში და ამზადებდა ტერორისტულ აქტებს ამხ. სტალინისა და ამხ. ბერიას წინააღმდეგ. ამ მოგონილი „ბრალდებების“ გასამყარებლად საქართველოს „ჩეკისტებმა“ მასობრივად დაიწყეს სანდრო ახმეტელის თანამშრომლებისა და ნათესავ-მეგობრების დაკითხვა/დაპატიმრებები. 1936 წლის დეკემბერში დაკითხეს ილია მაჩაბელიც: ბერიას ჯალათების ერთ-ერთი მიზანი იყო სანდრო ახმეტელის საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ ემიგრაციასთან „ანტისაბჭოთა კავშირების“ გამოვლენა. როგორც ჩანს, ლავრენტი ბერია კმაყოფილი დარჩა ილია მაჩაბლის დაკითხვის შედეგებით (არავინ იცის, რა ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მიმდინარეობდა ეს დაკითხვები) და 1937 წლის აპრილში ილია მაჩაბელი საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად დანიშნა. თუმცა „პატარა დიქტატორის“ ეს წყალობა დიდხანს არ გაგრძელებულა: ი. მაჩაბელი იმავე წლის დეკემბერში გაათავისუფლეს თანამდებობიდან და მალევე დააპატიმრეს. ამის შემდეგ იწყება მოვლენები, რომლის დეტალებში ბოლომდე გარკვევა, სანდო საარქივო დოკუმენტების გარეშე, საკმაოდ რთულია. ამ ეტაპზე უტყუარად ცნობილია, რომ ილია მაჩაბელი მოსკოვში გაასამართლეს, „კონტრრევოლუციური საქმიანობის“ ბრალდებით, 1938 წლის 5 სექტემბერს „განსაკუთრებული წესით“ (ანუ ფორმალური სასამართლო განხილვის გარეშე), მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა და 1938 წლის 7 სექტემბერს მოსკოვში დახვრიტეს. ილია მაჩაბელი რეაბილიტირებული იქნა 1960 წელს.
გავიხსენოთ: 1938 წლის 22 აგვისტოს ლავრენტი ბერია დაინიშნა სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის (ნ. ეჟოვის) პირველ მოადგილედ. ჩემი აზრით, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ილია მაჩაბლის „განსაკუთრებული წესით“ ლიკვიდაციაც: ეჟოვ-ფრინოვსკის დუეტს არ უნდოდა ილია მაჩაბელი ლავრენტი ბერიას შეხვედროდა იმიტომ, რომ სავარაუდოდ, მაჩაბელს წამებით აიძულებდნენ, ბერიას საწინააღმდეგო ჩვენებები მიეცა. უცნობია, თუ რა ჩვენებები მისცა მან, თუმცა ფაქტია, რომ ეჟოვ-ფრინოვსკიმ ბრძოლა წააგო და მათი ბედი გადაწყვეტილი იყო.
1938 წლის აგვისტოს ბოლოს უკვე არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ლ. ბერია ყოვლისშემძლე ნკვდ-ის ხელმძღვანელი გახდებოდა და როგორ ფიქრობთ, ეჟოვ-ფრინოვსკის დუეტს დაინდობდა? სწორედ ამის შიში ჰქონდა ნ. ეჟოვსაც.
(მეთორმეტე ნაწილის დასასრული)