უკრაინელების მძიმე მოლოდინი ანუ დათმობს თუ არა კიევი მიწებს მშვიდობის სანაცვლოდ?! - რას ფიქრობენ უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები ალასკის სამიტზე?
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისის“ (BBC) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ალასკის მოლაპარაკების მიღმა დარჩენილი და ომისაგან დაქანცული უკრაინელები უსამართლო ზავის საფრთხეს ხედავენ“ (ავტორი - ჯონათან ბილი, სამხედრო კორესპონდენტი). პუბლიკაციაში გადმოცემულია უკრაინელთა განწყობა და მათი დამოკიდებულება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მიმართ.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ომისაგან დაქანცული უკრაინელი ჯარისკაცები სამხედრო მომზადებას, რომლის დროსაც დრონების წინააღმდეგ ბრძოლას სწავლობენ, „დრონოციდს“ უწოდებენ. ამჟამად რუსული დრონები უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ და ყველაზე მეტ დანაკარგებს იწვევენ. თუ ალასკაზე შეხვედრისას დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაში ვერ დაარწმუნებს, მაშინ უკრაინელებისათვის ანტიდრონული მომზადება, ფრონტზე სიცოცხლის შენარჩუნებისათვის, საკვანძო საშუალებად დარჩება.
უკრაინაში ცოტას თუ სჯერა, რომ ომი მალე დამთავრდება - და ეს გასაგებია, იმის მიხედვითაც, თუ როგორ მიმდინარეობს ჯარისკაცთა მომზადება. წვრთნები მაინცდამაინც რთული არ არის: სამხედროებს ასწავლიან შაშხანიდან სროლას, სწრაფად მოძრავი სამიზნის მიმართულებით - ჯერ ადგილიდან, გაუნძრევლად, შემდეგ კი - მოძრაობის დროს. იგორი, რომელიც გამოცდილი ინსტრუქტორია, ჯარისკაცებს ეუბნება, რომ დღეისათვის შაშხანა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა ახლო მანძილზე დრონის გასანადგურებლად.
იგორს მეტსახელად „დანის მსროლელსაც“ უწოდებენ - იგი მეომრებს ხელჩართული ბრძოლის ილეთებს და ცივი იარაღის გამოყენებასაც ასწავლის. იგორი 2014 წლიდან მონაწილეობს საომარ მოქმედებებში და მკვეთრად რეაგირებს ნებისმიერ ისეთ ვარაუდზე, რომლის თანახმად, უკრაინას, რაღაც გარიგების ჩარჩოებში, რუსეთისათვის ტერიტორიის გადაცემა მოუწევს.
„არც მე და არც ჩემი საბრძოლო მეგობრები ტერიტორიების დასათმობად მზად არ ვართ, ამას ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ“, - მეუბნება იგორი, - "ვიბრძოლებთ მანამდე, სანამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ჩვენს ტერიტორიებს არ გავათავისუფლებთ“.
გასაგებია იგორის მეომრული სული და განწყობა, მაგრამ მოვლენების ასეთი განვითარება ნაკლებად სავარაუდო ჩანს, მათ შორის იმიტომაც, რომ ფრონტის წინახაზზე მყოფი ბევრი უკრაინული ქვედანაყოფი ბოლომდე დაკომპლექტებული არ არის. ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ, რომელმაც ჩვენთან, ბრიტანელ კორესპონდენტებთან ისაუბრა, მობილიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია „კატასტროფულად“ შეაფასა.
უკრაინის არმია ძველებურად ჩამოუვარდება მოწინააღმდეგეს, როგორც რიცხოვნობაში, ასევე - საცეცხლე ძალაში. სამხედროები თვითონვე აღიარებენ, რომ დაიღალნენ და პოზიციებს კარგავენ. ეს უდავო ფაქტია, თუმცა სამხედრო მომზადება რომ გრძელდება, მოწმობს იმას, რომ ისინი კაპიტულაციას არ აპირებენ.
ალექსიმ - ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, რომელიც სასროლო მოედანზე ვარჯიშობს - უკვე დაკარგა ომში მამა და რამდენიმე მეგობარი. იგი აღიარებს, რომ ეს სისხლისმღვრელი და დამანგრეველი ომი უნდა შეწყდეს, მაგრამ იდეა იმისა, რომ უკრაინამ რუსეთს მიწები უნდა გადასცეს, მას არ მოსწონს. „ მე, პირადად, ასეთ პირობას არავის წავუყენებდი“, - ამბობს იგი.
უკრაინელი სამხედროების თქმით, უკრაინასთან ერთად რუსეთიც დიდ დანაკარგებს განიცდის: ყოველდღიურად, დაახლოებით, ათასამდე ჯარისკაცს, დაღუპულისა და დაჭრილის სახით. რუსეთს უკრაინაზე მეტი მოსახლეობა ჰყავს, მაგრამ მისი რესურსებიც იფიტება.
უკრაინელი სამხედროების თვალსაზრისი ეხმიანება სამოქალაქო მოსახლეობის პოზიციას, რომლებიც სულ უფრო მეტად იტანჯებიან ომის შედეგად, განსაკუთრებით რუსეთის სარაკეტო არტილერიისა და დრონების გააქტიურების ფონზე, მთელი უკრაინის მასშტაბით. გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 5 ათასზე მეტი გამოიყენა. ერთი წლის წინ, 2024 წლის ივლისში, დრონების რაოდენობა 400-ს არ აღემატებოდა.
მართლაცდა, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ უკრაინელ მოქალაქეებს, კიევშიც და ყველგან, ომის დამთავრება სურთ.
„თუ ჩვენ ომს ვერ შევაჩერებთ, კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას და მეტ ჯარისკაცს დავკარგავთ", - ამბობს ალექსანდრე, კიევის მცხოვრები. იგი შექმნილ სიტუაციას კაზინოს ამსგავსებს: „რაც მეტს ითამაშებ, მით მეტს წააგებ“.
კიდევ ერთი გამვლელი, რომელთანაც ჩვენ კიევის ქუჩებში ვისაუბრეთ (მან ანონიმად დარჩენა ისურვა), ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკების პერსპექტივას პესიმისტურად უყურებს. მისი ვარაუდით, უკრაინას, მკაცრი რეალობის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, ტერიტორიის დათმობა მოუწევს. მას ეს არ უნდა, მაგრამ ამბობს, რომ - გარდაუვალია. იმასაც აღიარებს, რომ რუსეთის მიერ ხელში ჩაგდებული მიწების უკან დაბრუნება ძალიან რთული იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ: 5 სცენარი ანუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი - კოშმარი უკრაინისა და ევროპისთვის თუ - ავღანეთის აჩრდილი რუსეთისთვის?!
ჩვენთვის რომ დასავლეთს იარაღი ომის დაწყებისთანავე მოეცა, იმ დროს ბრძოლის მსურველი ბევრი იყო და გარკვეულ წარმატებას მივაღწევდით. ახლა ახალგაზრდების რაოდენობა საბრძოლველად სამყოფი არ არის - ისინი ან იქ (ხელით ზემოთ, ცას აჩვენებს) არიან, ან ჰოსპიტლებში წვანან“.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკმაყოფილოა, რომ ალასკის მოლაპარაკებაზე იგი მიწვეული არ არის და იქ უკრაინის ხმა არ გაჟღერდება. მან ნათლად მიანიშნა, რომ ტერიტორიების მტრისადმი ჩაბარებას არ აპირებს. „ჩემი ქვეყნის მიწა ჩემი კერძო საკუთრება არ არის“, - თქვა მან ამ კვირის დასაწყისში.
და მაინც, ზოგიერთი საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ სულ უფრო მეტი უკრაინელი ურიგდება იმ აზრს, რომ სავარაუდოდ, მშვიდობისათვის მიწის შეწირვა მოუწევთ. ამასთან, ბევრ უკრაინელს არ სჯერა, რომ რუსეთს მშვიდობის დამყარება გულწრფელად სურს. ალექსანდრე მერეჟკო, ვერხოვნა რადას დეპუტატი და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ალიასკის შეხვედრას ვლადიმერ პუტინის „პიარ-აქციად“ მიიჩნევს: „პუტინს არავითარი სურვილი არ აქვს, კომპრომისზე წავიდეს, იგი თვლის, რომ ომს იგებს. იგი უკანდახევას არ ფიქრობს“, - ამბობს უკრაინელი პოლიტიკოსი.
ალექსანდრე მერეჟკო არ ეთანხმება დონალდ ტრამპის თვალსაზრისს, რომ „უკრაინამ რაღაცას ხელი უნდა მოაწეროს“. „მე უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ ვინმემ თავს მოგვახვიოს და ქვეყნის განადგურების შეთანხმებაზე ხელმოწერა გვაიძულოს“, - ხაზს უსვამს იგი BBC-ისთან საუბარში, - „ადამიანების საცხოვრებელი სახლებისა და ქონების შეწირვა მშვიდობისათვის უკანონო და ამორალური საქციელია“.
მაგრამ ბევრმა უკრაინელმა დიდი ხანია, სახლებიც დაკარგა, სხვა ქონებაც და... სიცოცხლეც. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 13 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 3,5 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა და დევნილი (ლტოლვილი) გამხდარიყო.
კიევის ახლოს შექმნილია აღმოსავლეთ უკრაინიდან დევნილების ბანაკი, სადაც 500 მოქალაქე ცხოვრობს. მათი ახალი სახლები ლითონის კონტეინერებია. დევნილებს შორის ბევრია მოხუცი და ბავშვი, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, ომის საშინელებებს გამოქცეოდნენ. ბავშვები, ალბათ, ვერასოდეს ნახავენ იმ სოფლებს და ქალაქებს, სადაც ისინი დაიბადნენ. მათთვის პატარა საბავშვო სათამაშო მოედნებია მოწყობილი.
78 წლის გენადი ცრემლმორეული ამბობს, რომ ვერასოდეს ნახავს მშობლიურ სახლს, იგი მუდმივად ნოსტალგიურად იხსენებს წარსულ ცხოვრებას: „მე იქ აგარაკიც მქონდა, მიწის ნაკვეთიც, ვენახი მქონდა, თხილი, სათევზაოდაც დავდიოდი... ყველაფერი დავკარგე“.
ვისაც კი ვესაუბრეთ, არც ერთს მტკიცედ არ სჯერა, რომ ალასკის მოლაპარაკება უკრაინას სიკეთეს და წარმატებას მოუტანს: „ძალიან მინდა, ალასკის სამიტმა რაღაც კარგი მოგვიტანოს, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული იმედი არ მაქვს", - ამბობს ვალერია, 18 წლის სტუდენტი. მისი ოჯახი იძულებული გახდა, ფრონტის მოახლოების გამო, სახლი მიეტოვებინა და კიევში წამოსულიყო. 75 წლის ვალენტინა კი კატეგორიულად არის განწყობილი. მისი ქმარი რუსული რაკეტის აფეთქებისას დაიღუპა: „დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწა-წყალია, უკრაინის ტერიტორია. განა რუსეთს თავისი მიწა ცოტა აქვს, ჩვენ რომ გვართმევს? ჩვენი მიწების გამო ამდენი ახალგაზრდა დაიღუპა და ახლა რუსებს დავუთმოთ? ეს უსამართლობაა, ამაზე არასოდეს დავთანხმდები“.
ალასკაზე დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის მომავლის განხილვას აპირებენ, მაგრამ - უკრაინის მონაწილეობის გარეშე ანუ კიევის ზურგს უკან. და თუნდაც უკრაინა ამ ომს თანდათანობით აგებს, ის ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული. აქედან გამომდინარე, მას ისეთ სამშვიდობო პირობებს თავს ვერავინ მოახვევს, როგორიც მას არ სურს.
მოამზადა სიმონ კილაძემ