ტრამპი-პუტინის ფსიქოლოგიური დუელი ანუ ვინ ვის "შეუსრულებს" ალასკაზე?! - დიდი იმედი, რომელიც შეიძლება ფერფლად იქცეს - კვირის პალიტრა

ტრამპი-პუტინის ფსიქოლოგიური დუელი ანუ ვინ ვის "შეუსრულებს" ალასკაზე?! - დიდი იმედი, რომელიც შეიძლება ფერფლად იქცეს

ომის შეჩერების ტყუილი მოლოდინი ალასკაზე - ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია სურს, პუტინს კი - უკრაინის ბოლომდე დაპყრობა...

რამდენიმე საათიღა დარჩა ალასკაზე აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრამდე, რომლის შედეგებსაც მილიონობით ადამიანი უკრაინაში და თავად რუსეთშიც დიდი იმედით ელოდება. იქნებ ომის დაწყებიდან 1 269-ე დღეს ტრამპმა და პუტინმა მართლაც მიაღწიონ მიმდინარე ამ საშინელი ომის შეჩერებას...

თუმცა ამ იმედებს გამართლება, სამწუხაროდ, არ ელის, რადგან ის მიზნები და ამოცანები, რაც დასახული ჰქონდა ამ ომის წამომწყებ მხარეს - რუსეთს, კრემლს ჯერ არ შეუსრულებია და, შესაბამისად, ომი უკრაინაში კვლავ გაგრძელდება...

ორი ბირთვული სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერების პირისპირ შეხვედრას ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა პირველი ცივი ომის დროს და ასეა დღესაც, მეორე ცივი ომის დაწყების შემდეგ.

ტრამპისა და პუტინის შეხვედრა მართალია, ამერიკულ მიწაზე, ყველაზე დიდ შტატში - ალასკაზე ტარდება (რომელიც რუსეთის მეფემ 1867 წელს 7,2 მლნ აშშ დოლარად, დღევანდელი კურსით - 150 მლნ დოლარად მიჰყიდა თეთრ სახლს), მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს რაიმე ფსიქოლოგიური უპირატესობა ექნება მოლაპარაკების მაგიდასთან მჯდომ კრემლის უხუცეს ბინადართან.

პირიქით, სწორედ პუტინი, რომელიც მეოთხედი საუკუნეა რუსეთის სათავეში დგას, ბევრად უფრო გამოცდილი ჩანს ასეთი მოლაპარაკებების დროს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებითაც, რომ ტრამპის ცნობილი „შვიდი პარასკევი“ და არაპროგნოზირებადი გამონათქვამები და ქმედებები, მას, როგორც მაღალი დონის მომლაპარაკებელს, სულაც არ ახასიათებს. ტრამპს, როგორც მილიარდერ ბიზნესმენს ჰგონია, რომ ბიზნესის არ იყოს, დიდ პოლიტიკაშიც ანალოგიურად შეიძლება მოლაპარაკებების გამართვა, მაგრამ ეს მთლად ასეც არ არის...

ალასკის შეხვედრის წინ, ერთი კვირით ადრე, პუტინმა საინტერესო ფრაზა გააჟღერა - უკრაინის ომის შეჩერებასთან დაკავშირებით ზოგიერთებს ძალზე დიდი იმედები აქვს ჩასახული, თავიანთ წარმოდგენებში და შემდეგ ეს იმედები უცრუვდებათ და ცუდ ხასიათზე დგებიან, რეალობა კი ისაა, რომ რუსეთს ჯერ ბოლომდე არ შეუსრულებია „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებისას დასახული ყველა ამოცანა და, - საბოლოო შედეგამდე აუცილებლად მივალთო...

კრემლის საბოლოო მიზანი კი, უკრაინის სრული დაპყრობა და მისი, როგორც ერთიანი სუვერენული ქვეყნის დაქუცმაცებაა, რისი მაჩვენებელიცაა უკრაინის ყირიმის ოკუპაცია და ანექსია ჯერ კიდევ 2014 წელს და ნაწილობრივ დაპყრობილი უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების არაკანონიერი რეფერენდუმებით რუსეთის ფედერაციაში „გაწევრება“.

ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინელების მძიმე მოლოდინი ანუ დათმობს თუ არა კიევი მიწებს მშვიდობის სანაცვლოდ?! - რას ფიქრობენ უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები ალასკის სამიტზე?

ფრონტის გარღვევა პოკროვსკთან: საჩუქარი პუტინს ტრამპთან შეხვედრის წინ - კონსტანტონოვკას, კრამატორსკისა და სლოვიანსკის ალყაში მოხვედრის საფრთხე?!

ესკალაცია, რომელში ჩართული, შესაძლოა, საქართველოც აღმოჩნდეს - ილჰამ ალიევი პუტინის გასამწარებლად ზელენსკის იარაღს მიაწვდის?!

ტრამპი პუტინის ნაცვლად ზელენსკის „სჯის “ - ამერიკა უკრაინას სრულიად უწყვეტს უფასო სამხედრო დახმარებას

ანალოგიური ბედი ელის უკრაინის სხვა ოლქებსაც, პირველ რიგში კი - დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და სუმის ოლქებს, თუკი, რა თქმა უნდა, მათ სრულ ოკუპაციას მოახდენენ რუსეთის საოკუპაციო ძალები, რისი მცდელობებიც ახლა მიმდინარეობს.

ასეთ დროს პუტინის რუსეთს არანაირად არ აწყობს არათუ ომის შეწყვეტა უკრაინაში, არამედ - მისი დროებით შეჩერებაც და სწორედ ამიტომაცაა, რომ პუტინი მოლაპარაკებებზე აყენებს უკრაინისთვის თავიდანვე მიუღებელ პირობებს, მათ შორის - დონეცკის ოლქის დაუპყრობელი 25% ტერიტორიის (რომელშიც შედის ამ ოლქის ორი დიდი ქალაქი -კრამატორსკი და სლოვიანსკი) უბრძოლველად გადაცემას რუსეთისთვის, უკრაინის არმიის მინიმუმამდე შემცირებას, კიევის ოფიციალურ დასტურს ნატოში არ გაწევრებაზე...

აქედან ყველაზე ადვილად შესასრულებელი სწორედ ნატოში არ გაწევრებაა, რადგან დასავლეთი ისედაც არ აპირებს ამის გაკეთებას, ისე, როგორც არ აპირებდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, როდესაც საქართველოსა და უკრაინას ტყუილად დაგვპირდა და ამით ჩვენი ქვეყნების მომავალი სასწორზე შეაგდო, რადგან ამით საბაბი მისცა პუტინს ჯერ საქართველოში და ახლა კი - უკრაინაში სამხედრო აგრესიის დასაწყებად.

გასაგებია, რომ პუტინი არ წავა უკრაინაში ომის შეწყვეტაზე, მისი გეგმებიდან - ახალი რუსული იმპერიის შექმნის მცდელობიდან გამომდინარე, მაგრამ რა მთავარი მიზანი ამოძრავებს ტრამპს, რომელმაც ჯერ კიდევ პრეზიდენტად მეორედ არჩევამდე დაიქადნა უკრაინაში ომის შეჩერება?

ტრამპი ხშირად წუხს, რომ ყოველდღე უკრაინის ფრონტზე ათასობით რუსი და უკრაინელი მებრძოლი იღუპება და ამიტომაც სურს ამ სისხლისღვრის შეჩერება, რაც ნაწილობრივ შეიძლება, გულწრფელობაც იყოს, მაგრამ ტრამპს, სავარაუდოდ, მაინც თავისი პირადი ინტერესები ამოძრავებს, რომლებსაც არც მალავს და სახალხოდ აცხადებს - მას ძალიან სურს, რომ მიიღოს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, მსოფლიოში ომების შეჩერებისთვის!

პირველი „ქულები“ ტრამპის აქტივში უკვე ჩაწერილია, მათ შორის ინდოეთ-პაკისტანსა თუ ტაილანდსა და კამბოჯას შორის წელს დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტების შეჩერება, თეთრი სახლის აქტიური ჩარევის შემდეგ, რასაც დაემატა ტრამპის მიერ აზერბაიჯან-სომხეთს შორის რამდენიმე ათეულწლიანი დაპირისპირების მოგვარებაში შეტანილი დიდი წვლილიც.

მარტო ამიტომაც შეიძლება ეკუთნოდეს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტ ტრამპს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სწორედ ეს, მშვიდობის ნობელის პრემია მიიღო 2009 წელს, ინაუგურაციიდან ათ თვეში, ისე, რომ მშვიდობის დასამყარებლად დიდი არაფერი გაუკეთებია, პირიქით - იმ მომენტში ამერიკული ჯარები ერაყსა და ავღანეთში იმყოფებოდნენ, ხოლო ობამა კი მათ რიცხვს იქ ზრდიდა...

მაგრამ ტრამპს დაჩემებული აქვს, რომ ის „მშვიდობის მტრედად“ უნდა იქცეს რუსეთ-უკრაინის ომში და ყველა საშუალებით უნდა შეაჩეროს ის, მათ შორის თუნდაც უკრაინის სახელმწიფოებრივი და სტრატეგიული ინტერესების ხარჯზეც კი, მაგრამ ვის სურს ისეთი მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციის ტოლფასი გახდება, დაკარგული ტერიტორიების ჩათვლით? განა ეს მწარე ისტორიები თავის თავზე არ იწვნია ჩვენმა საქართველომ, გინდ აფხაზეთის ომის ბოლოს - 1993 წელს და გინდაც 2008 წლის აგვისტოს ომისას?

ერთადერთი გზა,რომელმაც შეიძლება პუტინის რუსეთი მართლაც აიძულოს უკრაინაში ომის შეწყვეტაზე, არის რუსეთზე უმკაცრესი ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესება, მათი რეალურად აღსრულების მექანიზმების დახვეწით, რუსული ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის შემსყიდველ ქვეყნებზე მეორადი სანქციების გავრცელება და ამის პარალელურად, უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება...