სასამართლომ აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო - მას 4 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
ბრალდებული პირი ბრალს არ აღიარებს.
“რაც შეეხება ჩემს ამ ცხრათვიან გაურკვევლობას და შეკერილ ბრალდებას, ეს არის სრული აბსურდი! არ ვაღიარებ ბრალს, რომელიც არ მეკუთვნის დ არა ჩამიდენია! პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, მაგრამ პროკურორი ყოველ წინადადებაში გამოგონილ “მოლოტივის კოქტეილს” იმეორებს, მოჰყავს ცრუ მოწმეები, მათ უმეტესობას სახეზე არც ვიცნობ, ხოლო ვისაც ვიცნობ მათ ჩემ მიმართ ფზიკურ და ფსილქოლოგირ ძალადობაში მოანწილეობა აქვთ მიღებული”. განაცხადა დავით ხომერიკმა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.
ცნობისთვის, დავით ხომერიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის 2 დეკემბერს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, გზის გადაკეტვისთვის ძმასთან ერთად დააკავეს. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებისას მას ცეცხლგამჩენი მოწყობილობები აღმოუჩინეს, რომელიც გამოყენებისთვის იყო გამზადებული.
დავით ხომერიკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-18-229-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დანაშაულის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ინტერპრესნიუსი"