ტრამპი-პუტინის „ჩახუტება“ შედგა, მაგრამ უკრაინის ხარჯზე? - კვირის პალიტრა

ტრამპი-პუტინის „ჩახუტება“ შედგა, მაგრამ უკრაინის ხარჯზე?

ალასკაზე დამთავრდა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების სამსაათიანი მოლაპარაკება უკრაინაში ომის საკითხებზე, ტრამპიც და პუტინიც ვაშინგტონსა და მოსკოვში გაფრინდნენ, მაგრამ მსოფლიო კვლავ გაურკვევლ მდგომარეობაში დარჩა, რადგან არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას - შეწყდება თუ არა ომი უკრაინაში?

„ძალიან საფუძვლიანი და ჩემი რწმენით, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე. ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ. შეთანხმება არ არის, სანამ შეთანხმება არ იქნება. ნატოს წარმომადგენლებს დავურეკავ ცოტა ხანში. სხვადასხვა ხალხს დავურეკავ, ვინც მგონია, რომ სათანადოა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზელენსკის დავურეკავ და დღევანდელ შეხვედრაზე ვეტყვი. საბოლოო ჯამში ეს მათზეა დამოკიდებული დათანხმდებიან თუ არა იმას, რასაც მარკომ [რუბიო] და სტივმა [უიტკოფი] მოიფიქრეს…ძალიან ველით შეთანხმებას. ნამდვილად დიდ პროგრესს მივაღწიეთ დღეს", - განაცხადა ტრამპმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე,რომელზეც ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუალება არ მისცეს

“ჩვენი ქვეყანა გულწრფელად დაინტერესებულია ამის დასრულებაში. ამავდროულად, დარწმუნებულები ვართ, შეთანხმება მყარი და ხანგრძლივი რომ იყოს, საჭიროა ამ კონფლიქტის ყველა ძირეული მიზეზის, ძირეული მიზნის აღმოფხვრა და ეს რამდენჯერმე ვთქვით. საჭიროა რუსეთის ყველა ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინება და ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების სამართლიანი ბალანსის აღდგენა.

პრეზიდენტ ტრამპს ვეთანხმები, როგორც დღეს თქვა, რომ ბუნებრივია უკრაინის უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ბუნებრივია, მზად ვართ ამაზე ვიმუშაოთ. იმედი მაქვს, რომ შეთანხმება, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში და გზას გაგვიკაფავს უკრაინაში მშვიდობისკენ. მოველით, რომ კიევი და ევროპული დედაქალაქები ამაზე კონსტრუქციულად იმუშავებენ და ამას არ დააზიანებენ", - განაცხადა თავის მხრივ პუტინმა ამავე პრესკონფერენციაზე.

მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა თავის საყვარელ სატელევიზიო არხს Fox News-ს მოკლე ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც თქვა-„ჩვენ ბევრ საკითხზე შევთანხმდით. ვგულისხმობ, ბევრ საკითხზე მივაღწიეთ შეთანხმება, თუმცა, არის ერთი-ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათი მიღწევა შესაძლებელია. ახლა ამის გაკეთება ნამდვილად პრეზიდენტ ზელენსკიზეა დამოკიდებული. ვიტყოდი, რომ ევროპული ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ მცირედით, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკიზეა დამოკიდებული“ და დაამატა: „დადეთ შეთანხმება, შეთანხმება უნდა დადოთ“, რაც უკვე კონკრეტული მიმართვა გახლდათ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისადმი...

მართალია, ფართო საზოგადოებისთვის ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება ის კონკრეტული საკითხები, რაზეც მოილაპარაკეს ალასკაზე ტრამპმა და პუტინმა, მაგრამ სატელეფონო საუბარში ტრამპი იმედია ზელენსკის მაინც გაუმხელდა იმას, რაზეც უკრაინის გარეშე მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა და უახლოეს საათებში უკვე უნდა ველოდოთ კიევისა და ევროპული ქვეყნების საპასუხო რეაქციას ალასკის შეხვედრის შედეგებზე, რაც სავარაუდოდ, კრიტიკული იქნება, რადგან იმას, რასაც პუტინი მანამდე მოსკოვიდან მუდამ მოითხოვდა - უკრაინის მხრიდან რიგი ოლქების უბრძოლველად დათმობას - არც ალასკაზე შეხვედრისას შეცვლიდა და ძალიან ცუდი იქნება, თუკი ტრამპმა პუტინის ეს მოთხოვნა გაითვალისწინა...