თბილისელი მასწავლებლის სიონთგორში ახდენილი ოცნება - კვირის პალიტრა

თბილისელი მასწავლებლის სიონთგორში ახდენილი ოცნება

მაშინ, როდესაც სოფლები მოსახლეობისგან იცლება, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სოფელში ეზო-კარს ყიდულობენ და იქაურობას ახალ სიცოცხლეს სძენენ. ერთ-ერთი ასეთი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინა ბედოშვილია. თბილისელი პედაგოგი ყოველთვის ოცნებობდა ჰქონოდა სოფელი, სადაც საკუთარი ხელით თავის სამყოფ პროდუქტს მოიყვანდა...

როგორ აუხდა ნატვრა და როგორ საქმიანობს თავის სოფელში მარინა მასწავლებელი, თავად გვიამბობს.

მარინა ბედოშვილი:

- ბავშვობიდან მომწონდა სოფლის გარემო და იცით, როდინდელი სოფლები მიყვარს? როგორზეც რეზო ინანიშვილი წერს თავის მოგონებებში, როცა სახლებსა და ეზოებს ღობეები არ ჰქონდა, როცა ღია იყო ყველაფერი. სწორედ ასეთ სოფელში ჩავდიოდი ხოლმე სტუმრად ბებიასთან ან დედაჩემის ბიცოლასთან. რომელი თონიდანაც კვამლი ამოდიოდა, ბავშვები უცებ იმ თონეს დავაცხრებოდით, ვიცოდით, რომ იქ პური ცხვებოდა. ხალხიც ძალიან გულღია და ხელგაშლილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ვიზრდებოდი, სოფლური უბრალო ყოფა ძალიან მომწონდა, მაგრამ მშობლებისგან არც დედულეთი დამრჩენია და არც მამულეთი.

ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით, ჩვენს ოჯახს სოფელი ჰქონოდა, სადმე რამე შეგვეძინა, მაგრამ ამისთვის მატერიალური შესაძლებლობა არ გვქონდა... ამის მიუხედავად სოფელ-სოფელ მაინც დავდიოდი და შესაფერის ადგილს ვეძებდი. ჩემს ქმარს უკვირდა, ასე რომ დადიხარ, რანაირად უნდა იყიდოო? მაგრამ იცით, რისი მჯერა? როგორც რუსთაველი ამბობს, "ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-ხვდების".

ბოლო დროს უკვე იმდენი ვიზუზუნე და ვიტირე, სოფელი მინდა-მეთქი, რომ ჩემი შვილიც დაფიქრდა. უკვე დიდია, იურისტი, გვერდში მიდგას, ჩემი ესმის, ერთი მიმართულებით ვიხედებით. ნატამ მითხრა, დედა, ცოტა ბანკის დახმარება გამოვიყენოთ, ცოტა შენი შემოსავალი (წლებია, კერძო პრაქტიკა მაქვს), ოღონდ ისეთი ვიყიდოთ, რომ მეც მომეწონოსო. მე ქოხმახებსა და მიწურებზეც თანახმა ვიყავი...

ბევრი ძებნის შემდეგ 2022 წლის დეკემბერში ერწოს მხარეში, სოფელ ღულელების თემის სოფელ სიონთგორში მოვედით. ზამთარი იყო და, ფაქტობრივად, გარშემო ყველაფერი გახრიოკებული იყო. არ ვიცი, ჩემს შვილს რა მოეწონა, მაგრამ მოეწონა და დავრჩით. დავიწყეთ სახლისა და ნაკვეთის მოწესრიგება. ყველაფერი, როგორც შევძელით, გავაკეთეთ.

ჩავყარეთ ხეხილი, წინ ბოსტანი გავაშენეთ. მოდის კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა, მწვანილი (ქინძი, ოხრახუში, კამა), ბროკოლი, სალათის ფოთოლი, პამიდორმა უკვე ნიშანი მოგვცა. ბადრიჯანი ყვავის, მაქვს ბულგარული წიწაკა, კარტოფილი. 2023 წელს სატელევიზიო პროექტში 3.000 ლარი რომ მოვიგე, მაშინვე სოფელს მოვახმარე, ბაღი გავასხვლევინე და ნაგავი გავატანინე.

70d885d8-51db-4d67-98c9-c3e55e851b2e-1755368037.jpg

- თქვენნაირად სოფელზე ბევრი ადამიანი უნდა ფიქრობდეს...

- პურის, ხილის, ღვინის ქვეყანა ვართ და ამიტომაც ვართ მიწას მიბმული ერი. ქალაქიდან სოფლისკენ რომ მოვდივართ და გზად დაუმუშავებელ მიწებს ვხედავ, გული მწყდება. ვიდრე საქართველოში სოფელი არ აღორძინდება, არაფერი გვეშველება. პატარაობიდანვე ბავშვებს თუ მიწასთან მუშაობა არ შევაყვარეთ, სხვანაირად არაფერი გამოვა... მე აქ მოწეული ყველაფერი ოქროდ მიღირს.

- ბაღსა და ბოსტანში მუშაობის გამოცდილება გქონდათ?

- არანაირი, ჩემმა აქაურმა მეზობლებმა და ინტერნეტმა მიშველეს. მიშა და ლაურა, არაჩვეულებრივი კარის მეზობლები გვყავს. ფუტკარივით მშრომელები არიან და სწორება მათზე მაქვს. სრულიად უცხო ადამიანები სითბოთი მიგვიღეს. გაიგეს თუ არა, რომ ამ ფუძეზე ვიღაც დაფუძნდა, მოვიდნენ, ძირითადად, მამაკაცები. ხმელი ხეები მოგვიჭრეს და სხვადასხვა სამუშაო უსასყიდლოდ ჩაატარეს, დაგვეხმარნენ და მხარში დაგვიდგნენ. ჩვენს სოფელში ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს და საოცრად მადლიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი. ჩემი წლობით ძებნა და სოფელ-სოფელ სიარული ასე დასრულდა სიონთგორში.

მეზობელი ამბობს, ადრე ჩვენი ნაკვეთი ვისაც ეკუთვნოდა, ბევრი მოსავალი (კარტოფილი, ლობიო, სიმინდი) მოჰყავდაო. მეცხოველეობასაც მისდევდნენ, მაგრამ ისეთი ოჯახები, ვისაც ძროხები ჰყავს, ცოტაა. საერთოდ, სოფელი ნელ-ნელა კვდება, მაგრამ არ უნდა მოვკლათ.

moswavleebi-romlebmac-xexili-acuqes-1755368037.jpg

- ამასობაში ეს ქალაქელები მეურნე ოჯახად იქეცით...

- ჩვენი სამყოფი მოგვყავს. არაჩვეულებრივად ასხია ბულგარულ წიწაკას, ბადრიჯანს უკვე პატარ-პატარა ნაყოფებიც აქვს, გრძელ წიწაკასაც არა უშავს, კიტრი მაქვს ისეთი, გულს უხარია. პამიდვრის ჩითილს რაღაც დაავადება გაუჩნდა, მეზობლებში გავიკითხეთ, ინტერნეტშიც მოვიძიეთ, სპეციალისტებს ვკითხეთ და დავეხმარეთ. სული მოითქვა. მესამე წელია, კარტოფილს არ ვყიდულობ, ოჯახში მხოლოდ ჩვენს მოყვანილ კარტოფილს მოვიხმართ. ეს გულით მიხარია..

ხელთათმნითა და სკამით ბოსტანში ვერ ვიმუშავებ... მეუღლე გულით ავადმყოფია, ინფარქტი, ოპერაცია, ბევრი რამ გადაიტანა. შესაბამისად, ფიზიკურად დიდად ვერ დაიტვირთება, მაგრამ მაინც მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია. მასაც ჩემსავით უყვარს აქაურობა. დღეს ეზოში შემოვედით თუ არა, პამიდვრებისკენ გავარდა, ეს პამიდორი შესახვევია, ჩქარა, მივხედოთო. ყველაფერზე გული შესტკივა...

- რისი ნერგები ჩაყარეთ?

- ერთ საღამოს ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ დამირეკა. მარინა მასწ. ახლა ვქეიფობთ, თქვენი სადღეგრძელო დავლიეთ, რომ არ დამერეკა, არ შემეძლოო. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ვუთხარი, რომ სოფელი ვიყიდე. გაუხარდა, რა კარგია, როგორ გინდოდათო. ნერგები ჩემზე იყოს, გაზაფხულზე ჩამოგიტანთო. ჩავთვალე, რომ ბიჭები ნასვამები იყვნენ, მომესიყვარულნენ, გაიხსენეს ძველი დრო-მეთქი. მოვიდა გაზაფხული და გივი შავლოხაშვილმა და ირაკლი მარიხაშვილმა მანქანით ნერგები ჩამომიტანეს. ჩემს მეუღლეს უთხრეს, შენ არ იწვალო, რობა ძია, ჩვენ მივხედავთო. სანამ იმ ნერგებს დარგავდნენ, დაიარეს ნაკვეთი და ჩვენი დარგულები შეამოწმეს, გასხლეს. 25 სხვადასხვა ძირი ჩამომიტანეს - ქლიავის, ტყემლის, ალუჩის, ბლის.

პავლოვნია ჩემმა მეუღლემ მოიტანა და შარშან ჩავრგეთ. წლეულს გაზაფხულზე რატომღაც გახმა. ვიდარდეთ, მაგრამ მეუღლემ მოდი, არ ამოვიღებ და სადამდეც მოკვდა მცენარე, იქამდე მოვჭრიო. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა გაიზარდა. გვერდიდან მეორე ღერიც წამოიღო. ასე რომ, ამ ყველაფერს სიხარულიც მოაქვს, სიცოცხლის შეგრძნება გაქვს, მერე ბაღში რამდენნაირი სურნელი ტრიალებს... არაფერი ჩაგვიბეტონებია, მხოლოდ ჭიშკრამდე გავაკეთეთ პატარა ბილიკი, ეზოს ვთიბავთ... ასე მარტივადაა აქ ყველაფერი.

7e8261aa-72c9-49f6-9879-8b868fb85c3b-1755368036.jpg

- კვირაში 5 დღეს თბილისში ხართ და 2 დღეს სოფელში?

- კი, ასეა. განსაკუთრებით სეზონზე, შემოდგომამდე ვშრომობთ, სახლს ზამთარშიც ჩამოვაკითხავთ ხოლმე და მეზობელს მოვინახულებთ. ერთი პრობლემა ისაა, რომ ამ მხარეში გაზი არ არის, წყალი კი დღედაღამ უწყვეტად მოდის. წყაროც ახლოს გვაქვს, ცივი და გემრიელი.

- როგორი აღმოჩნდა ნაოცნებარის ასრულება?

- იცით, როგორ ვოცნებობდი, ღმერთო, მე მაინც მექნება მთაში სახლი, პატარა ეზო, რომელშიც იქნება კაკალი, ალუბალი, ნეკერჩხალი და ბროწეული-მეთქი... აქ ბროწეული, სამწუხაროდ, არ ხარობს, ნეკერჩხალსაც გაუჭირდებაო, ალუბალი და კაკალი კი გავახარეთ. სხვათა შორის, ჩვევად მქონდა, რასაც ვყიდულობდი, ჩუმად ვიტყოდი, ეს სოფელში უნდა წავიღო-მეთქი. აქ რა ნივთებიც ჩამოვიტანე, ყველაფერი მაშინ მქონდა გადაწყობილი, როცა სოფელი არ მქონდა და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შორეული ოცნება იყო. შეწუხებული მყავდა ყველა, მათ შორის მოსწავლეები, აი, სოფელი რომ მექნება, აი, სოფელი და სოფელი-მეთქი... რომ შევიძინეთ, ყველას პირველი რეაქცია იყო, რა მაგარია, აგისრულდათ ოცნებაო. ყველას ვეუბნები, მე და ჩემი სოფელი იმის მაგალითი ვართ, რომ როცა რაღაც გულით ძალიან გინდა, ის კეთილი სურვილი აგიხდება. მოკლედ, დაბლა ჩემი თავის იმედი მაქვს და მაღლა - ღვთის, ასე ვცხოვრობ. თუ ვინმე ხელს შემაშველებს, მადლობის მეტი რა მეთქმის. მოლოდინი, რომ ახლა ვიღაც მზამზარეულს რამეს მომაწვდის, გამორიცხულია, ასე ცხოვრება არ შეიძლება. ასეთი ფიქრით რომ ცხოვრობდეს ადამიანი, ვერ განვითარდება. "რასაც ჩვენ არ ვიმოქმედებთ, სხვისგან ნურას ნუ ველითო", - ამას ილია ჯერ კიდევ როდის ამბობდა.

- რა რჩევა შეგიძლიათ სხვებს მისცეთ?

- რჩევებს რა გითხრათ... მთელი გულით ვისურვებ, ძალიან ბევრი მიტოვებული კერა გაცოცხლდეს - ეს არის ჩემი დიდი ნატვრა და ოცნება. ბავშვობაში სოფელში რომ მივდიოდი, აბიბინებულ ყანებს ვხედავდი, მტკაველი მიწა არ იყო დაუმუშავებელი, მინდა კვლავ ისეთი აბიბინებული ვნახო ჩემი ქვეყანა. მიტოვებული და ამდენი ჩამქრალი კერა არ მინდა იყოს. ისეთი მიწა გვაქვს, ჩვენს სამყოფს ყველაფერს მოვიყვანთ.