ნოსირელ ყელტიტველა ლამაზმანებს ციცრები ვერ გუობენ
ლუკა ქაჩიბაია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში ცხოვრობს. უვლის მცირე მეურნეობას, არის ვეტერინარი. როგორც ამბობს, ვეტერინარი ასე გახდა: ჰყავდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მერე ფრინველებიც მოაშენა, მათ შორის დეკორატიული. საქმეში ვეტერინარი რომ დასჭირდა, რომელიც მათ ჯანსაღად გაზრდა-მოვლაში დაეხმარებოდა, ვერ იპოვა, რადგან ამ პროფესიის ადამიანი საზოგადოდ დეფიციტია. არადა, საქმისთვის მისი დახმარება აუცილებელი იყო და ვეტერინარულზე ჩაბარება გადაწყვიტა. დაამთავრა პროფესიული სასწავლებელი და ახლა უმაღლეს სასწავლებელშიც აპირებს ჩაბარებას. ლუკა ქაჩიბაია თავისი მეურნეობის შესახებ გვესაუბრება, კონკრეტულად კი მის ყელტიტველა ქათმებსა და ციცრებზე.
ლუკა ქაჩიბაია:
- თავიდან ყელტიტველა ქათმები მყავდა, რადგან ჩვენს ბაზარზე ხელმისაწვდომი იყო. მერე მოვიყვანე ლივენური ჯიშის ქათმები, შემდეგ `აბრეშუმები~, ბუმბულის ნაცვლად ბეწვი რომ ჰქონდათ, თან მათზე მოთხოვნაც დიდი იყო. მოვაშენე ფარშავანგი, ხოხობი. ახლახან რუანის ჯიშის იხვიც ვიყიდე. განსხვავებული ჯიშია, ისეთი, როგორიც ბროილერის ქათამი, ოღონდ იხვის ჯგუფში, მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა, წელიწადში დაახლოებით 200 კვერცხს დებს.
ამდენი ფრინველი რომ დაგროვდა, ჩემი გამოცდილება მათ მოსავლელად, ვეტერინარული მომსახურებისთვის საკმარისი აღარ იყო. სპეციალისტიც ადვილი მოსაძებნი არ გახლდათ და ასე გავხდი ვეტერინარი. ცოტა ხნის წინ სენაკში ვეტაფთიაქიც გავხსენი. ისეთი სიმწარე მაქვს გამოვლილი, ახლა მაქსიმალურად მხარში ვუდგავარ მოსახლეობას...

- მოდი, ყელტიტველა ქათამზე ვისაუბროთ...
- თავიდან, როდესაც ფრინველების მოშენება დავიწყე და ქათმის კვერცხს ან წიწილებს შევიძენდი, რამდენიმე ყელტიტველა გამოერეოდა. ასე დავიწყე მათი მოგროვება და გავამრავლე. მათში აუცილებელია გენეტიკის დაცვა. კვერცხს რომ ვყიდულობდი, ხომ არ ვიცოდი, ერთმანეთის და-ძმა იყო თუ არა, ამიტომ ვცდილობდი ერთად გაზრდილები არ შემეჯვარებინა.
ყელტიტველა ქართული ჯიშია. კარგი მოვლით 5 თვიდან იწყებენ კვერცხის დებას. ამათაც და, საერთოდ, ქათმის ყველა ჯიშს, კომბინირებული, ჯანსაღი ბიოსაკვები და დაბალანსებული კვება სჭირდებათ.
მშვიდი ზნის არიან, აგრესიით არ გამოირჩევიან, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, როგორც კი ცოტა ასაკში შედიან, მამლები, ასე 3-4 წლისა, აგრესიული ხდებიან - იციან გამოკიდება, მაინცდამაინც არც ბავშვები უყვართ.
რაც შეეხება ყელის სიტიტვლეს, ასეთია მათი გენეტიკა. ასევე, მაღალი იმუნიტეტის ფრინველია, უძლებს დასავლეთის ნესტიან პირობებს და მარტივად არ იკიდებს კოქციდიოზს, რაც რთული დაავადებაა. რაკი მაღალი იმუნიტეტის მქონე ფრინველია, ამიტომ ხშირად პრეპარატების მიცემა არ გვიწევს.

- ფერმა სახლის ტერიტორიაზე გაქვთ?
- კი, სოფელში და მათ მოვლაში ბებია მეხმარება.
ყელტიტველები იდეალური კრუხები არიან, დედის ინსტინქტი კარგად აქვთ განვითარებული, გარდა იმისა, რომ აგრესიული არ არიან.
სოფლის ქათმის კვერცხისგან განსხვავებით, მათი კვერცხი ბევრად დიდია. კვერცხის გემო დამოკიდებულია საკვებზე, იმაზე, თუ რას ჭამს ქათამი. ჩემს ყველა ფრინველს აბაშის ყვითელ სიმინდს ვაჭმევ, ასევე ხორბალს, ქერს კი უფრო ზამთარში. როცა ცხელა, ქერი რეკომენდებული არ არის - ტემპერატურას უწევს და ასეთ სიცხეში სარისკოა ქერის მიცემა. დეკორატიული ფრინველების გარდა, ამ ყველაფერს მარცვლის სახით ვაძლევ. ზამთარში კი დაღერღილზე გადამყავს.
- და მათი გამრავლებისას გენეტიკას უფრთხილდებით?
- ჩემი ფრინველები ყველა ინდივიდუალურად მყავს დაცალკევებული ვოლიერში, რომ მათი შეჯვარებისას სისხლის აღრევა არ მოხდეს.
ყელტიტველას ხორციც ძალიან გემრიელი აქვს, რადგან, როგორც ვთქვი, აბაშის ყვითელ სიმინდს ვაჭმევ.
საპრევენციო მკურნალობას ვიწყებ კუჭ-ნაწლავის პრეპარატით, რაზეც ხუთ დღემდე არიან, რათა გაზრდა ჯანსაღად დაიწყონ. შემდეგ ვიტამინს ვაძლევ, რადგან მის ნაკლებობას ყველა სეზონზე განიცდიან, მერე კი საკვების გარდა აღარაფერი სჭირდება. აცრას 6 თვეში ერთხელ ვუკეთებ. წყლის გამოცვლა 8 საათში ერთხელაა რეკომენდებული, მაგრამ 4 საათში ერთხელ ვუცვლით, რადგან ფრინველები ბევრნი არიან და მალე აბინძურებენ.
ყელტიტველა მშვიდი ზნის არის, საქართველოს ყველა კუთხეს ეგუება. არის თეთრი, მოწითალო, შავი, შავ-თეთრი, შერეული ფერებიც აქვს, ბევრნაირია.

- თქვენს ფერმაში ციცრებიც არიან.
- დიახ, მყავს. ციცარი ძალიან კარგი ფრინველია. სხვათა შორის, ემოციურია. სიახლოვეს თუ მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს, ან მტაცებელი ცხოველი გამოჩნდება, მაშინვე კივილს ატეხს და გაცნობებს, რომ საფრთხე დაინახა. ციცარი ფერმისთვის კარგი სიგნალია. ძალიან ლამაზი შეფერილობა აქვს. საქართველოში გავრცელებულია შავი თეთრი წინწკლებით, ნაცრისფერი თეთრი წინწკლებით, კიდევ უფრო მუქი ნაცრისფერი თეთრი წინწკლებით და თეთრი. მე მყავს ნაცრისფერი თეთრი წინწკლებით, ღია ნაცრისფერი, მუქი ნაცრისფერი და თეთრი.
მათ აქვთ უნარი ქვეწარმავალი დაიჭირონ და მოკლან. პრაქტიკაში მე არ მინახავს, როგორ კლავს, მაგრამ ცნობილია, რომ მათ ემტერებიან, თან ჩემს ეზოშიც ქვეწარმავლები ძალიან იშვიათად მინახავს.
კარგი კვერცხდება აქვს, შეიძლება წელიწადში 200 კვერცხიც დადოს. თან ასეთი წესი აქვთ - ბუნებაში დებენ კვერცხს და თუ საშუალება აქვთ, რომ იქვე დასხდნენ, კიდეც გამოჩეკენ. მერე დამოუკიდებლად ზრდიან სადღაც ბუჩქის ძირას. ვოლიერში შესვლა არ უყვართ, ხეზე სხედან. არც ქათმები და ინდაურები უყვართ და დამოუკიდებლად არჩევენ ყოფნას.

- ხორცი როგორი აქვს?
- შემწვარ ციცარს შებოლილი ხორცის გემო აქვს. მშრალი ხორცია, უცხიმო. ესენიც იმავე საკვებით იკვებებიან: სიმინდით, ქერით, ხორბლით, ბალახით. სხვადასხვა ფერის ციცარი ერთმანეთისგან მხოლოდ ფერით განსხვავდება. მუქი ნაცრისფერი თეთრი წინწკლებითა და თეთრი ერთმანეთში შეჯვარდნენ და ღია ნაცრისფერი გამოვიდა. მოკლედ, ველური ფრინველია და არაფერი უნდა, მხოლოდ ერთი ხე, რომ ჩამოჯდეს, და საკვები. იოლად მოსავლელია.

- 23 წლის ასაკში მეფრინველეობაში დიდი გამოცდილება დაგიგროვებიათ...
- ბავშვობიდანვე, 5-6 წლიდან დავყვებოდი ბებიას, ვეხმარებოდი ძროხების მოვლაში, გვყავდა ინდაური, ქათამი, ოღონდ ადგილობრივი ჯიშის. ამით გამიძლიერდა სოფლის სიყვარული. ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმეს მოვკიდე ხელი. ახალგაზრდებსაც ვურჩევ, სოფლის მიმართულებით წავიდნენ...
პროფესიული დეფიციტი გვაქვს. სოფელი მოსახლეობისგან დაცლილია, ყოველი მეორე-მესამე სახლი დაკეტილია. ისიც არის, რომ სოფლად შესაბამისი პირობები არ არის, ხალხს უჭირს, ამიტომაც მიდიან ან დიდ ქალაქში, ან ემიგრაციაში სამუშაოდ. ვურჩევდი, თუ მაინც წავლენ, დიდხანს ნუ დარჩებიან, დაბრუნდნენ თავიანთ კუთხეში და რამე საქმეს მოჰკიდონ ხელი. სოფლის მეურნეობაში საქმიანობა არ უნდა გეთაკილებოდეს - სხვათა შორის, მათი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.
მე შრომა არ მეზარება. კოლეჯში, რომელიც დავამთავრე, გვყავს რქოსანი პირუტყვი და იქაური ფერმის მთავარი ვეტერინარიც ვარ. სადაც აფთიაქი გავხსენი, იქ კლინიკის გახსნაც მინდა, რომ მოწვეულმა სპეციალისტებმა კვირაში ერთხელ ძაღლებს კასტრაცია და სტერილიზაცია ჩაუტარონ. არ ვჩერდები, სულ რაღაც ახლის გაკეთება მინდა.