ქოთნებში გამოზრდილი „ლურჯი ოქრო“ წყემიდან - კვირის პალიტრა

ქოთნებში გამოზრდილი „ლურჯი ოქრო“ წყემიდან

გიორგი კონცელიძე ფერმერია, მისი საქმიანობის სფერო ლურჯი მოცვის მოშენებაა, მისი სანერგე აბაშის რაიონის სოფელ წყემშია. "პირველი უდიდესი პლანტაცია, რომელიც საქართველოში 2011-2012 წლიდან გაშენდა, ლაითურში 60 ჰექტარს იკავებდა. იქ მთავარი აგრონომი ვიყავი. ბელარუსებთან მქონდა ურთიერთობა, ვისგანაც, თავის დროზე, ბაღის მეპატრონემ ლურჯი მოცვის ნერგები შეიძინა. შემდეგ იმ კომპანიიდან რომ წამოვედი, ბელარუსებმა შემომთავაზეს, საქართველოში სანერგე მეურნეობა გავაკეთოთო. შევქმენით სანერგე მეურნეობა და მას შემდეგ ამ მიმართულებით ვმუშაობ", - გვეუბნება გიორგი კონცელიძე. როგორც უკვე მიხვდით, ამჯერად ლურჯი მოცვის შესახებ უნდა გიამბოთ.

გიორგი კონცელიძე:

- "დანერგე მომავალთან", "ელკანასთანაც", აჭარაშიც და მთელ დასავლეთ საქართველოში ყველგან ვთანამშრომლობდი, სადაც ლურჯი მოცვი შენდებოდა. არაერთი პლანტაცია გავაშენე როგორც ჩემი ნერგებით, ასევე შეძენილით.

ლურჯი მოცვი საინტერესო კენკროვან-ბუჩქოვანი მცენარეა, რომლის ერთ-­ერთი თავისებურება ისაა, რომ მხოლოდ მჟავე ნიადაგებზე ხარობს. ადრე, სადაც ჩაის პლანტაციები იყო, რომ ამბობენ, ეგ ადგილები მოცვის გასაშენებლად იდეალურიაო, ასე არ არის. მთელი დასავლეთი საქართველო მაქვს მოვლილი და ერთი ან ორი პლანტაცია შემხვდა, სადაც გავზომე და მჟავიანობა თითქმის იდეალური იყო. დანარჩენ საქართველოში ნიადაგებს სიმჟავე არ ჰყოფნის, რათა ლურჯმა მოცვმა კარგად იხაროს და მას ჩარევა არ დასჭირდეს.

დღეს ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, არსებობს საშუალება, რომ ნიადაგში მჟავე ზედაპირული ტორფი შევიტანოთ (ძვირად ღირებული საშუალებაა), რითაც ხდება ნიადაგის დამჟავება. ის სლავური ქვეყნებიდან შემოაქვთ.

- რა სარგებელი მოაქვს ამ მცენარეს და რატომ უნდა მოვაშენოთ?

- მოცვი, სხვა კულტურებთან შედარებით, რენტაბელური ნამდვილად არის. გარკვეულ ფართობზე უფრო მალე და გაცილებით მეტ მოსავალს იძლევა, ვიდრე ვთქვათ, დაფნა, თხილი, ციტრუსი, თუნდაც კენკროვანები - ჟოლო, მაყვალი, თან ისინი უფრო ფაქიზია და მეტი მოვლა სჭირდება. საერთოდ, ძალიან სასარგებლო მცენარეა.

ვცდილობ ჩემი სანერგე მეურნეობა სულ განვაახლო, გავაფართოო, სხვა კულტურები დავამატო. ის 2015 წლიდან არსებობს. მოცვის რამდენიმე ათასი ნერგი მაქვს. პლანტაციების გაშენების სახელმწიფო პროგრამა რომ იყო, 100%-იანი დაფინანსებები რომ ჰქონდათ, სამწუხაროდ, ქართველმა არაკეთილსინდისიერმა ფერმერებმა ისეთი ნერგები დაარიგეს, ალბათ, უფრო ჩითილები, რომელთა ჯიშები არ ვარგოდა. ზოგი საერთოდ უჯიშო იყო. ვინც ეგ ნერგები გააშენა, მას მერე 4-5 წელი გავიდა და შედეგს დღემდე ვერ მიაღწიეს. იმ დროს გაშენებული პლანტაციების დაახლოებით 90% თავიდანაა გასაშენებელი. ფასიდან გამომდინარე, მაგ პროგრამაში არ ჩავერთე, რადგან არ მიღირდა.

29b67a34-2b13-4394-9bc0-29fa2bc0e6b9-1755369444.jpg

- არადა, როგორი ბუმი იყო... ლურჯი მოცვის სულ რამდენი ჯიშია?

- კულტურა აშშ-დანაა და 250-300-მდე ჯიში არსებობს. საქართველოში დაახლოებით 50 იქნება შემოტანილი. ბოლო პერიოდში კიდევ უფრო ახალი ჯიშები შემოაქვთ. მოცვის მწარმოებელი ცნობილი ამერიკული კომპანიაა და უმეტესად მისი ლიცენზიური ჯიშებია გავრცელებული, მაგრამ ამჟამად მაინც სლავური ქვეყნებიდან შემოტანილი ლიდერობს.

მე ძირითადად, ჩითილები ჩამომქონდა და ვზრდიდი. საერთოდ, პლანტაციის გაშენება 2-წლიანი ნერგებითაა რეკომენდებული. იმას ვგულისხმობ, რომ 2-ლიტრიან ქოთანში მინიმუმ 50-60 სმ სიმაღლის უნდა იყოს. პლანტაციას აშენებენ ღია გრუნტშიც, ქოთნებშიც, დახურულ სივრცეში, სათბურებში - სხვადასხვა მიმართულებაა. ჩვენ 2-ლიტრიან ქოთნებში 2-წლიანები და 3-წლიანებიც გვაქვს გაშენებული.

- ასეთი ნერგი რამდენ ხანში იძლევა ნიშანს, ნაყოფს და საერთოდ, ქოთანში რომ დარჩეს?

- იმ დონეზე ვერ განვითარდება, რომ შედეგი მოგვცეს. ნიადაგში კი ფესვი რამდენადაც განვითარდება, ზედა ნაწილსაც იმდენად განავითარებს და ნაყოფიც მეტი ექნება. 2-წლიანი ნერგები შარშან რომ არ გაიყიდა, დღესაც 2-ლიტრიან ქოთნებშია­, ვუვლით. შეწამვლა, სასუქი, გასხვლა სჭირდება და ასე კიდევ ერთ წელიწადს გავაჩერებთ.

ახლა ვაპირებთ მომხმარებელს უფრო მოზრდილ ქოთნებში მსხმოიარე ნერგებიც შევთავაზოთ. ამ მიმართულებითაც ვცდილობთ საქმიანობის განვითარებას. მოცვი იმის საშუალებას იძლევა, რომ თუნდაც აივანზე ქოთანში ერთი-ორი ნერგი გვქონდეს და მისგან მცირე ნაყოფი მივიღოთ. ნაყოფიანი ჯიშები გვაქვს, ძირითადად, ლეგასი. ერთხანს ამ ჯიშის ბუმი იყო, დაავადებისა და მავნებლის მიმართ ყველაზე გამძლე და ძლიერი ჯიშია.

- სასუქი და შეწამვლა ხომ სჭირდება?

- კი, შეწამვლა სჭირდება როგორც დაავადებების, ასევე მავნებლებისგან დასაზღვევად. სჭირდება ფუნგიციდი და ინსექტიციდიც. როცა მოცვს აშენებენ, ტორფს ან წიწვოვანის ნახერხს ურევენ, რომელიც ნიადაგს ამჟავებს, რადგან საქართველოში ნიადაგები მწირია და სასუქი აუცილებელია. მოცვის პლანტაციების 99,9% ქიმიური სასუქებით იკვებება - სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ასეა.

ერთი ბუჩქიდან სეზონზე 5 კილოგრამ ნაყოფს ითვლიან, მაგრამ ეს მაჩვენებელი იმ შემთხვევაშია, როცა პირობებს შევუქმნით და მართებულად მოვუვლით. გავიმეორებ, 2015-2016 წლიდან მოცვი რაც გაშენდა, არამართებულადაა გაშენებული. არასაკმარისად აქვს ნიადაგს სიმჟავე, არასაკმარისადაა გაპოხიერებული. თუ სადმე თვალში მოგხვდათ, რომ პლანტაცია გაზრდილი და ბუჩქოვანია, მხოლოდ სასუქითა და წვალებითაა იმ კონდიციამდე მიყვანილი. თუმცა დღეს უკვე აქვთ სურვილი, რომ მოცვის პლანტაცია სწორად გააშენონ, ამ საკითხში მეტად გაერკვნენ.

a4412f61-6a90-4e54-9622-bf09eb03b0f0-1755369444.jpg

- წყალი უყვარს მოცვს?

- არც ზედმეტი ნესტი უყვარს და არც გამოშრობა, თუმცა ზოგჯერ ისეთი სეზონია, როცა დღეში ორჯერაც უნდა მოირწყოს. მოცვი ნებისმიერ რაიონში გაიხარებს, ოღონდ სწორად უნდა დაირგოს და მოუარონ. მოცვის გაშენება ქოთნებში პოპულარული იმიტომ გახდა, რომ უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს. გარკვეულ ფართობზე თითო ნერგს, ბუჩქს, ნაკლები მოცულობის ნიადაგი სჭირდება. უკვე 37-38-ლიტრიან ქოთნებშიც აშენებენ. ეს ერთ-ერთი სტანდარტია.

- რას ეტყვით მკითხველს, ურჩევთ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებას?

- ცუდი ბიზნესი არ არსებობს, არსებობენ ცუდი ბიზნესმენები. ლურჯი მოცვის გაშენებას ნებისმიერს ვურჩევ, ვისაც ფართობი აქვს, ვისაც იმის შესაძლებლობა აქვს, რომ თავიდან დაიხარჯოს, აუცილებლად კარგ შედეგს მიიღებს. ვიმეორებ - დღეს ვინც მოცვის მოვლა-მოყვანის ცოდნას იბრალებს, უმეტესობა არასწორად აშენებს და უვლის პლანტაციებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე რაღაც დონეზე განვითარდა, ლურჯი მოცვი ცნობილი კულტურა გახდა, იციან, როგორ მოუარონ და როგორ არ უნდა მოუარონ, დამწყებ ფერმერებს მაინც უჭირთ, რომ ვინმეს დაუჯერონ.

- რატომ?

- რამდენ ადამიანსაც ეკითხებიან, ყველა სხვადასხვანაირად უხსნის. ეს მათ აბნევს და იმაზე აფიქრებს, გააშენონ თუ არა. ეს ვითარება იმის გამოა შექმნილი, რომ დღესდღეობით გაშენებული პლანტაციების 90% განახლებას საჭიროებს, თავიდანაა დასარგავი, მაგრამ თუ 2016 წელს 60.000 ლარად შეგეძლო 1 ჰექტარის გაშენება, დღეს ორი იმდენია საჭირო.

ამიტომ მნიშვნელოვანია ნერგის ხარისხი, ნიადაგი, რომელიც უნდა გაფხვიერდეს, გამჟავიანდეს. დასავლეთში, ძირითადად, თიხნარი და მძიმე ნიადაგებია, ამიტომ ფესვების გადგმა მოცვს უჭირს. ვერც დაამუშავეს, ხარჯებს ვერ გასწვდნენ, ვერც გააფხვიერეს და იმდენ შედეგსაც ვერ იღებენ, რამდენიც უნდა მიიღონ.

- თქვენ რა გეგმები გაქვთ?

- სადემონსტრაციო ნაკვეთის გაშენებას ვაპირებ, სადაც მსურველებს ვაჩვენებ, როგორ შეიძლება პლანტაცია გაშენდეს. მექნება როგორც ღია გრუნტში დარგული, ასევე ქოთნებში. მინდა ვაჩვენო, როგორი უნდა იყოს შედეგი. 2-ლიტრიანი ქოთნების გარდა, მინდა მოზრდილებშიც დავრგო და მომხმარებელს უკვე მსხმოიარე ბუჩქები შევთავაზო. ლურჯ მოცვთან ერთად სხვა კულტურების დამატებასაც ვგეგმავ, რომლებიც საქართველოში რენტაბელური და მომგებიანია.