"ეს არის ისტერიკული, დაუძლეველი შიში, რომელიც ვერაფრით გადავლახე", "პატარაობისას, ხშირად ვნახულობდი სიზმარს, სადაც დიდი ძეგლები ცოცხლდებოდნენ" - რა აშინებთ ცნობილ ადამიანებს? - კვირის პალიტრა

"ეს არის ისტერიკული, დაუძლეველი შიში, რომელიც ვერაფრით გადავლახე", "პატარაობისას, ხშირად ვნახულობდი სიზმარს, სადაც დიდი ძეგლები ცოცხლდებოდნენ" - რა აშინებთ ცნობილ ადამიანებს?

ფობია, რაღაც საგნის, ან მოვლენის მიმართ გადაჭარბებული შიშია, რომელსაც ლოგიკური საფუძველი არა აქვს. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იტანჯება ამა თუ იმ ფობიისაგან. არსებობს დაოჯახების, წვიმის, ქარის, რიცხვების, სიდედრის შიში... ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ფობიები ჰქონდათ დიდ პიროვნებებსაც, მაგალითად: ფრანკლინ რუზველტს ცეცხლის შიში ტანჯავდა; ჩინგიზ ყაენს - ძაღლებისა, ცეზარს ელვის შიში ჰქონდა, ხოლო ჰიტლერს - სტომატოლოგების.

ჩვენ დავინტერესდით, რა სახის ფობიები აქვთ საქართველოში ცნობილ, პოპულარულ ადამიანებს:

კრისტი ყიფშიძე, მოდელი:

"სიმაღლის შიში მაქვს, მაგრამ როცა საჭიროა, თავის ხელში აყვანა შემიძლია"

- ყველაზე მეტად სიმაღლის შიში მაწუხებს. ძალიან მაღალი სახურავიდან გადმოხედვაც კი მიჭირს, მაგრამ ამის მიუხედავად, ნიუ-იორკში, 46-სართულიან ცათამბჯენში ვცხოვრობდი. თავიდან ძალიან მიჭირდა იმის დაჯერება, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში იქ უნდა მეცხოვრა, მაგრამ მერე თანდათან შევეჩვიე. ცათამბჯენი ნიუ-იორკის ცენტრში იყო და იქიდან ძალიან ლამაზი ხედი იშლებოდა. თითქოს, სხვა სამყაროში ვიყავი, რომელიც არაფერს ჰგავდა და ეს ძალიან მომწონდა. შესაძლოა, მკითხველს გაუკვირდეს, მაგრამ სიმაღლის შიში ხელს არ მიშლის, თვითმფრინავით მშვიდად ვიმგზავრო. ალბათ, ამის მიზეზი ძლიერი ფსიქიკაა, რომლის წყალობით, შემიძლია თავი ხელში ავიყვანო, სხვებიც დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგადაა.

kristi-kipshidze-natalia-1669537493.jpg

სწორედ ასე ვამშვიდებ ჩემს შვილს - ნატალიას, რომელსაც ფრენის შიში აქვს. სერიოზული შიში მაქვს წყლის მიმართაც, ცურვაც არ ვიცი, რის გამოც, ღრმა წყალში ვერასდროს შევდივარ.

ნიკა ხაჩიძე, ტელეწამყვანი:

"ეს არის ისტერიკული, დაუძლეველი შიში, რომელიც ვერაფრით გადავლახე"

- ბავშვობაში მამას ცურვაზე დავყავდი. ერთ დღეს, ჩემი საცურაო ჟილეტი შუა აუზში გაიხსნა და ფსკერისკენ წავედი... დახრჩობას იქ მყოფმა ადამიანებმა გადამარჩინეს. იმ დღის შემდეგ, ღრმა წყალში საერთოდ ვეღარ შევდივარ, ჩაყვინთვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ეს არის ისტერიკული შიში, რომელიც ვერა და ვერ გადავლახე. ვგიჟდები ზღვაზე, მაგრამ ნაპირიდან შორს არასდროს მივდივარ. ცურვა დღემდე ვერ ვისწავლე, ამიტომ, ჩემთვის ნამდვილი სამოთხე იყო კვიპროსში, სადაც ზღვის ნაპირიდან შორს რომ წახვიდე, მაინც დაბალი წყალი გხვდება.

nika-xachidze1-1738261321.jpg

ვიცი, რომ ქვეწარმავლების შიში უამრავ ადამიანს აქვს, მაგრამ მე ამგვარი ფობია საერთოდ არ მაწუხებს. მართალია, გველის დანახვა არ მსიამოვნებს, მაგრამ როცა ვხედავ, პანიკაში არ ვვარდები და სიმშვიდეს ვინარჩუნებ. ამ დროს, ჩემს თავს ვამშვიდებ და ვფიქრობ, რომ უშხამო გველი ვერაფერს დამიშავებს. ბოლოს კი, ერთ უცნაურ ფობიაზე უნდა გიამბოთ, რომელიც ბავშვობიდან ამეკვიატა: პატარაობისას, ხშირად ვნახულობდი სიზმარს, სადაც დიდი ძეგლები ცოცხლდებოდნენ. ეს სიზმარი ძალიან მაშინებდა და ეს შიში დღემდე ვერ გადავლახე. როგორც ვიცი, ფსიქოლოგები ამ მოვლენას მეგალოფობიას უწოდებენ. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ ეს ძალზე შემაწუხებელი ფობიაა.

ნანუკა გულუა, ტელეწამყვანი:

"ენით უთქმელი შიში მაქვს გველების მიმართ!"

- დაუძლეველი შიში მაქვს სიმაღლის და სისწრაფის მიმართ, ხოლო ფრენის შიში, საბედნიეროდ, დავძლიე. ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვიჯექი ეშმაკის ბორბალზე და წარმოუდგენელი შიშის გრძნობა დამეუფლა. მაშინ, 12-13 წლის ვიყავი და პირველად მივხვდი, რომ სიმაღლის შიში მქონდა. არანაკლებ მეშინია, როდესაც ავტომობილს სწრაფად ატარებენ. ამ დროს შემიძლია საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგო. რომ ვაკვირდები, ეს შიში ავარიაში მოყოლოს შემდეგ დამეწყო და თანდათან გამიმძაფრდა. ამიტომ, ჩემი მანქანა ყოველთვის ფრთხილად და ნელა დამყავს. ადრე საჭესთან უფრო თამამი და უშიშარი ვიყავი.

nanukagulua-1738347726.jpg

ბოლოს, ჩემი უმთავრესი ფობია უნდა გავამხილო: ენით უთქმელი შიში მაქვს გველების მიმართ. ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად გვყავდა არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, რომელიც თავის გველთან ერთად გვეწვია. გველი თავის ჩანთაში ჰყავდა ჩასმული, სტუდიაში რომ შემოვიდა და ეს ჩანთა დავინახე, კინაღამ გული გამიჩერდა. შიშისაგან ისეთი ამბავი ავტეხე, რომ კინაღამ გადაცემა ჩავშალე. რა თქმა უნდა, იძულებული გავხდი, იქაურობას გავცლოდი. დათვი, ვეფხვი, ან ლომი რომ შემხვდეს, ალბათ არ შემეშინდება, მაგრამ სულ პატარა გველის დანახვისას, შეიძლება გული გამისკდეს.

დათო ლიკლიკაძე, ჟურნალისტი:

"შიშები მეც მაქვს, მაგრამ ვიცი: თუ მოვინდომებ, მათი დაძლევა არ გამიძნელდება"

- გველების შიში მეც მაქვს, ბავშვობიდან მეშინია, მაგრამ ისე არა, რომ შეხედვა ვერ შევძლო. უბრალოდ, მიკვირს უზარმაზარ მახრჩობელას ყელზე რომ შემოიხვევენ და ფოტოსურათებს იღებენ, ასეთი რამ ვერც კი წარმომიდგენია. ჩაკეტილი სივრცის, ან სიმაღლის ფობია არა მაქვს, მაგრამ კარუსელზე მაინც ვერ ვჯდები, აკვაპარკში ჩამოსრიალებაზე ხომ ვერც ვიოცნებებ.

liklika-1714028557.jpg

შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ. ამ თვისების გამო, ჯერ ცხენზეც კი არ ვარ ნაჯდომი. ტურებს რომ ვაკეთებ და ჯგუფი შრი-ლანკაში, ან ტაილანდში მიმყავს, თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია სპილოებით ისეირნოს. დუბაიში და ეგვიპტეში როცა ვართ, აქლემებით გასეირნებაც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამას როგორ გავბედავ?

ასე რომ, შიშები მაქვს, მაგრამ ერთი რამ კარგად ვიცი: ადამიანი თუ მოინდომებს, ნებისმიერი ფობიის დამარცხებას შეძლებს.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)