რაღა საჭირო იყო ალასკის შეხვედრა, თუკი პუტინის ულტიმატურული მოთხოვნები იგივე დარჩებოდა? - კვირის პალიტრა

რაღა საჭირო იყო ალასკის შეხვედრა, თუკი პუტინის ულტიმატურული მოთხოვნები იგივე დარჩებოდა?

ამავე ბლოგში გუშინდელი სტატია - „ტრამპი-პუტინის „ჩახუტება“ შედგა, მაგრამ უკრაინის ხარჯზე?“, რომელიც ტრამპი-პუტინის ალასკაზე შეხვედრის დამთავრებისთანავე „ცხელ კვლაზე“ დაიწერა, ასე დავამთავრეთ: „მართალია, ფართო საზოგადოებისთვის ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება ის კონკრეტული საკითხები, რაზეც მოილაპარაკეს ალასკაზე ტრამპმა და პუტინმა, მაგრამ სატელეფონო საუბარში ტრამპი იმედია ზელენსკის მაინც გაუმხელდა იმას, რაზეც უკრაინის გარეშე მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა და უახლოეს საათებში უკვე უნდა ველოდოთ კიევისა და ევროპული ქვეყნების საპასუხო რეაქციას ალასკის შეხვედრის შედეგებზე, რაც სავარაუდოდ, კრიტიკული იქნება, რადგან იმას, რასაც პუტინი მანამდე მოსკოვიდან მუდამ მოითხოვდა - უკრაინის მხრიდან რიგი ოლქების უბრძოლველად დათმობას - არც ალასკაზე შეხვედრისას შეცვლიდა და ძალიან ცუდი იქნება, თუკი ტრამპმა პუტინის ეს მოთხოვნა გაითვალისწინა...“

...და, სამწუხაროდ ჩვენი შიში გამართლდა-რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ის ულტიმატურული მოთხოვნები,რომლებსაც მანამდეც აყენებდა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბრებში, ფაქტობრივად არც შეცვლილა და მაშინ რაღა საჭირო იყო ალასკაზე ასე პომპეზურად მოწყობილი დახვედრა იმ პუტინისთვის,რომლის კისერზეა ბოლო მეოთხედ საუკუნეში დაღვრილი სისხლი ჩეჩნეთში,საქართველოში,სირიასა და უკრაინაში?

პუტინის,რომელსაც რუსეთიდან არ გაესვლებოდა,საზეიმოდ მიღება აშშ-ის ტერიტორიაზე ტრამპის მიერ,იქცა კრემლის დიქტატორისთვის საერთაშორისო აღიარების დაბრუნების მცდელობად,რითაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის საერთაშორისო იმიჯმა მნიშვნელოვნად წააგო...

ახლა რაც შეეხება პუტინის მხრიდან ალასკას შეხვედრაზე ტრამპისთვის გაჟღერებულ იმ მოთხოვნებს,რომელთა შესრულების შემთხვევაში რუსეთი თანახმა იქნება არათუ დროებითი ზავი დადოს,არამედ „სამშვიდობო ხელშეკრულება“ გააფორმოს ომის საერთოდ შეწყვეტაზე უკრაინასთან.

ცნობილმა დასავლურმა საინფორმაციო საშუალებამ Reuters-მა,ალასკის მოლაპარაკების მონაწილე პირებზე დაყრდნობიით, გაავრცელა პუტინის ძირითადი მოთხოვნების სია?

პირველი- უკრაინის არმიის სრული გაყვანა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებიდან.

მეორე- სამაგიეროდ, რუსეთს ჯარები გაჰყავს სუმისა და ხარკოვის ოლქებში საერთო ჯამში ოკუპირებული 440 კვ.კმ ფართობის ტერიტორიებიდან.

მესამე-რუსეთი წყვეტს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში გამავალ ფრონტის ხაზზე და „ყინავს“ მას.

მეოთხე- უკრაინამ ოფიციალურად უნდა აღიაროს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მიკუთვნება რუსეთის ფედერაციისადმი.

მეხუთე- რუსეთისადმი დაწესებული საერთაშორისო სანქციების ნაწილის მოხსნა აშშ-ების მხრიდან და შეიძლება ევროპისგანაც.

მეექვსე- უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ოფიციალური უარის თქმა.

მეშვიდე-დაიშვება უკრაინისთვის დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების ისეთი გარანტიის მიცემა,რომელიც ნატოს კოლექტიური თავდაცვის მე-5 სტატიის მსგავსი იქნება,ოღონდ თავად ნატოს ორგანიზაციის გარეშე.

მერვე- რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება უკრაინის რიგ რეგიონებში ან მთლიანად უკრაინის დარჩენილ ტერიტორიაზე.

მეცხრე- მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის პატრიარქატის უფლებების აღდგენა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.

პუტინის მიერ ალასკას შეხვედრაზე გაჟღერებულ ამ,ულტიმატურული ფორმის მოთხოვნებში დიდი არაფერი სიახლეა და მათ შესახებ ჩვენ ვწერდით ჯერ კიდევ ერთი-ორი თვის წინაც კი.

ეს მოთხოვნები როგორც მაშინ იყო შეუსრულებელი,ასევე რჩება დღესაც,რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უკვე განუცხადა თავის ამერიკელ კოლეგას სატელეფონო საუბარში,მაგრამ მთავარი მოვლენები ხვალ,18 აგვისტოს განვითარდება,როდესაც ზელენსკი თეთრ სახლში ესტუმრება ტრამპს და პირისპირ განიხილავენ პუტინის მიერ წამოყენებული ულტიმატუმის შესრულება-არ შესრულების შესაძლებლობებს...

არ არის გამორიცხული,რომ ხვალ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში იგივე განმეორდეს,რაც ერთხელ უკვე მოხდა,როდესაც ტრამპი-ზელენსკის კამათმა ძალზე მწვავე სახე მიიღო...

მას შემდეგ,მათი ურთიერთობები თითქოს დალაგდა,მაგრამ თუკი ხვალ ოვალურ კაბინეტში ტრამპი ისევ „მიაწვება“ ზელენსკის პუტინის ულტიმატუმზე დასათანხმებლად, მაშინ...