"იმედი აქვთ, რომ ტრამპი უაპელაციოდ დაუთმობს საქართველოს რუსეთს, ამგვარი "სდელკა" არ შედგა, ის ჩავარდა..." - ვიქტორ ყიფიანის ანალიზი: ალასკას სამიტის ნულოვანი ეფექტი
მთელი მსოფლიოს ყურადღება 15 აგვისტოს ალასკისკენ იყო მიმართული, სადაც ქალაქ ანკორიჯში მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის ვიწრო ფორმატის შეხვედრა, რომელიც სამი-სამზე ფორმატში ჩატარდა, დაახლოებით, 3 საათი გაგრძელდა. ტრამპთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი. პუტინის გვერდით კი იყვნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი. ორი ქვეყნის დელეგაციებმა ალასკა დაგეგმილ დროზე ადრე დატოვეს. გაფართოებული მოლაპარაკება სადილზე, რომლებიც სამი-სამზე ფორმატის კონსულტაციების შემდეგ უნდა გამართულიყო, არ შედგა. თუმცა მანამდე იყო პრესკონფერენცია, უფრო სწორად, პრეზიდენტების განცხადებები, რომელთა შემდეგაც მედიას კითხვების დასმის საშუალება არ მიეცა. ამან დაახლოებით 10 წუთს გასტანა - პუტინი საუბრობდა 8 წუთის განმავლობაში, ტრამპის სიტყვა კი 3 წუთსა და 53 წამს გაგრძელდა. პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ. «There’s no deal until there’s a deal» - "ვიდრე შეთანხმება არ არის, გარიგება ვერ შედგება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა, რაც, ფაქტობრივად, არაპირდაპირი აღიარება იყო იმისა, რომ სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ არც ცეცხლის შეწყვეტაზე და არც რაიმე სხვა კონკრეტულ საკითხზე. 16 აგვისტოს დილით, სამიტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპელ ლიდერებთან ერთად, ერთი საათის განმავლობაში ტელეფონით ისაუბრეს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში აშშ-ის შესაძლო მონაწილეობის შესახებ "დადებითი სიგნალები" იყო. მან ასევე განაცხადა, რომ 18 აგვისტოს ვაშინგტონში გაემგზავრება. უამრავი შეფასება და კომენტარი კეთდება, თუმცა ანალიტიკოსთა უმრავლესობა მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი ამ შეხვედრის პოზიტიურ შედეგებთან დაკავშირებით.
ამ საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი ვიქტორ ყიფიანი:
- ჩვენი ინტერვიუ შეხვედრიდან რამდენიმე საათში იწერება, ამიტომ საბოლოო დასკვნის გამოტანა ამ შეხვედრაზე ნაადრევია, რადგან ძალიან ბევრი უპასუხო კითხვა და ბუნდოვანებაა მის გარშემო. ჩემი შეფასებით, ეს სამიტი, ძირითადად, ატარებდა ოპტიკის ეფექტს - პუტინისთვის ასეთი დახვედრა, წითელი ხალიჩა, ხელის ჩამორთმევა და ე.წ. პრესკონფერენცია მნიშვნელოვანი იყო იმიჯისთვის, მაგრამ ამისთვის გადამეტებული მნიშვნელობის მინიჭება გაუმართლებელი მგონია.
შეხვედრის წინ იყო ერთგვარი პანიკა, მათ შორის საქართველოშიც, ხომ არ მოხდებოდა შეხვედრაზე ისეთი რამ, რაც ჩვენს ინტერესებს დააზიანებდა. მე ვგულისხმობ საქართველოს და არა მმართველი პარტიის ინტერესებს, - სამწუხაროდ, ეს ორი ერთმანეთისგან გამიჯნულია. თუ ვიმსჯელებთ შეხვედრის გარეგნული ნიშნებით, იმ განცხადებებით, რაც გაკეთდა, აპოკალიფსი არ მომხდარა. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყნის ლიდერი ლაპარაკობდა რაღაც ტიპის შეთანხმებებზე, არაფერი დაკონკრეტებულა. აქედან გამომდინარე, ამ შეხვედრის შედეგი შესაძლოა ასე შეფასდეს - შედეგი ნულოვანი ეფექტით, ყოველ შემთხვევაში, ხელშესახები რეზულტატი არ გასაჯაროებულა. ეს არ არის ჩვენთვის მთლად ურიგო, ვინაიდან ტრამპის ბუნებიდან გამომდინარე, პუტინზე ლაპარაკიც ზედმეტია, უსიამოვნო სიურპრიზებს ვერ გამოვრიცხავდით. მოკლედ, "სდელკა" ალასკაზე არ შედგა... არც უკრაინა (და არც რომელიმე სხვა ქვეყანა) რაიმეს სანაცვლოდ არ "გაყიდულა" და არც "გაცვლილა". ლაკონიურად თუ ვისაუბრებ სამიტის ჩვენთვის ხელმისაწვდომ შედეგზე, ჩემი შეფასებით, ის "მშრალი საყაიმო" ანგარიშით დასრულდა... დავძენ, რომ ტრამპის ხელწერისა და პუტინის "სანდოობის" გათვალისწინებით, ეს არცთუ ცუდი შედეგია, ვინაიდან იდეაში, როგორც უკვე ვთქვი, უარეს სცენარსაც ვერ გამოვრიცხავდით.
კიდევ ერთ დაკვირვებას გაგიზიარებთ - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ შეხვედრისთვის ამერიკული მხარე შედარებით მოუმზადებელი იყო, ვიდრე რუსული.
ტრამპს აშკარად გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ შეხვედრამდე ბოლო 2 დღის განმავლობაში მოლოდინი ოდნავ დააბალანსა, თუმცა იმედგაცრუება მაინც იგრძნობოდა ე.წ. პრესკონფერენციაზე ტრამპის გამოსვლისას. ეგრეთ წოდებულს იმიტომ ვამბობ, რომ ჟურნალისტებს კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ, ამიტომ ეს პრესკონფერენციად ვერ ჩაითვლება.
ჩვენ ბოლოო 6 თვის განმავლობაში მოვისმინეთ ტრამპის არაერთი არაორდინარული განცხადება, მოქმედება და ჩემი აზრით, ეს შეხვედრა უნდა იქცეს ტრამპის პრეზიდენტობის საწყისი ეტაპის შემაჯამებლად, რის შემდეგაც ტრამპმა თავის შიდა სამზარეულოს უნდა გადახედოს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი გუნდი გადახალისებას საჭიროებს კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით. გუნდის გადახალისებასთან ერთად, საჭიროა მიდგომების გადახედვაც, რომლის შედეგადაც აშშ საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტ კლასიციზმს დაუბრუნდება, ისეთს, როგორსაც მიჩვეული ვართ ამ ქვეყნისგან. იმედია, ასეც იქნება. თუმცა ტრამპი არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია, ერთ დღეს სხვას ამბობს, მეორე დღეს - სხვას... აქვე გავიხსენოთ, რომ 16 აგვისტოს განსხვავებული განცხადებები გამოაცხო, კერძოდ, იუარა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და უკვე ადვოკატირებს სრულფასოვან სამშვიდობო შეთანხმებას, რასაც სხვადასხვა წყარო თარგმნის როგორც პუტინისკენ გადახრას. მართალია, არც პირველია მარტივად მისაღწევი, მაგრამ ტექნიკურად უფრო მოკლე ვადაშია შესასრულებელი, ვიდრე სრულფასოვანი შეთანხმების გაფორმება - შესათანხმებელია ტერიტორიები, სტატუსები თუ უსაფრთხოების გარანტიები... თუმცა არავინ იცის, ტრამპი ხვალ კიდევ რას იტყვის. აღსანიშნავია, რომ ის მიესალმა ევროპელების განცხადებას, მაგრამ პოზიციების ასეთი სწრაფი ცვლილება ძალიან გვირთულებს იმის პროგნოზს, თუ როგორი იქნება აშშ-ის პოზიცია.
- ბევრმა გაავლო პარალელი ოვალურ კაბინეტში ზელენსკის სკანდალურ მიღებასა და აგრესორი პუტინის პატივით დახვედრას შორის - წითელი ხალიჩა, ხელის ჩამორთმევა, ღიმილით და ტაშით შეხვედრა... CNN-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა ამ შეხვედრას "ჟესტების სამიტი" უწოდა. თქვენ რას იტყვით, რა აჩვენა მსოფლიოს ამ ჟესტებმა?
- ნაკლები ინფორმაციის გამო დიდი ყურადღება გადავიდა ე.წ. სხეულის ენასა და სხვადასხვა გარეგნულ ნიშანზე. პუტინის დახვედრის ფორმა ისევ ტრამპის არათანამიმდევრულ პოლიტიკაზე მეტყველებს, რადგან კარგად გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ 8-9 აგვისტოს ის რუსეთის წინააღმდეგ გაცილებით ძლიერ წნეხს აანონსებდა. ამასობაში ვნახეთ, რომ უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართა, რაც აბსოლუტურად საპირისპირო გაგრძელება იყო მისი ადრინდელი განცხადებებისა. ნებისმიერ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ქვეყნებს შორის კომუნიკაცია ბევრად სჯობს ურთიერთობების არ არსებობას.
მოკლედ, რომც მივიჩნიოთ, რომ კულისებს მიღმაც შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, ეს შეხვედრა, ჩემი აზრით, მაინც პოზიტიურად უნდა შეფასდეს. ბოლოს და ბოლოს, ეს მაინც არის დიაგნოსტიკა იმისა, თუ რას ფიქრობს პუტინი, რაც შეიძლება გამოდგეს გზამკვლევად აშშ-ისთვის იმის განსასაზღვრად, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს მომავალში.
- თქვენ ევროპელი ლიდერების განცხადება ახსენეთ, მათი პოზიცია საკმაოდ მკაფიო და ცხადია. ერთობლივ წერილში ვკითხულობთ: "მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, რომ აშშ მზად არის უსაფრთხოების გარანტიების გასაცემად. არანაირი შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა ან მესამე ქვეყნებთან მის თანამშრომლობაზე. უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების გზაზე რუსეთს არ შეიძლება ვეტოს დადების უფლება ჰქონდეს". განცხადების თანახმად, უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის შესახებ გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოს: "უკრაინისთვის ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება. სანამ უკრაინაში მკვლელობები გრძელდება, ჩვენ რუსეთზე ზეწოლისთვის მზად ვართ".
- ევროპელების ამ პრინციპულმა განცხადებამ ჩემს მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ევროპა უფრო სულ უფრო მეტად შედის როლში, როგორც შესაძლო ავტონომიური მოთამაშე - ავტონომიურობას პირობითად ვამბობ.
ერთ-ერთი "სიკეთე", რაც გააკეთა უკრაინის ომმა, ის არის, რომ ევროპა დააბრუნა გეოპოლიტიკურ რუკაზე, როგორ ისარგებლებენ ამ როლით, ეს უკვე სხვა საკითხია...
მოგეხსენებათ, ვოლოდიმირ ზელენსკი 18 აგვისტოს ჩავა ვაშინგტონში ტრამპთან შესახვედრად. ვნახოთ, შესაძლოა ბუნდოვან ვითარებას მეტი ნათელი მოეფინოს.
- თუ მოხდა ისე, რომ ამ შეხვედრას მნიშვნელოვანი არაფერი მოჰყვა, არც სამმხრივი სამიტის გამართვა მოხერხდა, როგორ ფიქრობთ, ტრამპი შეიძლება დაუბრუნდეს რუსეთზე ზეწოლის უფრო ხისტ ფორმებს?
- გავიმეორებ, რომ ტრამპმა ძალიან გაართულა რაიმეს პროგნოზირება, რადგან მისი განცხადებები და მოქმედებები თანამიმდევრულობით არ გამოირჩევა. ამიტომ ვერაფერს გამოვრიცხავთ, შეიძლება მან ნაბიჯები გადადგას დათმობებისკენ ან ახალ-ახალი სანქციებისკენ. ის ეგოცენტრიკი პოლიტიკოსია. ხშირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ უფრო ეფექტის მოხდენაზეა ორიენტირებული, ვიდრე შედეგის ეფექტიანობაზე, რაც ძალიან დამაფიქრებელია. მისმა ამბიციურობამ, ეგომ, ხშირად საკუთარ შესაძლებლობებში გადაჭარბებულმა რწმენამ, შესაძლოა განაპირობოს აბსოლუტურად სხვა მიდგომა, ანუ კიდევ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ თუ რეალურ შედეგს ვერ მიაღწია, ის დისტანცირდეს ამ პროცესისგან.
- ამ შეხვედრის შესახებ რუსი და ქართველი სახელისუფლებო პროპაგანდისტების შეფასებები ერთმანეთს ემთხვევა.
- მეტად რთულ, მტკივნეულ და დელიკატურ საკითხს შეეხეთ. სამწუხაროდ, ეს ისევ და ისევ აჩვენებს, რომ ძალაუფლების საკითხი ჩვენში იმაზე მეტ დომინანტად მიიჩნევა, ვიდრე გეოპოლიტიკურ პროცესებზე ჯანსაღი მსჯელობა და საქართველოს პოზიციონირება ამ კონტექსტში. არ მინდა დავემსგავსო იმ მოლაპარაკე თავებს, ვინც სპეკულაციურ ნარატივს გვთავაზობენ, მაგრამ ერთ საკითხს მაინც ვერ ავირიდებ თავიდან. ეს კონსპიროლოგიური თემა შემდეგში მდგომარეობს: გავლენიანი ჯგუფების გარკვეული სინდიკატი, რომელიც არა მხოლოდ პარტიულ ელემენტს მოიცავს, არამედ საქმიან, კრიმინალურ და სხვა მიმართულებებსაც, მიიჩნევს, რომ გავლენების ახლებური განაწილების შემთხვევაში სასურველია საქართველო აღმოჩნდეს ახალი რკინის ფარდის რუსულ მხარეს. ეს არის მათთვის კომფორტი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. რუსულ მხარეს დარჩენა ნიშნავს, რომ არ გჭირდება ლიბერალური კანონმდებლობა, სამართლის უზენაესობა, თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი მედია...
მათ იმედი აქვთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ასე უაპელაციოდ აიღებს და დაუთმობს საქართველოს რუსეთს. როგორც ვთქვი, აშკარაა, რომ შეხვედრაზე ამგვარი "სდელკა" არ შედგა, ის ჩავარდა.
- იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება აშშ-ის შუამავლობით მოხდა, მეტიც, ზანგეზურის დერეფანს სწორედ ეს ქვეყანა გააკონტროლებს, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ აშშ-ის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში კვლავაც ძლიერია.
- როდესაც გამყოფ ხაზზე ვლაპარაკობთ, როგორც ჩანს, ზემოთ ნახსენებ სინდიკატში ფიქრობენ, რომ თუ ყველასთვის მოულოდნელად სომხეთი და აზერბაიჯანი მიტრიალდნენ დასავლეთისკენ, ახალი გაყოფა უნდა მოხდეს იმგვარი კონფიგურაციით, რომ საქართველო რუსეთისთვის პრიზი აღმოჩნდეს, მით უფრო კარგად ვხედავთ, აქ რა პროცესები ვითარდება. თუმცა ვაშინგტონის მხრიდან რომ გადავხედოთ ამ პროცესებს, რაოდენ მსუყე ინვესტიციაც არ უნდა განახორციელოს ამერიკამ, სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ა.შ. სომხეთსა და აზერბაიჯანში, ეს სანახევრო შედეგზე მიმართული ინვესტიცია იქნება, თუ საქართველოს საკითხი არ იქნა გადაწყვეტილი ისე, როგორც უნდა გადაწყდეს. ჩვენი როლის განდიდების გარეშე - დავხედოთ რუკას, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ გავიხედოთ კასპიის ზღვის მიღმა ცენტრალური და შემდგომ დიდი აზიისკენ, ჩვენ გეოგრაფიულად ჩამკეტი ქვეყანა ვართ. შესაბამისად, ყველა პროცესი, რომლებიც უკავშირდება დასავლეთის შემოსვლას ჩვენს რეგიონში, ვერ იქნება დასრულებული ეფექტის მქონე, თუ საქართველო გადავა რუსული გავლენის სფეროში. ამდენად, როდესაც ვლაპარაკობთ პოლიტიკის ინსტიტუციურობაზე, ვლაპარაკობთ ჟანრის კლასიკაზე დასავლური გადმოსახედიდან. წესით, ეს ნიშნავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანზე გავლენის მოპოვების შემდეგ, ბუნებრივი, ლოგიკური გაგრძელება უნდა იყოს საქართველოს საკითხის დღის წესრიგში დაყენება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვერ იქნება საქართველო ფილანთროპიულად გადაცემული რუსეთისთვის. თუმცა ის არაპროგნოზირებადობა, რაც თეთრი სახლის დღევანდელ ადმინისტრაციას ახასიათებს, მაინც მხედველობაში უნდა ვიქონიოთ - ანუ რაიმე უსიამოვნო სიურპრიზს ვერ გამოვრიცხავთ. ეს რომ გამოირიცხოს, საჭიროა სათანადო მანდატით აღჭურვილი ქართული ხელისუფლება და აქ უკვე სხვა პრობლემას ვაწყდებით. ვინ და როგორ ელაპარაკება დასავლეთს საქართველოს ინტერესებზე? - აი, აქ გვაქვს უზარმაზარი დეფიციტი და ვაკუუმი.