„პუტინი თუ დამარცხდა, ის ფიზიკურად განწირულია“
"ომი არ შეწყდება უახლოეს მომავალში... პროგრესი არის, შეთანხმება არ არის", - ამგვარად შეაფასა უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ალასკაში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომელიც რუსეთის ლიდერმა ამ ფრაზით დაასრულა: "შემდეგ ჯერზე მოსკოვში შევხვდებით". რას მიიჩნევს ტრამპი საკუთარ მიღწევად, გაიმართება თუ არა შემდეგი შეხვედრა მოსკოვში, ამის შესახებ მამუკა არეშიძე გვესაუბრება.
- მიუხედავად იმისა, რომ ორი ლიდერის შეხვედრას არ მოჰყოლია დაგეგმილი სადილი და ჟურნალისტებმა კითხვებზე დაპირებული პასუხები ვერ მიიღეს, ტრამპს არ შეუძლია საკუთარ ვიზიტს "უშედეგო" უწოდოს, რადგან იცის, რომ ამას მისი პოლიტიკური კარიერისთვის მძიმე შედეგი მოჰყვება. ამიტომ ვალდებულია შეხვედრის შედეგი შუალედურ წარმატებად მაინც წარმოაჩინოს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი.
პუტინი აქამდე საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ სისხლისმსმელ ჯალათად იყო გამოცხადებული, მასზე ვერდიქტი იყო გამოტანილი, ჩასვლის უფლება აღარსად არ ჰქონდა და ყველგან დაპატიმრება ემუქრებოდა. ტრამპმა ერთ ნაბიჯში შეცვალა ეს მოცემულობა და მივიღეთ სურათი, სადაც პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე სრულიად შეიცვალა რეალობა. ეს ნიშნავს, რომ თუ ამერიკა, როგორც ყველაზე ძლიერი მოთამაშე, იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, დანარჩენიც იძულებულია მის მოთხოვნებს მოერგოს. სწორედ ასე დაახია ტრამპმა თავზე წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული საერთაშორისო დადგენილებები მთელ დასავლეთს.
ჩვენ არ ვიცით, რა ილაპარაკეს დახურულ კარს მიღმა ტრამპმა და პუტინმა, მაგრამ ფაქტია: რადგან სადილი არ გაიმართა, ეს ნიშნავს, რომ ტრამპის მოთხოვნები პუტინმა არ გაიზიარა. მთავარია, კარგად ვიცოდეთ თითოეული მხარის ამოცანები. თუ შეხვედრის შემდეგ რომელიმე ამოცანის გადაწყვეტა ან პროცესის გააქტიურება შევნიშნეთ, ე.ი. შედეგი დადგა. ბუნებრივია, ახლა იბადება კითხვა: იყო თუ არა ამ შეხვედრაზე საუბარი კავკასიის თემაზე და განიხილეს თუ არა საქართველოს ბედი?
- არაბუნებრივი იქნებოდა, რომ ახლა ალასკაში საქართველოს საკითხი განხილულიყო.
- დიახ, თუმცა მთავარი თემის შეთანხმების შემთხვევაში დღის წესრიგში საქართველოს საკითხი აუცილებლად დადგებოდა, ვინაიდან საქმე მხოლოდ საქართველოს არ ეხება. საუბარია დერეფანზე, რომელსაც "ტრამპის გზა" ეწოდა. ამ დერეფნის შექმნის წინადადებამ მსოფლიოს მიანიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა კავკასიაში თავისი პოლიტიკა გაააქტიურა და რუსეთის გავლენა უფრო შეამცირა.
- შესაძლოა, ზანგეზურის თემა მიზანმიმართულად გააქტიურდა ამ შეხვედრის წინ?
- რა თქმა უნდა. ერთი შეხედვით, პუტინი მყარად დგას და თითქოს აგვარებს ურთიერთობას მესამე ქვეყნებთან, პარტნიორად ჰყავს ჩინეთიც, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული სურათია. რეალურად, პუტინს სერიოზული პრობლემები აქვს როგორც ეკონომიკაში, ისე მსოფლიო ლიდერობაში. ჩინეთმა ნელ-ნელა აქცია რუსეთი პარტნიორიდან "უმცროს ძმად", რაც კრემლისთვის მიუღებელია.
შეიძლება ითქვას, ალასკის ვიზიტი პუტინისთვის კიდევ ერთხელ მიცემული შესაძლებლობაა - შანსი ჰქონდა იმისა, რომ თავი კვლავ მნიშვნელოვნად წარმოეჩინა, მაგრამ მას არ ჰქონდა იქ კარგი გამოსავალი. თუ პროცესს ობიექტურად შევაფასებთ, შედეგი არც ერთისთვის არ იყო სასურველი - არც პუტინისთვის, არც ტრამპისთვის, არც უკრაინისთვის და არც მსოფლიოსთვის.
ომმა შექმნა უაღრესად არასტაბილური ვითარება, გააუარესა ეკონომიკური მდგომარეობა, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც, და მსოფლიო წესრიგში ძველი სტრუქტურების ჩამოშლას შეუწყო ხელი. ომის დასრულების კონტურები კვლავ არ ჩანს. არის კიდევ ერთი ფაქტორი:
პერსონალურად პუტინს არა აქვს უფლება ომი ფრედ დაასრულოს. რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, ეს შეუძლია, მაგრამ თავად პუტინისთვის მიუღებელია. მას სჭირდება გამარჯვება, რათა შეინარჩუნოს ხელისუფლება და მემკვიდრეს გადასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განწირულია. ამას ემატება ისიც, რომ კრემლში მისი გარემოცვის ნაწილი და ოლიგარქების ჯგუფი კატეგორიულად მოითხოვენ ომის გაჩერებას.
რუსეთის ისტორიაში თითქმის ყველა ომის შემდეგ ჩნდებოდა კითხვა: "რისთვის ვიბრძოდით?" ასე მოხდა იაპონიასთან ომის, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და ავღანეთშიც. ავღანეთის ომი ამის ნათელი მაგალითია: სულ 15000 დაღუპული იყო, მაგრამ უკმაყოფილო ვეტერანები იქცნენ ძლიერ და კონსოლიდირებულ ძალად, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლა დააჩქარა. პუტინმა ეს ყველაფერი კარგად იცის. სწორედ ამიტომ არ დაუშვებს დამარცხებას. მისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ ხელისუფლების დაკარგვას, არამედ პირად საფრთხეს.
- ზელენსკისთვის როგორია გამოსავალი?
- ჩემი ღრმა რწმენით, ზელენსკი პოლიტიკაში დარჩენას აღარ აპირებს. მას სურს ეს პროცესი დაასრულოს მისთვის სასარგებლოდ. უკრაინაზე კი არა, მის პირად პერსპექტივაზე ვსაუბრობ. მას საკმარისი მატერიალური რესურსიც დაუგროვდა და ავტორიტეტიც, რათა მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ფიგურად დარჩეს, მაგრამ არა უკრაინის შიდა პოლიტიკაში. პუტინის საქმე კი სხვაგვარად არის: მისი სიცოცხლე საფრთხეშია. რუსებმა მეფე დაამხვეს და მოკლეს, პუტინი რა გამონაკლისია?
- როგორი იქნება ამ ყველაფერში საქართველოს ფაქტორი?
- აქ საქმე მარტო საქართველოზე არ არის - მთლიანად რეგიონი მოიაზრება.
რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს კავკასიას, ყველაფერს გააკეთებს აქ გავლენის დასაბრუნებლად. ამჟამად სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს ორივე ქვეყნის დიასპორაზე რუსეთში - სომხებსა და აზერბაიჯანელებზე. ზეწოლა მიზანმიმართულია, რათა ფაშინიანსა და ალიევს თავიანთ ქვეყნებში დისკომფორტი შეექმნათ.
- რამდენად აქვს ამის რესურსი?
- რუსეთს ამის რესურსი კი აქვს, მაგრამ ამ ორ ქვეყანას უკვე აქვს გამოცდილება. ეს აღარ არის 90-იანი წლები. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაკეთდება სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად. თუმცა არის კიდევ ერთი განსხვავება - ალიევის მდგომარეობა ბევრად მყარია, ვიდრე ფაშინიანის. შესაძლოა მას სულაც არ სურდა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ ამერიკისა და თურქეთის უზარმაზარი ზეწოლა იყო.
სხვათა შორის, ერდოღანის მიერ ყაველაშვილთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადება სწორედ დიპლომატიური ზეწოლის ფორმაა. არავითარი თურქი-მესხების მასობრივი დაბრუნება არ იგეგმება, მაქსიმუმ 3-5 ათას კაცზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. 80 ათასამდე კაცი დიდი ხანია სხვაგანაა დაფუძნებული - აზერბაიჯანში, თურქეთის საზღვრისპირა რეგიონებში და სხვაგან. მათი აყრა და აქ გადმოსახლება აბსურდია. მე ვმუშაობდი ამ საკითხზე და კარგად მახსოვს, რომ 12000 ოჯახი კრასნოდარის მხარიდან კანადაში გადავიდა. წარმოგიდგენიათ, ვინ უნდა წამოვიდეს კანადიდან ახალციხეში საცხოვრებლად?
- რა უნდა ყოფილიყო ზეწოლის მიზანი?
- მიზანი ის არის, რომ საქართველომ კარგად იცოდეს - თურქეთს ჩვენზე ზეწოლის ბერკეტები აქვს. სხვათა შორის, ყურადღებას არავინ აქცევს, მაგრამ
ერდოღანის ცრემლიანი სიტყვები ბათუმსა და ახალციხეზე მხოლოდ ემოციური ჟესტი არ არის. ეს არა მარტო ზეწოლის ინსტრუმენტია, დავითოღლუს იდეოლოგიის ნაწილიცაა, მისი იდეოლოგია კი ოსმალეთის იმპერიის აღდგენას გულისხმობს. ვთქვათ პირდაპირ, დავითოღლუ წლების განმავლობაში ერდოღანის მარჯვენა ხელი იყო, ამიტომ ქართველმა საზოგადოებამ და შესაბამისმა უწყებებმაც ამას სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციონ.
- რა უნდა გაკეთოს საქართველომ?
- პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ადამიანები, ასევე დიასპორა და სამეცნიერო წრეები. და კიდევ ერთს გეტყვით - აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ისრაელის ფაქტორი. ნუ მკითხავთ, როგორ და რატომ, საჯაროდ ვერ ვიტყვი, მაგრამ ცხადია, ისრაელმა წარმატებას მიაღწია სწორი პოლიტიკური სისტემის შექმნით.
- ეს მოდელი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ითვალისწინებს?
- ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ბევრი რამ დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე. რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს. გასაგებია, რომ რუსეთის სრული გასვლა სამხრეთ კავკასიიდან ერთგვარად ბალანსს დაარღვევს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს დიდი თურანის მხარდამჭერებს, მაგრამ ომში გამარჯვებული რუსეთიც დიდი საფრთხეა ჩვენთვის. ამიტომ აუცილებელია ბალანსის შენარჩუნება.
ხათუნა ბახტურიძე