ნადირობა „შეგზავნილებზე“ ანუ რეალურად ვინ ასხამს წყალს მმართველი გუნდის წისქვილზე?! - კვირის პალიტრა

ნადირობა „შეგზავნილებზე“ ანუ რეალურად ვინ ასხამს წყალს მმართველი გუნდის წისქვილზე?!

ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი "ტრადიციული" გასართობია - შეგზავნილების ძებნა. განსაკუთრებით ეს ოპოზიციას ეხება - ერთმანეთისთვის ეჭვის­ თვალით ყურება, ემანდ, შემთხვევით ვინმე ოპოზიციონერად გადაცმული მმართველი­ გუნდის საქმეს ხომ არ აკეთებსო. თუმცა­ ამ ეჭვიანობას აქვს საფუძველი. საქ­ართ­ველოში ყველა ხელისუფლება ცდილობდა, რომ თავისი "ჯიბის" ოპოზიცია ჰყოლოდა. მაგალითად, მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ამას შიდასახელისუფ­ლებო დაპირისპირებისთვის იყენებდა. კერძოდ, იყო ასეთი პარტია, "ახალი მემარჯვენეები", რომლებიც კრიჭაში ედგნენ პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას, თუმცა არ ახსენებდნენ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს (მაშინ უკვე მწიფდე­ბოდა დაპირისპირება ამ ორ ფიგურას შორის), ქრისტიან-დემოკრატები კი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას უქმნი­დნენ დემოკრატიულ ფასადს, რადგან 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.

"შეგზავნილების" ძებნა გრძელდება

რამდენიმე დღის წინ "ნაცმოძრაობის" აქტიურმა წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის ოჯახმა მილიონობით ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო. გარდა ამისა, წითლიძემ მენაბდე დაადანაშაულა არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან მეგობრობაში. შეგახსენებთ, რომ ვახუშტი მენაბდე სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და "საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების" (რომლებიც ლამის ყოველდღე მართავენ აქციებს "საზმაუსთან")­ წევრია - ანუ ანა წითლიძე მიანიშნებს, რომ მენაბდე "შეგზავნილია", რადგან შეუძლებელია ხელისუფლებამ ჭეშმარიტი ოპოზიციონერის ოჯახს ტენდერები მოაგებინოს. მენაბდე და მისი თანაგუნდელები იმით გამოირჩევიან, რომ აქციებზე სააკაშვილის პლაკატებზე გართულება აქვთ და აი, თურმე რატომო, ამტკიცებს წითლიძე.

სააკაშვილის პლაკატებზე და საზოგადოდ, "ნაცმოძრაობაზე", ცნობილი მიზეზების გამო, გართულება აქვს საზოგადოების დიდ ნაწილს (მათ შორის მათაც, ვინც 2024 წლის ნოემბრიდან აქცი­ებში მონაწილეობდა და მონაწილეობს). რა გამოდის, ყველა მათგანს ხელისუფლება ფულს უხდის?

თუმცა, მეორე მხრივ, თავად განსაჯეთ, რამდენად დამაჯერებელია ვახუშტი მენაბდის განცხადება, რომ მამისა და ძმის ბიზნესზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა ჰქონდა. მენაბდემ "ნაცმოძრაობა" წინააღმდეგობის საბოტაჟსა და თავისთვის "ველის მოსუფთავების" მცდელობაში დაადანაშაულა.

სალომე ზურაბიშვილი "შეგზავნილების"­ ძიებაში უფრო გლობალურ მასშტაბზე გავიდა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის სასამარ­თლომ "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რადგან ის უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძოდა. ჰოდა, მეხუთე პრეზიდენტმა თქვა (ვციტირებ): "ოცნება" ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ არჩევნებში სერი­ოზული კონკურენტები ჰყავს - ამავე მიზანს ემსახურება რუსეთში ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე, ვითომ სხვა ქართველი მეომარი არ ყოფილიყოს უკრაინის ფრონტზე".

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა დაიწყო (ხაზარაძის ოჯახის მიერ გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავების კონტრაქტთან დაკავშირებით). სალომე ზურაბიშვილის აზრით, ეს დევნა იმიტომ სჭირდება ხელისუფლებას, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, ამ პარტიის კონკურენციის გვეშინიაო. მეხუთე პრეზიდენტმა გახარიასაც გაჰკრა კბილი - მის წინააღმდეგ საქმეც ანალოგიური ფარული მიზნებით აღძრესო.

წარმოვიდგინოთ სურათი, რომ "ოცნების" რომელიმე ლიდერი კრემლში რეკავს­ - ერთი შენი ჭირიმე, თქვენს პროკურატურას ალეკო ელისაშვილზე აღაძრევინე საქმე, საქართველოში რომ დავამტკიცოთ, არჩევნებში "ლელოსი" გვეშინიაო. ან წარმოვიდგინოთ "ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდ­ომა - როგორ ვაჩვენოთ ამომრჩეველს, რომ გახარიას პარტიის გვეშინია? საქმე­ უნდა აღვძრათ (თან უმძიმესი მუხლით) და გახარია საქართველოდან გავაქციოთო. ასეთ სცენარებზე სერიოზულად მსჯელობა შეიძლება?!

დღეს რეალურად, "ლელო" დასუსტებულია, რადგან მისი ორი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ციხეშია. იქიდან პარტიის ოპერატიულად მართვა ძნელია. დასუსტებულია "გახარია საქართველოსთვის", რადგან ლიდერი ევროპიდან საქართველოში დაპატიმრების შიშით არ ჩამოდის, ხოლო თუ იმის დადგენა გვინდა, ვინ ასხამს რეალურად ხელისუფლების წისქვილზე წყალს, ოპოზიციაში (ბოიკოტისტებშიც და არჩევნებში მონაწილეებშიც) მიმდინარე პროცესებს უნდა გადავხედოთ.

ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ

დავიწყოთ მთავარი კითხვით - რა უფრო დაძაბავდა ხელისუფლებას: ოპოზიციას ერთიანი ფრონტით ან კოორდინაციით არჩევნებში მიეღო მონაწილეობა თუ დაქსაქსულიყვნენ ბოიკოტისტებად და არჩევნებში მონაწილეებად?

თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, რა თქმა უნდა, ოპოზიციის გაერთიანებული ძალებით არჩევნებში მონაწილეობა (თუნდაც სალომე ზურაბიშვილის დასახელება თბილისის მერობის ერთადერთ ოპოზიციურ კანდიდატად და ბრძოლა დედაქალაქისთვის) მმართველი გუნდისთვის უსიამოვნო სიურპრიზი იქნებოდა,­ რადგან სწორი მუშაობისა და მესიჯების შემთხვევაში, ეს მოახდენდა ოპოზიციური ელექტორატის მობილიზებას და მმართველ გუნდს გამარჯვება ჯიბეში გარანტირებულად ნამდვილად არ ექნებოდა. თუმცა ასე არ მოხდა და დაჯდა ის "ქვა", რომელიც მმართველ გუნდს აწყობდა,­ რადგან მიიღო იდეალური სურათი.

კერძოდ, ბოიკოტისტები ხელს შეუშლიან "ლელოსა" და გახარიას, ოპოზიციონერი ამომრჩევლის ნაწილს სახლში დატოვებენ იმ დროს, როდესაც თითოეულ ხმასაც კი ოქროს ფასი აქვს. თავის მხრივ, "ლელოსა" და გახარიას პარტიას არჩევნებში მონაწილეობა არის იმის გარანტია, რომ ბოიკოტი ვერ/არ შედგება­. ბონუსად "ოცნებამ" ის მიიღო, რომ რჩება შთაბეჭდილება, ბოიკოტისტებისთვის მთავარია, როგორმე ხაზარაძისა და გახარიას პარტიებმა კრახი განიცადონ და არა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. ჰოდა, არის გაუთავებელი ურთიერთლანძღვა და ამ ოპოზიციისთვის დამაზიანებელ პინგ-პონგს დეტალურად აშუქებს პროსახელისუფლებო მედია.

დავსვათ კიდევ ერთი კითხვა - რა უფრო აწყობდა ხელისუფლებას, ბოიკოტისტები­ (ცოტა ხნით თავი დავანებოთ გახარიასა­ და ხაზარაძეს) გაერთიანებულიყვნენ, კონკრეტული გეგმა წარმოედგინათ, თუ ისინიც დაქსაქსულიყვნენ, გაეკეთებინათ ოდიოზუ­რი­ განცხადებები და მაქიმალური ბუნდოვ­ანება შეექმნათ თავისი ელექტორატისთვის?!

მოვლენები აქაც, ჯერჯერობით ხელისუფლებისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობს. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბოიკოტსაც და არჩევნებში­ მონაწილეობასაც აბსურდს უწოდებს, შეეცადა გაეცოცხლებინა "ქართული ქარტიის"­ იდეა ანუ ერთიანობა წინააღმდეგობის პლატფორმის გარშემო. თუმცა სალომე ზურაბიშვილის ეს მოწოდება ბოიკოტისტებმა­ ცალ ყურში შეუშვეს და მეორიდან გამოუშვეს. სამაგიეროდ, მათმა ნაწილმა "ნაცმოძრაობის" თამადობით შეუტია ზურაბიშვილს, ოთხი პარტია ვერ დაუსვია მაგიდასთან და რა მოლაპარაკებებზე საუბრობსო. პარალელურად, გიორგი ვაშაძემ და ზურა "გირჩი" ჯაფარიძემ ციხიდან გამოგზავნეს 8-პუნქტიანი გეგმა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ბოიკოტისტები უნდა გაერთია­ნდნენ, მათი ლიდერი უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი და ერთიანი სტრატეგიით უნდა იმოქმედონ. ვაშაძის პარტიამ "სტრატეგია აღმაშენებელმა" უკვე ორჯერ გამართა­ ამ გეგმის პრეზენტაცია, თუმცა­ დანარჩენმა პარტიებმა ცალ ყურში­ შეუშვეს და მეორიდან გამოუშვეს. მოკლედ,

დღეს ბოიკოტისტები ასეთ სიტუაციაში არიან: გეგმაზე ვერაფერს ამბობენ, ელოდებიან რაღაც მითიურ საერთაშორისო­ ზეწოლას და პარალელურად, საკუთარ რიგებში "შეგზავნილებს" ეძებენ. ამ დაქსაქსვაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ "ნაცმოძრაობის" აქტივისტებს­, რომლებსაც ბოიკოტსა თუ პროტე­სტში სააკაშვილის ჩაკვეხება სურთ. სააკაშვილის პრინციპი კი ასეთია - თუ ის არ იქნება­ ლიდერი, თუ პროცესები მის ირგვლივ არ იტრიალებს, წყალსაც წაუღია ყველაფერი.

კიდევ ერთი კითხვა - ვის ინტერესებშია, რომ ოპოზიციის რიგებში გამოჩნდნენ პირები, რომლებიც არასერიოზულ განცხადებებს გააკეთებენ, შექმნიან არასწორ მოლოდინებს, ხოლო ბოიკოტისტებში შფოთსა­ და ტრაგიკომიკურ სიტუაციას?

რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლების ინტერესშია. შესაბამისად, ლევან ხაბეიშვილი და პაატა ბურჭულაძე "ოცნების" წისქვილზე­ წყალს ტოლჩებით კი არა, ცისტერნებით ასხამენ. ხაბეიშვილი და ბურჭულაძე ამბობენ,­ რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლებას "მშვიდობიანად დაამხობენ", რამაც შეაშფოთა თავად ბოიკოტისტები და ისინი ბანაკებად დაყო.

უფრო რეალური სცენარია, რომ ვაკის პარკში უცხოპლანეტელები­ დასხდნენ, ვიდრე ის, რომ ხაბეიშვილმა და ბურჭულაძემ 4 ოქტომბერს ხელისუფლება "დაამხონ" (თუნდაც ის რად ღირდა, ბურჭულაძე მომავალი "რევოლუციისთვის" კალაძეს რომ სთხოვდა, სტადიონი გვიქირავეო). ასეთი განცხადებები არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებს ბოიკოტისტების მთელ ფლანგს და თავმოყვარე პოლიტიკოსებს მოუწევთ უფრო მკვეთრად გამიჯვნა. უფრო უარესი მოხდება 5 ოქტომბერს, როდესაც ხაბეიშვილსა და ბურჭულაძეს აყოლილები ნახავენ, რომ თურმე არც არაფერი მომხდარა. ეს არის ბოიკოტისტების ნაწილისთვის პირდაპირი გზა მარგინალიზაციისკენ.

ბოლო კითხვა - ვის აწყობს, რომ არჩევნ­ებში მონაწილე "ლელო" და გახარიას პარტია ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე და უკვე ძალიან დამაზიანებელი იწილო-ბიწილო მიმდინარეობს?

ჯერჯერობით ისევ "ოცნება" იგებს. ჯერ მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ­ თქვეს, უპარტიო და არაპოლიტიკური კანდიდატი გვეყოლებაო. თუმცა შემდეგ აღმო­ჩნდა, რომ "ლელოს" მერობის კანდიდატად ელისაშვილი უნდოდა, რისიც გახარია კატეგორიული წინააღმდეგი იყო. სავარაუდოდ, გახარიას პარტიამ "ჯიბრზე" თქვა, რომ კანდიდატად თანაპარტიელი­ გიორგი­ შარაშიძე წარმოუდგენიათ, რაც უკვე "ლელ­ოსთვის" იყო მიუღებელი. შემდეგ ხაზარაძის პარტიამ მომღერალ მერაბ სეფაშვილის კანდიდატობის თემა შემოაგდო, რაც ჯერ ყველას ფეიკნიუსი ეგონა, მაგრამ თურმე მართალი ყოფილა. ვტესტავთ სეფაშვილის კანდიდატურასო, თქვა "ლელომ". ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, არჩევნებამდე თვე-ნახევარია დარჩენილი, "ლელო" და გახარია კი ერთიან კანდიდატზე არ არიან შეთანხმებული და შესაძლოა ხელისუფლებისთვის სუპერიდეალური სცენარი "დაჯდეს" - ორივე პარტიას თავ-თავისი კანდიდატი ჰყავდეს.

მოკლედ, ყველა ზემოთქმულ კითხვებზე­ პასუხები რომ შევაჯამოთ, ხელისუფლებას­ ოპოზიციაში არც არავის შეგზავნა არ სჭირდება, პირიქით, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმაში ძალიან დიდი "კონკურენციაც" ყოფილა.

გიორგი კვიტაშვილი