„აშკარაა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა მცირდება“ - კვირის პალიტრა

„აშკარაა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა მცირდება“

არჩევნების ბოიკოტისტებმა მონაწილეთა­ ლანძღვა თითქოს დაამთავრეს, მიუხედავად­ ამისა, ოპოზიციურ ფლანგზე და არა მარტო­ პოლიტიკოსებში, საქმის გარჩევები გრძელდება. ყოველ შემთხვევაში, ახლა "ნაცმოძრაობის" ერთ ფრთას ვახუშტი მენაბდის საქმიანობა არ მოსწონს. მისი ლანძღვა-დადანაშაულება მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ პროტესტანტთა მემარცხენე­ ფრთის განცხადებები და მოქმედებები არ მოეწონათ. ამასობაში კი, ვიდრე "ნაცმოძრაობა" ყველას მოღალატედ აცხადებს, ვისაც მათგან განსხვავებული აზრი აქვს, "ლელო" და გახარია კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციებს მართავენ და კაცმა­ არ იცის, როდის ვის შეარჩევენ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაზე და რა შეიძლება მოხდეს, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრებით.

- ძალიან ცუდი პროცესია. ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ოპოზიციური პარტიების ნაწილს მიაჩნდა, თუ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, აქტიურ ჯგუფებს პოლიტიკურად გაანადგურებდნენ,­ ეს გაასუფთავებდა ველს და ამ ადგილს თვითონ დაიკავებდნენ. სინამდვილეში, ეს დიდი სისულელეა. ამით უპირველესად ხდება­ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ფრუსტრაცია და დღეს სწორედ ამას ვადე­ვნებთ თვალს.

"ნაცმოძრაობა" გადასულია არა იმდე­ნად "ოცნებასთან" ბრძოლაზე,­ რომელსაც ვერაფერს აკლებს, არა­მედ­ იმაზე, რომ იმედი აქვს, იმ აქტიურ ოპოზიციურ ჯგუფებს,­ რომ­ლებიც მათ მხარს არ უჭერენ, გაანადგურებს. ფიქრო­ბენ, რომ "ოცნება" იმდენად დასუსტდება, მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა და ველზე მარტოდ დარჩენილებს ძალაუფლება ხელში ჩაუვარდებათ. მაგრამ "ნაცები" ვერ ხვდებიან, რომ უსათუოდ დამარცხდებიან, მათი ციხეში მყოფი ბელადი კი წაგებულია...

ახლა მემარცხენეებს დაეტაკნენ, იქ ვახუშტი მენაბდეს. რაზეც ისინი მენაბდეს ეჩხუბებიან, აშკარად მიუთითებს, რომ ფიქრობენ, თუ ხარ ოპოზიციაში, მამაშენმა არათუ ტენდერი არ უნდა მოიგოს, თავადაც­ გამოფხეკილი ლუზერი უნდა იყო, რომელსაც ერთადერთი უფლება აქვს, იდგეს ქუჩაში და აპროტესტოს. მეტიც, ჰგონიათ, ეს არის ნორმა და მათი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს. ვახუშტი მენაბდესაც ამაზე ეჩხუბებიან, მამაშენმა თუ ტენდერში გაიმარჯვა, შენ როგორ ხარ ოპოზიციონერიო. როგორ შეიძლება ამ აზროვნებით გქონდეს იმის იმედი, რომ შენ უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებ?­ "ნაცმოძრაობა" არ აძლევს­ მოსახლეობას საშუალებას, დაივიწყოს ის ცუდი, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს უკეთებიათ. ვერაფერს ვიზამ, მათ ჰყავთ თავიანთი მრევლი, მრევლს კი თავისი კერპი.

- მაგრამ საქართველოში ტენდერის მოგება,­ როგორც წესი, დაკავშირებულია კორუფ­ციასთან და, თუკი ხელისუფლებასთან გვაქვს პრეტენზია, ჩნდება ეჭვები,­ რომ იმ ადამიანის­ ოჯახის წევრი, რომელიც აკრიტიკებს­ ხელისუფლებას, ვერ მოიგებს ტენდერს...

- მანამდე "ოცნების" მომხრეებს სულ ჰქონდათ­ პრეტენზია, რას ჰქვია, ესენი ტენდერებს იგებენო... საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ამ კერპთაყვანისმცემლობას არის მიჩვეული, ქვეყანას სწორედ ასე უყურებს - თუ ხარ ოპოზიციაში, არა გაქვს უფლებები, უფლებები აქვს მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც ხელისუფლებაშია. ამ ადამიანებს წარმოდგენა არა აქვთ დემოკრატი­აზე და რაც მთავარია, მიიჩნევენ, რომ ასე უნდა იყოს. ასე იყო მიშას დროსაც. საზოგადოებაში უფრო გაზრდილია ნიჰილიზმი ოპოზიციური მოძრაობის მთელი ამ პროცესის მიმართ. აშკარაა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა მცირდება და მცირდება არა იმიტომ, რომ ვიღაცას ხელისუფლება­ შეუყვარდა, არამედ იმის გამო, რომ ალტერნატივა არ არის დამაკმაყოფილებელი, მათ შორის, დემოკრატიის, თავისუფლების ხარისხით.

- არჩევნებში მონაწილე ოპოზიცია ჯერ კიდევ არჩევს თბილისის მერის კანდიდატურას. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს?

- ვერ გეტყვით, არც ის ვიცი, რა კრიტერიუმებით არჩევენ მერობის კანდიდატებს. კი თქვეს, რომ გამოკითხვებს ატარებენ, მაგრამ ფაქტია, არაფერი ვიცით. ამასთან, ოპოზი­ციური საზოგა­დ­ოების ნაწილი­ მთელ დროს უთმობს­ "ლელოსთან" ჩხუბს. გახარიას ელექტორატი მაინც ხელისუფლების ყოფილი მომხრეების ნაწილია, ამიტომ "ლელოს" ეცნენ, რადგან მან თავიდან მათ ხმები გაუყო. ამიტომაც დაესივნენ...

ახლა კი "ლელო"-გახარია მათ ამაში თვი­თონ­­­­ უწობს ხელს, რადგან თუ შედეგის მიღწევა გინდა, რაც შეიძლება მალე უნდა აჩვენო საზოგადოებას, რომ შეთან­ხმებები მიღწეულია, რომ გაცილებით­ დიდი პასუ­ხისმგებლობის გრძნობა გაქვს, ვიდრე იმათ, ვინც არ მონაწილეობს არჩევნებში. კანდიდატების შერჩევა უნდა იყოს საზოგადოებისთვის გამჭვირვალე. დღეს არავინ იცის, როგორ ხდება შერჩევა, არც ის, მე მიჭერდა მხარს უფრო მეტი თუ შენ. ვერ ისწავლეს, რომ პოლიტიკა წესებზე დაფუძნებული თამაშია და, როდესაც ხელისუფლებას ბრალს სდებ, რომ ის წესებს არ იცავს, შენ უნდა მისცე წესების დაცვის მაგალითი. ჩემი აზრით, უნდა გამოცხადებულიყო, აი, ამაზე ვართ შეთანხმებული, ამ წესით მოხდება კანდიდატების შერჩევაო და ა.შ. ახლა ეს ყველაფერი ისევ კულუარულია, მიდის რაღაც მოლაპარაკებები, არჩევნების იდეას კი, რომელიც ისედაც ძალიან დაზარალებულია, ეს გაურკვევლობა უფრო აზარალებს. დასაწყისშივე ყველაფერი ნათელი უნდა ყოფილიყო - თამაშის ამ წესს რომ იღებ, ეს გიცავს არასწორი ნაბიჯებისგან. მაგრამ ამ წესებს არ შეიმუშავებენ ზუსტად იმის გამო, რომ სრული თავისუფლება მოიპოვონ ლიდერებმა, რათა მერე როგორც უნდათ, ისე მიიღონ გადაწყვეტილება. ვერავინ ხვდება­, რომ სხვა თამაშის­ წესები სჭირდება ოპოზიციას. მან უნდა აჩვენოს, რომ უფრო უკეთესია,­ ვიდრე ხელისუფლება. დღეს ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე­ დგას, რომ ხალხს ხელისუფლება არ მოს­წონს. ოპოზიციამ ვერაფრით შეძლო საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ თვითონ რატომ არის უკეთესი, გარდა იმისა, რომ გაიძახის, პროდასავლური ვარო. კარგი, გავიგეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ხელისუფლების დასამარცხებლად.

- ახლა არჩევნებში მონაწილე-არმონა­წილეთა დაპირისპირება რა გავლენას იქონიებს თუნდაც მათ მხარდამჭერებზე?

- რა თქმა უნდა, ეს დარტყმაა ამომრჩეველზე. ამიტომ იყო საჭირო თავიდანვე წესებისა და ვადების დადგენა. რომ გამოეცხადებინათ, ამა და ამ რიცხვში კანდიდატზე ვიქნებით შეთანხმებულიო, საზოგადოებასაც ეცოდინებოდა, რა და როგორ გაეკეთებინა. ახლა ყველაფერი ჰაერშია­ გამოკიდებული. ჩვენი ოპოზიციის პრობლემა სწორედ ეს არის, არ სურს საზოგადოებისთვის ცნობილი წესებით ითამაშოს პოლიტიკური თამაშები.

- პროტესტის აქტიური მომხრეები, ბურჭულაძე და ხაბეიშვილი ძალიან გააქტიურ­დნენ - რევოლუციის თარიღიც კი დაასახელეს. "ლელო"-გახარიას ამ შეუთანხმებლობის ფონზე, შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერმა ისევ ბოიკოტისტების ინიციატივის სასარგებლოდ იმუშაოს?

- ჩემთვის ძალიან რთული განსაჭვრეტია, თუ რა გეგმები აქვთ ხაბეიშვილსა და ბურჭულაძეს, რომლებმაც გამოაცხადეს "მშვიდობიანი დამხობის" გეგმა. "მშვიდობიანი რევოლუციაც" კი არ თქვეს, დამხობაო, რაც ძალიან უცნაურია. ვფიქრობ, რომ ხაბეიშვილს უფრო შიდა ბრძოლები აქვს, როგორც ჩანს, ამით სურს ლიდერობის დაბრუნება. ეტყობა, რაღაც ხდება "ნაცმოძრაობაშიც", იმიტომ, რომ ბევრ საკითხზე არ ჰქონდათ ერთიანი აზრი და მათ შორის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზეც, მაგრამ საბოლოოდ ბოიკოტისტებმა გაიმარჯვეს. ისიც ფაქტია, რომ კრიტიკული იყო "ნაცმოძრაობის" ზოგიერთი ლიდერის შეფასებები ხაბეიშვილის ამ განცხადებებზე, მაგრამ ახლა გაჩერდა ეს პროცესი. როგორც ჩანს, ამ სუპერაქტიურობით ხაბეიშვილს ახლა სურს ლიდერის პოზიცია დაიკავოს მთლიანად ოპოზიციურ სპექტრში, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ახლა ამისთვის კარგი დროა - ლიდერების ნაწილი ციხეშია, გარეთ თითქოს მოცარიელდა ადგილი და შესაძლოა ამ გზით ცდილობს თავის დამკვიდრებას, როგორც ოპოზიციისა და საპროტესტო მოძრაობის ლიდერი. ლოგიკა ამას უფრო გვკარნახობს, მაგრამ იმასაც ვერ გეტყვით, რომ ხაბეიშვილის ან ბურჭულაძის ქმედებების ლოგიკა ლოგიკის ჩემეულ აღქმაში ჯდება. ყოველ შემთხვევაში, ვადებით და თარიღებით დაანონსებული რევოლუციები მე არ გამიგია.

- პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით?

- მე მგონია, არც არაფერი მოხდება­ და მოსახლეობის კიდევ უარეს ფრუსტრაციას მივიღებთ, უპირველესად ოპოზიციურად­ განწყობილი მოსახლეობის. ჯერჯერობით ყველაფერი აქეთ მიდის. თუმცა "ოცნებას" აქვს საოცარი ნიჭი, ცარიელ ადგილზე შექმნას პროტესტი. ასე რომ, ნუ გამოვრიცხავთ, ისეთი რამ გამოაგდონ, რომ ხალხი გააგიჟონ, მაგრამ ეს არ იქნება ოპოზიციის დამსახურება. ეს ისევ ხელისუფლების დამსახურება იქნება, ისევე როგორც კობახიძIის 28 ნოემბრის განცხადებით დაიწყო...­ "ნაცებს" უნდათ, ეს თითქმის ერთწლიანი პროტესტი ისე წარმოაჩინონ, თითქოს ყველაფერი არჩევნების გაყალბების გამო დაიწყო. არადა, რომ არ ყოფილიყო კობახიძის განცხადება ევროინტეგრაციის შეჩერებაზე, არც არაფერი იქნებოდა.

რუსა მაჩაიძე