აფხაზეთიდან რუსეთში მხოლოდ რუსული პასპორტით...
აფხაზებს შორის უკვე შენელდა ვნებათაღელვა, რომ რუსეთმა შესაძლოა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი დაუთმოს საქართველოს კონფედერაციული მოდელით და ახლა სოხუმში ახალი შეშფოთების მიზეზი აქვთ - რუსული პასპორტების გამარტივებულად დარიგების გამო ოპოზიციური მედია წერს, რომ ეს არის "სისტემური კოლონიზაცია" ფორმალური ანექსიის გარეშე, რაც აფხაზეთს რუსეთის რიგით პროვინციად აქცევს.
8 აგვისტოს, 2008 წლის ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, ოფიციალური თბილისისა და მოსკოვის განცხადებების შემდეგ აფხაზი ჟურნალისტი, "ჩეგემსკაია პრავდის" რედაქტორი ინალ ხაშიგი ამბობს, რომ "თბილისში უკვე აღარ ელიან, რომ რუსეთი მათ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს "აჩუქებს". სულ რაღაც ერთი წლის წინ "ქართული ოცნება" და მისი ლიდერები სრულიად განსხვავებულ განწყობებს ახვევდნენ თავს ქართველ საზოგადოებას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შერიგების ვადაც კი დაასახელა - მან პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გაწევრდება "აფხაზ და ოს ძმებთან ერთად", ახლა კი კობახიძის განცხადებას "პესიმიზმი დაეტყო".
"შესაძლოა მაშინ რუსეთთან ურთიერთობების დათბობის ფონზე "მეოცნებეებს" ნამდვილად სჯეროდათ, რომ მოსკოვი საქართველოს დაეხმარებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაში, თუმცა ქართველების ოცნებები განულდა. თბილისი ხვდება, რომ პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია. რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა ძალა უკრაინისკენ არის მიმართული, ნამდვილად არ დატოვებს აფხაზებსა და ოსებს მხარდაჭერის გარეშე. ილუზია, რომ კრემლი საქართველოს "მისცემს" სასურველ ტერიტორიებს, 2024 წლის ბოლოს გაქრა", - აფხაზი ჟურნალისტის ამ მოსაზრებას გამოცემა "ჯემნიუსი" ავრცელებს.
მთელი 2024 წლის განმავლობაში სოხუმში კამათობდნენ, მიმდინარეობდა თუ არა მათ ზურგს უკან ფარული მოლაპარაკება რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის დათმობაზე. ამ თემის ერთ-ერთი აქტიური მიმომხილველი იყო ინალ ხაშიგი, რომელმაც პირველად გამოთქვა ვარაუდი, რომ კონფედერაციის შესახებ იყო ფარული მოლაპარაკება და მოსკოვი თბილისისგან სანაცვლოდ ითხოვდა საგარეო ვექტორის შეცვლას, უარს ევროკავშირსა და ნატოზე.
ამჯერად აფხაზეთში კონფედერაციაზე შიში ჩაცხრა, თუმცა გაჩნდა ახალი ვნებათაღელვა. ივლისის ბოლოს რუსეთმა აფხაზებისა და ოსებისთვის გაამარტივა რუსეთის მოქალაქეობის მიღება, მსურველს არც რუსული ენის ცოდნა სჭირდება და არც რუსეთში ცხოვრების 5-წლიანი ვადა, ყველა მიიღებს რუსულ პირადობის მოწმობას და პასპორტს. ასევე რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალა აფხაზური მართვის მოწმობები და დაიწყო რუსული მართვის მოწმობების გაცემა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
"რუსეთი მოქმედებს ისე, რომ არ აცხადებს ოფიციალურ ანექსიას, მაგრამ თანდათან იღებს კონტროლს აფხაზეთის სუვერენიტეტის საკვანძო ელემენტებზე - დოკუმენტებზე, საზღვრებზე, უფლებებსა და მმართველობით მექანიზმებზე... ეს არის რბილი კოლონიზაცია ფორმალური ანექსიის გარეშე... ტანკების გარეშე მიმდინარეობს აფხაზეთის ინფრასტრუქტურული ოკუპაცია", - წერს ოპოზიციური გამოცემა "აიაშარა".
"ეს ოკუპაცია კი არა, სრული ანექსიაა"
პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - ჩვენ უნდა გავყოთ ორი პოზიცია: რას ფიქრობენ აფხაზები და რას ფიქრობენ ქართველები. ქართველ საზოგადოებაში დომინანტურია განცდა, რომ ჩვენ რუსეთი არაფერს დაგვითმობს. პირიქით, რუსეთს უნდა საქართველო ჩაიგდოს ხელში დაკარგული ტერიტორიების გათვალისწინებით. რუსეთი არ დაგვიფასებს "ოცნების" პრორუსულ პოლიტიკას და არც ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას აპირებს. "ოცნებასაც" ესმის ეს და ამიტომ ლაპარაკობენ მშვიდობაზე, ომის არარსებობაზე, დასავლეთის მიერ მეორე ფრონტის გახსნაზე, აფხაზეთის დაბრუნებაზე კი არავინ იღებს ხმას.
თავიდანვე იყო მცდარი წარმოდგენა ცხინვალსა და სოხუმში, რომ თითქოს არის მოლაპარაკება მოსკოვსა და თბილისს შორის ტერიტორიების დაბრუნებაზე. გავიხსენოთ, როგორ მოხდა ფრენების აღდგენა - რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაცხადა, კარგი იქნება, თუ აღდგება ფრენები მოსკოვსა და თბილისს შორისო, და ერთ კვირაში აღდგა. ესე იგი, მუშაობა მიდიოდა და ვიღაცას გაახმოვანებინეს. კონფედერაციაზე კი ლაპარაკი გასულ წელს იყო და უცებ აღარ არის. რუსეთს თუ დასჭირდება კონფედერაცია, ამას საქმე აუცილებლად მოჰყვება და არ ჩაიფარცხება. ეს აჟიოტაჟი იყო ცხინვალსა და სოხუმში და შემდეგ ჩვენკენაც გადმოვიდა, თუმცა ვთვლიდი, რომ ეს არაფერს ეფუძნებოდა და მართალიც აღმოვჩნდი. ვიღაც მიამიტი ქართველები შეიძლება ფიქრობენ, ამდენს ვუთმობთ რუსეთს და ნუთუ ნაბიჯს არ გადმოდგამსო. ყველაზე მეტი, რაც შეიძლება გააკეთოს რუსეთმა, ის არის, რომ ენგურის ხიდის გარდა, ხურჩაში გაგვიხსნას გამშვები პუნქტი, 1-2 ქართული სკოლა გახსნას გალში და ახალგორში 10 დღის ნაცვლად მთელი თვე დაუშვას ქართველი მოსახლეობის მიმოსვლა. თუმცა ამის სურვილსაც ვერ ვხედავთ. სამაგიეროდ, ცხინვალსა და სოხუმში ყოველთვის ჰქონდათ შიში, რომ თუკი საქართველო უარს იტყვის დასავლეთზე და რუსულ ორბიტაზე გადავა, რუსეთი ტერიტორიებს დაუთმობს საქართველოს. ხაშიგი თავისივე პოზიციების მძევალი იყო, ეგონა, რუსეთი დათმობდა აფხაზეთს და, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ეს ილუზიაა. მან აღიარა, რომ თურმე რუსეთი არ აპირებს ტერიტორიების "ჩუქებას". თუმცა საკმარისია ვინმე რომელიმე ზახაროვამ ან სიმონიანმა მოსკოვში თქვას, ქართველები კარგად იქცევიან და იქნებ გვეფიქრა რაღაც დათმობებზეო, აფხაზეთში აუცილებლად დაუბრუნდებათ შიში, არიქა, "გვთმობენო".
კობახიძემ ერთხელ თქვა, 2030 წელს აფხაზებსა და ოსებთან ერთად გავწევრდებით ევროკავშირშიო, მაგრამ ეს ბოდვაა, ჩვენ 2030 წელს ვერ გავწევრდებით ევროკავშირში. ამ დღეებში კობახიძემ ისევ თქვა, რომ ჩვენ ყველანაირად კარგი პარამეტრები გვაქვს იმისთვის, რომ 2030 წელს მიგვიღონ, რაც ასევე სისულელეა, თუმცა ახლა არ უხსენებია აფხაზები და ოსები და სოხუმში ესეც შეამჩნიეს.
- თუკი რუსეთიდან არ იყო დაპირება ტერიტორიების საკითხზე, მაშინ რატომ გააფუჭა "ოცნებამ" დასავლეთთან ურთიერთობა?
- "ქართულ ოცნებას" არ ადარდებს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი. რომ ადარდებდეთ, შეიძლება ეს კომისია დაეწყო წულუკიანს? ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ კომისიაზე, დღეს ამაზე ლაპარაკი არც შეიძლება. ასე დახურდავება საქართველოს უმთავრესი საქმის, როგორიცაა კონფლიქტების მოგვარება, ყოვლად დაუშვებელია. კომისია უნდა გამხდარიყო ოსებსა და აფხაზებთან სასაუბრო თემა და არა შიდაურთიერთობის გარჩევების თემა. ამიტომ კითხვაზე, რაში სჭირდებოდათ დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება და რუსეთთან დაახლოება, პასუხია, რომ რუსეთს სჭირდება მოკავშირედ ისეთი სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ მის იმედად იქნება. რუსეთი ახლა ელოდება, საქართველო როდის გადადგამს შემდეგ ნაბიჯს - ეს არის ინსტიტუციური ბმა. ცნობილი ფრაზაა: მოსკოვს ცრემლების არ სჯერა. რუსეთს სჭირდება საქმე, ეს კი არის დიპლომატიური ურთიერთობები დსთ-ში შესვლა, სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრება. თუ საქართველო დაიყოლია სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრებაზე, მაშინ შეიძლება იყოს ლაპარაკი კონფედერაციაზე. მანამდე გამორიცხულია. მაშინ ცალკე აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთი ოსეთი და საქართველო ზარ-ზეიმით შევიდოდნენ სამოკავშირეო სახელმწიფოში.
"ქართულ ოცნებას" რომ კონტაქტები აქვს აფხაზეთთან, ეჭვი არ მეპარება, თუმცა საუბარი მიდის არა კონფლიქტების მოგვარებაზე, არამედ ვაჭრობაზე, სანქციების გვერდის ავლაზე, ტრანსპორტზე. დარწმუნებული ვარ, საქართველომ ნებართვაც მისცა სოხუმის აეროპორტის გახსნაზე. არ გამოვრიცხავ, მომავალში კონფედერაციაზე ლაპარაკიც იყოს, მაგრამ "ოცნებას" არ უნდა აუტკივარი თავის ატკივება, მას მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება სურს. მე უარესი მგონია - "ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნების გამო მზად არის დათმოს აფხაზეთი და შეინარჩუნოს ე.წ. სამხრეთი ოსეთი, იმიტომ, რომ ის ქვეყნის შუა გულშია, ახლოს გადის ტრანსპორტი, რკინიგზა, გაზსადენები, ნავთობსადენები, ამიტომ ურჩევნია გაცვალოს იმაში, რომ საქართველო რუსულ ორბიტაზე დაბრუნდეს, აფხაზეთში კი რუსეთმა გააკეთოს ის, რაც უნდა.
ამ წუთში უსაშინლესი პროცედურა მიდის, რაზეც უნდა ვყვიროდეთ, - აფხაზებსა და ოსებს რუსეთის შიდამოქალაქეობის პასპორტებს ურიგებენ. ამდენ ხანს აფხაზები და ოსები უცხოეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. ეს სულ სხვა მოქალაქეობაა. ეს ოკუპაცია კი არა, სრული ანექსიაა. საქართველოს ხელისუფლება მზად არის, არა კონფედერაციაზე, არამედ მთლიანად რუსეთს ჩააბაროს დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მართვა ისე, რომ არ აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში. ოსები ამაზე ოცნებობენ, აფხაზებს კი ეშინიათ. მათ კარგად ესმით, ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება მოუვიდეთ, ეს რუსეთის პროვინციად გადაქცევაა, საქართველო კი ამაში ხელს უწყობს.
- რა ბერკეტი აქვს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის ხელის შესაშლელად?
- საქართველოს ხელისუფლებას არც აპარტამენტების შესახებ კანონზე ამოუღია ხმა, არც ინვესტიციების კანონზე, არც ბიჭვინთის აგარაკების გადაცემაზე. რა უნდა გააკეთოს? უნდა თქვას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება საოკუპაციო ჯარი, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით. ყაველაშვილი თურქეთში იყო ვიზიტით, სადაც უნდა ყოფილიყო საუბარი იმაზე, რომ შევუერთდეთ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ უსაფრთხოებასა და თავდაცვის სისტემას, ქალაქ შუშის დეკლარაციას, რომლის საფუძველზე ნატოს წევრი სახელმწიფო თურქეთი იცავს და ეხმარება აზერბაიჯანს. ჩვენ მივდივართ ნატოში, აზერბაიჯანი არ მიდის, თუმცა დღეს აზერბაიჯანი უფროა ნატოსთვის მზად მყოფი სახელმწიფო, ვიდრე ჩვენ. მგონი, არც გაუგია ალიევს, რომ მსოფლიოში გლობალური ომის პარტია და დიფ-სთეითი არსებობს, იმიტომ, რომ არსებობს მისი მეგობარი თურქეთი და ამიტომაც ვხედავთ, როგორ ელაპარაკება რუსეთს. თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამავე დროს ნატოს წევრი. ჩვენ ვკეტავთ კავკასიონის ყელს შავ ზღვაზე. იმიტომაა საშინელი ჩვენი ხელისუფლების რუსული პოლიტიკა, რომ არ ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებასა და თავდაცვის სისტემებზე, რისი გარანტიაც შეუძლია მოგვცეს თურქეთმა, როგორც ნატოს წევრმა სახელმწიფომ. როგორც იქნა, აშშ დაინტერესდა სამხრეთ კავკასიით, ფეხი ჩადგა ზანგეზურის კორიდორში 100 წლით. ეს ნიშნავს, რომ აქედან წასვლას არ აპირებს, რომ ზანგეზურს უნდა მიაბას სხვა ინფრასტრუქტურები და ასეთ დროს ყველაზე ეფექტური იქნება ანაკლიის პორტი. ამაზე უნდა იყოს საუბარი და მაშინ აფხაზეთსაც სულ სხვა პერსპექტივები დაუდგება წინ.
კავკასიაში უკვე 3 მოთამაშეა: რუსეთი, თურქეთი და აშშ. შავ ზღვაზეა აფხაზეთიც, რომელსაც აუცილებლად შეეხება ეს ცვლილებები და ამ დროს სად არის საქართველო? ყაველაშვილი არ არის ის ფიგურა, რომელსაც ერდოღანი სერიოზულად დაელაპარაკება, მაგრამ თურქეთში ვიზიტისას მაღალი დონის მიღება გაუმართა, რითაც რუსეთს შეატყობინა, რომ გგონია, საქართველო შენია, მე ასე არ ვფიქრობო. ეს ადამიანი მიიღო იმიტომ, რომ სჭირდება არა "ოცნება", არამედ რეგიონში რუსეთის შევიწროება. ეს უნდა გამოვიყენოთ.
ეკატერინე ბასილაია