"რუსეთი დიდი სახელმწიფოა, უკრაინა კი არა. კიევს მოუწევს დათანხმება“ - ალასკაზე ტრამპის სტიმული პუტინისთვის... ომის გასაგრძელებლად - კვირის პალიტრა

"რუსეთი დიდი სახელმწიფოა, უკრაინა კი არა. კიევს მოუწევს დათანხმება“ - ალასკაზე ტრამპის სტიმული პუტინისთვის... ომის გასაგრძელებლად

ალასკაზე 16 აგვისტოს გაიმართა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სამსაათიანი მოლაპარაკება უკრაინაში ომის საკითხებზე. ტრამპიც და პუტინიც ვაშინგტონსა და მოსკოვში დაბრუნდნენ, მაგრამ მსოფლიო კვლავ გაურკვევლობაშია, რადგან არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას - შეწყდება თუ არა ომი უკრაინაში?

ბევრი რამ 18 აგვისტოს, "კვირის პალიტრის" ამ ნომრის გამოსვლის შემდეგ გაირკვევა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ვაშინგტონში ჩააკითხავს ამერიკელ კოლეგას და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ტრამპი შეეცდება დაითანხმოს ზელენსკი პუტინის მოთხოვნებზე. მანამდე კი ალასკაზე პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუალება არ მისცეს, ტრამპმა განაცხადა: "ძალიან საფუძვლიანი, ჩემი რწმენით, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე. ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ. შეთანხმება არ არის, სანამ შეთანხმება არ იქნება. ცოტა ხანში ნატოს წარმომადგენლებს დავურეკავ, სხვადასხვა ხალხს, ვინც მგონია, რომ სათანადოა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზელენსკის დავურეკავ და დღევანდელ შეხვედრაზე ვეტყვი. საბოლოო ჯამში მათზეა დამოკიდებული, დათანხმდებიან თუ არა იმას, რაც მარკო [რუბიო]მ და სტივ [უიტკოფმა მოიფიქრეს.…ძალიან ველით შეთანხმებას. დღეს ნამდვილად დიდ პროგრესს მივაღწიეთ".

ამავე პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განცხადება კი ასეთი იყო: "ჩვენი ქვეყანა გულწრფელად დაინტერესებულია ომის დასრულებით. იმავდროულად, დარწმუნებული ვართ, შეთანხმება მყარი და ხანგრძლივი რომ იყოს, საჭიროა ამ კონფლიქტის ყველა ძირეული მიზეზის, ძირეული მიზნის აღმოფხვრა და ეს რამდენჯერმე ვთქვით. საჭიროა რუსეთის ყველა ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინება და ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების სამართლიანი ბალანსის აღდგენა.

პრეზიდენტ ტრამპს ვეთანხმები, როგორც დღეს თქვა, რომ ბუნებრივია, უკრაინის უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ბუნებრივია, მზად ვართ ამაზე სამუშაოდ. იმედია, შეთანხმება, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში და გზას გაგვიკაფავს უკრაინაში მშვიდობისკენ. მოველით, რომ კიევი და ევროპული დედაქალაქები ამაზე კონსტრუქციულად იმუშავებენ".

მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა თავის საყვარელ სატელევიზიო არხს Fox News-ს მოკლე ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა: "ჩვენ ბევრ საკითხზე შევთანხმდით. ვგულისხმობ, ბევრ საკითხზე მივაღწიეთ შეთანხმება, თუმცა არის ერთი-ორი მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ, ვფიქრობ, მათი გადაჭრა შესაძლებელია. ახლა ამის გაკეთება ნამდვილად პრეზიდენტ ზელენსკიზეა დამოკიდებული, თუმცა მცირედით ევროპული ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ... - და დასძინა, - დადეთ შეთანხმება, შეთანხმება უნდა დადოთ", რაც უკვე კონკრეტული მიმართვა გახლდათ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისადმი. ამასთან, ტრამპს ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა წამოსცდა: "რუსეთი დიდი სახელმწიფოა, უკრაინა კი - არა", რითაც სერიოზული მინიშნება გააკეთა, რომ ვაშინგტონი მოსკოვს თავისი რანგის ტოლ პარტნიორად აღიქვამს, კიევს კი არა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტმა კარტ-ბლანში მისცა პუტინს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად.

ალასკაზე მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თითქოს პუტინი დროებითი ზავით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგია და პირდაპირ "სამშვიდობო ხელშეკრულების" დადებას ითხოვს, რაზეც ტრამპი დათანხმდა და სავარაუდოდ, იმასვე მოითხოვს ზელენსკისგან 18 აგვისტოს დაგეგმილ შეხვედრაზე თეთრ სახლში, როდესაც პირადად გააცნობს მას პუტინის მოთხოვნებს. მაგრამ როგორია პუტინის მოთხოვნები? იგივე ხომ არ განმეორდება ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შორის, როცა კინაღამ ხელჩართულ დაპირისპირებამდე მივიდა საქმე?

2-alaska-1755434487.jpg
სანამ ალასკაზე ამერიკა და რუსეთი უკრაინის ბედს წყვეტდნენ... უკრაინის გარეშე, უკრაინის დამცველები რუსი ოკუპანტების მორიგ შემოტევებს იგერიებდნენ მშობლიურ მიწაზე, რომლის უბრძოლველად დათმობასაც მოითხოვს მოსკოვი კიევისგან "სამშვიდობო ხელშეკრულებით"...

წინასწარ მარჩიელობა არ ღირს, მაგრამ, დიდი ალბათობით, პუტინის მთავარი მოთხოვნა "სამშვიდობო ხელშეკრულების" დასადებად ისევ "ტერიტორიების გაცვლის" პრინციპი შეიძლება იყოს, როდესაც რუსეთი უკრაინის ნატოში გაწევრებაზე უარის თქმის გარდა, ჯერ კიდევ არაოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების, დონეცკისა (მათ შორის კრამატორსკისა და სლოვიანსკის) და ლუგანსკის ოლქების დათმობასა და ამის კიევისგან ოფიციალურად "გაფორმებას" მოითხოვს. სამაგიეროდ, შეჰპირდება რუსული ძალების გაყვანას სუმისა და ხარკოვის ოლქებში სულ რამდენიმე ათეული კმ ოკუპირებული მიწებიდან.

მაგრამ რამდენად დაეჯერება რუსეთის პრეზიდენტ პუტინს?

ალასკის შეხვედრის წინ, პუტინმა საინტერესო რამ თქვა - უკრაინის ომის შეჩერების ძალზე დიდი იმედი აქვთ, შემდეგ ეს იმედი უცრუვდებათ. რეალობა კი ისაა, რომ რუსეთს ბოლომდე არ შეუსრულებია "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყებისას დასახული ყველა ამოცანა და საბოლოო შედეგამდე აუცილებლად მივალთო. კრემლის საბოლოო მიზანი კი უკრაინის სრული დაპყრობა და მისი, როგორც ერთიანი სუვერენული ქვეყნის დაქუცმაცებაა, რისი მაჩვენებელიცაა ყირიმის ოკუპაცია და ანექსია ჯერ კიდევ 2014 წელს და ნაწილობრივ დაპყრობილი ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების არაკანონიერი რეფერენდუმებით რუსეთის ფედერაციაში "გაწევრება". იგივე ბედი ელის უკრაინის სხვა ოლქებსაც, პირველ რიგში კი დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და სუმის ოლქებს, თუკი, მათ სრულად აიღებენ რუსეთის საოკუპაციო ძალები, რისთვისაც ბრძოლა ახლაც მიმდინარეობს.

პუტინის რუსეთს არ აწყობს არათუ ომის შეწყვეტა უკრაინაში, არამედ მისი დროებით შეჩერებაც კი და სწორედ ამიტომაა, რომ მოლაპარაკებაზე აყენებს უკრაინისთვის თავიდანვე მიუღებელ პირობებს, მათ შორის დონეცკის ოლქის დაუპყრობელი 25% ტერიტორიის (რომელშიც შედის ამ ოლქის ორი დიდი ქალაქი - კრამატორსკი და სლოვიანსკი) უბრძოლველად გადაცემას რუსეთისთვის, უკრაინის არმიის მინიმუმამდე შემცირებასა და კიევის ოფიციალურ დასტურს, რომ ნატოში გაწევრებაზე უარს იტყვის... აქედან ყველაზე ადვილად შესასრულებელი სწორედ ნატოზე უარის თქმაა, რადგან დასავლეთი ისედაც არ აპირებს ამას, ისე, როგორც არ აპირებდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, როდესაც საქართველოსა და უკრაინას ტყუილად დაჰპირდა და ამით ჩვენი ქვეყნების მომავალი სასწორზე შეაგდო. ამით საბაბი მისცა პუტინს ჯერ საქართველოში და ახლა კი უკრაინაში სამხედრო აგრესიის დასაწყებად. გასაგებია, რომ პუტინი არ წავა უკრაინაში ომის შეწყვეტაზე, მისი გეგმებიდან, კერძოდ, ახალი რუსული იმპერიის შექმნის სურვილიდან გამომდინარე, მაგრამ რა მიზანი აქვს ტრამპს, რომელმაც ჯერ კიდევ პრეზიდენტად მეორედ არჩევამდე დაიქადნა უკრაინაში ომის შეჩერება?

ტრამპი ხშირად წუხს, რომ ყოველდღე უკრაინის ფრონტზე ათასობით რუსი და უკრაინელი მებრძოლი იღუპება და ამიტომაც სურს ამ სისხლის ღვრის შეჩერება, მაგრამ ტრამპს, სავარაუდოდ, მაინც თავისი პირადი ინტერესები ამოძრავებს, რომლებსაც სახალხოდ აცხადებს, - მას სურს მიიღოს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მსოფლიოში ომების შეჩერებისთვის! პირველი "ქულები" ტრამპის აქტივში უკვე ჩაწერილია, მათ შორის ინდოეთ-პაკისტანსა თუ ტაილანდსა და კამბოჯას შორის დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტების შეჩერება თეთრი სახლის აქტიური ჩარევის შემდეგ, რასაც დაემატა ტრამპის მიერ აზერბაიჯან-სომხეთს შორის რამდენიმე ათეულწლიანი დაპირისპირების მოგვარებაში შეტანილი დიდი წვლილიც. მხოლოდ ამიტომაც შეიძლება ეკუთვნოდეს პრეზიდენტ ტრამპს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, მით უმეტეს, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სწორედ მშვიდობის ნობელის პრემია მიიღო 2009 წელს, ინაუგურაციიდან ათ თვეში, ისე, რომ მშვიდობის დასამყარებლად დიდი არაფერი გაუკეთებია.

ტრამპს დაჩემებული აქვს, რომ ის "მშვიდობის მტრედად" უნდა იქცეს რუსეთ-უკრაინის ომში და ყველა საშუალებით შეაჩეროს, მათ შორის თუნდაც უკრაინის სახელმწიფოებრივი და სტრატეგიული ინტერესების ხარჯზეც, მაგრამ ვის სურს ისეთი მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციის ტოლფასი იქნება, დაკარგული ტერიტორიების ჩათვლით? განა ეს მწარედ არ იწვნია საქართველომ რუსეთთან დადებული "სამშვიდობო ხელშეკრულებებით"?

ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება პუტინის რუსეთი აიძულოს უკრაინაში ომი შეწყვიტოს, არის რუსეთზე უმკაცრესი ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესება, მათი რეალურად აღსრულების მექანიზმების დახვეწით, რუსული ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის შემსყიდველ ქვეყნებზე მეორადი სანქციების გავრცელება და პარალელურად, უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება. მაგრამ ალასკაზე აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ისე ჩანს, რომ ტრამპი არათუ არ დაუწესებს ახალ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთს, არამედ ანაზღაურებად სამხედრო დახმარების მიწოდებასაც კი შეუწყვეტს უკრაინას.