"მოქალაქის შარდის შემოწმება არ არის სახელმწიფოს საქმე"
15 აგვისტოდან ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა. გაუქმდა ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები.
"ე.წ ჩანაცვლებით თერაპიაზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო. ჩანაცვლებითი თერაპიის ამ დრომდე მოქმედი კერძო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტენ. ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებელი ბენეფიციარების საკმაოდ დიდმა ნაწილმა მომართა სახელმწიფო სერვისს და ყველა მათგანი შეძლებს უფასო მომსახურების მიღებას. ასეთ პირთა რიცხვი გახლავთ 1512. დაახლოებით, 100-მდე პირს ვერ დაერთო ნება მომსახურების გაგრძელებაზე. ადამიანები, რომლებიც არიან ინციდენტურად ნარკოტიკების მომხმარებლები, მათთვის ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობის საფუძველი არ არსებობს. მათ შეეძლებათ დამოუკიდებლად მიმართონ სახელმწიფო ცენტრებს, გაიარონ შემოწმება და ამის საფუძველზე ინდივიდუალურად მიიღება გადაწყვეტილება. არის შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე პირი რეგისტრირებულია, სულ მცირე, ორი კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად. თუ ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, 22 აგვისტოს ჩათვლით მომართვის შემთხვევაში, გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად ჩაირიცხებიან სახელმწიფო პროგრამაში", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
ნარკოლოგების ნაწილის აზრით, ამ ცვლილების შემდეგ ბევრი მომხმარებელი იძულებული გახდება ისევ ქუჩის ნარკომანიას დაუბრუნდეს.
"...ახლა რომ გამოვა ბატონი მინისტრი და მოჰყვება, როგორი "წარმატებული" იყო ყველაფერი, რეალობაც უნდა ვიცოდეთ - მიუხედავად დაბუსტული პოსტებისა, რომ პროფესიონალთა გუნდთან გაიარეს ყველა საკითხი და მზად არიან, და "უფასოა, უფასოს" ძახილისა, ძალიან ბევრი არ გადავიდა პროგრამაში. მათ სახელმწიფომ ვერაფერი შესთავაზა. რეგიონის 4 ქალაქში საშუალოდ მხოლოდ 55% დარეგისტრირდა, თბილისსა და ბათუმში - 47%. აქედანაც, როგორც ბატონი მინისტრი ამბობს, ინციდენტური და არარეგულარული მოხმარების შემთხვევების 10-15%-ს უთხრეს უარი. ვცდილობდი ორ სახელმწიფო დაწესებულებაში გამერკვია, რა კრიტერიუმებით ეუბნებიან უარს, მაგრამ ერთი უწყებიდან მეორეში მგზავნიდნენ, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ბევრი არაფერი სცოდნიათ ამ "წარმატებულ" რეფორმაზე. მაშინ უნდა ვიკითხოთ, რა არის ამ "წარმატების" საზომი? თუ ვიღაცების დაპირისპირებას შეეწირა ამდენი პაციენტი, მედპერსონალი, რომლებსაც დღემდე არც არავინ შესთავაზა არაფერი, იქნებ მედიამ ეს შეკითხვაც დაუსვას ბატონ მინისტრს: ბოლოს და ბოლოს, ტელეეთერიდან მაინც გავიგებთ პასუხს, როგორც დახურვის ამბავი გავიგეთ", - წერს ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.
თემურ ხატიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მანდალას" ხელმძღვანელი.
- კანონში რამდენიმე ცვლილებაა. ზოგიერთი ნივთიერების მოხმარებაც დასჯადი გახდა. იძულებითი მკურნალობის პრაქტიკაც შემოიღეს, არის ცვლილებები ჩანაცვლებით თერაპიებში და ასე შემდეგ. დასჯას რაც შეეხება, არასწორი და არაჰუმანურია ადამიანის ნარკოტიკის მოხმარების გამო დასჯა. ეს გამკაცრება პრობლემის მოგვარებას კი არა, უფრო პოლიტიკური ბერკეტების გაძლიერებას ემსახურება. მივიღებთ უფრო მეტ დაპატიმრებულ მოქალაქეს, უფრო მეტ გაუბედურებულ ოჯახს, უფრო მეტად გაზრდილ პრობლემას.
დღეს ბაზარზე სხვადასხვა სინთეტიკური ნარკოტიკია ხელმისაწვდომი. კვლავ შემოდის სტიმულატორების სხვადასხვა სახეობა: "მეფედრონი", "კლეფედრონი", "ალფა პვპ" და სხვა ამფეტამინური ნივთიერებები. აი, ეს არის პრობლემა.
- შსს ხშირად ავრცელებს ინფორმაციას ნარკორეალიზატორების დაკავებაზე.
- დიახ, უკვე დილერებსაც აკავებენ და დიდი რაოდენობით ნივთიერებები აქვთ ამოღებული. ესეც მიუთითებს რა მასშტაბისაც არის პრობლემა. იჭერენ ერთს, მაგრამ ვერ იჭერენ 10-ს. უკვე დაიხურა კერძო კლინიკები და პრობლემა შეექმნათ იმ პირებს, რომლებსაც როგორღაც თავიანთი ცხოვრების რუტინა დალაგებული ჰქონდათ - ვიღაცას კერძო კლინიკა ერჩივნა, ვიღაცას სახელმწიფო პროგრამა. ვინც კერძო კლინიკაში იყო, მათ ახალი თავსატეხი გაუჩნდათ, არ იციან, სად წავიდნენ. მათ, ვისაც ჯანმრთელობა შერყეული აქვთ, მძიმე ნარკოპოლიტიკის გამო ყოველდღიურად მოუწევთ ქალაქიდან მოშორებით, პერიფერიების ცენტრებში სიარული. იმის მაგივრად, წინ გადაგვედგა ნაბიჯი, ამ ცვლილებებით უკან დავიხიეთ.
- კერძო პროგრამები ფასიანი იყო, სახელმწიფო მათ ალტერნატივად უფასო მომსახურებას სთავაზობს. რატომ არის ეს პრობლემა?
- პაციენტს მომსახურება დღეში 30-დან 50 ლარამდე უჯდებოდა, რაც თვის ბოლოს სოლიდული თანხაა, მაგრამ მაინც ეს ერჩივნათ. ამას აქვს რაციონალური მიზეზები, ერთ-ერთი პრეპარატია - ანუ სხვადასხვა პრეპარატი იყო კერძოში და სხვაა სახელმწიფოში. კერძოში უკეთესი ხარისხის პრეპარატი იყო. ამასთან, ზოგიერთი პაციენტის ორგანიზმი არ იღებს იმას, რასაც სახელმწიფო უფასოდ იძლევა. მომხმარებლებს ჰქონდათ არჩევანის უფლება, რომელიც ამ ცვლილებებით წაართვეს. ამას ემატება ისიც, რომ სახელმწიფო პროგრამებში არ არის დაცული კონფიდენციალურობა. ამის გამოც მიმართავდნენ კერძო კლინიკებს. ასევე არის რიგში დგომის, ინფრასტრუქტურული და სხვა პრობლემებიც. ერთ-ერთი მთავარი მაინც კონფიდენციალურობაა, რაც კერძო კლინიკებში უფრო მაღალ დონეზე იყო. ამას ემატება ის, რომ ქალაქიდან მოშორებით გადააქვთ ცენტრები. ქუთაისში სადღაც ლიანდაგებთან გახსნეს, ქალაქიდან 15 წუთი სჭირდება კაცს, მანქანით იქამდე რომ მივიდეს და იქაც ისეთი საშინელი პირობებია, ფოტოები რომ ნახოთ, გაოგნდებით.
სხვათა შორის, ქუჩის ნარკოტესტირება უკვე აღდგა. პირველ დღეს გამოაქვეყნეს სტატისტიკაც, რომ შსს-მ 200 თუ 300-მდე კაცი გადაიყვანა შემოწმებაზე. გამოდის, გააჩერებენ ნებისმიერს, გადაიყვანენ შემოწმებაზე და იტყვიან, ეჭვი შეგვეპარაო. მოქალაქის შარდის შემოწმება არ უნდა იყოს სახელმწიფოს საქმე. ეს არაჰუმანური, არაეთიკური მიდგომაა. ეს პრობლემის გამოსწორებას კი არა, ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუარესებას ემსახურება, იმიტომ, რომ მათ დამატებით ჯარიმებს დააკისრებენ. ამ თანხების მოძიება კიდევ დამატებით პრობლემებს იწვევს. ფაქტობრივად, ეს 2000 კაცი, რომლებიც კერძო კლინიკების მომსახურებით სარგებლობდნენ, არჩევანის გარეშე დარჩა და იძულებული არიან ჩაერთონ "მეტადონის" პროგრამაში, რომელიც მათ არ უნდათ, ან კიდევ ქუჩის ნარკოვაჭრებიდან მოიპოვონ საჭირო დოზა. ეს პროგრამები ხომ იმიტომ არსებობს, რომ ადამიანი მოსწყვიტოს ქუჩის ნარკოსცენას, ნარკოვაჭრობას და ექიმის დანიშნულებით მიიღოს პრეპარატი. ახლა მათ ისევ უბიძგებენ ქუჩისკენ ამ აბსურდული ცვლილებებით. ან ეს იძულებითი მკურნალობა როგორ უნდა აღსრულდეს, წარმოდგენა არა მაქვს. სახელმწიფო ორკვირიან პროგრამას აფინანსებს რამდენიმეთვიანი რიგში დგომის შემდგომ. სახელმწიფო პროგრამით მკურნალობა შედეგის მომცემი არ არის, იმიტომ, რომ მხოლოდ ორკვირიან დეტოქსზეა საუბარი, რომელსაც, წესით, უნდა მოჰყვებოდეს ბევრად ხანგრძლივი ფსიქორეაბილიტაცია. სხვათა შორის, ამ ცვლილებებზე საუბრის შემდეგ ბოლო თვეებია ჩვენთან იკლო მომართვიანობამ, არ ტესტავენ იმ ნივთიერებებს, რომელსაც იყენებენ, რადგან ეშინიათ, რომ შეიძლება ვიღაცა ჩაუსაფრდეს და დააკავოს. სამწუხაროდ, კვლავ ხშირია ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევები. უცნობი ნივთიერების მოხმარება ძალიან საშიშია, ამიტომ მთავრდება ხოლმე ფატალურად. მაგალითად, ასეთია "მეტადონის" კრისტალი, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს ბევრ კლუბურ სტიმულატორს. თუკი ის არის სტიმულატორი, ეს არის დეპრესანტი და გადაჭარბებული დოზა ზედოზირებას იწვევს, როგორც იტყვიან ხოლმე, ადამიანი ძილში იპარება. ხშირია სხვა ტიპის ზედოზირების შემთხვევებიც. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მომხმარებლებს, შეამოწმონ მაინც, რასაც იკეთებენ თუ იღებენ. მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, ბაზარი უკონტროლოა, ნებისმიერი დაბინძურებული ნივთიერება შეიძლება მოხვდეს მომხმარებლის ხელში.